რატომ დაიწვა საჯაროდ თავი ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელმა, კალანემ და როგორ იწინასწარმეტყველა მან მოსწავლის აღსასრული
ავტორი: ეკატერინე პატარაია 21:13 25.07
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27(1332)
გუბაზ სანიკიძე: ახლა, რა ხდება ქორწილის დასრულების შემდეგ, ინდოელი ასკეტი, ფილოსოფოსი კალანე, რომელიც ალექსანდრეს ინდოეთში შეხვდა და გაიცნო, მივიდა ალექსანდრესთან (73 წლის იყო) და ეუბნება: თავს ვეღარ ვგრძნობ კარგად. რაღაც ავადმყოფობა შემომეჩვია, ძალიან დიდი ტკივილები მაქვს და არ მინდა, ჩემი სულიერი სიმშვიდე ტკივილებმა დამირღვიოს. ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღე, ეს სამყარო დავტოვო ნებაყოფლობით და სხვა სამყაროში წავიდე. ამიტომ, გთხოვ, მომეცი უფლება, კოცონზე ავიდე. კალანეს თავის დაწვა უნდა ანუ, ევთანაზიის ნებართვას სთხოვს. ინდოელია ბოლოს და ბოლოს. ნება მომეცი სული დავიხსნა სხეულისგანო. ალექსანდრე ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ უარს ვერ ეუბნება. დაეთანხმა. ბრაჰმანია კალანე, უმაღლესი კასტიდან არის. სუზას ქორწილზე ხომ მოვყევი და მისი გასვენებაც არანაკლებ საინტერესო ამბავი იყო. მოკლედ, მისცა უფლება ალექსანდრემ და სუზას მთავარ მოედანზე კოცონზე წვავენ კალანეს. ანუ, ათიათასიანი ქორწილის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ! თვითონ ალექსანდრე არ დაესწრო ამ ამბავს. არ მივიდა. სუზას მთავარ მოედანზე არის სამსხვერპლო, ხის მორებისგან აწყობილი და თავზე ადგას ოქროს ტახტი. ეს ხის მორები ნელსაცხებელი ბალახებით არის გაჯერებული. მოიყვანეს მოედანზე ცხენზე ამხედრებული კალანე, ჩამოვიდა ცხენიდან. მიესალმა ყველას და ამბობს: ჩემზე არ იჯავროთ. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, იზეიმეთ ჩემი წასვლა ჩვენს საყვარელ მეფესთან ერთად, რომელსაც ძალიან მალე შევხვდები ბაბილონშიო. გესმით თქვენ? ანუ, ალექსანდრეს სიკვდილი უწინასწარმეტყველა. ჯერ კიდევ ინდოეთში უთხრა, მალე მოკვებიო და აქ, ახლა ეს თქვა. ამ სიტყვებს არავინ მიაქცია ყურადღება. თუმცა, შეიძლება, ალექსანდრეს ყურამდეც მივიდა ეს ამბავი. არ არის ცნობილი. მალე შევხვდებით ბაბილონშიო – ლოკაცია დაუსახელა. ავიდა საკურთხეველზე, მოიჭრა თმები და ამ ოქროს ტახტზე დაყარა. ისევ დაუკრა ყველას თავი, დაწვა იქვე, ცალკე მდგომ ტახტზე და შეუნთეს ცეცხლი. ამ დროს დასცხეს და საყვირებმა და ბუკებმა გრიალი დაიწყეს, სპილოებმა – ყვირილი. უყურებს ხალხი თავიანთ თანამემამულეს, როგორ იწვის ცეცხლის ალში. ესეც გრანდიოზული სანახაობა იყო – როგორ დაიფერფლა კალანე. ცოლები რა, არ იწვავდნენ თავს? აგერ მეოცე საუკუნემდე ხდება ეს ამბავი. ინდოელი მეცნიერ-მასწავლებელი ჯავაჰარლალ ნერუ (ინდირა განდის მამა) გადაჰყვა ამ პრობლემას, უნდოდა, აეკრძალათ ცოლებს თავის დაწვა, რომლებიც ამას აკეთებდნენ გარდაცვლილი ქმრების პატივსაცემად.
ალექსანდრეს ძალიან დასწყდა გული და იცით, რა თქვა? კალანემ ჩემზე მაგარი მტერი დაამარცხა – სიკვდილიო. ალექსანდრეზე ძლიერი არავინ და არაფერი არ იყო სამყაროში, სიკვდილის გარდა. თან, მოუტანეს ამბავი, ასე და ასე თქვა შენზე, ბაბილონში შეგხვდება მალეო, მაგრამ ალექსანდრემ არ მიაქცია ყურადღება ამას. იფიქრა, რომ შეიძლება, სიზმარი ყოფილიყო. მოკლედ, მივედით ჩვენ ლოგიკურ დასასრულამდე. მსოფლიო ქორწილი – რას ნიშნავს ეს. შეგვიძლია ჩვენ ამას სინთეზის დოქტრინა დავარქვათ ალექსნდრეს ღვაწლს, მოღვაწეობას თუ აჩემებას, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდება ცივილიზაციური თვალსაზრისით, არა პოლიტიკურად. პოლიტიკურად კრახს განიცდის. დღემდე ისხამს და ისხამს ნაყოფს ალექსანდრეს „დარგული ხე“. რას არ მისწვდა, მთელ მსოფლიოს მისწვდა მისი ჭკუა და ხელები. რა არის მაინც ეს სინთეზის დოქტრინა, ფორმალობაა, რეალობაა? არსებობს?.. ამხელა ქორწილი გადაიხადა ადამიანმა, არსებობს, აბა, არ არსებობს?! – იტყვით, ალბათ. ნახევარი აზია გაამზითვა აგერ, მაგრამ არა. სინამდვილეში ეს არის ფიქტიური „პროექტი“. არარეალურია (ჯერჯერობით) თუმცა, ფაქტია, დროს უსწრებს. ამ დროს მაკედონელებში კიდევ მიდის ამბავი, ალექსანდრეს ჩვენ აღარ ვუყვარვართო. მოკლედ, რას გულისხმობს სინთეზის დოქტრინა. ელინებისა და სპარსელების გათანასწორება ხომ უნდა ალექსანდრეს? როგორ უნდა გაათანასწოროს? იმას მონობა უნდა დაავიწყო, რომ დამარცხებულია და მონაა, ამას კი გამარჯვება უნდა დაავიწყოს, რათა გათანასწორდეს. ამისთვის ჰქონდა ის საერთო თაყვანისცემა, ვაჟების შეთქმულება... პროსკინეზა (ეს იყო მეფის წინაშე დაჩოქების/თაყვანისცემის რიტუალი, რომელიც ალექსანდრეს მეფობის კარზე სპარსული წესით შემოიტანეს) გააფუჭა, კალანესთან გასწორების დროს მაკედონელი ვერ დააჩოქა, დაჩოქილ სპარსელს ვერ გაუსწორა, მაგრამ ახლა ეს სპარსელი უნდა წამოაყენოს, უნდა გააბერძნოს, გააელინოს მარტო კულტურულად კი არა, ცნობიერადაც, მონობას მიჩვული რომაა. 200 წელი აქემენიდები მართავდნენ აზიას. იყვნენ კარგი და იყვნენ მანიაკი მეფეები, მაგრამ მათ ნებაზე იყო ყველაფერი. ჰოდა, ახლა უნდა რომ მოქალაქედ გაზარდოს, თავისუფლების შეგრძნება ჰქონდეთ, თავისი აზრი გამოთქვან, არ დამალონ სათქმელი. მაგრამ სპარსელის გაელინება მაკედონელებს არ უნდათ – რატომ გვიტოლებს ჩვენ ამათ... დამარცხებულს რომ პატივს სცემ, გამარჯვებულმა აგერ, გულის მოსვლა იცის... მაკედონელები მიიჩნევენ, რომ ეს მათი დაცემაა. ბანაკში წუწუნებენ. რას იძახიან, იცით? სპარსელი ქალები რომ შემოგვტენა აქ, ჩვენ ცოლები გველოდებიან მაკედონიაშიო... „აგემა“ იცავს ალექსანდრეს, ესენი ახალგაზრდა არისტოკრატები არიან, თავიდან პაჟები იყვნენ (მეფის გარემოცვის ახალგაზრდა წევრი), მაგრამ უკვე ასაკში რომ შედიან, „აგემაა“ (საინტერესო სამხედრო იერარქია), მეფის მცველები არიან, როგორც სამხედრო შენაერთი, მხედრები. სატრაპებსა და სახელმწიფო მოხელეებს, ყველას დაევალათ თავინათი შვილების მეფესთან გაშვება, მეფის ჯარში არიან, მეფე ზრდის მათ, მეფის კმაყოფაზე არიან. მეფე აჭმევს, წვრთნის, ასწავლის მათ ბერძნულ ცივილიზაციას და მეფის მფარველობის ქვეშ არიან. „აგემის“ წევრს პასუხს ვერ მოსთხოვდი ვერაფერზე. მეფესთან გექნებოდა ურთიერთობა. ჭკუიდან როდის გადავიდნენ, იცით? როცა „აგემას“ გვარდიის მეთაურად მიდიელი ჰისტასპი დანიშნა (დარიოს პირველის მამა, სპარსელი დიდგვაროვანი ჰისტასპე). არმია ოპისის ველზე გამოვიდა, 25 000 მაკედონელი და 30 000 სპარსელი, ოღონდ მაკედონურად გაწვრთნილი. ალექსანდრეს უნდა, რომ მისი მაკედონური ჯარის ნაწილს საჩუქარი გაუკეთოს, დიდ სიურპრიზს უმზადებს მაკედონელებს. ოცენება უნდა აუსრულოს მათ და რა არის ეს ოცნება – სახლში დაბრუნება. გარდა სახლში დაბრუნებისა, მათ საჩუქრებიც მოუმზადა.. ალექსანდრეს ძალიან უყვარდა დიდი, მასშტაბური საჩუქრები. მოკლედ, შეკრიბა და გამოვიდა ამ ჯარის წინ. გახარებულია, პირმოღიმარეა, აკეთებს ისეთ სიურპრიზს, რაც არა მარტო ჯარისთვის, მისთვისაც წარმოუდგენელია, მერეც მოულოდნელ რაღაცებს ჩაიდენს, ისე, რომ ამას არავინ მოელის“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





