საზოგადოება

როგორ ცურავს ზამთარ-ზაფხულ ზღვაში მაია ნაცვლიშვილი და რა პრობლემები მოუგვარა მას წყალმა

№9

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 17:26 01.03

მაია ნაცვლიშვილი
დაკოპირებულია

მაია ნაცვლიშვილი – 51 წლის ქალბატონი, რომელსაც ყინულის დედოფალს ეძახიან. წყალი ყოველთვის უყვარდა და მასში სიმშვიდეს ჰპოვებდა, მაგრამ წლების წინ ყინულივით ცივ წყალს განსაკუთრებულად დაუმეგობრდა და როგორც ამბობს, მას შემდეგ მისი ცხოვრება, ყველანაირი თვალსაზრისით, უკეთესობისკენ შეიცვალა.

მაია ნაცვლიშვილი: ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა სოხუმში ვსწავლობდი და ცურვა იქ ვისწავლე. უკვე ბევრი წელია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ თბილისის ზღვაზე ნამყოფიც არ ვიყავი. წყალი განსაკუთრებულად მიყვარს და ზაფხულის არდადეგებზე ზღვაზე გატარებული მცირე დრო არ მყოფნიდა. ძალიან მინდოდა, მთელი წლის განმავლობაში მეცურა. ერთხელაც, 2012 წელს, თბილისის ზღვაზე მოვხვდი და იქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ცურავდნენ. ძალიან მომინდა მათ სპორტულ კლუბში გაერთიანება, მაგრამ იქ, ძირითადად, მამაკაცები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ქალი იმავეს ვერ შეძლებდა. მე კი ჩემს თავს ვუთხარი – რატომ ვერ უნდა შევძლო?!

– გასაგებია წყლის სიყვარული, მაგრამ ალბათ, ძალიან რთულია?

– ზამთარში, ცივ წყალში ცურვა ძალიან რთულია, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. 1999 წლიდან 2012 წლამდე გარემოს დაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. მერე რეორგანიზაცია მოხდა და სამსახურის გარეშე დავრჩი. ძალიან ვნერვიულობდი, დეპრესიამდე მივედი. ვცდილობდი, როგორღაც გამოსავალი მეპოვა და დრო ბუნებაში გამეტარებინა, რათა განცდებს ჯანსაღად გავმკლავებოდი. წყალს ძალიან დიდი და დადებითი ენერგეტიკა აქვს. ადამიანი როგორ ცუდ განწყობაზეც არ უნდა იყოს, წყლიდან ძალიან მშვიდი და ცოცხალი გონებით გამოდის. მეც ასე ვარ. როგორი პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიდგე, წყლიდან გამოსული ვფიქრობ, რომ ყველაფერს შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდები. ცურვა სტრესს მიხსნის და დადებითი განწყობით მავსებს. თამამად ვიტყვი, რომ ის რთული პერიოდი თბილისის ზღვაზე ცურვამ და ვარჯიშმა – ჯანსაღი ცხოვრების წესმა გადამატანინა. სამსახური აღარ მქონდა და მთელ ჩემს დროსა და ენერგიას ამას ვუთმობდი. შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო, პრობლემები მოგვარდა – სასამართლო მოვიგე, სამსახურში დავბრუნდი და ცხოვრების დინება კარგისკენ შეიცვალა. ამიტომ ვამბობ, რომ მე ჩემმა არჩევანმა გადამარჩინა. პირველ რიგში, ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო. გარდა ამისა, უამრავი ღონისძიება გავმართე, რომელიც აქტიურად შუქდებოდა და ზამთარში ცურვისა და საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება ხდებოდა. მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ამ ყველაფრის სიკეთე.

– რეკორდიც დაამყარეთ...

– კი, ჩემი პირველი რეკორდი 150 მეტრი იყო, მეორე – 250. წყალში საკმაოდ დიდხანს შემიძლია გაჩერება. ახლა თანდათან შევამცირე დრო, ადრე 45 წუთი და ერთი საათიც შემეძლო ზამთრის ცივ წყალში ვყოფილიყავი და მეცურავა. ორგანიზმი ძალიან გამიკაჟდა. თუმცა, ამ შედეგის მიღწევას დრო დასჭირდა. ვერ გეტყვით, რომ დასაწყისში არ გამიჭირდა. წყლიდან რომ ამოვსულვარ, ტანსაცმელიც კი გაყინული დამხვედრია. ჩვენ არანაირი პირობები არ გვაქვს, მათ შორის არც თბილი გასახდელი. ცივი წლიდან ამოვდივართ და ისევ სიცივეში გვიწევს ჩაცმა.

– სანამ სხეულს მიაჩვევდით, ჯანმრთელობის პრობლემები არ გექმნებოდათ?

– თუ კანონზომიერად მიჰყვები, არანაირი პრობლემა არ იქნება. მე მაისის თვეში დავიწყე ვარჯიში და ცურვა. მთელი ზაფხული, შემოდგომა წყალში გავატარე და სხეული სიცივეს ნელ-ნელა შევაგუე. დღეს რომ ამოვიდეს ადამიანი ზღვაზე და მიუჩვეველი ორგანიზმით პირდაპირ წყალში შევიდეს, არაფრით არ შეიძლება. როცა ნელ-ნელა აჩვევ, ორგანიზმი კაჟდება. თუმცა, საწყის ეტაპზე წყალში დიდი დროის გატარებაც არ შეიძლება. ეს დროც ნელ-ნელა უნდა გაზარდო. მერე უკვე ორგანიზმი თვითონ განიშნებს რამდენი ხანი უნდა დაჰყო წყალში. მე, პირადად, არც დრო დამინიშნავს არასდროს და არც თერმომეტრით გამიზომავს წყლის ტემპერატურა. ორგანიზმი მანიშნებს, რა დროს უნდა ამოვიდე წყლიდან, რომ სერიოზული პრობლემები არ შემექმნას. რამდენ ხანსაც მსიამოვნებს წყალში ყოფნა, იმდენ ხანს ვჩერდები.

– ცურვასთან ერთად, ვარჯიშობთ კიდეც, ხომ?

– როგორც წესი, წყალში შესვლამდე ჩოგბურთის თამაშით ვხურდები და მერე უკვე მიადვილდება ტემპერატურულ ცვლილებასთან შეგუება. თუმცა, პირდაპირ ცივ წყალში ძალიან გადახურებულიც არ უნდა შეხვიდე. მერე წყალშიც ვვარჯიშობ. ხტუნვით ვარჯიშებს ვაკეთებ, წყალქვეშა მასაჟებს. ის, რაც დღეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მე სრულიად უფასოდ ვაკეთებ (იცინის).

– ეს, ჯანმრთელობის გარდა, ალბათ, თქვენს სხეულს გარეგნულადაც დაეტყო.

– რა თქმა უნდა, კანზე არაჩვეულებრივად მოქმედებს, უფრო ელასტიკური და პრიალა ხდება. ახლა იმდენ პროცედურას იტარებენ ყინულის კუბიკებით, ლიპოსაქციები, მოყინვა და ასე შემდეგ, ვხუმრობ ხოლმე, ყველა ამ პროცედურას თბილისის ზღვის გაყინულ წყალში ვიტარებ-მეთქი. ცივი წყალი ყველა მხრივ ძალიან კარგად მოქმედებს.

– რა სიხშირით დადიხართ ზღვაზე?

– თითქმის ყოველ დილით ავდივარ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ამინდია. რამდენიმე წლის წინ, ერთ ძალიან კარგ ადამიანთან ერთად ისეთ ამინდში ავედი ზღვაზე, ვხუმრობდით, ასეთ ამინდში ადამიანი ძაღლს არ გააგდებს გარეთ და ჩვენ ზღვაზე რა გვინდაო (იცინის). მართლა რომ იქცევა ქვეყანა და შენ მაშინაც კი ადიხარ და ცივ წყალში ცურავ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს დიდ ბრძოლაში იმარჯვებ. ეს ფსიქიკასაც წვრთნის. პანდემიის პერიოდში სახლში ერთი დღე არ ჩავკეტილვარ. ვირუსი საერთოდ არ გამკარებია. ტელევიზიაში მქონდა ჩართვა და ბატონმა ოთარ ტატიშვილმა მკითხა: ქალბატონო მაია, ვირუსების არ გეშინიათო და ვუპასუხე, რომ პირიქით, ვირუსებს იქთ ეშინიათ ჩემი-მეთქი (იცინის). ძალიან კარგი იმუნიტეტი მაქვს. პანდემიის დროს, ტრანსპორტიც რომ არ დადიოდა, ფეხით ავდიოდით ზღვაზე. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი წევრი საათ-ნახევარი მოდიოდა ფეხით იმისთვის, რომ 5-10 წუთით ცივ წყალში შესულიყო, ეს იმხელა ენერგიას გვაძლევს, რომ ნამდვილად გვიღირდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული