საზოგადოება

რატომ გადაიღეს „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ კოდორის ხეობაში

№25

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00

ბადრი კაკაბაძე
დაკოპირებულია

მსახიობ ბადრი კაკაბაძისთვის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ კინოში პირველი დიდი როლი იყო. ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს მის თავს გადახდენილი პატარ-პატარა ამბები ამ ფილმიდან, რომლებიც კადრს მიღმა ხდებოდა ცნობილ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

იპოლიტეს რადიო

„ამ ფილმის გადაღებები 1976 წლის მაისში დაიყო. თეატრალური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა. მიშა თუმანიშვილის თეატრში ვმუშაობდი. იმ პერიოდში ნანა მჭედლიძე იღებდა ფილმს „თბილისი და თბილისელები“ და ამ ფილმში ვმონაწილეობდი. გადაღებები კინოსტუდიის პავილიონში გვქონდა. ერთხელ, ვდგავარ. ერთმა ჩემმა მეგობარმა დამინახა და მითხრა: წამოდი, სინჯებია ფილმზე, არ გინდაო? თავიდან უარი ვუთხარი, არ მინდა, უკვე მიღებენ-მეთქი, მაგრამ მერე, რომ მითხრა, წამოდი, რას კარგავო, დავთანხმდი. გადამიღეს სინჯები, მაგრამ აბსოლუტურად არ მქონდა იმედი, რომ დამამტკიცებდნენ. გავიდა რაღაც პერიოდი და დამიძახეს. მოვამზადე საბუთები და წავედით გადაღებაზე სლოვაკიაში. სლოვაკიის მერე გადაღებები რაჭაში გვქონდა, მაგრამ იქ ისეთი პირობები არ იყო და გადაწყვიტეს, სოხუმში წავიდეთ, თან დაისვენებთ, თან ფილმის გადაღებას გავაგრძელებთო. გადაღებები სოხუმში, კოდორის ხეობაში გავაგრძელეთ. იქ არის ასეთი სოფელი – „განახლება“, რომელსაც დასავლეთ საქართველოს იერი აქვს. მე და ბესო ხიდაშელი (ცხონებული), სულ ერთად ვიყავით, დავმეგობრდით. გურამ ლორთქიფანიძე დოდო აბაშიძესთან მეგობრობდა. ეს ცალკე ჯგუფი იყო. მერე ისევ სლოვაკიაში წავედით და ქალაქ ვლადისლავაში, სასტუმრო „კიევში“ ვცხოვრობდით. აქედან ყველამ წაიღო პატარა ტელევიზორი – „იუნოსტი“, რომ სლოვაკიაში გაეყიდათ და იქიდან ოჯახებისთვის რაღაც წამოეღოთ. მე, როგორც წავედი ერთი ჩემოდნით, ისე დავბრუნდი. ახალგაზრდ კაცი ვიყავი და ნაკლებად მქონდა ეგ პრობლემა. იპოლიტეს ერთი პატარა რადიო დარჩა გასაყიდი და კინაღამ გადაირია, ეს რა დამემართაო, მოთქვამდა და სულ თან დაატარებდა. როგორც წამოიღო შეფუთული, ისე ჩამოიტანა თბილისში, არ გაუხსნია. ვეხვეწებოდით: ტყუილა რომ დაატარებ ამ რადიოს აქეთ-იქეთ, გახსენი, ახალ ამბებს მაინც მოვისმენთო, მაგრამ სულ ჩახუტებული ჰქონდა. ჩვენი დღიური შემოსავალი ორი მანეთი და ორმოცი კაპიკი იყო. ამ ფულით შეგეძლო გეჭამა, სიგარეტი გეყიდა და გაგევლო, გამოგევლო. მე ფული დამიგროვდა და მანქანა გამომყავდა ქირით. აღარ ვიყავი არავიზე დამოკიდებული. მე და ბესო ჩემი მანქანით დავსეირნობდით.

დიდი მსახიობების გვერდით

აქედან რომ მივდიოდით, გაგვჩხრიკეს. ერთი ამბავი იყო. დასალევი ყველას ჰქონდა წამოღებული. სანამ ჩასხდომას გამოაცხადებდნენ ას-ასი გრამი მივიღეთ. მოკლედ, კარგ ხასიათზე ვართ. ლორთქიას გიტარა უკავია, მღერის, არის ერთ ამბავში. უცებ გაიყვანეს გვერდზე. გურამი გაბრაზდა. შეუკურთხა თავისებურად: თქვენი დედაც. მაიმუნი ხომ არ გგონივართ, მსახიობი კაცი ვარ, არ მენდობით? არსადაც არ მოვფრინავო. დაჰკრა ფეხი და მიდის. 25 წუთი იდგა თვითმფრინავი და გურამს ეხვეწებოდა, ჩაჯექი თუ ძმა ხარო. მერე უფროსი პირადად მივიდა და ბოდიში მოუხადა, ჩემი თანამშრომლები უხეშად მოიქცნენო. მართლაც დამამცირებელი სიტუაცია შეიქმნა იმ მომენტში. რა უნდა ამოეღოთ ისეთი სასწაული, გიტარა? იმხელა კაცი გვერდზე გაიყვანეს და დაამცირეს. აი, სლოვაკიაში რომ ჩავედით, არავინ არაფერს გვეკითხებოდა და არ გვამოწმებდა... უბედნიერესი კაცი ვიყავი, რადგან დიდებული მსახიობების გვერდით მომიწია ყოფნა – ვასილ ჩხაიძე, იპოლიტე, ზაზა ლებანიძე, დოდო აბაშიძე და სხვები. სხვა ურთიერთობები იყო მაშინ. ისინიც ისე გიყურებდნენ, როგორც შვილებს, ახალგაზრდებს ყველაფერს გვპატიობდნენ. იპოლიტესთან ისედაც ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა: მისი შვილიშვილები – მანანა და ავთო, ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდნენ და ბავშვობაში სულ იპოლიტესთან ვიყავი სახლში. გადასარევი კაცი იყო. დომინო უყვრდა და მეთამაშეო, მეტყოდა. ყოველთვის მიგებდა. მერე დავაკვირდი. თურმე სამიანზე ორიანს მიადებდა, ორიანზე – ხუთიანს და ასე მაგიჟებდა...

იქ იყო ერთი ამბავი...

გახსოვთ, ალბათ, ის ეპიზოდი ფილმში, სადაც მამაკაცები ვბანაობთ. ეს კადრი მთლიანად ნატურალურია ანუ, ნამდვილად შიშვლები ვართ. ახალგაზრდა ვიყავი და მომერიდა ამდენ ხალხში გახდა – ვერ გავიხდი, მრცხვენია-მეთქი. ბოლოს და ბოლოს დავთანხმდი: ჰო, კარგი, კარგი, ოღონდ სუზანა წავიდეს-მეთქი. სუზანა ერთი კარგი გოგო იყო, ოპერატორის თანაშემწე. ამ გოგომ: შენც ახლა გამომიხვედი, რა! რას ვნახავ ისეთს, რაც არ მინხავსო... დამცინა. მისთვის არ იყო პრობლემა, მაგრამ მე მართლა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გადავხტით მე და ბესო ტიტლიკანები წყალში და იყო ერთი ამბავი იქ. ისე მაგრად ვიტკინე ფეხი, რამდენიმე დღე ვეღარ ვდგებოდი. თან, ძალიან ცივი წყალი იყო. ამ სცენას რომ ვიღებდით, შემოდგომა იყო. სანამ ოპერატორი აპარატურას გამართავდა, მე და ბესო გავიყინეთ გალურჯებამდე.

ქალი იპოლიტესთვის

დასამალი არაფერია, ახალგაზრდა კაცები ვართ ჩასული, გოგოები არიან ღმერთივით, ოღონდ ვინმესთან მიდი, რაზეა ლაპარაკი. ასე იყო მიღებული იქ – თუ დაპატიჟებდი გოგოს სადმე, უკვე გარკვეული იყო ყვლაფერი. იპოლიტემ დამინახა ერთ კარგ გოგოსთან. დამიძახა, მოდი აქ, შე მამაძაღლოო. რა გინდა-მეთქი. რომ დადიხართ ასე და დაგულაობთ, მე რა ჩამოწერილი ვარ, მე არ მინდა გვერდში ქალიო? ვუთხარი – შენ ოღონდ თქვი და შენი გულისთვის რას არ გავაკეთებ-მეთქი. იპოლიტე, მაშინ, თუ არ ვცდები, ასე, 50 წლის იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ფორმაში იყო. მომინახეთ ახლა ვინმეო. „მიმინოში“ რომ არის „სკაჟი, პუსტ პადრუგუ ვოზმიოტ“. ისე გამოვიდა. მივუყვანეთ გადასარევი ლამაზი გოგო. გადაირია. მოდი აქ, შე ვირისთავოო, არ გრცხევნია ეს შვილიშვილის ტოლა გოგო რომ მომიყვანეო? უნამუსო კი არ ვარ. წადით და მონახეთ ვინმე ჩემი შესაფერისიო. სად მოგიძებნოთ, კაცო, ახლა შენი ხნის ქალი, რომელი მაჭანკალი მე მნახე-მეთქი. თუ გახსოვთ, დარინეს დედას ვინც თამაშობს, ტანია ერქვა. ზუსტად იპოლიტეს ხნის იყო. ბესოს მოუვიდა თავში აზრად, მოდი, ეს ქალი გავურიგოთ იპოლიტესო. მივედით ახლა და ვეუბნებით ამ ქალს, თვითონ იპოლიტე ვერ გიბედავთ, ქალბატონო, ერიდება, არადა ძალიან შეყვარებულია თქვენზე... იმ ქალის თვალები უნდა გენახათ, როგორ გაუბრწყინდა ეს რომ ვუთხარით, ბედნიერი იყო. მოკლედ, მივუყვანეთ იპოლიტეს და ვუთხარით: სტუმარი მოგიყვანეთ და აბა, თქვენ იცით, ახლა როგორ გაგვიმასპინძლდებითო... რამე რომ შემოგვაკლდებოდა, იპოლიტეს ვეუბნებოდით, რამე დასალევი ან მისაყოლებელი გექნებაო და ყოველთვის გვეუბნებოდა, არაფერი მაქვს, წაით ახლა სახლშიო.. რომ მივუყვანეთ ეს ქალი, სულ გადაირია – ხიზილალაც გამოაჩინა, შებოლილი ძეხვიც, დასალევიც და ყველაფერი. ჩვენ მაინც კარგად მოვილხინეთ. კარგი, ბიჭო, გეყოფათ, დაამთავრეთ ახლა, გაგისკდათ მუცლები, მერე ჭამეთო. სანამ ყველაფერს არ შევჭამ, ისე როგორ წავალ-მეთქი. იყო ჭიდაობა, ერთი ამბავი. ე, ბიჭო, მომშორდით ახლა, დამანებეთ თავი, დამტიეთ მარტოო. გამოგვყარა ნომრიდან. მე არ ვიცი, მერე რა და როგორ იყო, ყოველ შემთხვევაში მერე ფილმში ძალიან იჩინა ამ ამბავმა თავი, სულ კოცნიდა და კოცნიდა ტანიას. ძალიან დამეგობრდნენ. უნდა გენახათ, სოხუმში როგორ დასეირნობდნენ ერთად. ხან ბარში ისხდნენ, ხან რესტორანში, ცეკვავდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. რა შესახედავები იყვნენ, როცა ტანგოს ცეკვავდნენ ერთად - ეს უნდა გენახათ. ის ქალი მაღალი იყო, იპოლიტე – დაბალი. შემდეგ იმ ქალმა დაგვპატიჟა თავისთან ოჯახში. კარგად ცხოვრობდა. სახლში აუზი ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ ვიყავით გაჭირვებული, თორემ მათ რა უჭირდათ. მართალია საფრანგეთი და გერმანია არ იყო, ჩვეულებრივი სოციალისტური ქვეყანა იყო, მაგრამ მსახიობს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა მანქანა და ჰქონოდა ელემენტარული პირობები. რაც შეეხება დარინას როლის შემსრულებელს, ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო. მაგისთანები მილიონები დადის ჩვენთან. საქმრო ჰყავდა და ფილმის დასრულებას ელოდებოდა, რომ გაჰყოლოდა. დავასრულეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა. ქორწილშიც ვიყავით, კარგად მოვილხინეთ.

სასტუმროში რომ მივედით, ნომერში ოთხი პირსახოცი დაგვხვდა. ვერ მივხვდით, რისთვის იყო ამდენი, იმიტომ რომ მაშინ, ჩვენს სასტუმროში, საქართველოში, ნომერში სულ ერთი პირსახოცი იდო ხოლმე და ისიც ან დაგხვდებოდა, ან არა. ამ დროს კი აქ ოთხია ერთად. მოკლედ, ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ, ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს გურამმა თქვა: მოვიფიქრე – ეს პირსახოცი, ალბათ, აბაზანიდან რომ ამოხვალ, ძირს უნდა დააფინო, რომ სველი ფეხი იატაკზე არ დადგაო. ბესომ უთხრა, კარგი ერთი, მაგისთვის ხომ ძველი საცვალი მაქვსო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი