საზოგადოება

როგორ შეიქმნა ზაქარია ჭავჭავაძემ ბრწყინვალე სამხედრო კარიერა და ვინ უწოდა მას ომის უკანასკნელი რაინდი და უკანასკნელი მოჰიკანი

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 13.09

ზაქარია ჭავჭავაძე
დაკოპირებულია

ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს წინანდალში, ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში. მან განათლება კერძო სასწავლებელში მიიღო.

ზაქარია ჭავჭავაძეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.

17 წლის ასაკში ზაქარია ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისეა. აქედან იწყება მისი ზრდა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება.

ზაქარია ჭავჭავაძის პიროვნებაში, მის მხედართმთავრულ თვისებებში იდეალურად იყო შერწყმული სწრაფი, ნათელი აზროვნებისა და გაბედული, ელვისებური მოქმედების უნარი.

ჭავჭავაძის მხედრულ-მეომრული ღვაწლი მჭიდროდ არის დაკავშირებული ყირიმის, კავკასიისა და რუსეთ-თურქეთის ომებთან.

ზაქარია ჭავჭავაძე ყირიმის ომის დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ქიურურ-დარას ბრძოლებში. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა სამხედრო ექსპედიციაში ჩრდილოეთ კავკასიაში, იბრძოდა ამბოხებულების წინააღმდეგ. იგი მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი რეზიდენციის — ღუნიბის ციხესიმაგრის იერიშში.

1868 წელს საკუთრებაში გადაეცა 800 დესეტინა მიწის ნაკვეთი ყუბანის ოლქში. 1871 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში ზაქარია ჭავჭავაძე უკვე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. 1877 წლის ივლისში იგი დაინიშნა მოქმედი არმიის ცალკე კაზაკთა რაზმის უფროსად.

აღსანიშნავია მის მიერ მიღწეული ორი დიდი გამარჯვება – 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

1878-1885 წლებში ზაქარია ჭავჭავაძე მეთაურობდა კავკასიის კავალერიის სხვადასხვა დივიზიას, 1885-1893 წლებში – კავკასიის არმიის პირველ კორპუსს. ყარსის უძნელესი იერიშის დროს ის წმინდა გიორგის ორდენის სამგზის კავალერი გახდა. ყარსის ფეზი-ფაშას ციხესიმაგრეს კი სახელი გადაერქვა და „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა.

წარჩინებისთვის ჭავჭავაძეს ებოძა თეთრი არწივისა და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენები.

იგი 1891 წლიდან რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალია. ორი წლის შემდეგ დაინიშნა ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტის წევრად; მიიღო წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის ბრილიანტის ნიშნები; გახდა იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი; დაჯილდოვდა წარჩინების ნიშნით; ოფიცრის წოდებებში 50 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის – წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენით. მისი ჯილდოებისა და წოდებების ჩამონათვალი ძალიან გრძელი და საამაყოა.

თადარიგში გასვლის დღეს ზაქარია ჭავჭავაძეს ჯარების სარდალმა, გენერალ-ადიუტანტმა შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა: „თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცისა და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“ მრავალი მისალმების შემდეგ მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით გადასცეს ფირმანი და „ამომავალი მზის“ ოქროს პირველი ხარისხის ორდენი ალმასებიანი ვარსკვლავით.

ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს, გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის“.

ზაქარია ჭავჭავაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე ლუარსაბის ასული ჩოლოყაშვილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მასთან შვილი არ ჰყოლია. მეორედ დაქორწინდა მარიამ დავითის ასულ ჭავჭავაძეზე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასულზე.

მარიამს და ზაქარიას ექვსი შვილი შეეძინათ, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი: ალექსანდრე, ელისაბედ, მაქსიმილიან, დავით, ანა და სოფიო.

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორები იყვნენ ზაქარიას უმცროსი ძმა არჩილი და ვაჟი ალექსანდრე. უფროსი ქალიშვილი, ელისაბედი გათხოვილი იყო მოლდავეთში, თავად ივანე ლასკარზე. მართალია, ლიზა ახალგაზრდა გარდაცვლილა, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო და პედაგოგ ნატალია დადიანთან ერთად 1900 წელს კიშინიოვში ¹2 ქალთა გიმნაზია დააარსა.

ზაქარია ჭავჭავაძე გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, თბილისში, 1905 წლის 22 ოქტომბერს. დაასვენეს სამხედრო ტაძარში. იგი დაკრძალულია შუამთაში, ეკლესიაში.

ზაქარია იყო ერთადერთი გენერალი რუსეთის იმპერიაში, რომელსაც ყველა ჩინი ემატებოდა საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის. გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“

გამოყენებული მასალების წყარო: wikipedia.org; nobility.pro; თ. ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე // კვალი; ჟორდანია, ოთარ. ქართველები კავკასიის არმიის გენერალიტეტში: ჭავჭავაძე ზაქარია გულბათის ძე // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია: შრომები; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...