საზოგადოება

რატომ დაიწყო ნონა მარტიაშვილის სტუდენტური ცხოვრება 52 წლის ასაკში და როგორ ამეცადინებს მას შვილი

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 07.11, 2022 წელი

ნონა მარტიაშვილი
დაკოპირებულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მცხოვრები ნონა მარტიაშვილი 52 წლის ასაკში სტუდენტი გახდა. ქალბატონ ნონასთვის ეს 35-წლიანი ოცნების ასრულებას ნიშნავს და როგორც ამბობს – ასაკი განაჩენი არ არის.

ნონა მარტიაშვილი: მრავალი წელი ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და ბოლოს ყველაფერი მაინც ძალიან სპონტანურად მოხდა. სკოლა 1986 წელს დავამთავრე. მოგეხსენებათ, მაშინ ბავშვები არ ვიყავით ისეთი თავისუფლები, როგორიც ახლანდელი თაობაა - ჩვენთვის მშობლების სიტყვა კანონი იყო. მშობლებმა ჩემს უკითხავად გადაწყვიტეს, რომ ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში უნდა მესწავლა. ეს ჩემთვის სტრესი იყო. წარმოიდგინეთ, 17 წლის ბავშვი ოჯახს უნდა მოშორდე და რუსეთის გზას გაუდგე. ამას ემატებოდა ისიც, რომ მედიცინა არასდროს მიზიდავდა. ერთი წელი ვისწავლე. სასწავლო წლის დასრულებისას ჩემს ოჯახში ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, მაგრამ მე ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენე. მამა გარდამეცვალა და დედას გამოვუცხადე, რომ სწავლას ვეღარ გავაგრძელებდი, რომ მამის გარეშე იქ ვერ გავჩერდებოდი. იმიტომ, რომ მამა ხშირად მაკითხავდა. დედა შეეცადა, საქართველოში გამეგრძელებინა სწავლა, ისევ სამედიცინოზე, მაგრამ ისეთი არეული პერიოდი იყო, არ გამოვიდა. მერე ერთი წელი ვისწავლე ზოოვეტერინარულში და მალე იმასაც დავანებე თავი. გადიოდა წლები და მე სულ მაწუხებდა განცდა, რომ უსწავლელი დავრჩი. ამასობაში ოჯახი შევქმენი, სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა, მაგრამ რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო განვიცდიდი ჩემს უსწავლელობას. თუმცა საკუთარი თავის განვითარებაზე ვზრუნავდი. არაფორმალურ განათლებას მივმართე, ბევრი ტრენინგი, სემინარი გავიარე და ახალი დაქორწინებული რომ ვიყავი, ერთხელ კიდევ ვცადე ახალციხის უნივერსიტეტში ჩაბარება. მაშინ პატარა შვილები მყავდა, გადასახადიც არ იყო დაბალი, ფინანსურადაც არ ვიყავი ძლიერად და მოკლედ, კიდევ ერთხელ მომიწია სწავლისთვის თავის დანებება. მივხვდი, რომ ოჯახი და სწავლა ერთად არ გამოვიდოდა. წლები გადიოდა და უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი არ მინელდებოდა, მაგრამ შემდეგ ეროვნული გამოცდები შემოვიდა და ბავშვებისგან მესმოდა, რომ ძალიან რთული იყო ჩაბარება. ამან იმედი გადამიწურა, მე მისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ მქონდა – ასაკს ათვისების მხრივ თავისი მინუსები აქვს და შეიძლება ითქვას, ხელი ჩავიქნიე ჩემს ოცნებაზე. ჩემი ამ დიდი სურვილის შესახებ ყველამ იცოდა. ერთ დღეს, მეგობარი მირეკავს და პირად მონაცემებს მთხოვს. მიზეზი არ მითხრა, მაგრამ მეგობარი იყო და არ შევწინააღმდეგებივარ. ცოტა ხანში მაჩვენებს, რომ ეროვნულ გამოცდებზე დამარეგისტრირა. გადავწყვიტე, ჩემი ახლობლებისა და მეგობრების იმედები აღარ გამეცრუებინა. ჩემს შვილს, რომელიც ახლა მეორე კურსზეა, კონსპექტები ვთხოვე და შიგადაშიგ თვალს ვავლებდი. ისეთ სამსახურში ვარ დასაქმებული, რომ სამეცადინოდ ბევრი დრო არ მქონდა და ვაიმე, რა ვქნა-მეთქი, ძალიან განვიცდიდი. ჩემი შვილები მამშვიდებდნენ, წინა წლების ტესტებს გადახედე და წარმოდგენა შეგექმნებაო. პირველ გამოცდაზე ყველას ხათრით გავედი და ვთქვი, ამ გამოცდაზე გადავწყვეტ, გავალ თუ არა შემდეგებზე-მეთქი. ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი. რომ მივედი და მანდატურს საგამოცდო ფურცელი მივაწოდე, გაკვირვებულმა შემომხედა. აბიტურიენტების გარეთ მომლოდინე მშობლები კი აღშფოთდნენ, სად მიდიხართ, თქვენ თუ შეხვალთ, ჩვენც გვინდა შემოსვლა, ჩვენც მშობლები ვართო. ამაყად ამოვიღე საგამოცდო ბილეთი, მე მშობელი არ ვარ-მეთქი (იცინის). ქართული ენის გამოცდაზე აღმოვაჩინე, რომ თურმე, ყველაფერი დავიწყებული არ მქონია და გადავწყვიტე, სხვებიც მეცადა. უცხო ენად რუსული ავირჩიე, თუმცა წელიწად-ნახევრის წინ ინგლისურის სწავლაც დავიწყე. საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე. შედარებით დაბალი ქულა ისტორიაში ავიღე. მეშინოდა, რომ ბარიერს ვერ გადავლახავდი, უფრო დაბალ ქულებს ველოდი, თუმცა თურმე ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი. ჩემს მეგობარს, ვინც დამარეგისტრირა, თვითონ აბიტურიენტი შვილი ჰყავდა და მეც ძალიან მგულშემატკივრობდა. ის მაწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას. მე არ ვყოფილვარ სტუდენტობის მაძიებელი და იმ იმედით, რომ „ოღონდ სადმე მოვხვედრილიყავი“, ბევრ უნივერსიტეტში მეცადა ბედი. მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში და ერთი ფაკულტეტზე მქონდა სწავლის სურვილი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტს ვგულისხმობ. მითხრეს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის მითითება დიდი რისკია, სხვა უნივერსიტეტებიც დაწერეო და დავწერე, მაგრამ პასუხები რომ უნდა გამეგო, იმ დღეს ყველა წავშალე და მხოლოდ ეს დავტოვე.

– რატომ მაინცდამაინც ეს უნივერსიტეტი?

– ოჯახური მდგომარეობით ახალციხესთან ვარ დაკავშირებული. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი დაამთავრა წელს ჩემმა უფროსმა შვილმა, კონკრეტულად სამართლის ფაკულტეტი. აქ სწავლობს ჩემი მეორე შვილი, ისიც საჯარო მმართველობაზე. აქ პირველად მშობლის სტატუსით მივედი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ აქტიური წევრი ვარ და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარეც, რამდენჯერმე მომიხდა უნივერსიტეტთან კომუნიკაცია. თუმცა, როდესაც იქ პირველად სტუდენტის სტატუსით შევედი, მუხლები ამიკანკალდა. 35 წლის შემდეგ ეს დიდი ემოცია იყო, მაგრამ უკვე შემდეგ პრობლემას წავაწყდი, ატესტატი ვერ ვიპოვეთ, არადა, საჭირო იყო. სასამართლოსთვის უნდა მიმემართა მის აღსადგენად, სხვა გზა არ იყო. ამას კი დიდი დრო სჭირდებოდა, რეგისტრაცია მთავრდებოდა და ვცდილობდი, გამოსავალი მეპოვა, განათლების სამინისტროც ჩავაყენე საქმის კურსში.

ჩემი დედამთილიც ამ უნივერსიტეტში მუშაობს, ტექნიკური პერსონალია. მას რომ ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ, გაიქცა და არქივიდან ნახევარ საათში მომიტანა ჩემი ატესტატი. ამით ყველა პრობლემა მოიხსნა (იცინის).

– 52 წლის ასაკში 18 წლის გოგო-ბიჭებთან ერთად აღმოჩნდით.

– ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. აუდიტორიაში რომ შევედი, ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ იმდენად თბილად შემხვდნენ, იმდენად ლაღები და თავისუფლები არიან, მალევე დავახლოვდით. იმდენად კარგები არიან, მგონია, რომ მათი დახმარებით უნივერსიტეტს წარჩინებით დავამთავრებ.

მე თვითონ საკვირაო სკოლის მასწავლებელი ვარ. ხშირად დავდივარ მოზარდთა და ახალგაზრდულ ბანაკებში და ახალგაზრდებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ლექტორებიც ცოტა გაკვირვებულები დარჩნენ. მერე, რომ გაიგეს უფროსკურსელის დედა ვიყავი, ოვაციებით შემხვდნენ (იცინის).

– ახლა თქვენ და თქვენი მეორეკურსელი შვილი ერთად დადიხართ უნივერსიტეტში?

– კი, დილით ერთად მივდივართ, უნივერსიტეტში ვიყოფით სართულებზე: ის თავის ჯგუფში შედის, მე – ჩემსაში. ძალიან მეხმარება მეცადინეობის პროცესში და სხვათა შორის, ძალიან მკაცრი მასწავლებელია. მეუბნება, დედა, არ შემარცხვინო, კარგად იმეცადინეო (იცინის).

– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– უსიტყვოდ. ჩემი ასაკი და მდგომარეობა დღეს მაძლევდა ამის საშუალებას. დამოუკიდებელი ვარ, აღარავის სჭირდება ჩემი ზრუნვა. შვილები დიდები და დამოუკიდებლები არიან, მეუღლეც მუშაობს და ჩემი თავისთვის მოვიცალე, ახალი სამყარო აღმოვაჩინე (იცინის).

– როგორც თქვით, სამსახურებრივად აქტიური ხართ. იმის გამო, რომ უმაღლესი განათლება არ გქონდათ, ამ მხრივ, წინააღმდეგობები შეგქმნიათ?

– სამსახურის პოვნა არასდროს მიჭირდა. ახლაც ძალიან კარგ ადგილას ვმუშაობ. პლასტმასის გადამამუშავებელი ფაბრიკის მენეჯერი ვარ. ცხრილიდან გამომდინარე, საშუალება მაქვს, რომ სამსახურში რამდენიმე დღე დავიტოვო. მუშაობა ნამდივლად მჭირდება. დღევანდელ დღეს ეკონომიურად არავის ულხინს და ჩემი სტუდენტობა ჩემს ოჯახს რატომ უნდა დააწვეს ტვირთად. თანხა ჩემი სტუდენტური გართობისთვის და ბევრი სხვა საჭიროებისთვის მჭირდება. ჩემი სურვილების ასასრულებლად ოჯახს ვერაფერს მოვაკლებ. ამიტომ უნდა ვიმუშაო. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასაკი განაჩენი არ არის. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩავაბარებ მაგისტრატურაზე. მერე კი – ვნახოთ, მრავალწლიანი გეგმები არ მიყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი