საზოგადოება

როგორ ეწეოდა გასტონ ბუაჩიძე საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას და რატომ შეხვდა ის პირველად 29 წლის ასაკში საკუთარ ნათესავებს

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:26 02.05

კონსტანტინე ერისთავი
დაკოპირებულია

მწერალი, პედაგოგი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე სამენოვანი მწერალი გახლავთ. ის დედით ფრანგი იყო, მამით კი – ქართველი. აქედან გამომდინარე, ფრანგული და ქართული მისთვის თავიდანვე მშობლიური ენები გახლდათ, რასაც იმ პერიოდის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნებრივად დაემატა რუსულის ცოდნაც. ასე გახდა გასტონი სამენოვანი მწერალი და სამივე ქვეყნის კულტურა გაამდიდრა ლიტერატურული მონაპოვრებით.

შეკითხვაზე – თუ რომელ ენაზე აზროვნებს, ბატონი გასტონი პასუხობს: „იმ ენაზე, რომელზეც ვწერ. საერთოდ, სამ ენაზე ვაზროვნებ. ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ასეა. ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ქართულად ვაზროვნებ. ჩემს მეუღლესთან რუსულად ვაზროვნებ და საფრანგეთში – ფრანგულად...“

გასტონის მამა, სერგო ბუაჩიძე, ინჟინერი იყო და ამის გამო ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ის 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ელექტროხაზის გაყვანას ხელმძღვანელობდა. სწორედ იქ გაიცნო ფრანგი ქალბატონი გაბრიელა ბრუსი, რომლის შეუყვარდა და მალე მასზე იქორწინა. ახალშექმნილი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა.

გასტონ ბუაჩიძე 1935 წელს თბილისში დაიბადა. მალე მამამისი სამუშაოდ უკრაინაში გამოიძახეს და ოჯახი საცხოვრებლად ლვოვში გადავიდა. გასტონმა სკოლა იქ დაასრულა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

მომავალი მეუღლე, სვეტლანა საბუცკაია, 1959 წელს ლვოვში გაიცნო. ერთ წელიწადში დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდნენ. გასტონი თბილისის უნივერსიტეტში ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა, სვეტლანა კი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რუსულ ენასა და ლიტერატურას.

წყვილს ორი შვილი, ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ – ანა და ანდრია. ბავშვები ქართულ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ რადგან სახლში ყოველთვის სამ ენაზე საუბრობდნენ, ისინიც სამივე ენას ძალიან კარგად ფლობდნენ.

გასტონი 29 წლის იყო, როცა საფრანგეთში ჩავიდა. მაშინ ის პირველად შეხვდა ფრანგ ბებიას და დედის ნათესავებს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, მანამდე მას საზღვარგარეთ გასვლის ნებართვას არ აძლევდნენ.

1960-1990 წლებში გასტონ ბუაჩიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი იყო. ის აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობას ეწეოდა. ფრანგულად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშებს და პირიქით. მისეული ქართული თარგმანებით ფრანგული მწერლობის არაერთი ავტორი გავიცანით.

1991 წელს, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად საფრანგეთის ქალაქ ნანტში გადავიდა. იყო ნანტის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. უცხოეთიდან ჩასულ სტუდენტებს ფრანგულ ლიტერატურაში უკითხავდა ლექციებს. მისი კვლევების ძირითადი თემა ყოველთვის იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები.

1995 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვლილი ფრანგულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“. აირჩიეს ბრეტანისა და ლუარისპირეთის ლიტერატურული აკადემიის წევრად. იყო თბილისისა და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი. ამ ექსპოზიციას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც იხსნება გასტონ ბუაჩიძის ტექსტით: „ფიროსმანი – ლეგენდარული ფერების სიცოცხლე“. წლების განმავლობაში საფრანგეთში წარმატებით ეწეოდა ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას.

ცნობილმა ფრანგულმა და შვეიცარიულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა დროს დაბეჭდეს მის მიერ შესრულებული თარგმანები ქართულიდან ფრანგულად: „ქართული პროზა დასაწყისიდან დღემდე“, გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“, ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ფრანგულად გამოვიდა აკაკი წერეთლის „ლექსთა კრებული“.

1987 წელს მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს გასტონ ბუაჩიძის ფრანგულად თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით იყო გაფორმებული.

ფრანგმა მკითხველმა განსაკუთრებული ინტერესით მიიღო გასტონ ბუაჩიძის სხვა ნაშრომებიც: „ფერები რემბოსთან“, „ფორთოხალი, ანგელოზთა ოქრო“, „აპოლინერის სიტყვათა თამაში“, „მარი ბროსეს ცხოვრება“, ნოველა „ვარდები მარგარიტასთვის“, ტრილოგია „ფეხდაფეხ“, „მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში“, „ალექსანდრე დიუმას თავგადასავალი რუსეთში“, „დაბრუნება საბჭოთა კავშირში ანდრე ჟიდთან ერთად“ და ბოლოს, ტრილოგია „სადღეგრძელო თევზით“.

გასტონის მეუღლემ, ფილოლოგმა და მხატვარმა სვეტლანა საბუცკაია-ბუაჩიძემ საქართველოზე სამი წიგნი დაწერა: „სუფრა ანუ ლხინის მბრძანებელი“, „მოგზაურობა ფიროსმანის სივრცეში“ და „რუსთაველის ცრემლები“.

მათი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ. ანა ფილოლოგია – კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. ანდრია პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტია.

გამოყენებული მასალების წყარო: wikipedia.org; primetime.ge; #speechmedia; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი