რატომ ამოუღო სერგო ქობულაძეს სტალინმა ერთ-ერთი ილუსტრაცია და ზიჩით ჩაანაცვლა
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.02, 2023 წელი
მისი ილუსტრაციებისა და ნახატების თვალიერების დროს გრძნობ, რომ ერთ დიდ დღესასწაულზე მოხვდი, რომელიც სავსეა ლამაზი ფეიერვერკებით. ასე დავიწყებ მხატვარ სერგო ქობულაძის დღიურებს, მხატვრის, რომელიც ისტორიას, მაინც, ოპერისა და ბალეტის თეატრის უნიკალური ფარდით შემორჩა. როდესაც თეატრის შენობა დაიწვა, დაიწვა ფარდაც, მაგრამ არ დამწვარა და არსად გამქარალა სერგო ქობულაძის სახელი.
მისი ბავშვობიდანვე მხატვრობით დაინტერესება არც თუ ისე რთული წარმოსადგენია. მან პატარაობიდანვე გამოავლინა ხატვის ნიჭი და მშობლებმა ხელოვნების საშუალო სკოლაში შეიყვანეს... შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორია. 1957 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. სერგო ქობულაძის ნამუშევრების ხილვის ბედნიერება 1956 წელს ვენეციაში ჰქონდათ, 1957 წელს კი – ლონდონშიც. 1972 წელს გადაწყვეტს, დააარსოს „გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო“, ამავე წელს კი, მისი ინიციატივით იქმნება „ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია“, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების კვლევითი ცენტრის ნაწილია. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცა. ძალიან უყვარდა თავისი სტუდენტები და ცდილობდა, მათზე ეზრუნა. სერგო ქობულაძეს გამორჩეულად უყვარდა იტალიური რენესანსის ეპოქა და ასევე, დაინტერესებული იყო ძველი ქართული ხელოვნების ძეგლებით. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია „ვეფხისტყაოსანსა“ და ,,შექსპირს“. ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელია მისი ილუსტრაციები, რომლებიც დამთვალიერებლის თვალწინ იწყებენ გაცოცხლებას.
მხატვრის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ისტორია კი 1934 წელს იწყება. იმის მიუხედავად, რომ სერგო ქობულაძეს არ ხიბლავდა კონკურსები და არ უყვარდა, როცა დროში ზღუდავდნენ, რადგან მისთვის დრო არასდროს იყო საკმარისი, მაინც იღებს მონაწილეობას შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში და ქმნის თორმეტ ილუსტრაციას. 1934-1935 წლებში სერგო ქობულაძე იწყებს შექსპირის პიესების დასურათებას და ქმნის ოთხ ილუსტრაციას: ,,მაკბეტი“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ მესამე“ და „ანტონიუსი და კლეოპატრა“. მხატვარს რთულ პერიოდში, ცენზურის ქვეშ მოუწია მოღვაწეობა. ხელოვნების სფერო, სხვა დანარჩენის მსგავსად, მკაცრად კონტროლდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. მისი და სტალინის შეხვედრა ამ კონკურსის დროს მოხდა. სტალინმა მოისურვა, პირადად ენახა მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები. ერთ-ერთი ილუსტრაცია „ავთანდილისა და ტარიელის“ შეხვედრა სტალინს არ მოეწონა და მისი ამოღება ითხოვა. ქობულაძის ილუსტრაცია მიხაი ზიჩის ნახატით ჩაანაცვლეს. როგორც ცნობილია, სტალინს მიხაი ზიჩის ილუსტრაციები ძალიან მოსწონდა. სერგო ქობულაძის ილუსტრაციები კი მისგან განსხვავდებოდა და იმდენად ოპტიმისტური არ იყო, როგორიც ზიჩის. სტალინის ჩარევაც არ იყო მოულოდნელი, რადგანაც მას სჩვეოდა, რედაქტირება გაეკეთებინა ყველაფრისთვის, რაც არ მოეწონებოდა. ქობულაძეს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა თეატრთან. 1932 წლიდან, სწავლის დასრულებისთანავე, ის აქტიურად იწყებს მუშაობას თეატრში. ის თანამშრომლობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტისა, ასევე, მოსკოვის დიდ თეატრებთან. მის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ლეგენდარულ ფარდას, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრს ამშვენებდა. მასში მხატვარმა დიდი ენერგია ჩადო. ქობულაძეს ბევრი ღამე გაუთენებია იმაზე ფიქრში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საბოლოო სახე. 1961 წლის 10 მაისს ფარდა თეატრში დაეშვა. დამსწრე საზოგადოება მას მონუსხული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. ქობულაძის მიერ შექმნილმა ფარდამ მხოლოდ თორმეტი წელი იარსება, 1973 წლის 3 მაისს ოპერაში გაჩენილმა ხანძარმა მხატვრის თავდაუზოგავი შრომისა და ბევრი უძილო ღამის შედეგი ერთ ღამეში გაანადგურა. ფარდის გადარჩენილი პატარა ფრაგმენტი ამჟამად ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმში ინახება.
ერთი წვეთი ქართული
ერთხელ ბატონმა სერგომ სტუდენტები მოიწვია, მათ შორის რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა (ჯიფსონ ხუნდაძე, კოკი მახარაძე, ედმონდ კალანდაძე, გოგი თოთიბაძე, მიტო ხახუტაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები...), სავსეა დარბაზი. გამოდის ბატონი სერგო ძალიან მშვიდად და დარბაზს მიმართავს: მე ხელში ავიღე ბოთლი... ამის გაგონებაზე მთელმა დარბაზმა სიცილი დაიწყო, ყველამ იცოდა, რომ ბატონი სერგო პერიოდულად არაყს სვამდა, თვეში ერთი-ორი დღე გამოითიშებოდა ხოლმე, უყვარდა ალკოჰოლი, მაგრამ ლოთი კი არ იყო. – ეს ის ბოთლი არ არის, თქვენ რომ გგონიათ, – გააგრძელა მან, – ეს წყლით სავსე ბოთლია და აი, ამ ბოთლში მე ერთი წვეთი ფრანგული სუნამოს დასამზადებელი ესენცია ჩავაწვეთე და აქ წყალი უკვე ნამდვილ ფრანგულ სუნამოდ იქცა. ამასა გთხოვთ, რაც გინდათ სიახლე აკეთეთ, მაგრამ „ერთი წვეთი ქართული“ არასოდეს დაკარგოთო.
მისი სამეფო და „ოქროს კვეთა“
მისი სამუშაო რეჟიმი ყოველთვის ერთნაირი იყო. დილის 6 საათზე სახელოსნოში ადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. პერიოდულად, ზემოდან გადმოსძახებდა ხოლმე მეუღლეს: Лиза, кофе! Лиза, чай!! შავვარაყიანი სათვალით იჯდა თავისივე ხელით გაკეთებულ სამუშაო მაგიდასთან და როგორც წესი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. საკუთარ ნამუშევრებს არასდროს ფენდა ოთახში, არ უყვარდა. ხოლო მაშინ, როდესაც ერთხელ გადამღები ჯგუფი მივიდა და მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღების ნებართვა სთხოვეს. დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით – არავითარ შემთხვევაში არ გადაგაღებინებთ როგორ ვხატავ! მე უცხო ხალხის წინ არ ვხატავ!
დღეს ეს სახელოსნო დროში მუმიფიცირებულს ჰგავს. სივრცეში, სადაც სამარისებური სიჩუმის ხმაც კი ისმის, ყველაფერი ხელუხლებელია: თაროებზე შემოდებული დამტვერილი საბჭოთა ენციკლოპედიები და ნაფტალინში შენახული მხატვრის ფუნჯები, დედ-მამის ფანქარში შესრულებული პორტრეტები და 1949 წელს, რუსთაველის თეატრისთვის გაკეთებული „მეფე ლირის” ესკიზებიც. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს, კედლებში გაჟღენთილ საღებავის სუნს დაუმატებ და დროს ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ, შეიძლება გეგონოს, რომ მისი პატრონი სადაცაა მოვა. ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ, მოვა.
14 წლის იყო, როდესაც აკადემიაში ჩააბარა. მართალია, სასწავლებელში მიიღეს, თუმცა, როგორც კი მისი ასაკი გაიგეს, გამოაგდეს – ჯერ საშუალო დაამთავრე და მერე მოდიო. 2 წელიწადში გ.გაბაშვილთან, ე.ლანსერესთან და ი.შარლემანთან სწავლობდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მალევე გაემგზავრა მოსკოვსა და ლენინგრადში. განსაკუთრებული მისია ჰქონდა: უნდოდა, მუზეუმებში დაცული ძველი ისტორიული სურათები გაეცნო, შეესწავლა. აქ უკვე გამოჩნდა მისი ინტერესის საგანი – წარსული ეპოქების ხელოვნება, რენესანსის სული, გმირის ჰეროიკული ხასიათისადმი სწრაფვა. ის, რაც მოგვიანებით მის გრაფიკულ თუ ფერწერულ ნამუშევრებში იჩენს თავს.
1937 წელს საქართველო რუსთაველის პოემის იუბილეს აღნიშვნას აპირებდა და ამიტომ, ორიოდე წლით ადრე, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებაზე კონკურსი გამოცხადდა. ეს ის პერიოდია, როდესაც 26 წლის სერგო, რუსთაველის 36-ში, ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში მეუღლესთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. სამუშაოდ მხოლოდ 8 კვადრატული მეტრის ოთახი ჰქონდა, სადაც ზოგჯერ მოტრიალებაც კი ჭირდა. აკადემიის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, ამ კონკურსში სერგოც იღებდა მონაწილეობას. გუაშში შესრულებული მისი „ვეფხისტყაოსანი” დღემდე პოემის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება და მოსკოვში, ტრეტიაკოვის ცნობილ გალერეაში ინახება. ამ გამარჯვებამ მხატვარს დიდი აღიარება მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს ყველა მოწიწებით მოიხსენიებდა და სტალინის პრემიის ლაურეატობაც ორჯერ მიაკუთვნეს, სახელისუფლებო წრეებისთვის საყვარელი არტისტი არასდროს ყოფილა, ალბათ, ხასიათის გამო – მას ხომ მკაცრ და მძიმე ადამიანად მიიჩნევდნენ, რომელიც ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ამბობდა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმას არასდროს ერიდებოდა. ალბათ, ამის გამო იყო, რომ სიცოცხლეში არასდროს ღირსებია პერსონალური გამოფენა. ავტორის ხასიათი ძალიან კარგად ჩანდა მის ნამუშევრებშიც: მკაცრი ხაზები, ტილოზე სკულპტურულად გამოძერწილი ფიგურები და მონუმენტალიზმი, მკაფიოდ დამუშავებული ფორმები. არადა, სწორედ ამ თვისებების დამსახურებაა, რომ 50-იან წლებში, იტალიაში, ვენეციის „ბიენალეზე“ ქობულაძის „დანტემ“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლადუზნაძის, მაშინდელ კამოს ქუჩაზე გადავიდა. სახელოსნო, სახლის ბოლო სართულზე ჰქონდა. ეს უკვე ნამდვილი სამუშაო გარემო იყო – შუშის სახურავით და საჭირო სათავსოებით. საღებავის სუნით გაჟღენთილი მისი სამეფო, სადაც პატრონის დაუკითხავად, რაიმესთვის ხელის შეხება, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. როგორც კი საქმე მორჩებოდა და სამუშაო შესრულებული იყო, აი, მაშინ იწყებოდა განტვირთვის დღეები. სიგარეტს ხომ ისედაც არ იშორებდა, კონიაკი კი – დღეში ორი ბოთლიც კი. როგორც თავად ეძახდა – თავის „კაიუტაში”, ანუ საძინებელში წამოწვებოდა და სრულ მარტოობაში ისვენებდა. ლიზა კი ამ დროს აკეთებდა ყველაფერს, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო: უვლიდა ბავშვებს, „განტვირთვის დღეებში” მყოფ ქმარს... 1973 წელი იყო. ერთ დღეს, სახელოსნოდან სერგოს აღელვებული ხმა გაისმა: Аппарат, принесите аппарат! ვერანდაზე გავიდნენ. სერგო უკვე იქ იდგა. პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს, რაღაც შენობას ცეცხლი ეკიდა. „მგონი ოპერის შენობა იწვის”, – ჩუმად ჩაილაპარაკა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მაშინ როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე პირველად, საზეიმოდ დაეშვა ფარდა, დარბაზი ერთი საათი უკრავდა ტაშს. ურთულესი ტექნიკით შესრულებულ ამ მონუმენტურ ნამუშევარში, თითქმის შეუძლებელი იყო გამოგეცნო, რომ ეს ფარდა, ხელით შესრულებული ტილო იყო. მის შექმნას რამდენიმე წელი მოანდომა, 170 კვადრატული მეტრის ფართობის ტილო ძირს ჰქონდა დაფენილი და ისე ხატავდა. მრავალფენიანი ფერწერის ტექნიკით მუშაობდა, სასურველი ფერის მისაღებად ფერებს ეტაპობრივად, სართულებად ადებდა ერთმანეთს... არავინ იცოდა საიდან და რატომ გაჩნდა ხანძარი. ან კი ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა სერგოსთვის. ფაქტია, ფარდა რამდენიმე საათში გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს საუბრობდა საკუთარ განცდებზე, ოჯახში იცოდნენ, სერგოს დეპრესია დაეწყო. თითქოს ჩაიკეტა კიდეც. ამ დროს თითქმის აღარ ხატავდა. რამდენიმე წელი „ოქროს კვეთას” მოანდომა. ამ კვლევით სამუშაოებს ფიზიკოს-მათემატიკოსებთან ერთად 12 წელი დაუთმო. გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპები. სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რიცხობრივ კანონებს ემორჩილებოდა და წლების განმავლობაში ამ კანონზომიერების ამოსახსნელ განტოლებას ეძებდა, გეომეტრიულად ხსნიდა. ისწავლა არქიტექტურა, გეომეტრია, მთელ დღეებს ხაზვაში ატარებდა. დარჩა მხოლოდ მისი ნახაზები და ცალკეული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს, ვლადიმერ კანდელაკის დახმარებით, ეს წიგნი გამოიცა, სადაც ქობულაძის ნახაზები შევიდა, „ოქროს კვეთის” საიდუმლო მაინც ბოლომდე ამოუცნობი დარჩა.
ახალი ფარდა და სიკვდილი
ტილო უკვე გადაჭიმული იყო. ახალი ფარდის ესკიზები – გაკეთებული. ამჯერად, ფარდა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სერგოს გარდა სხვამ ვერავინ გაბედა ხელის მოკიდება. სამუშაოები სიცხის გამო სექტემბრამდე გადადეს. ჩვეულებრივი დღე იყო. როგორც ყოველთვის, ადრე ადგა. სახელოსნოში ავიდა. რაღაც დიდი ხანია არ დაუძახია – Лиза, кофе! იქნებ რაიმე სჭირდება, მერაბი ზემოთ ავიდა. მამა გარდაცვლილი დახვდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





