საზოგადოება

რაში დაეხმარა თამრიკო ჭოხონელიძეს საკუთარ თავში დამნაშავის პოვნა და რამ მიიყვანა ის დანგრევის პირას

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:00 22.12, 2020 წელი

თამრიკო ჭოხონელიძე
დაკოპირებულია

ყველასათვის საყვარელი მუსიკოსის – თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრებაში, განქორწინების შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხანგრძლივი და რთული მცდელობის შედეგად, მოახერხა და საკუთარი თავი დაიბრუნა. მასთან ინტერვიუ თბილისელებმა“ ცხრა დეკემბერს ჩაწერა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ. 

თამრიკო ჭოხონელიძე: რიცხვი ცხრა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიყვარდა განსაკუთრებულად. მერე ჩემი ორივე შვილი ამ რიცხვში დაიბადა და ბუნებრივია, კიდევ უფრო შემიყვარდა. მარიამი კოკოზე ერთი წლით უფროსია, მაგრამ ორივე ცხრა დაკემბერსაა დაბადებული. ამის გამო ყველას ტყუპები ეგონათ. ესენი კიდევ ფიქრობდნენ, რომ ყველა და-ძმა ერთ დღეს იყო დაბადებული (იცინის). უცნაურია ისიც, რომ მე 18-ში მაქვს დაბადების დღე. ამ ორი ციფრის ჯამიც ცხრაა და ორზე თუ გავყოფთ ისევ ცხრა გამოდის. მოკლედ, უცნაური და სასიამოვნო დამთხვევაა. მარიამი და კოკო 90-იანი წლების ბავშვები არიან და როგორც ყველა, ისინიც არც თუ დალხენილ გარემოში გაიზარდნენ. დღეს იხსნებდნენ წარსულს და ძალიან ბევრს იცინოდნენ, როგორ ენატრებოდათ ყველაფერი და როგორი ბედნიერები იყვნენ, როდესაც „სნიკერსი“ შემოვიდა (იცინის). 9 დეკემბერი ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისთან ასოცირდება.
– დღეს უკვე ზრდასრული და ძალიან კარგი შვილები გყავთ, მაგრამ აღზრდის პროცესს თავისებული სირთულეები ახლავს, გაგიჭირდათ თავის გართმევა?
– ვერ ვიტყვი, რომ მათმა აღზრდამ გამაწვალა. მარიამთან და კოკოსთან მე არასდროს მილაპარაკია ენის მოჩლექით. დაბადებიდან პიროვნებებად აღვიქვამდი. ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი შვილები, მათთან ერთად მეც ბევრ რამეს ვსწავლობდი და ვცდილობდი, მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ზედმეტად არც ვუბრაზდებოდი, ჩხუბზე არც მაქვს საუბარი. მარიამი დღესაც იხსენებდა, თამრიკოს რომ ვაწყენინებდი და წარბს აწევდა, ტანში უსიამოვნებისგან ჭიანჭველები მივლიდნენო. მათთვის ხელი არასდროს დამირტყამს. ერთადერთხელ, უკანა ნაწილზე მოვცხე მარიამს, იმის გამო, რომ „შტეფსელში“ ყოფდა თითებს და მინდოდა, მისთვის მომეშორებინა. კოკოსთან ძალიან პატარა ასაკიდან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორც პოტენციურ კაცთან, ქმარსა თუ tamriko-chokhonelidze_o_h.jpegმამასთან. მაღაზიიდან რომ მძიმე ჩანთა მომქონდა, მოშველებას ვთხოვდი. იმდენად პატარა იყო, მოხმარების ნაცვლად, ისე მექაჩებოდა, კიდევ უფრო მემატებოდა სიმძიმე, მაგრამ მას სწამდა, რომ მეხმარებოდა და ჩემთვის ეს იყო მთავარი. დღეს, რომ მეუბნებიან, შენი შვილები ძალიან ადამიანურები არიანო, მახსენდება პატარა კოკო, რომელიც პარკში მოხუცებს ეფერებოდა და ესაუბრებოდა. ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მარიამისა და კოკოს სახით, ყველაზე დიდი საყრდენი და დიდი იმედი მყავს.
– რაც შეეხება რძალთან ურთიერთობას. მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, გაქვთ ტრადიციული „რძალდედამთილობა“?
– პრინციპული ნამდვილად ვარ, მაგრამ მკაცრი – საერთოდ არა. ანი და მე ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ, ზოგჯერ ისეთ რამეზე ვლაპარაკობთ, რაც კოკომაც კი არ იცის. მისი თითოეული ნაბიჯის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ.
– ოჯახის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებლად შეძელით ემოციური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რამ მოგცათ საჭირო ძალა?
– მივხვდი, რომ ჩემს შვილებს გვერდით ჯანსაღი დედა უნდა ჰყოლოდათ. აღარაფერს აქვს ფასი, თუ შენში ქალი არ ცოცხლობს. მივხვდი, რომ შველა მჭირდებოდა და მგონია, რომ მე ეს მოვახერხე.
– როდის გააცნობიერეთ, რომ პრობლემა გქონდათ?
– როცა სიმშვიდე დავკარგე. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩებოდი, ვგრძნობდი, რომ ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საყვარელი ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ვარ და ამის გამო ფორიაქიც მახასიათებს, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო ფორიაქია. მაშინ უკვე ასე აღარ იყო, ჩემი ფორიაქი შემაწუხებელ შფოთვაში გადაიზარდა. იმ პერიოდში, ხშირად ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ხშირად თავის მართლებამდე მივდიოდი.
– საკუთარ თავს იდანაშაულებდით?
– პირიქით. როდესაც არასასიამოვნო შფოთვა გაქვს და ამ დროს მუდმივად თავის გამართლებას ცდილობ, გამორიცხულია ამით სწორ გზას ადგე. ასე უფრო მეტად გაგიმძაფრდება მის მიმართ აგრესია, ვინც შენ წინაშე დამნაშავე გგონია. ამიტომ, ჯობს, საკუთარ თავში იპოვო დამნაშავე, თუნდაც, დანაშაულის პატარა მარცვალი და ეს ძალიან გეხმარება, მოეშვა და ცხოვრებაზე აღარ გაბრაზდე. გულწრფელად გეუბნებით, საკუთარ თავში დამნაშავის პოვნა მე ძალიან დამეხმარა.
– ქალები, ძირითადად, მალავენ ხოლმე მსგავს ისტორიებს. რატომ გადაწყვიტეთ ამაზე ხმამაღლა საუბარი?
– ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ნაბიჯის გადადგმაზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ ქალების გამო მივიღე, რომლებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. გადავწყვიტე, მათთვის მეთქვა, რამ გამომიყვანა მე ამ მდგომარეობიდან. რომ ნახოთ, ამის შემდეგ რამდენი ქალი მწერს, დარწმუნდებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა. პირადად ჩემთვისაც ასე ჯობდა. როდესაც ხმამაღლა ამბობ იმას, რაც ძალიან გაწუხებს, თითქოს მხრებიდან ლოდი გეხსნება. მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, არ დაივიწყონ, რომ ქალები არიან, არ დაივიწყონ, რომ ლამაზები არიან. დილით, თვალის გახელამდე, ის ლამაზი წარსული გაიხსენონ, როცა ყველაზე კარგად გრძნობდნენ თავს და თვალის გახელის შემდეგაც იმავე შეგრძნებებით გააგრძელონ დღე. ეს ლამაზი ისტორია, ხომ, მხოლოდ მათია, რომელსაც ვერავინ წაართმევთ. მე ხშირად სიმღერებში მიპოვია შვება და მჯერა, ყველა იპოვის გზას, რომელიც აუცილებლად გადაატანინებს ამ სირთულეს. მძიმე მომენტებში სადმე მიგდებულ ნივთს რომ დავინახავდი, ვცდილობდი, მისთვის სიცოცხლე შთამებერა და ესეც ძალიან მეხმარებოდა. დღეს ჩემს სახლში ძალიან ამაყად დგას ეს ნივთები.
– უამრავი გულშემატკივარი გყავთ და ეს, ალბათ, დიდი შვებაა, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც შეიძლება, გაახაროს კიდეც სხვისმა ტკივილმა. ასეთი პრობლემის დროს, როგორ მოქმედებს ადამიანზე იმის გაცნობირება, რომ უამრავი ადამიანი ინტერესდება მისი ცხოვრებით?
– სწორედ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი. ერთდროულად, კარგიცაა და რთულიც. ოთხი წლის ასაკიდან მცნობენ და ხალხის დიდი სიყვარული სულ თან მდევს. თუმცა, არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც იმდენად დიდი ღვარძლი აქვთ, რომ ვერ მალავენ და სოციალურ ქსელში საჯაროდ აფრქვევენ. თავის დროზე გამაოგნა ამ ყველაფერმა და საშინელმა კომენტარებმა კინაღამ დანგრევის პირას მიმიყვანა. მაშინ მარიამმა მიშველა, გამიუქმა „ფეისბუქი“ და ძალიან კარგია, რომ ასე მოხდა. დღეს აღარ მაქვს შეხება სოციალურ ქსელთან და ჩემი გვერდის ადმინი მხოლოდ იმ კომენტარებს მიგზავნის, რომელიც სიყვარულითაა გაჟღენთილი. მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ცუდის საწერად იწუხებს თავს, მე მათ ნაწერებს არ ვკითხულობ, ტყუილად იხარჯებიან. როდესაც დაჩაგრულის იმიჯი გაქვს, მაშინ ნაკლებად გტკენენ გულს, მაგრამ როგორც კი დაინახავენ, რომ ფეხზე წამოდექი, ცდილობენ, ისევ წაგაქციონ. აქ ბუნებრივია, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე. ყველაზე საწყენი ისაა, რომ მსგავს კომენტარებს ისეთი ადამიანები წერენ, მთავარ ფოტოდ რომ მამაოებთან გადაღებული სურათი უდევთ. ძალიან მწარედ მახსოვს, საოპერაციოდ შევყავდი და შემთხვევით, ჩემი სიმღერის ქვეშ რამდენიმე ძალიან მძიმე კომენტარს წავაწყდი. ძალიან შევშინდი, იწყევლებოდნენ კიდეც. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც რწმენითა და მამაოებთან სიახლოვით იწონებენ თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მე, ჩემს შვილსა და შვილიშვილს ტაძარში არ უნდა გვეგალობა, იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეზე არ ვიმღერე. შემეჯიბროს ნებისმიერი მათგანი ოჯახის სიწმინდის დაცვაში, მაგრამ მაშინაც და დღესაც, ჩემი აზრი ასეთია: მე ვერ შევეგუები ადამიანის დისკრიმინაციას ვერც რელიგიური მრწამსისა და ვერც სექსუალური ორიენტაციის გამო. მაინტერესებს, თავად ეს ადამიანები, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მამაოებისა და უფლის სიტყვებს იშველიებენ, რამდენად არიან იმის მომხრეები, რომ ხალხი, რომელიც მათ არ მოსწონთ, ჩაიქოლონ?! თუ დავინახავ, რომ ვინმე სახლში მივარდება და ჩემი შვილის ფსიქიკის გარყვნას ცდილობს, მე მას თავს შევაკლავ, მაგრამ როცა ის ადამიანი თავისთვის ცხოვრობს, ძალიან ბევრი თავის საქმეში წარმატებულია და ქვეყნისთვისაც კეთილ საქმეს აკეთებს, მათი დისკრედიტაცია ჩემთვის მიუღებელია. ამ შეხედულების გამო, რომ იმ ადამიანებისთვის ვარ მიუღებელი, ვინც მამაოებთან ისე დაახლოებულია, რომ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები უდევს სოციალურ ქსელში, ცოტა არ იყოს, მეცინება კიდეც. იცით, მე რა მიკვირს, მამაოებს ხომ მოძღვრები ჰქვიათ, ნუთუ არ ეუბნებიან თავიანთ „სულიერ შვილებს“, რომ განკითხვა და მით უმეტეს, წყევლა, მომაკვდინებელი ცოდვაა და არ შეიძლება?!
– ნათქვამი გაქვთ, იმ მძიმე პერიოდში, მეშინოდა, არ გავბოროტებულიყავი და მგონია, რომ ეს შევძელიო. რამდენად დიდი იყო ამაში რწმენის როლი?
– ძალიან დიდი. ყოველდღე ვევედრებოდი უფალს, დახმარებას ვთხოვდი. გულწრფელად გეტყვით, ჩემი სიტყვებით ვევედრებოდი, ვგრძნობ, რომ არასწორ გზას ვადგავარ, მეშინია ხელი არ ჩავიქნიო ცხოვრებაზე და მიშველე-მეთქი. ამ ვედრებას ძალიან ხშირად ცრემლიც ახლდა და მე მგონია, რომ უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი