ნინო დარასელი: სიხარულისგან ვტირი ხოლმე, დარდის დროს თავშეკავება ვისწავლე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 26.12, 2022 წელი
გულახდილი საუბარი ნინო დარასელთან 👇
– ვინ არის ნინო დარასელი?
– გააჩნია ადგილს და გარემოებას, ხან ვინ ვარ, ხან – ვინ.
– როგორია ნინოს საოცნებო ცხოვრება?
– დღეს დილას, ყაზბეგში მაღვიძარამ რომ გამაღვიძა და ისე მეჩქარებოდა გერგეტის ხედით ტკბობის დრო არ მქონდა, ვიოცნებე მაღვიძარას და სიჩქარის გარეშე ცხოვრებაზე.
– ბოლოს რა მოიტყუეთ?
– ძირითადად, ჩემს თავს ვაძლევ ხოლმე ტყუილ დაპირებებს. ეს კვირაობით ხდება ხოლმე, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ორშაბათიდან უკეთესი ვიქნები – ვარჯიშს დავიწყებ, სიგარეტს აღარ მოვწევ და მსგავსი ტიპის ან ზაფხულის დასასრულს, სექტემბრიდან სულ სხვა ნინოს ვპირდები საკუთარ თავს.
– მოგიპარავთ რამე?
– დღეს სასტუმროს რესტორანში ისე გავახვიე ხელსახოცში შაშხი, ბევრს რომ არ დაენახა და ყაზბეგიდან გზაზე ძაღლები მცირედით მაინც გავახარე.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– მძულდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მიმუშავია, როგორც ქართული ფილმის კონოგმირი იტყოდა, „თანამდებობისათვის შეუფერებელ“ ადგილებში.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ძირითადად, სიხარულისგან ვტირი ხოლმე. დარდის დროს თავშეკავება ვისწავლე.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ფული მოიგოთ?
– ლატარიაში ფულის მოგებაზე ხშირად მიფიქრია და ძირითადად, საოცნებო განაწილებისას ფული არ მყოფნის.
–გინდათ, ძალიან ცნობილი და გავლენიანი იყოთ? დათმობდით თქვენი ცხოვრების ათ წელს მსოფლიო აღიარებაზე?
– ძალიან ცნობილი და გავლენიანები დღევანდელ სამყაროში პოლიტიკოსები არიან და არც ერთის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. ამისთვის ერთ წუთსაც კი არ დავთმობდი. რად მინდა მემორიალური დაფა?!
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– ყველაზე ცუდი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი სისულელეა, რომ მეტი შვილი არ გავაჩინე.
– რას იზამთ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნებათ, რომ თქვენი შეყვარებული/მეუღლე მოსწონს?
– მე და ჩემი მეგობრების აზრები და გემოვნება ბევრ რამეში ემთხვევა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომელიც 29 წელია, არ მომხდარა და მომავალშიც არ ველი.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ყველაზე უხერხული არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს, ჩემი პატარა გოგოსი მერიდება, რომელიც გაკვეთილების მომზადებისას მიხვდა, რომ ფიზიკა და ქიმია თითქმის არ ვიცი.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ყველაზე სასტიკი, ალბათ, ამ ბოლო დროს, უკრაინის ომის მიმდინარეობისას ვარ, როდესაც რუსი სამხედროების განადგურების ვიდეოებს თუ სიახლეებს ვიწონებ. გაგვასასტიკეს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– ყველაზე დიდი მარცხიც და გამარჯვებაც ჩემს თავთან მაქვს ხოლმე. ხან ვერევი, ხან მერევა.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი ან ცუდი?
– მოსმენით მხოლოდ კარგს ვისმენ, ადამიანზე ცუდს, ძირითადად, ზურგს უკან ლაპარაკობენ, ამიტომ საბედნიეროდ, იშვიათად მიწევს მათი მოსმენა.
– რის კეთება გიყვართ ან არ გიყვართ ყველაზე მეტად?
– მიყვარს ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა, მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად უბრალოდ ყოფნა და თუნდაც არაფერზე ლაპარაკი. კარგად გაკეთებული საქმით ტკბობა, კინო, მხატვრობა, ადამიანების გახარება, ძაღლებთან ურთიერთობა, მიყვარს საინტერესო ადამიანების მოსმენა.
არ მიყვარს კონფლიქტები და ბრაზიანი ადამიანები და ამ ბოლო დროს ვერ ვეკონტაქტები ადამიანებს, ვინც ერთი პუნქტით მაინც ამართლებს რუსების ქმედებას უკრაინაში იქნება თუ ჩვენ მიმართ.
– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, რას გააკეთებდით?
– მე გოგო მეგობრებიც მყავს და ბიჭებიც. ასე რომ, ვისი ღალატიც არ უნდა გავიგო, ჩემს თავს შეიძლება, მივცე უფლება, ეგრეთ წოდებულ, ,,ღალატში ბრალდებულს” მივანიშნო და ჩემი აზრი ვუთხრა. დანარჩენი კი ორი ადამიანის გადასაწყვეტია.
– რას ამბობენ მეგობრები (ახლობლები) თქვენზე – რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?
– ჩემი მეგობრები იმიტომ არიან ყველასგან გამორჩეულები და საუკეთესოები, რომ შევძელით, ყველას მიგვეღო ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ. არავინ არავის გამოსწორებას არ ცდილობს.
– რომელ დროსა და ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?
– მომწონს ეს დრო და ეს ეპოქა. უბრალოდ, ბოლო დროს ტექნოლოგიური პროგრესი უკვე ცოტა მაშინებს და ცოტა ჩვენი თავის რობოტებით ჩანაცვლების მეშინია. ასე რომ, ოდნავ უკან გადავახვევდი.
– რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდით?
– უფრო ზღაპარში ვიმოგზაურებდი.
– რა არის ცხოვრების მიზანი?
– ცხოვრების მიზანი ისე ცხოვრებაა, რომ საკუთარ თავთან გასაუბრების არ გერიდებოდეს.
– როგორი ადამიანის ცხოვრება არის ფუჭად ჩავლილი?
– ბოროტი, კონფლიქტური, ნეგატივის მაძიებელი, მუდამ სხვისი ცხოვრების შემყურე და მოკირკიტე ასინეთების.
– საკუთარი ქმედება, რომლის გახსენებაზე ახლაც გრცხვენიათ…
– ძალიან ბევრი რამის მრცხვენია, თუმცა აქვე ვიტყვი. სისულელე ჩამიდენია, ბოროტება – არა.
– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…
– ყველაზე მეტად ჩემი შვილებით ვამაყობ, ამაზე კარგი არაფერი შემიქმნია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





