შოუბიზნესი

თიკა მახალდიანი: არ ველოდი და დიდი სიურპრიზი დამხვდა, რომ მითხრა, შენიაო, გული გამისკდა სიხარულისგან

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.07

თიკა მახალდიანი
დაკოპირებულია

საკუთარ დაბადების დღესთან ყველას განსაკუთრებული ემოციები გვაკავშირებს. ვნახოთ, რამდენად უყვარს ეს დღე მომღერალ თიკა მახალდიანს და როგორ ატარებს ხოლმე მას.

თიკა მახალდიანი: ჩემი დაბადების დღე 14 თებერვალს არის, ანუ, ვალენტინობას. ამ დღეს ყოველთვის ვმუშაობ და დაბადების დღე უფრო მეორე პლანზე გადადის, მაგრამ ზოგჯერ გაპარვასა და აღნიშვნასაც ვახერხებ (იცინის).

– წინა ან შემდეგ დღეს არ ცდილობ ხოლმე აღნიშვნას?

– ათი დღით ადრე მეწყება შინაგანი შფოთვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ დაბადების დღის წინა პერიოდში ბევრს აქვს ეს განცდა. თითქოს ვნერვიულობ, შინაგანად ვემზადები. ყოველთვის მინდა, რაღაც დავგეგმო, უფრო სურვილი მაქვს ხოლმე, რომ რამე გრანდიოზული გავაკეთო ან საერთოდ არაფერი. გარდა იმისა, რომ ამ დღეს მე თვითონ ვარ დაკავებული, ჩემ გარშემოც ძალიან ბევრს არ სცალია. მე რომ მოვიცალო, ჩემს მეგობრებს არ ეცლებათ და მოკლედ, რთული მდგომარეობაა (იცინის). სხვა დღეს აღნიშვნას რაც შეეხება, ეს არასდროს მნდომებია, იმიტომ რომ ის განწყობა აღარ მაქვს, რაც დაბადების დღეზე.

– კონცერტზე თუ გაგიჟღერებია, რომ დაბადების დღე გქონდა? უამრავი ადამიანის მოლოცვას კიდევ სულ სხვა სიხარული მოჰყვებოდა.

– კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ ყოფილა ასეთი მომენტი და მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა ამდენი ადამიანი გილოცავს და შენს სიხარულს იზიარებს. მიხარია ასეთი დღეები. გული მწყდება ხოლმე, რომ მეგობრებთან ერთად ვერ აღვნიშნე, მაგრამ როდესაც სიმღერითა და კარგი განწყობით ვხვდები, თუნდაც უცხო ადამიანების გარემოცვაში, ესეც მაბედნიერებს.

– არასდროს გამოგსვლია ისე აღნიშვნა, როგორც გინდოდა?

– შარშან მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ, ბათუმში წავსულიყავით, სადაც სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ. მართლა დაუვიწყარი დღეები იყო, ამას გამოვარჩევდი. ისე კარგად გავერთეთ, რომ დიდხანს მემახსოვრება.

– ბავშვობის დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– ძალიან ადრეულ ბავშვობაში, მაშინ, როცა არც დაბადების დღის ცენტრი იყო და არც სხვა რამე მსგავსი, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდი, სახლში ვშლიდით სუფრას და ნათესავები მოდიოდნენ. მერე ცოტა რომ წამოვიზარდე და რაღაც განსხვავებული მომინდა, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი ხოლმე სახლშიც და უცხო გარემოშიც, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, სახლში უფრო კარგად ვერთობით ხოლმე. ვმღერით, ვუკრავთ და ბოლომდე ჩვენს გემოზე ვხალისობთ.

მომთხოვნი ბავშვი იყავი? დაბადების დღისთვის განსაკუთრებული სურვილები გქონდა?

– საერთოდ არაფერს ვითხოვდი (იცინის). მე ის პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ დედა მეუბნებოდა ხოლმე, მაღაზიაში საღეჭ რეზინსაც კი არ მოითხოვდი. არ მახსოვს, რამეზე გეთქვას, დედა, მიყიდეო. არ ვიცი, რატომ ვიყავი ასეთი საწყალი (იცინის). ჩემი შვილი საერთად არ მგავს (იცინის).

არც დაბადების დღისთვის მქონდა განსაკუთრებული სურვილები. ჩემი თაობა მაინც სხვა გარემოში იზრდებოდა. 90-იანი წლები იყო და სასურველიც ბევრი არაფერი გვქონდა, მაშინ ამდენი რამ, რაც დღევანდელ ბავშვებს აქვთ, არ იყო, თან, ყველას ძალიან უჭირდა.

ძალიან მიყვარდა თოჯინები და სხვათა შორის, დღემდე მიყვარს. ბავშვს რომ ჰგავს, ისეთ თოჯინას ვგულისხმობ. თვეების ვიყავი, როდესაც დედამ და მამამ პირველი თოჯინა ჩამომიტანეს საზღვარგარეთიდან. ეს თოჯინა არის მთელი ჩემი ბავშვობა, ყველაზე მეტად მიყვარდა და დღემდე მაქვს. მას დღემდე ყველაზე ძვირფას საჩუქრად მივიჩნევ. კიდევ ერთი ბარბი მახსოვს გამორჩეულად, თავისი სახლით მაჩუქეს და ძალიან გამიხარდა. ძალიან მომწონდა, მაშინ სენსაცია იყო ასეთი სათამაშო (იცინის).

– ზრდასრულ ასაკში მიღებულ რომელ საჩუქარს გამოარჩევდი?

– რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეუღლემ ახალი ავტომობილი მაჩუქა, ძალიან მომეწონა და გამიხარდა (იცინის). სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ არ ველოდი და ეზოში დიდი სიურპრიზი დამხვდა. თავიდან ვერ მივხვდი. საჭესთან თვითონ იჯდა და გაოცებულმა ვკითხე, ეს ვისი მანქანა არის-მეთქი. რომ მითხრა, შენიო, გული გამისკდა სიხარულისგან (იცინის). ისე ამ თემაზე ხუმრობს, მეუბნება, კარგ დღეს გაქვს დაბადების დღე, ერთ საჩუქარში გამოვდივარო (იცინის).

– ემოციების გამოხატვა რამდენად შეგიძლია, თუნდაც საჩუქრის მიღებისას?

– სხვათა შორის, მიჭირს ემოციების გამოხატვა. ხომ არიან ადამიანები, შეიძლება, რაღაც ძალიან არ გაუხარდეთ, მაგრამ ასმაგად გამოხატავენ. მე პირიქით ვარ. შინაგანად შეიძლება, გავგიჟდე სიხარულისგან, მაგრამ გარეგნულად არ მეტყობა. ზოგს ჰგონია, რომ არ მიხარია ან არ მომწონს, არადა, ამ დროს ძალიანაც მომწონს და მიხარია (იცინის). რა ვქნა, არ მეტყობა. ჩემი აზრით, ეს ცოტა მინუსია. დიდად წყენასაც ვერ შემატყობ. ინდიფერენტულიც არ ვარ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ვერ გამოვხატავ ემოციებს, მაგრამ ისე ვერა, როგორც შინაგანად ვგრძნობ. სხვათა შორის, ჩემთვის ეს ძალიან ცუდია. შიგნით გროვდება და ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს. მოკლედ, მაწუხებს ეს ამბავი (იცინის).

– ასაკთან ერთად დაბადების დღის ემოციები იცვლება?

– რა თქმა უნდა. ბავშვობაში ძალიან მოუთმენლად ველოდი ხოლმე ამ დღეს. მერე წლები რომ გემატება, იზრდები და სიბერისკენ მიდიხარ, სხვა ემოციებია (იცინის). არიან ადამიანები, რომლებიც ას წლამდე ბედნიერები არიან თავიანთ დაბადების დღეზე, მე ასე არ ვარ. ამ დღეს ცოტა უცნაური გრძნობა მაქვს, სევდიანიც ვარ და შინაგანად აფორიაქებულიც.

– ასაკის მატებას განიცდი?

– თითქოს არაფერი იცვლება, სულ მგონია, რომ 25 წლის ვარ, ჩემი შინაგანი ასაკი ეს არის, თავი ძალიან პატარა მგონია, მაგრამ რეალურად უკვე აღარ ვარ 25 წლის (იცინის). უკვე სახეზეც რაღაც დეტალებს აკვირდები, თვალთან პატარა ნაოჭი ჩნდება და გინდა თუ არა, ცოტა სენტიმენტალური ხდები. როგორც არ უნდა ეცადო, ყურადღება არ მიაქციო, ქალი ხარ და გინდა, სულ ახალგაზრდულად გამოიყურებოდე. თუმცა, ასაკი მართლა არაფერია, მთავარია, შინაგანად შეინარჩუნო ახალგაზრდობა. გული და აზროვნება უნდა გქონდეს ახალგაზრდული, თორემ, ღმერთმა ქნას, დავბერდეთ, რა თქმა უნდა, ეს სასურველია.

– არის რამე, რასაც დღევანდელი გამოცდილებითა და ცოდნით, შეცვლიდი შენს წარსულში?

– კი, უფრო ჩემს ხასიათში შევცვლიდი რაღაცებს. ამის სურვილი აქამდეც მქონია, მაგრამ ვერ შევძელი შეცვლა, რა ვქნა, ასეთი ვარ. უფრო მიმწოლი და აქტიური სიამოვნებით ვიქნებოდი, მაგრამ არ შემიძლია. შინაგანად არ ვარ ასეთი.

მშვიდი ვარ, ჩემთვის ყოფნა მირჩევნია, არ ვარ ადამიანი, ვისაც გარკვეული მიზნის მისაღწევად სხვისი შეწუხება შეუძლია. არ მომწონს ეს ჩემს თავში, ჩემს პროფესიაში რომ ხარ, ჯობს, ცოტა სხვანაირი იყო, თუ გინდა, მეტს მიაღწიო, მაგრამ სამწუხაროდ, თუ შინაგანად არ ხარ ასეთი, ვერ ისწავლი, ვერ აიძულებ თავს ისე მოქცევას, როგორიც არ ხარ, თორემ ძალიან ხელოვნური იქნები. არ შემიძლია აფერისტობები, ძალით მეგობრობები, სიტუაციებზე მორგება და ასე შემდეგ, თუმცა კარგი იქნებოდა, ცოტა გამოქექილი ვყოფილიყავი (იცინის).

– ერთია საკუთარი დაბადების დღის სიყვარული და მეორე და ალბათ, უფრო დიდი – შვილის დაბადების დღის სიყვარული.

– რა თქმა უნდა. ჩემი შვილის დაბადების დღეზე ისე ვნერვიულობ... (იცინის) ერთი თვით ადრე ვიწყებ ფიქრს და ვეკითხები, როგორი ტორტი უნდა, სად უნდა გადახდა და ასე შემდეგ. უნდა ნახოთ, თვითონ ყოველდღე იმას მეკითხება, ჩემი დაბადების დღე როდის არისო და მეც ვუხსნი, შვილო, ახლახან იყო და ჯერ ადრეა-მეთქი (იცინის). მართლა ყოველდღე მეკითხება, ხვალ არის ჩემი დაბადების დღეო? უნდა, სულ ეს დღე იყოს (იცინის). ეს ძალიან კარგია, მე არ მქონია ეს თვისება და ძალიან მიხარია, რომ ასე უყვარს თავის დაბადების დღე. იმედია, სულ ასე გაგრძელდება. კირას დაბადების დღეზე მართლა ორმაგად ვნერვიულობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ისეთი დღე გამოვიდეს, როგორიც მას სურს, სულ ვცდილობ, რამე არ შემეშალოს (იცინის). ძალიან მიხარია, რომ ხასიათით, ამ მხრივ, მე არ მგავს. უფრო მომთხოვნიცაა და თავისუფალიც, რაც ძალიან კარგია და მინდა, ასეთად დარჩეს. ამ დროში, ჯობს, ასეთი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული