რჩევები

პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თმის ცვენასთან, ფრჩხილების მტვრევასა და კანის პრობლემებთან

№22

ავტორი: ანი რევია 11:00 06.06

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ადამიანის კანის, ფრჩხილისა და თმის ხარისხი დიდადაა დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც ის მიირთმევს. არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა თუ დიეტამ, შესაძლოა, გამოაშროს, დაასუსტოს და გამოიწვიოს თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევა და კანზე გამონაყარი. ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოთ კვების რაციონს.

თევზეული

ბევრი დიეტა არსებობს, რომლის დროსაც ძირითად საკვებს ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. თევზის დიდი რაოდენობით მიღება თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს. თუმცა, მისი ზომიერად მოხმარება და საკვებ რაციონში შეტანა სასარგებლოა არა მარტო თმისა და ფრჩხილის, არამედ მხედველობისთვისაც.

შაქარი

ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ სისხლისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს ჭარბთმიანობა.

ცომეული

თეთრი პურის, სპაგეტის, ნამცხვრებისა და სხვა ცომეულის შემადგენლობა შაქარს შეიცავს. შესაბამისად, მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც. ამ ტიპის საკვების დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დათხელება გამოიწვიოს.

ვიტამინი A

ამ ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა გაურკვეველი წარმომავლობის – დიეტურ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ასე შემდეგ – აბებზე. ამიტომ, სანამ ასეთი აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, შედის თუ არა მასში A ვიტამინი და თუ შედის, რა რაოდენობით.

პროტეინის ნაკლებობა

იმის გამო, რომ ფრჩხილებისა და თმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სწორედ პროტეინია, საკვები, რითაც ორგანიზმი პროტეინის საკმარის რაოდენობას ვერ იღებს, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დაზიანების მიზეზი გახდეს. პროტეინს ხორცის გარდა შეიცავს ლობიო, ტარხუნა, ხორბალი, ბროკოლი და კიდევ ბევრი სხვა მცენარეული კულტურა.

რკინისა და თუთიის ნაკლებობა

ფრჩხილებზე თეთრი ლაქები შესაძლოა, გამოწვეული იყოს თუთიის ნაკლებობით. თუთიაზე არანაკლებ სასარგებლოა რკინაც. ამ ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება შესაძლებელია წითელი ხორცისა და ზოგი ზღვის პროდუქტის საკვებ რაციონში შეტანით. თუ ვეგეტარიანელი ხართ, რკინითა და თუთიით ორგანიზმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიირთვათ ლობიო. გაითვალისწინეთ, რომ იმ დიეტების დაცვით, რომლებშიც რკინისა და თუთიის შემცველობა გათვალისწინებული არაა, შესაძლოა, თქვენი თმა და ფრჩხილები დაასუსტოთ, კანის სტრუქტურაც დააზიანოთ და ზოგადად, თქვენს ჯანმრთელობასაც დიდი პრობლემა შეუქმნათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული