მოვლილი და სწორად შერჩეული წარბის ფორმა სახეს უფრო ლამაზს აჩენს
ავტორი: ანი რევია 11:00 17.10
ასაკობრივი ცვლილებები წარბების შეთხელებას იწვევს. გარდა ამისა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს გარემო პირობები, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, საღებავების გამოყენება და ფორმის ხშირი კორექტირება. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ წარბის ფორმის ხშირად შეცვლისგან, უმჯობესია, მას ბუნებრივი სახე შეუნარჩუნოთ და უბრალოდ, მოიცილოთ ზედმეტი, რამდენიმე ღერი.
წარბების მოსავლელად კარგია მასზე მკვებავი კრემი გადაისვათ. თუ ბზინვარება დაკარგული აქვს და გამომშრალია, კარგია თბილი აბუსალათინის ზეთის საფენების დადება – შეათბეთ, გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი, შემდეგ გაწურეთ და დაიფინეთ წარბებზე. ზემოდან დაიდეთ თბილი პირსახოცი. 15 წუთის შემდეგ მოიხსენით საფენი და დაინახავთ, რომ წარბები დარბილდა და უფრო მბზინვარე გახდა.
ყოველ დილით, პირის დაბანის შემდეგ, წარბები სპეციალური ჯაგრისით გადაივარცხნეთ ჯერ წარბის ბეწვის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ – ზემოთ და ბოლოს – მისი ზრდის მიმართულებით.
კვირაში ორჯერ რეკომენდებულია, წარბებზე წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: ნახევარი ჩაის კოვზი სელის ზეთი, 15 წვეთი აბუსალათინის ზეთი და 2 წვეთი ქაფურის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს ცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან. ზრდის გასაძლიერებლად წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ. ზედ პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში დოლბანდით დაიმაგრეთ.
ნებისმიერი ფორმის სახისთვის არსებობს წარბების ყველაზე ოპტიმალური ფორმა. წარბების ფორმისა და განლაგების შესწორება წარბის ქვედა ნაწილში წამოზრდილი თმის საშუალებით ხდება. წარბის სისქე უცვლელი რჩება მისი ზედა ნაწილის კორექციის ხარჯზე. სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით, დეზინფექციის მიზნით, კანის ის ნაწილი გაისუფთავეთ, სადაც ზედმეტი ბეწვის მოცილებას აპირებთ. დაივარცხნეთ წარბი ჯაგრისით. მახვილწვერიანი ფანქრით მოხაზეთ წარბის სასურველი კონტური. შემდეგ მოაცილეთ ყველა ის ღერი, რომელიც კონტურის გარეთ მოექცა. გაისუფთავეთ კანი სპირტიანი ბამბის ტამპონით და წაისვით ცხიმიანი კრემი.
წარბების ფერი დამოკიდებულია თმის ფერზე და შეიძლება, იყოს, არა უმეტეს, ორი ტონით მუქი. შავად შეღებილი წარბების შეხამება ბაცი ფერის თმასთან, სახეს ულამაზოდ აჩენს. წარბების შეღებვა უმჯობესია, სპეციალური ფანქრით და არა თხევადი საღებავით. ფანქარი არ აღიზიანებს კანს და წარბებს უფრო ბუნებრივ ფერს ანიჭებს. ძილის წინ კი აუცილებლად უნდა მოიშოროთ ფანქარი და წაისვათ აბუსალათინის ზეთი.
ბუნებრივი და სქელი წარბები სახეს უფრო აახალგაზრდავებს. ამიტომ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ მისი მოწესრიგებისას. არ შეეხოთ წარბის ძირითად ხაზს, მას ბოლომდე უნდა აცადოთ გაზრდა, რათა თავდაპირველი ფორმა მიიღოს. ზედმეტი ღერები პინცეტით ამოიძრეთ.
არსებობს სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც წარბის ზრდას აჩქარებს. მაგალითად, შრატი ეფექტურია უკვე ამოღებულ წარბებზე და ბეწვის დაზიანებულ ფოლიკულებზე.
თუ წარბი ბუნებრივად სქელია, მაშინ გამოიყენეთ წარბისთვის განკუთვნილი ლაინერები, ფანქარი და ჩრდილი. ასეთი შტრიხებისა და ფანქრის გამოყენება, წარბს უფრო განსხვავებულ ფორმას მისცემს. მთავარია, ფერი ზუსტად შეარჩიოთ.
თვალებისა და სახის გამომეტყველება დამოკიდებულია წარბების ფორმაზე, მის ფერსა და სიგრძეზე. წარბები არ უნდა იყოს მეტისმეტად შავი, ძალიან გრძელი ან მოკლე. წარბის ფორმა ხაზს უნდა უსვამდეს ინდივიდუალობას და თვალის ფორმას ჰარმონიულად ეხამებოდეს.
არ დაივიწყოთ წარბის გაწმენდა. ყოველ საღამოს მოიშორეთ მაკიაჟი წარბებიდან. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით და ბამბის ტამპონითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს წარბის ბეწვის ზრდის მიმართულებით.
გაიკეთეთ მასაჟი წარბებისთვის. კვირაში ერთხელ ეს პროცედურა არა მარტო თითებით, არამედ პატარა ფუნჯითაც უნდა ჩატარდეს.
პროცედურა ეხმარება თმის ზრდას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან