პოლიტიკა

როგორ მოაწერეს ხელი ბაქომ და თეირანმა მემორანდუმს კასპიის ზღვის ფსკერზე ენერგომატარებლების ერთობლივად მოპოვების შესახებ და რა საფრთხეს უქმნის ეს საქართველოს

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.06, 2021 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩადის თავის კოლეგა ალიევთან შესახვედრად. ამის პარალელურად, ბაქო და თეირანი ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, სხვათა შორის, კასპიის ზღვაში ენერგომატარებლების ერთობლივ მოპოვებაზე. ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ აპირებენ თურქეთი-აზერბაიჯანი-ირანი თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში და მათი თანამშრომლობა წაადგება თუ დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.

– რაღა მაინცდამაინც იმ დღეს აუტყდათ ერდოღანსა და ალიევს ერთმანეთის ნახვა, როდესაც პუტინი და ბაიდენი ხვდებიან ერთმანეთს?

– ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ფონს ქმნის პუტინი-ბაიდენის შეხვედრა, ორიოდ სიტყვით შევახსენებ მკითხველს ჩვენს პროგნოზს, რომელიც, ჩვეულებისამებრ, გამართლდა: რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბაიდენთან შეხვედრისას მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე გათვალისწინებულია პროტოკოლით, მაგრამ ძირითადი ხაზი მაინც იქნება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. რუსეთი დათანხმდება იმას, რასაც შესთავაზებენ, უბრალოდ, გააფიარებენ, როგორც გამარჯვებას. არ მინდა ნიშნის მოგება, მაგრამ, როდესაც ტრამპი შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ჩრდილო კორეის მოსახლეობას ეს ინფორმაცია ისე მიაწოდეს, რომ თითქოს მათ რამდენიმე ბირთვული რაკეტის გასროლის შემდეგ შეაშინეს ამერიკელები და ამის გამო ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობას შეხვდა სათხოვნელად, რომ მსგავსი არ გაემეორებინათ. შესაბამისად, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ატეხავს ამბავს, რომ მათმა ხისტმა პოლიტიკამ გაიმარჯვა, მაგრამ სინამდვილეში ისინი იმ მინიმუმსაც კი დათანხმდებიან, რასაც მათ დასავლეთი შესთავაზებს. საქმე ისაა, რომ პროექტს, რომელიც არის თურქეთის ინიციატივა...

– რომელ პროექტს გულისხმობთ?

– ირან-აზერბაიჯანის მიერ ნავთობის ერთობლივი მოპოვების პროექტს ჯერ პროექტის ფორმა აქვს და, ფაქტობრივად, ეს არის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ალტერნატივა. თუ დასავლეთი დართავს ნებას ამ ნაკადის ამოქმედებას, რითიც ევროკავშირის ქვეყნები დამოკიდებულები ხდებიან რუსეთის ენერგომატარებლებზე, ავტომატურად ამუშავდება ეს მეორე პროექტიც, რომელიც ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მნიშვნელოვანი ალტერნატივა იქნება.

– ირანის ენერგომატარებლები იქნება რუსული ენერგომატარებლების ალტერნატივა ევროპისთვის?

– საქმეც ისაა, რომ ირანს დაწესებული აქვს სანქციები და მათ მზა პროდუქციის გატანა არ შეუძლიათ. მაგრამ აზერბაიჯანისა და ირანის ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს არა მზა პროდუქტის გატანაზე, არამედ ერთობლივ მოპოვებაზე კასპიის ზღვაში. თუკი ირანი და აზერბაიჯანი ერთობლივად მოიპოვებენ პროდუქტს, მაშინ ამას აღარ ჰქვია ირანის პროდუქტი, ირანი იქნება მეწილე და საფასურს მიიღებს აზერბაიჯანისგან. ამ პროდუქტს აზერბაიჯანი თავის ქარხნებში გადაამუშავებს და ეს უკვე აღარ იქნება ირანული პროდუქცია.

– აქვე შევახსენოთ მკითხველს, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის შეთახმებით, თითოეულს აქვს უფლება, მესამე ქვეყნებში გაატაროს ენერგომატარებლები კასპიის ზღვის გავლით.

– დიახ. თურქეთი ამ შემთხვევაში არის მყიდველიც და გამტარიც, სწორედ თურქეთის მეშვეობით უნდა მოხვდეს ეს პროდუქტი ევროპის ბაზარზე. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს: ასეთთა შორის, უპირველესად, მოიაზრება საქართველო, თუმცა, სომხური ლობის მოსაზრებით, ამ მილსადენებმა უნდა გაიაროს ლაჩინის დერეფანში და ისე შევიდეს თურქეთში. ინფრასტრუქტურა იქ ჯერ არ არსებობს და მის შექმნას დასჭირდება დრო. ამას გარდა, არის პოლიტიკური წინააღმდეგობაც: რუსეთისთვის ეს არ უნდა იყოს ხელსაყრელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სომხეთი სწყდება მისი ეკონომიკური კონტროლის ორბიტას.

– ირანიც.

– რა თქმა უნდა და სომხეთი ხდება ენეტგომატარებლების გამტარებელი, სატრანზიტო ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამუშავდება თურქული „დიდი თურანის“ ეკონომიკური დერეფანი. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ხელისუფლების თავისებურებას, რომ სხვის ჯინაზე იმოქმედონ საკუთარი ინტერესების საზიანოდაც კი, მაშინ რუსეთი შეიძლება, დათანხმდეს ირანული ენერგომატარებლების სომხეთზე გავლით თურქეთით ევროპისთვის მიწოდებას, რომ საქართველო დააზარალოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გამზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც მოწონებულია დასავლელი სერიოზული ექსპერტების მიერ. რის მიხედვითაც, საქართველო, ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში, ფავორიტთა შორის აღმოჩნდება. უკვე ორი კომპანია, მსოფლიოს ხუთეულში მყოფი, არის მზად, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში. მეორე მხრივ, საქართველოზე უკვე გადის გამზადებული გზა, რაც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კმაყოფილი დარჩება რუსეთი იმ მინიმუმით, რასაც შესთავაზებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის“. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“: თუ ეს პროექტი ამუშავდა, რუსეთი მთლიანად კარგავს უკრაინას. თუკი რუსეთს ევროპაზე ეკონომიკური გავლენების მოპოვება უნდა, უკრაინა კი რუსეთსა და ევროპას შუაშია, ვიმეორებ, რუსეთის გადასაწყვეტია, არის თუ არა მათთვის ხელსაყრელი ვიღაცის ჯიბრზე საკუთარი ინტერესების საზიანოდ მოქმედება.

– აქ არის ერთი პრობლემა: ყირიმს, დონეცკსა და ლუგანსკს რუსეთი არ კარგავს, მაგრამ უკრაინა დაკარგავს შემოსავალს ტრანზიტიდან.

– რა თქმა უნდა. მაგრამ, უკრაინა რომ დაკარგავს შემოსავალს ტრანზიტიდან, ეს ხომ იციან უკრაინის სტრატეგიულმა პარტნიორებმა – შეერთებულმა შტატებმა და „ნატომ?!“ მათ უკვე გადაწყვეტილი ექნებათ, რა კომპენსაცია შესთავაზონ უკრაინას და გამოდის, რომ უკრაინა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც მთლიანად სწყდება რუსეთს და მალე ამას მიებმება მოლდოვა და ბელორუსიც.

– მე ასე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ დასავლეთი აუნაზღაურებს უკრაინას იმ ზარალს, რასაც მიიღებს რუსეთიდან ენერგომატარებლების ევროპისკენ ტრანზიტის გაუქმებით.

– ჩვენ გვგონია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღებს უკრაინა იმ ენერგომატარებლებს, რასაც იღებდა რუსეთიდან ტრანზიტის საფასურად. რუსეთი, ხომ, ფულს არ იხდიდა?! ის უკრაინას უტოვებდა პროდუქტს. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები გვერდზე გადავდოთ: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ საკუთარი ღირსეული ადგილი დავიკავოთ ახლებურ გეოპოლიტიკურ სქემაში და გამორიცხულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პარალელურად ევროპელებმა უარი თქვან ირანი-აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლების მიღებაზე. მხოლოდ რუსეთის ენერგომატარებლების იმედად არ დარჩება დასავლეთი. მთავარია, ჩვენ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ: ან ეს პროექტი გაივლის საქართველოზე, რითაც სარგებელს ვნახავთ და, თუ ვიღაცები ეცდებიან, რომ საქართველოს ჯიბრით ააცილონ, ვიმეორებ, გამზადებულია პროექტი, რომელიც საქართველოს კონკურენციის საშუალებას მისცემს. ისეთი სერიოზული ენერგოკომპანიები ჩაერთვებიან, რომ საქართველო ფავორიტად დარჩება. ასე რომ, სამუშაოა, არაფერია საგანგაშო და საშიში, ციფრები, ხარჯია დასათვლელი. კომპანიები არის, საექსპერტო დასკვნებიც არის.

– ერდოღანი დაინტერესებულია ბაქოსა და თეირანის ენერგოთანამშრომლობით?

– თურქეთისთვის ორივე პროექტი მომგებიანია – საქართველოს გავლით შევა ენერგომატარებლები თურქეთში თუ სომხეთის გავლით, მაგრამ გავიმეორებ, საქართველოს გავლით თურქეთი უპრობლემოდ მიიღებს ამ პროდუქტს როგორც მილსადენით, ისე რკინიგზით, ხოლო სომხეთის გავლით ენერგომატარებლების მოსაღებად ინფრასტრუქტურაა ასაშენებელი და რაც არის, გასაახლებელი. მათ შორის, რკინიგზაც და მილსადენებიც. ბიზნესის თვალით, რომელი პროექტი სჯობს, რომელიც უკვე მუშაობს თუ რომელიც უნდა აშენდეს?!

– ცხადია, რომელიც უკვე მუშაობს და თან, არ მგონია, რუსეთი ასე მშვიდად უყურებდეს იმ ამბავს, თუ როგორ ჩაერთვება სომხეთი საერთაშორისო ენერგოპროექტებში.

– თქვენთან ინტერვიუში ვთქვით სწორედ, რომ ირანი არ ითამაშებდა რუსეთის თამაშს. ირანსა და თურქეთს თავ-თავიანთი ინტერესები აქვთ რეგიონში, რომლებსაც არაფრის დიდებით არ დაახურდავებენ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ორივეს დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდებოდა რუსეთთან კავშირი. ივაჭრეს და რუსეთის ხელისუფლებაშიც მიხვდნენ, ალბათ, რომ აღმოსავლურ დიპლომატიას სრულად ვერ გააკონტროლებდნენ და ამიტომ ბოლომდე გადაერთვნენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“. თურქეთი ირანის ენერგომატარებლების გატარებით ისევ მთავარ მოთამაშედ დარჩება.

– ჩვენ არ გვიხსენებია სომხეთი: იქაური საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი მზადაა აზერბაიჯანთან და თურქეთთან სათანამშრომლოდ?

– ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სომხური ლობის ინტერესია, ამ პროექტმა გაიაროს სომხეთზე, მაგრამ არის თუ არა სომხური ლობი მზად იმისთვის, რომ ამ პროექტში ჩადოს ძალიან დიდი თანხა, ეს არ ვიცით. მაშინ სომხეთმა უნდა თქვას, რომ აპირებს ირანთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაამყაროს ეკონომიკური ურთიერთობები. როდესაც სომხეთის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი რუსეთის მოქალაქეების ხელშია, ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება. მეორე საკითხიცაა: იქნება კი ეს მათთვის ხელსაყრელი?! ვიმეორებ, თუ საქართველოს გვერდს აუვლიან, გამზადებულია პროექტი, მეტიც – დამფინანსებლებიც არიან. საშიში არაფერია, ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველადაა ვითარება, როდესაც საქართველოს თავისუფლად შეუძლია, ივაჭროს ორივე სცენარის განვითარების შემთხვევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი