პოლიტიკა

რატომ არის დასავლური გავლენა და ფული საქართველოში კეისრის ცოლივით ეჭვგარეშე

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.04

ირაკლი გოგავა
დაკოპირებულია

კანონმა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ისევ ააფორიაქა ჩვენებური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. საქმე კი არც ისე რთულადაა: ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელმაც დაფინანსების, სულ მცირე, 20 პროცენტი უცხოეთიდან მიიღო, წელიწადში ერთხელ უნდა შეავსოს დეკლარაცია. ამ მოთხოვნაში უცნაური თითქოს არაფერი შეიძლება, იყოს, თუმცა ოპონენტები მას ისევ „რუსულ კანონს“ უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ეს, ერთი მხრივ, გაანაწყენებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მეორე მხრივ კი, რუსეთის პირისპირ მარტო დაგვტოვებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გამჭვირვალობა სწორედ დასავლური თავისებურებაა, რატომ უნდა განაწყენდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები?! ხოლო, თუ ხელისუფლების მხარდამჭერებს რუსეთი აფინანსებს, გამოდის, რომ შევიტყობთ დაფინანსების წყაროს წარმომავლობას. მოკლედ რომ ვთქვა, ოპონენტების არგუმენტები საკმაოდ სუსტია. ირაკლი გოგავასთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რატომ არ შეიძლება, საზოგადოებამ იცოდეს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების წარმომავლობა და მიზნობრიობა?

– რა შეიძლება, ვნახოთ იმ დეკლარაციებში ისეთი, რაც ჩვენი თვალებისთვის არ არის განკუთვნილი? და ისევ რატომ დადგა პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი, რაკი მივიღეთ წევრობის კანდიდატის სტატუსი?

– ნებისმიერ სახელმწიფოს, უპირველესად, აინტერესებს, რომ ჰქონდეს სრული წვდომა ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. მეორეც, თვითონ ევროკავშირი განიხილავს ასეთი კანონის მიღების შესაძლებლობას. ევროპარლამენტში შესულია მსგავსი კანონი.

– მესმის, მაგრამ მე ვგულისხმობ, ისევ რატომ დაუბრუნდა, თუ პირველ ჯერზე უკან გაიწვია?

– მაშინ მოახერხეს და მეხუთე კოლონა გამოიყვანეს საკმაოდ მწვავე ფორმებით, მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულები და პარლამენტის შტურმის მცდელობით, მაგრამ მას შემდეგ ევროკავშირმა შეიტანა ასეთივე კანონპროექტი ევროპარლამენტში. დასავლეთის ქვეყნებში ეს ნორმალური პრაქტიკაა და ბევრგან მოქმედებს კანონი, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რას ემსახურება უცხოური ფული. შეიძლება, ამ კანონს ავკიდოთ იარლიყები: გინდა ჩინური დავარქვათ, გინდა – რუსული და გინდა – ამერიკული, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ითხოვს უცხოური ტრანზაქციებისა და ამ ფულის დანიშნულების გამჭვირვალობას. მეორე საკითხი ისაა, რომ ყველამ კარგად ვიცით, ქვეყანაში არსებობს 200 ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც რეგულარულად იღებენ უცხოურ დაფინანსებას, რაც ხშირ შემთხვევაში ხმარდება რადიკალურ მოვლენებს, პოლიტიკას, პოლიტიკაში კი უცხოური ფულის გამოყენება აკრძალულია. მაშინ, როდესაც ჩვენთან არსებობს პარტიები, ლიბერალური პარტიები, რომლებსაც იმავე ან სხვა დასახელების არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს. ეს ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და შემდეგ ეს ხმარდება პარტიულ დაფინანსებას. ამას გარდა, უცხოური საგრანტო პოლიტიკით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად, მოკლეს ან სულს ღაფავს. ფინანსდებიან მხოლოდ მათ მიერ შერჩეული ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მხოლოდ იმ დღის წესრიგით, რაც დასავლეთისთვიაა ხელსაყრელი, ეს კი არის სტერილურად ლიბერალური დღის წესრიგი. ამის გამო წლებია, ვერ ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება. იგივე სურათია მედიასივრცეშიც. მედიაც, გარდა სახელისუფლებო არხებისა, სტერილურად ლიბერალურია, ამ დროს კი, ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია პლურალიზმი.

– ვფიქრობ, როდესაც საჯაროა ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლების ფინანსური დეკლარაციები და ამას ამოწმებს მედია, მედიის წარმომადგენლების ფინანსური დეკლარაციებიც გამჭვირვალე უნდა იყოს. შემმოწმებელიც გამჭვირვალედ არ უნდა საქმიანობდეს?

– თუ უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, რა თქმა უნდა, უნდა შეავსოს დეკლარაცია და აცნობოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას, რა ფული იყო ეს და რა მიზნით მიიღო. ხელფასი, ალბათ, კომერციული თემაა, მაგრამ რა მიზნით ფინანსდება მედია, ეს სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ასევე, არსებობს ცნება: საზოგადოებრივი უსაფრთხოება და სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. რას ნიშნავს საზოგადოებრივი უსაფრთხოება? ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს, უნდა იმართებოდეს თანაბარუფლებიანი პოლემიკა, ნებისმიერი იდეოლოგიური საწყისების გარეშე. ჩვენთან კი, ვხედავთ, რომ ერთი, ლიბერალური მიმართულებით მოდის დაფინანსება სტერილურად და, შესაბამისად, ხდება დომინაცია, რაც კლავს დისკუსს, პლურალიზმს და, საბოლოოდ, დემოკრატიულ პოლემიკას საზოგადოებაში. მეორეც: ვხედავთ, რომ, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები და მოღვაწეები ჩამოდიან, ისინი ხვდებიან თავის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ესე იგი, გამოდის, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ არ აინტერესებთ და აინტერესებთ მხოლოდ თავიანთ მიერ დაფინანსებული ადამიანების აზრი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რეალური ინფორმაცია, რას ფიქრობს საზოგადოება და, რაც მთავარია, არც უნდათ, რომ ჰქონდეთ, იმიტომ რომ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი. ზუსტად იციან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, რისთვის უნდა გამოიყენონ ეს ქვეყანა, რაც პრობლემაა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონა, რომელშიც არის ზემონახსენები 200 არასამთავრობო ორგანიზაცია, ლიბერალური მედიის დიდი ნაწილი და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი გამოირჩევა აქტიურობით: გადის საპროტესტო აქციებზე, სახელმწიფო გადატრიალებებშიც მიუღიათ მონაწილეობა 2003 წელს და, რეალურად, ეს არის ინსტრუმენტი უცხო ძალების ხელში, რომ გაკონტროლდეს ხელისუფლების მოქმედება, მასზე მუდმივი ზეწოლა იყოს იმ მიზნით, რომ არ გადაუხვიოს დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს; იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში დასავლეთის ინტერესები არ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის მეხუთე კოლონის დანიშნულება.

– მე მახსოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევები 2006-2007-2008-2009 წლებში, როგორ იხარჯებოდა სამთავრობო და საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდები, პროექტს ერქვა „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“. ასევე, როგორ დაიხარჯა, ანუ ძალიან ცუდად რომ დაიხარჯა აგვისტოს ომის შემდეგ გამოყოფილი უცხოური გრანტი და სესხი. ეს სექტორი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნებისმიერ ხელისუფლებას, ზოგადად, უნდა აკონტროლებდეს ძლიერი სამოქალაქო ძალა. როდიდან შეიცვალა საქართველოში არასამთავრობოების მუშაობის სპეციფიკა ასე მკვეთრად და რატომ?

– იმიტომ რომ თვითონ დასავლეთში დეგრადირდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ვხედავთ, რომ ოდიოზური ფიგურები ხელმძღვანელობენ ქვეყნებს, პოლიტიკურ სტრუქტურებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკეთებს სასარგებლო საქმეს ხანდახან. მათი საქმიანობის 10 პროცენტი სასარგებლოა: ზოგი ნაგავს გაიტანს, ზოგი ხეს დარგავს, მაგრამ, ძირითადად, ისინი არიან უცხო სახელმწიფოების ინსტრუმენტები და ემსახურებიან უცხო ქვეყანას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უფასო ფული არ არსებობს?! ნებისმიერ ფულს მოჰყვება ვალდებულება. ეს ვალდებულება არის უცხო ქვეყნის ინტერესი. პრობლემა ის არის, რომ, როდესაც საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოა უცხო ინტერესი, ესენი მაინც მოქმედებენ. თორემ, რომ იყოს პროგრამების მიუკერძოებელი შერჩევა, სხვა საქმე იქნებოდა. მართალია, ეს კანონი მიღებულია მსოფლიოში, მაგრამ მაინც ნახევარზომაა. მაგალითად, აზერბაიჯანში შექმნეს სახელმწიფო ფონდი და თუ ვინმეს დახმარება უნდა არასამთავრობო სექტორის, ამ ფონდში უნდა ჩარიცხოს ფული და სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, რა დააფინანსოს, რომელი არასამთავრობო და პროექტები. ეს, ჩემი აზრით, უფრო სწორი იდეაა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები დაცულია. თუმცა აზერბაიჯანში არავინ აღარაფერს აღარ რიცხავს, იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოების ინტერესი არ არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს მომსახურება. ამოცანაა მუდმივი ზეწოლა ხელისუფლებაზე და საჭირო დროს სახელმწიფო გადატრიალების, ეგრეთ წოდებული, რევოლუციაში დაფინანსებული სექტორის მონაწილეობა. ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია. ანუ აზერბაიჯანში დაიკარგნენ შარშანდელი თოვლივით: მე არ მსმენია, რომ იქ ვინმეს ჩაერიცხოს თანხა.

– ჩემთვის გაუგებარია არგუმენტი, რატომ შეიძლება, დაგვტოვოს გამჭვირვალებამ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარების გარეშე. რატომ უნდა ეწყინოთ?

– ნორმალური და პარტნიორული ურთიერთობები, რასაც საქართველო დასავლეთიდან ითხოვს, ემყარება იმას, რომ იყოს გამჭვირვალობა. ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი გაკეთდეს, ინტერესების თანხვედრა მოხდეს. არსებული სისტემა კი ამას არ ემსახურება. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური პარტიები და ეს გრანტები ხშირად მათ ინტერესებს ემსახურება. ეს არის აღმოსაფხვრელი და, შესაბამისად, ეს კანონი აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ, ვიმეორებ, ნახევარზომაა. პრობლემას არ აღმოფხვრის, უბრალოდ, როდესაც რომელიღაც არასამთავრობო განცხადებას აკეთებს. თუ ვიცი, რომ ის, პირობითად, არის სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული, რაკი ვიცი სოროსის ფონდის მიზნები, შესაბამისი დამოკიდებულება იქნება მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციისადმი. მეტიც, გამოაქვეყნებენ ხოლმე რაღაცას და არც კი მიუთითებენ ავტორს, მაშინ, როდესაც ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაში მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის ავტორი და რა მოტივაცია აქვს, ამას რომ წერს. ეს გადამწყვეტია ინფორმაციის მიღებისას, რომ სწორად გავაანალიზოთ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი თუ დაერქმევა, ვინც დაფინანსებას იღებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. აგენტს აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ უარყოფითი დატვირთვის ცნებაა, ხელისუფლებამ ეს შეცვალა ამიტომ არაფერია აქ საჯილდაო. საზოგადოების ინტერესია, რომ ეს დაფინანსება, ეს ხარჯები იყოს გამჭვირვალე და ვიცოდეთ, ვინ რით სუნთქავს.

– თუ მეცოდინება, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს კვლევის შედეგს, რომ საქართველოში მუსლიმთა უფლებები ირღვევა, ფინანსდება ერთ-ერთი მუსლიმური ქვეყნიდან, ეს ხომ მეხმარება სწორად შევაფასო ამ კვლევის მოტივი?

– როდესაც არგუმენტები არ აქვთ, ყოველთვის ხმარობენ იარლიყს და ეს იარლიყია რუსული. ჩვეულებრივი პოლიტიკური დავებისაც, როდესაც რაღაც არ მოსწონთ, რაც არ ეთანხმება დასავლეთის ინტერესებს და არგუმენტიც არ აქვთ, მოსაზრებას აწებებენ იარლიყს „რუსული“. და რადგან რუსულია, არ სჭირდება შემდგომი განხილვა, ეს ხრიკი ძველია და ხალხმაც იცის უკვე.

– ამჯერად მკვეთრი რეაქცია არ ყოფილა დასავლეთიდან თუ მაინც უნდა ველოდოთ აქტივობას?

– მართვის ცენტრებში ჯერ არ არის მიღებული ცენტრალიზებული გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცნენ. ახლა გამოიყვანონ თავიანთი მეხუთე კოლონა ქუჩაში თუ საარჩევნოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი