პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდა მსოფლიო კრიზისის პერიოდში საქართველო გამარჯვებების ტალღაზე

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 17.04

ერეკლე შონია
დაკოპირებულია

თუმცა სპორტული გამარჯვებები ჩვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის (ძალოსნობა, ჭიდაობა, ბრძოლა წესების გარეშე, რაგბი) და არც ის, რომ ქართული ცეკვა და სიმღერა აჯადოებს ნებისმიერ მსმენელს, 26 მარტს მოპოვებულმა გამარჯვებამ ზღვა ეროვნული ენერგია გამოამზეურა, რაც მთავარია, დადებითი და ამ სასიკეთო ტალღამ მაგიურად იმოქმედა ადამიანებზე, ისინი გაბედნიერდნენ და, თუ სულიერად მივუდგებით ამ საკითხს, სამყაროში უდიდესი პოზიტიური ენერგია გაიფრქვა. მეორე მხრივ, ამ კონკრეტულ გამარჯვებას ფონად გასდევდა სპორტის სხვა სახეობებში მიღწეული წარმატებები (მათ შორის, არა მხოლოდ ზემოჩამოთვლილ სახეობებში). რადგან მიზეზშედეგობრიობა სამყაროს არსებობის მექანიზმია, ცხადია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. რამ გამოიწვია ეს დადებითი კანონზომიერება და რა უნდა გავაკეთოთ ამის შესანარჩუნებლად და გამოსაყენებლად? – ამ თემას ერეკლე შონიასთან ერთად განვიხილავთ.

– მთავარი მაინც ის მგონია, რომ ეს დადებითი ენერგია არ გადაიზარდოს უარყოფითში, ანუ დესტრუქციაში და, მეორე, გადახრა, ანუ ჭარბი ემოცია იწვევს თავის საპირისპირო ძალების აღძვრასაც. როგორაა შესაძლებელი ამის თავიდან აცილება?

– ადამიანების განწყობები უნდა შეიცვალოს და იმართოს. ამ განწყობების შეცვლას ნორმალური ქმედებები სჭირდება. ჩავთვალოთ, რომ ყინული დაიძრა და ხანგრძლივი სირთულეების, მათ შორის, წაგებული ომების ციკლი დასრულდა და ახლა გადავდივართ სხვა ვითარებაში, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის, არის შესაძლებლობა, რაც უნდა გამოვიყენოთ. წინ უნდა წამოვწიოთ საინტერესო ადამიანები, მივცეთ გზა ნიჭიერებას. გამარჯვებები სხვადასხვა დარგშია მიღწეული, ანუ როგორც შესაძლებლობა ეძლევა ადამიანებს, ასევე, იღვიძებს ნიჭიერება და ეს შანსია ქვეყნისთვისაც. როდესაც რაღაც მცირე მასშტაბით იწყება, შემდეგ ეს გადადის დიდ მასშტაბში. ადამიანურ, სახელმწიფოსა თუ პლანეტარულ დონეზე კარგი პროცესები ირთვება. აქედან გამომდინარე, გვიწევს, ჩავრთოთ გონიერება. დავიწყოთ რესურსების გამოყენება, რომ მართვის სისტემები მოვაწესრიგოთ. სამართლიანობაა აუცილებელი, რომ უსამართლობამ არ გახრწნას ქვეყნის ინსტიტუციები. თავის დროზე ბავშვები საფეხბურთო გუნდებსა და ნაკრებში ჩაწყობითა და ფულით ხვდებოდნენ, ამიტომ ისინი ვერ აღწევდნენ შედეგს. გამარჯვებას კი სჭირდება რეალური ნიჭიერება და არა ფული ან ნაცნობობა. სპეციალისტებმა ნიჭიერი ბავშვები უნდა ეძებონ ყველგან: ქუჩებში, სკოლებში. და არა მხოლოდ სპორტსა და ხელოვნებაში, სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც უნდა ვეძებოთ ნიჭიერი ხალხი და ჩავაყენოთ სახელმწიფოს სამსახურში.

– ჩვენი ცეკვა-სიმღერა ყოველთვის საუკეთესო იყო, ქართული კინოც ცალკე ფენომენია, ვჭიდაობდით კარგად, რაგბის ვთამაშობდით კარგად, ერთ დროს – ფეხბურთსაც კარგად, მაგრამ სამეცნიერო სფეროში, ინტელექტუალურ საქმიანობაში თუ არის მოსალოდნელი მსგავსი გარღვევა? ბოლოს და ბოლოს, ქართული ცნობილი სამეცნიერო სკოლები არსებობდა: მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის.

– ეს ჩანს, ყვირის, იმიტომ რომ სპორტის მასობრივი სახეობაა. მაგრამ ეს ხომ ფეხბურთით არ დაწყებულა?! დაიწყო იმით, რაც ჩამოთვალეთ, ანუ ეს ცვლილება შინაგანად შემზადდა. იმიტომ ვამბობ, რომ მკვდარი წერტილიდან დავიძარით. ანუ ცვლილებების ტალღაა მოსული პიროვნულსა თუ სახელმწიფო დონეზე და ამის გამომწვევი არავინ არის.

– მეც მივაქციე ყურადღება: დაძაბული ვითარებაა გარშემო, აზერბაიჯან-სომხეთი საომარ მდგომარეობაში არიან, რუსეთ-უკრაინის ომია. რაც ისრაელში ხდება, გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ფონზე კი ჩვენ სხვა ტალღაზე აღმოვჩნდით.

- დავარქვათ, რაც გნებავთ: ერის თვითორგანიზაციის უნარი თუ ძალა, რეგიონის მფარველი თვითორგანიზების მექანიზმი, რელიგიური ადამიანისთვის ეს შეიძლება, აღიქმებოდეს, როგორც წმინდა ძალების, ზეციური დასის, ღვთისმშობლის მფარველობის მექანიზმი, ანუ ვისთვის რა ენაცაა გასაგები, ის ვთქვათ, მაგრამ განსაკუთრებით რთულ პერიოდებში საქართველო ყოველთვის პატრონაჟის ქვეშაა და ყოველ ჯერზე ეს თვითგადარჩენისა და თვითრეგულაციის მექანიზმი იწყებს ამოქმედებას. საქართველო და კავკასია განსაკუთრებული ზემოქმედების, ძალებისა თუ ველების, ინფორმაციის მოზღვავების ადგილია, რასთანაც ადამიანები რეზონირებენ და შემდეგ იწყებენ ზემოქმედებას – ახალი კულტურული, სპორტული მიღწევები აქვთ... ასეთ სიტუაციაში თვითორგანიზების მექანიზმი იწყებს მუშაობას და გაცილებით ადრე, ვიდრე თვითონ დედამიწაზე მოვა კრიზისი. ანუ ეს მაორგანიზებული და დამცავი ძალა წინასწარ ფლობს ინფორმაციას და წინასწარ გვამზადებს, როგორც ორგანიზმს, რთული პერიოდებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენს უახლეს ისტორიაში გავლილი სირთულეები შეიძლება, აღვიქვათ, როგორც ამ ერის თვითორგანიზებისა და გადარჩენის მექანიზმის მიერ დაშვებული მდგომარეობები, რამაც, როგორც აცრამ, ისე იმოქმედა საზოგადოებაზე. როდესაც დედამიწაზე მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იყო, ჩვენ, კავკასიამ, გასული საუკუნის 80-იანების ბილოდან 90-იანების შუა პერიოდამდე საკუთარ ტყავზე გავიარეთ ძალიან დიდი სირთულეები. ამით საზოგადოებრივად მივიღეთ ისეთი აცრა, ისეთი გამოცდილება, რაც არ მიუღია ჩვენს დიდ სამეზობლოს. მათთან შედარებით მშვიდი სიტუაცია იყო. რადგან კავკასიის ინტელექტუალურ და შემქმნელ ცენტრად მაინც საქართველო მიიჩნევა. აქ მცხოვრებმა ხალხმა, კონფლიქტებსა და სირთულეებში ჩაბმულებმა, გარკვეული წრთობა გაიარეს, გამოცდილება მიიღეს და რეალური მსოფლიო კრიზისი რომ მოვიდა, გადატანილი სირთულეების გამოცდილებითა თუ ინტუიციით, მათ უკვე იციან, რომ ასეთ ორომტრიალში, მსოფლიო კრიზისის დროს, რომელიმე მხარეს ჩაბმა ძალიან სახიფათოა. ამდენად, გასული საუკუნის 90-იანი წლების სირთულეები საერთოდ სხვა მხრიდან შეიძლება, დავინახოთ – ეს არა მარტო სირთულე იყო, არამედ ჩვენთვის იყო დიდი გაკვეთილი, რასაც ჩვენ ან ვიყენებთ გადარჩენისთვის, როგორც შესაძლებლობას, ან გვაქვს ხანმოკლე მეხსიერება და ყოველი ახალი კრიზისის დროს ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ.

– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ პერიოდში ჩვენებური ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მოითხოვდა ხისტ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რეალურად არავის უნდოდა არც მეორე ფრონტი, არც ომი, არც ვინმესთან დაპირისპირება და არც სიკვდილი.

– დიახ. რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ. ისე რთულად, როგორც ჩვენ გავიარეთ ფორმაციის შეცვლა, პოსტსაბჭიურ სივრცეში არავის გაუვლია.

– თუმცა უკრაინამ უკვე გადაგვასწრო.

– უკრაინამ არ გამოიყენა ჩვენი გამოცდილება. სხვათა შორის, არც რუსეთმა. სლავი ერი, სლავური სულიერი სივრცე ერთიანი დიდი ორგანიზმია და იქ ახლა ძმა ძმას უპირისპირდება. მსგავსი კატასტროფა მცირე მასშტაბით ჩვენ გავიარეთ თავის დროზე.

– არავის ვუგებ ნიშანს, მაგრამ რუსეთს უკან უბრუნდება ყველა ის ქმედება, რასაც ჩვენ წინააღმდეგ სჩადიოდა: ზუსტი ასლია. რომ ვაანალიზებ, გასაოცარი პარალელებია.

– დიახ და ამიტომ ვამბობ, იმის მიუხედავად, რომ ერთი ჩვენთვის მტრადაა აღქმული და მეორე – მოკავშირედ, მიმდინარე ომი არის ერთ სულიერ ორგანიზმში, ერთ ოჯახში ომი. მსგავს დაპირისპირებაში ვერავინ იმარჯვებს. ჩვენ, კავკასიელები, მაინც სხვა ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ერთიანი სულიერი ორგანიზმი, მიუხედავად ნაციონალური და რელიგიური წარმოდგენებისა და ფაქტობრივად, ერთ სულიერ სხეულს ვექვემდებარებით. ერთნაირი წეს-ჩვეულებები, ადათ-წესები გვაქვს; მენტალობა დაახლოებით მსგავსი. ამდენად, ჩვენ ერთი სულიერი სხეული გვმფარველობს, დავარქვათ ერთიანი თვითორგანიზების მექანიზმი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შორის ომი არ შეიძლება. ტრაგედია იყო, რაც გამოვიარეთ და გაგახსენებთ, მაშინაც წონასწორობის დარღვევა ყარაბაღიდან დაიწყო. როგორც დედამიწის ქერქშია ტექტონიკური ძვრები, ასევე, დედამიწის გეოპოლიტიკაში არის ტექტონიკური ძვრები იქ, სადაც არის არამდგრადობის კერები. ასეთ ადგილებში ყოველ ჯერზე, როდესაც დედამიწა კრიზისულ პერიოდს გადის, თავს იჩენს კრიზისი ან იქ დაწყებული კრიზისი გადაიქცევა ხოლმე მსოფლიო ომად. მსგავსი ადგილია კავკასიაც. ამიტომ მსოფლიო მშვიდობის ერთ-ერთი გარანტია კავკასიაში მშვიდობა. რადგან გეოპოლიტიკურად საკვანძო ადგილია, არავინ დაუშვებს აქ ქაოსის დაწყებას. თუნდაც, იმიტომ რომ ეს არ არის ხელსაყრელი ამ რეგიონის არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით მცხოვრებთათვის. ყველა იჭყლიტება. ანუ კავკასიონი, როგორც ბუფერული ზონა, ბუნებრივი საზღვარი, ამ ძალების შემაკავებელია. მით უმეტეს, რომ კავკასიონს იქით ან აქეთ გადმოსროლილი ძალები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების ტერიტორიას დაეუფლება, შემდეგ გააკონტროლებს მთელ ამ პერიმეტრს ოთხივე მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები. არამედ იმიტომ, რომ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა გვაქვს. ამდენად, ამ განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობასა და აქ მცხოვრებ ეთნოსს, რომლებიც მთავარი დამაკავშირებლები არიან ამ მიწასა და ამ მიწაზე არსებულ ფილოსოფიას, ენერგიას, სულიერებას შორის, ახასიათებთ განსაკუთრებული დაცვისა თუ ადაპტაციის მექანიზმები. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად დაძაბულია კერა, სამყარო აამოქმედებს შესაბამის მეთოდიკას. ასე რომ, ეს ყველაფერი გარკვეულ აზრამდე მიიყვანს, თუნდაც, ურწმუნო ადამიანს, რომ მსგავს ადგილს აქვს როგორც დიდი დატვირთვა, ისევე, დიდი მფარველობა. ფაქტია, რომ ამ თვითორგანიზების მექანიზმმა თუ მფარველმა ძალებმა დაუშვა გარკვეული იმედის გაჩენაც და ბიძგიც მისცა, რომ ხალხი გაძლიერდეს, ვინაიდან ხალხი დიდი წნეხის ქვეშაა. რაღაც ზღვარს რომ მიაღწევს შინაგანი რღვევა, თუნდაც, დემოგრაფიული სურათის შეცვლა, თვითორგანიზების მექანიზმი ირთვება და ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. იმიტომაც დაიშვა მეტი ენერგია, მეტი მუხტი, ყველა მებრძოლი, ვინც კი გამოდიოდა და გაიმარჯვა, ახსენებს ღმერთს, ყველა კავკასიურობას უსვამს ხაზს. ეს ხომ ცარიელ ადგილას და შემთხვევით არ ხდება?! ეს გამარჯვებაც მანიშნებელია მასობრივ დონეზე გაღვიძების და როდესაც ეს ყველაფერი ირთვება, ამხელა მუხტი, სიყვარული ჩნდება, ნებისმიერი ადამიანი იმდენად დიდ სტიმულს იღებს, რომ იმედი ეძლევა. ერის პოტენციალი იწყებს ამოქმედებას. ეს ძალიან კარგი პროცესია, უბრალოდ, სულ სხვა მიდგომებს მოითხოვს: პოტენციალის გამოყენებას, სწორ მართვას, ინსტიტუციების შექმნას, სამართლიანობას. შანსი ბრუნდება და არ უნდა გაიფლანგოს. შესაძლებლობის გამოყენების დროა და ამის არგამოყენება, არცოდნა, როგორ გამოიყენო ან ვერ გამოყენება, სამივე დანაშაულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი