პოლიტიკა

რატომ ვერ შეიქმნა საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები და დამოუკიდებელი, თავისთავადი ლიდერები, რომელთა ზემოთ არავინ დგას

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.01, 2021 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

  ისე მოხდა, რომ ერთ დროს „დემოკრატიის შუქურად შერაცხულ „ნაციონალურ მოძრაობას“, მისგან ნაშობ პარტიებსა და დასავლელ დიპლომატებს შორის ისეთმა შავ-შავმა კატამ ჩაირბინა, რომ, მაგალითად, კელი დეგნანს (საქართველოში აშშ-ს ელჩს) საცაა პუტინის აგენტად გამოაცხადებენ.
  როგორ მოახერხეს ქართულ ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა (რაც მთავარია, რატომ), რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ პროდასავლელები არიან, დასავლელი დიპლომატების განაწყენება (ყველამ ვიცით, რომ დიპლომატები თავიანთი ქვეყნების დირექტივებს ასრულებენ), ეს ტაქტიკაა თუ უნებლიე შეცდომა და როგორ შეუძლია ამის გამოყენება რფ-ს, თუ, რა თქმა უნდა, შეუძლია და გამოიყენებს? – ამ თემას ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ვიცი, რომ სიტუაცია არ არის შავ-თეთრი, თუმცა, იმავდროულად, ვიცი, რომ დასავლეთის ინტერესი არ არის ახლა საქართველოში არეულობა და ისიც, ვისი ინტერესიცაა ეს. უნებლიეა დამთხვევა?
– რაკი პოლიტიკა ჩემთვის უცხო არ არის და მე იქიდან წამოვედი იმის გამო, რომ პოლიტიკური ძალები მზად არ არიან ქვეყნის განვითარების ორბიტაზე გასაყვანად და ამის შესახებ სააკაშვილთანაც მისაუბრია და არც მას ჰქონდა ნაფიქრი ამის შესახებ, სხვანაირად გიპასუხებთ. საქმე ის არის, რომ პოლიტიკა არის ინტერესების ბალანსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მე შეიძლება, სულ სხვანაირი პასუხი გამეცა თქვენი კითხვისთვის, მაგრამ მე არ მინდა, ვისაუბრო იდეოლოგიზებურად, რაც ისედაც არ მახასიათებს. პოლიტიკაში კარგი და ცუდი პოლიტიკოსი არ არსებობს. ჩემთვის მთავარია, რა არის გეოპოლიტიკის მოთამაშეების მთავარი ინტერესები, რას აკეთებენ ისინი ამისთვის, რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს და შენ, როგორც ტერიტორიით და არა მნიშვნელობით, მცირე ქვეყანა, მოქცეული მსოფლიო გეოპოლიტიკის ეპიცენტრში, რამდენად სწორად აზროვნებ და ჯდება თუ არა ეს აზროვნება დროისა და პოლიტიკის კონტექსტში.
მე ძალიან მძიმედ ვაფასებ შექმნილ ვითრებას და მიმაჩნია, რომ ჩვენი ისტორიული მარცხები და ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ნახევარი, არის პოლიტიკური შეცდომების შედეგი. იმიტომ რომ ჩვენ გამოვედით ამ გეოპოლიტიკური კონტექსტებიდან და უბრალოდ, დავისაჯეთ.
ის, რაც გარეთ ხდება, არის შიდა სიტუაციის შედეგი. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცხოვრება არ არის დაბალანსებული. პოლიტიკაში არსებობს თანხმობა იმაზე, თუ თამაშის რა წესია მიღებული და რაზე ვთანხმდებით. ის, რომ მსოფლმხედველობრივი განსხვავებებია და ჩვენ შესაძლოა, ძალიან ხისტი კრიტიკოსებიც ვიყოთ ერთმანეთის, სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა დავარღვიოთ თამაშის წესები. მე ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი, როდესაც გინდა, რომ მეგობრებს ეთამაშო პრეფერანსი, მით უფრო, ბრიჯი, იმიტომ რომ ვმეგობრობთ, „დურაკას“ წესებს ვერ შემოიტან. იმიტომ რომ უაზრობა გამოვა. მით უმეტეს, რომ პოლიტიკა ძალიან მაგარი ბრიჯია და ის განსაკუთრებულ მკაცრ წესებს მოითხოვს. ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა უნდა გრძნობდეს, რომ საჭიროა ბალანსი და ნიადაგის მომზადება გადასვლისთვის, როდესაც ამოწურავ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და, მართლაც, მარადიულად ხელისუფლებაში ვერ იქნები – ეს ქართულ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მარადიულად იქ იქნებიან და ამიტომაა, რომ არაფერს უწევენ ანგარიშს.
– მაშინ ასე ვიკითხავ: თამაშის რა წესებს არღვევენ ხელისუფლებები?
– პირველი, ხელისუფლებების სურვილი ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო ის, რომ ყოფილიყვნენ აბსოლუტური მონარქები, განაგებდნენ ყველასა და ყველაფერს, მხოლოდ ის თამაშის წესები მოქმედებდა, რომლებიც მათ უნდოდათ და უნდათ. მე ხელისუფლება ვარ, მე კარგი ვარ და შენ ხარ ცუდი, მტერი, პრორუსი ან ვიღაც. ეს ლოგიკა პოლიტიკაში არ მუშაობს, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ ის ხელისუფლება არ იყო „დემოკრატიის შუქურა“ და დღესაც მივიღეთ იგივე გეოპოლიტიკური ინტერესების გამო და მხარს არ უჭერენ იმიტომ, რომ ვინმეს მოსწონს „ოცნება“ ან არ მოსწონს „ნაცმოძრაობა“. ასე არ ხდება პრაგმატულ პოლიტიკაში, იქ მთავარია, ვის შეუძლია ამ გამძაფრებული დაპირისპირების პირობებში უკეთ მართვა (დაპირისპირება კი არის დასავლეთსა და რუსეთს შორის). ვიმეორებ – ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ამ დაპირისპირების ფონზე, როგორია დაძაბულობა შავ ზღვაზე, ლამის გემები მიზანმიმართულად ეჯახებიან ერთმანეთს.
– საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ამის გამო არა, უფრო ყარაბაღის ომის, რა ოპერატიულად შემოვიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში.
– დიახ, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას სამხედრო სწავლებების დროს, რა მოხდა ყალბ განგაშებზე, არ ვაქცევთ ყურადღებას, რა მარშრუტებით მოძრაობენ ერთი და მეორე მხარის გემები და თვითმფრინავები, ჩვენ, რატომღაც, მოვწყდით რეალობას და, ამდენად, ამ სიტუაციაში ჩვენ მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება ამბობს, ის არის ცუდი ძალა, პრორუსული ძალა, რაკი დასავლეთი ეუბნება, თურმე. რას ჰქვია, გეუბნება, ქვეყნის შიგნით მე, პოლიტიკაში მყოფ ადამიანს, არ შეიძლება, ვინმე მეუბნებოდეს, რა უნდა გავაკეთო.
– 30 წლის განმავლობაში ასე ხდებოდა და ის ძალაც, რომელსაც ახლა არ მოსწონს, რას ამბობს დასავლეთი, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და იფერებდა, რომ „შუქურა“ იყო. ამიტომაა უცნაური ამჟამინდელი ბუნტი. მე ვერ ვიხსენებ შიდა დამოუკიდებელ ინიციატივებს, თქვენ გამახსენებთ?
– როდესაც ის უბედურება მოხდა, 1991 წელს ესროლეს საკუთარ სახელმწიფოს და გადატეხეს ხერხემალში, ჩვენ მივიღეთ სხვაზე დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, წავიდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და კიდევ ვიმეორებ, ის იყო არა გამსახურდიას, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მე არ ვიყავი რიგითი დეპუტატი, ფრაქციის ლიდერი გახლდით და კარგად ვიცი, რომ პოლიტიკური ლიდერები, ვიწრო ჯგუფი ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, გარეთ გადიოდნენ, რომ ვიღაცისთვის დაერეკათ: არ ვიცი, ეს შევარდნაძე იყო, ასლან აბაშიძე, თუ ვინმე სხვა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ იყო დამოუკიდებელი ხალხი და იგივე ტენდენცია შენარჩუნდა დღესაც. ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ლიდერს პარლამენტში, რომელიც თავისთავადაა ლიდერი და მის უკან არავინ დგას. ჩვენ ვერ ვხედავთ პრემიერ-მინისტრს, რომლის უკან მხოლოდ ხალხია და მის ზემოთ არავინაა. ჩვენ 30 წელია, ამას ვერ მივაღწიეთ. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას არაფრის გაყოფა არ უნდა, თანამონაწილეობას ვგულისხმობ, თორემ ძალაუფლებას კონსტიტუცია ანაწილებს. აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ, მინდა, აგიხსნათ შიგა მექანიზმი. თუ შენ, თუნდაც, შენი მოკავშირეების მეშვეობით აკეთებ იმას, რომ ადამიანებს არ დაუტოვო შანსი, კანონის ფარგლებში იმოქმედოს, იმავდროულად, შენი ტელევიზიების მეშვეობით საპიაროდ იყენებ ვიღაცის განცხადებას, ჩამოვაგდოთ ხელისუფლებაო და თუმცა იცი, რომ იმ ვიღაცას არ შეუძლია ხელისუფლების ჩამოგდება.
– ჩვენი საუბრის თემა ხომ ქართული სახელმწიფოს მომავალია და არა იმის გარკვევა, ვინ ცუდია და ვინ კარგი, ამიტომ აუცილებლად უნდა ვთქვა, მართლაც არიან რეალური ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უნდათ და აპირებენ ხელისუფლების ჩამოგდებას და ამბობენ საკმაოდ დამაჯერებლად. თუ არაფრის ძალა არ აქვთ და მხოლოდ ლაპარაკობენ, გამოდის ორმხრივი თამაშია, რომ ხელისუფლების პოზიცია გაამყარონ?
–არ გვეკადრება, ვინმეს სასარგებლოდ ვისაუბროთ. ამიტომ ვთქვათ ობიექტურად: იდეალურია ხელისუფლებისთვის ის, რაც ხდება, ეს რომ არ ხდებოდეს, რაკი ხელისუფლება ვერ აკეთებს რეალურ საქმეს, ცალკეული რაღაცები, რა თქმა უნდა, კეთდება, უბრალოდ ყველაფერი, რაც გაკეთდა და კარგია, არ ხსნის სახელმწიფოს წინაშე მდგარ არც ერთ პრობლემას და ვერც მოხსნის. თუ ოპონირება ნორმალურად წავა, ხელისუფლებას აუცილებლად მოჰკითხავენ, გაკეთებული საქმე სად არის? და რადგან ეს გაკეთებული საქმე მცირეა, ის რაღაცით უნდა გადაიფაროს და ამიტომ ძალიან კარგად მუშაობს ვიღაცის განცხადება, ჩამოვაგდოთ ხელისუფლება.
– მაგრამ ის ვიღაც კი არადა, ვიღაცები აკეთებენ ასეთ განცხადებებს და იქცევიან კიდეც ამ განცხადებების შესაბამისად. გასაგებია, რომ ხელისუფლება ამას იყენებს, მაგრამ რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია? იმიტომ ვიკითხე, ანუ შეთანხმებული თამაშია-მეთქი?
– კიდევ ერთი პლასტი გავხსნათ, რაზეც არავინ ლაპარაკობს. პოლიტიკაში ყოფნას ერთადერთი მდგომარეობა აქვს: ან ხარ სუბიექტი, ან ხარ ობიექტი. თუ ხარ ობიექტი, შენ არავინ არაფერს გეკითხება, უბრალოდ, ზიხარ იქ, სადაც დაგსვეს. ისინი არაფერს წყვეტენ, იმიტომ რომ ისინი არ არიან ძალები. რეალურ ძალას იქ ქმნის ერთი და ორი, დანარჩენი ანტურაჟია. პოლიტიკა არის ის, რაც არ ჩანს გარედან, მაგრამ ეს არის სუბიექტების ურთიერთობა. თუ ძალა არ გაქვს პოლიტიკაში – შენ არავინ ხარ. თუ ხელისუფლება გრძნობს, რომ არავის აქვს ძალა, მას ურჩევნია ასეთი ძალების მომრავლება, რადგან რეალური ოპოზიცია ასეთ შემთხვევაში არ იარსებებს. ოპოზიციის ფუნქციაა, გააწონასწოროს და შეაკავოს ოპოზიცია. ეს არის სისტემური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, ეს თეთრად და ის – შავად, თორემ ნორმალურ სახელმწიფოში ეს ფუნქციები განაწილებულია. რატომ არის, იცით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფუნქციები განაწილებული?! რომ გაუჭირდეს ხელისუფლებას, ან შეცდომები დაუშვას, ან საქმე ცუდად წავიდეს, დასავლური სისტემა საოცრად გონივრულადაა აწყობილი – ოპოზიციამ უნდა ჩაანაცვლოს. ოპოზიცია არის ხელისუფლების ჩამნაცვლებელი, რომ ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში. არ მოხდეს ბუნტი.
დასავლური პოლიტიკური თამაშის ეს პლასტი ქართველებმა ვერ გაიგეს. დასავლეთში არჩევნები არის მხოლოდ კადრების როტაცია და არაფერი სხვა. ვერავინ შეეხება სახელმწიფო წყობას, ვალდებულებებს, კანონმდებლობას. ჩვენთან ასე არ არის. მინდა, მთავარ რამეებზე გავაკეთოთ აქცენტი: არანორმალური შიგა პოლიტიკური ურთიერთობები უკვე არის ნაღმის შემცველი, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა განცხადებებს აკეთებენ უცხოელი ელჩები და ეს მათი სახელმწიფოების განცხადებებია, ისინი მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებით. ჩვენ ეს არ გვესმის, ამიტომ გაგვიმარტივეს სიტუაცია და გვითხრეს: ეს არის მტერი, ის არის მოყვარე და ახლა ერთმანეთი უნდა დაგლიჯოთ ქვეყნის შიგნით, ამიტომ გვაქვს არანორმალური პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი