რატომ გამოიწვევს ირანის დასუსტება რეგიონში თურქეთის გავლენების გაძლიერებას და რა დამატებით პრობლემებს შეუქმნის ეს საქართველოს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:01 11.02
გრძელდება მუქარების გაცვლა–გამოცვლა აშშ–სა და ირანს შორის. თუმცა ამ დაპირისპირებას იმთავითვე ეტყობოდა, რომ ასე იოლად და მშვიდობიანად არ დასრულდებოდა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ რიტორიკაა საომარი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რიტორიკას აუცილებლად გასცდება. მოვლენათა განვითარების რა შესაძლო სცენარებია მოსალოდნელი და როგორ აისახება ეს სამხრეთ კავკასიასა და, ბუნებრივია, საქართველოზე? – ამ თემას ისლამის სპეციალისტთან, დავით კობერიძესთან ერთად განვიხილავთ.
– სადამდე შეიძლება, ემუქრებოდნენ ერთმანეთს?
– პირველი მუქარები გაისმა ირანიდან და ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ, არც შარშან და არც 20 თუ 30 წლის წინ. გაცილებით ადრე დაიწყო: უნდა გადავინაცვლოთ 1979 წლისკენ, როდესაც აიათოლების რეჟიმმა გამოაცხადა სავსებით კონკრეტული ლოზუნგი: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!“ მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანისადმი არანაირი აგრესიული არც განცხადებები გაუკეთებია და არც მოქმედებები განუხორციელებია. აი, იქედან იწყება ეს დაძაბულობა და მოვედით დღევანდელ დღემდე: დღეს ხდება ის, რაც 1979 წელს დაიწყო.
– მაგრამ შაჰის პერიოდს, მის ჩამოგდებას თუ გავიხსენებთ, არც დასავლეთი იყო ანგელოზი.
– არ იყო, რა თქმა უნდა. ეს იყო აშკარად გაუთვლელობის შედეგი. მე გამოვრიცხავ იმ სცენარს, რომ, ადრე თუ გვიან, სიტუაცია იქამდე უნდა მისულიყო, სადაც დღეს ვართ. ძალიან არადამაჯერებელი იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ამერიკელებმა 1970-იანი წლების დასაწყისში გათვალეს, რომ ისინი ჩამოაგდებდნენ შაჰს, შემდეგ მოვიდოდნენ რელიგიური ძალები და დაიძაბებოდა სიტუაცია. ეს, უბრალოდ, გაუთვლელობის შედეგი იყო და ამისთვის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ამერიკის ძალიან ბევრმა მისმა შემდგომმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა. აშკარად თუ ოფიციალურად მის მიმართ ეს დიდი და სამართლიანი საყვედურები ისმოდა, იმიტომ რომ შაჰი არ იყო ჩამოსაგდები ბევრი მიზეზის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოზიციიდან, ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მისაღები იქნებოდა შაჰის ხელისუფლება, ვიდრე ირანის დღევანდელი რეჟიმია. შაჰის დროს ქვეყანაც უფრო ვითარდებოდა, უფრო დინამიკური ნაბიჯები იდგმებოდა ეკონომიკაშიც და სოციალური მიმართულებით, ადამიანებისა და ქალთა უფლებების მხრივ. თუმცა მიმაჩნია, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა. უნდა გაეთვალათ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ირანია, შიიტი სასულიერო პირებისთვის, ფაქტობრივად, ომის გამოცხადება ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და ცუდად დამთავრდა კიდეც, რაც დამატებითი სტიმული იყო შაჰის რეჟიმის ჩამოსაგდებად. იმიტომ რომ ირანი ძალიან სხვანაირი, ძალიან კონსერვატიული ქვეყანაა და შიიტი სასულიერო პირების წინააღმდეგ აშკარად გალაშქრება, ანუ იმის წინააღმდეგ გალაშქრება, რასაც ირანში მოლები საუკუნეები აყალიბებდნენ და ქადაგებდნენ, ასე მარტივად არ დამთავრდებოდა და არც დამთავრდა.
ახლა ირანის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ვერავინ იტყვის, რა ნაწილია ეს, აღარ სურს ის რეჟიმი, რომელიც დღეს ირანს მართავს. ვხედავთ, რომ თბილისში, ირანის საელჩოს წინაც, ყოველდღე იმართება რაღაც საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოს დროშებთან ერთად შაჰისდროინდელი ირანის დროშებიც აქვთ გამოტანილი და სკანდირებენ. საუკეთესო შემთხვევაში, დაახლოებით, 150-200 ადამიანი დგას, მაგრამ, როგორც წესი, 50. საქართველოში რაც ხდება, ვიცით, მაგრამ ირანში მასობრივი გამოსვლების დროს გაცილებით დიდი რაოდენობის ხალხი იყო ქუჩაში და, შესაბამისად, მსხვერპლიც დიდი იყო, საუბედუროდ. სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროს თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა 36 000-ს გადასცდა.
– ახლა რა ეტაპზეა ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირება?
– ყველამ კარგად იცის, რომ აშშ-მა მობილიზაცია გაუკეთა თავის საზღვაო ძალებს და ირანის მიმართულებით რაღაც მცურავი საშუალებები მიემართებიან, რაღაცები უკვე იქ, ახლომახლო იმყოფებიან. ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც სამხედრო ძალების ასეთი დიდი მანევრები ხორციელდება, ამას ყოველთვის აქვს მიზანი. თუნდაც, „უწყინარი“ სამხედრო სწავლებების მიმართაც მოწინააღმდეგე ან საპირისპირო მხარე ყოველთვის იჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს „უწყინარი“ სამხედრო სწავლება შეიძლება, სამხედრო მოქმედებაში გადაიზარდოს. თან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ ავიამზიდები და სხვა მცურავი საშუალებები მიმართა ირანის სანაპიროებისკენ ან უშუალოდ მის სიახლოვეს, არამედ საჰაერო ძალების ძალიან სერიოზული ერთეულები გადაისროლა ახლომდებარე ქვეყნებში. დღეს ეს ახლომდებარე ქვეყნები გატენილია ამერიკული სამხედრო ბაზებით. ირანის ირგვლივ არ დარჩენილა არც ერთი არაბული ქვეყანა, სადაც არ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა. თან, ძალიან სერიოზულ შეიარაღებაზეა ლაპარაკი. იგივე კატარში, ბახრეინზე, გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში კონცენტრირებულია ძალიან სერიოზული ამერიკული ძალები როგორც საზღვაო, ისე საჰაერო.
– და არაბული სამყარო ასე თანახმაა, გამოაყენებინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავი იარაღად ირანის წინააღმდეგ?
– რა თქმა უნდა, არ არიან თანახმანი, მაგრამ, თუ ამერიკის პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მათ წინააღმდეგობის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ. თუ აქვთ, ძალიან კონსულტაციური ხასიათის, რაც გამოიყენეს უკვე ახლახან. მოკრძალებული თხოვნა შეუთვალეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ იქნებ თავი შეეკავებინა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან. მაგრამ, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება და მას ერთი ძლიერი მხარდამჭერი ეყოლება რეგიონში ისრაელის სახით. სხვათა შორის, ისრაელს აქვს კარდინალურად განსხვავებული ინტერესი: ისრაელის ინტერესია არანაირი მოლაპარაკება ირანის რეჟიმთან. ისრაელში ძალიან კარგად იციან, ვისთან და რასთან აქვთ საქმე. მათი მიზანი შეიძლება, იყოს ირანის მოქმედი ხელისუფლების სრული განადგურება, განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებისგან. ამერიკის შეერთებულ შტატებს არა აქვს მიზნად დასახული ირანის მთლიანად განადგურება. ჯერ ერთი, იციან, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი. მათი ადმინისტრაციიდან გამოდის ინფორმაცია, რომ ისინი ეცდებიან ირანის რეჟიმის დასუსტებას და ირანის ისლამური რესპუბლიკის გარკვეული ვექტორების შეცვლას.
– რას გულისხმობს ვექტორების შეცვლა?
– რუსეთისა და ჩინეთის გავლენებისგან ჩამოშორებას. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ გამორიცხულია, რომ ირანის ხელისუფლებაში აიათოლებისა და მოლების რეჟიმს შეეცვალოთ მენტალიტეტი და დაადგნენ დასავლური სამყაროსთვის მისაღებ მიმართულებას. მაშინ მათ უნდა გაიხადონ ის ტანისამოსი, რომელიც აცვიათ, რაც დამახასიათებელია შიიტი სასულიერო პირებისთვის, ჩაიცვან ევროპული კოსტიუმები და ჰალსტუხები გაიკეთონ. ეს ირანში არ მოხდება. ამიტომ ძალიან რთული სიტუაციაა. ასევე, გამორიცხულია საჰაერო დარტყმებით, თუნდაც უზუსტესით და კრიტიკული ობიექტების განადგურებით, ირანის განვითარების მიმართულების რადიკალურად შეცვლა. გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინათ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე, სანამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები არ განხორციელდა, დაბომბვებმა, თუმცა გაანადგურეს ხალიფები, შედეგი არ გამოიღო. სანამ იქაური ქურთები, ირანული მილიცია არ ჩაერთნენ და ამერიკელების შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთიდან არ შეუტიეს, არაფერი გამოდიოდა. ახლა მავანი იტყვის, რომ დღესაც არ არის გამოსული ბოლომდეო და მართალიც იქნება. არც დღესაა გამოსული, იმიტომ რომ საქმე უნდა მიიყვანო ბოლომდე. იქ კი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. ირანში ვინ მიიყვანს სახმელეთო ოპერაციას ბოლომდე, როდესაც საერთოდ არავინ აპირებს იქ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას?! და არავინ იფიქროს, რომ აიათოლების რეჟიმს იქ მომხრეები არ ჰყავს. ჰყავს და ძალიან ბევრი: ათეულობით მილიონ ადამიანზეა ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ, ეს იციან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ისინი ხანდახან რაღაცებს არ ითვალისწინებენ ხოლმე.
– ისრაელს რის იმედი აქვს მაშინ, თუ აშშ-მა იცის, რომ სახმელეთო ოპერაციითაც კი ვერ მოხერხდება მიზნის მიღწევა? თავად აპირებს, დაიწყოს?
– რა თქმა უნდა, არ და ვერ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, თუ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყება. როდესაც ისრაელის მოსახლეობას გააფრთხილებენ, რომ აი, ამაღამ ან რამდენიმე საათის შემდეგ ფხიზლად იყავით და ბუნკერებისკენ გზა ჩახერგილი არ იყოს. თუმცა ბუნკერებისადმი გზა არც არასდროსაა ჩახერგილი. ეს იქნება მიმანიშნებელი, რომ შეტევა მზადდება. იმიტომ რომ ისრაელს აუცილებლად გააფრთხილებენ ამერიკელები, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დარტყმები ისრაელზე განხორციელდება, ისევე, როგორც შარშან ზაფხულში ვნახეთ კონტრდარტყმები. მართალია, მაშინ „ჰესბოლას“ ძალიან არ უაქტიურია, მაგრამ მცირე მტკივნეული დარტყმები მაინც იყო.
– ჩვენს რეგიონზე როგორ იმოქმედებს საჰაერო დაბომბვები თუ სახმელეთო ოპერაცია? აშკარაა, რომ ირანის აზერბაიჯანულ მოსახლეობასაც გამოიყენებენ და, შესაბამისად, აზერბაიჯანსაც, თუმცა მეეჭვება, აზერბაიჯანისთვის მომგებიანი იყოს ირანის აზერბაიჯანის შემოერთება. ჩვენთვის ყველაზე ნეგატიური სცენარი როგორია? მხოლოდ ლტოლვილთა ნაკადი?
– აქ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეიძლება, იყოს ბალანსის პრობლემა შიიტებსა და სუნიტებს შორის. თურქეთსა და ირანს შორის ეს ბალანსი, ავად თუ კარგად, დღეს მუშაობს და ჩვენთვის ძალიან საინტერესო დერეფნებიც. დიდი თურანის პროექტი, რომელიც დასახული აქვს ერდოღანს და ვიღაცები ტაშს უკრავენ, შეიძლება, დაჩქარდეს. ირანის ზედმეტად დასუსტებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს თურქული ელემენტის წინ წამოწევას და მისი გავლენების გაზრდას. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: როგორც ევროპაში, მათ შორის, ჩვენთანაც, რადიკალური სხვაობაა თურქულ და ირანულ გავლენებს, ანუ მათ მიზნებს შორის. გასაგებია, რომ შიიტებსაც და სუნიტებსაც ერთი და იგივე მიზნები აქვთ არამუსლიმური სამყაროს მიმართ, მაგრამ შიიტები შეიძლება, ითქვას, მთლიანად არიან გადართულები მუსლიმების მიმართულებით. მაგალითად, ჩვენთან ირანი მუშაობს საქართველოში მაცხოვრებელ შიიტებთან. ამას ემსახურება მათი „საგანმანათლებლო პროგრამები“ თუ დაწესებულებები, დაფინანსება და პროპაგანდა, მოკლედ, ყველაფერი. მე არ მსმენია, რომ ეთნიკურ ქართველებთან მუშაობდნენ შიიტები. აი, თურქეთი კი მუშაობს ეთნიკურ ქართველებთან და ეს უნდა ვიცოდეთ. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ირანი დასუსტდება, თურქეთის გავლენები ძალიან გაიზრდება რეგიონში. ჩვენ კი, მოგეხსენებათ, საქართველოში არ გვაკლია თურქეთის გავლენები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





