პოლიტიკა

რატომ აირჩია დამოუკიდებელმა საქართველომ მუჭანახევრობა და სხვებისთვის თავის მოწონების პოლიტიკა, საკუთარი იტერესების გათვალისწინების გარეშე

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.03, 2023 წელი

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

იმ ფაქტმა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 32-ე წლისთავზეც კი სამშობლოსთვის ბრძოლა, თურმე, საქართველოს დროშის ფრიალით გამოიხატება (მოგეხსენებათ, როგორი აღფრთოვანება მოჰყვა ბოლო საპროტესტო აქციაზე ქალბატონის მიერ დროშის დაჭერის ფაქტს პოლიციის წყლის ჭავლის ფონზე), გამიჩინა ეჭვი (არც ადრინდელი აქციები უჩიოდა დროშების ქნევის სიმცირეს), რომ 1989 წლის 9 აპრილის ბრძოლის მეთოდებია დაკოპირებული (არადა ასლი ყოველთვის დედანზე უარესია), მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დღევანდელობისგან თვისებრივად განსხვავებული ვითარება იყო, ანუ საქართველოს ეროვნული დროშის გამოტანა საბჭოთა საქართველოში და უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფო საქართველოში სახელმწიფო დროშის დაჭერა არსობრივად განსხვავებულია; ისევე, როგორც რუს მედესანტეთა ნიჩბები (ისე რომ აკუწეს ადამიანები, საყვედურიც არ მიუღიათ) და ახლანდელი პოლიციის წყლის ჭავლის წნევა. შესაბამისად, ვტრიალებთ წრეზე, რაც, სავარაუდოდ, სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს. – ამ თემას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ჩემი შთაბეჭდილებით, შვილების თაობა, აგერ უკვე სამი ათეული წელია, იმეორებს მამების ბრძოლის მეთოდს, რომელიც არაეფექტიანია, იმიტომ რომ გარემოა შეცვლილი. ის სტერეოტიპი დამოკლეს მახვილივით ხომ არ გვემუქრება?

– ჩვეულებრივ, როდესაც ქვეყანა დაფიქრდება, როგორ ვირეაგირო დღევანდელ სიტუაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაცნობიერება: ვინ ვარ მე, რასთან ვარ იდენტიფიცირებული და ერის ისტორია, ჩვეულებრივ, ამის იდეალური საშუალებაა. როგორც პერსონას აქვს წარსული: ბავშვობა, ახალგაზრდობა, შუა ხანა, თავისი კრიზისებით და მოხუცებულობა, ერსაც იგივე ახასიათებს. ამდენად, საკუთარი თავის იდენტიფიკაცია, ვინ ვარ, როგორი ვარ ამ აწმყო დროში და როგორი შეიძლება, ვიყო ამა თუ იმ განსაცდელის დროს, რომელიც მოაქვს აწმყოს, რა არის სწორი და არასწორი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ ჩემს თავს, როგორია ჩემი ისტორია, რა მახასიათებდა, რა არის ჩემი ხერხემალი, სიძნელეების გადალახვის ჩემი ფორმები. ასე თუ არ დავინახეთ თავი, რთულია იმის თქმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ დღევანდელ დღეს, რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს სწორი ნაბიჯების გადადგმაში. რეალობა ასეთია: გავხდით ქვეყანა, მაშინ, როდესაც 200 წელი ქვეყანა არ ვიყავით და გვინდა, რომ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება. გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს და უყურებს რეალობას, საკუთარი თავიდან გამომდინარე. ეს საკუთარი თავი კი დღეს ვართ ერი, რომლის საზოგადოება გახლეჩილია და ძირითადი პოლიტიკური სპექტრი დაპირისპირებულია თავისი ტელევიზიებითა და ხალხით, ასეთ დროს კი მეს იდენტიფიცირება რთულია. ერთი მხრივ, ეს ბუნებრივია. ეს პრობლემა გაგვიჩნდა, იმიტომ რომ არ გვქონდა, ახლა გვაქვს სახელმწიფო და მოგვეთხოვება, რომ ვმართოთ, მაშინ, როდესაც აქამდე სხვა გვმართავდა ჩვენი ყოველგვარი აქტივობის გარეშე. შეგუებულები ვიყავით იმ გარემოს, გვქონდა შესაბამისი ჩვევები; ვიცოდით, ვინ ვიყავით იმ საბჭოთა კავშირში და საით მივდიოდით. მაგრამ ახლა, როდესაც დამოუკიდებელი, სამმილიონიანი მცირე ქვეყანა ვართ, ისიც გახლეჩილი და ჭრილობებით დასახიჩრებული, ამოგლეჯილი სხეულით – აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ რუკაზე გვაქვს – ფაქტობრივად, ვართ ლილიპუტები, გარშემორტყმული გოლიათი ქვეყნებით, ყველა გაგებით: სამხედრო ძალით, ეკონომიკით. საკუთარი თავის წარმოჩენის უნარით. ჩვენც გვაქვს საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან გვიჭირს, ვაჩვენოთ, ვინ ვართ, როგორები ვართ, თუმცა, სინამდვილეში, მართლაც, უნიკალურები ვართ, ყველასგან განსხვავებულები, დიდი ისტორიისა და პოტენციალის მქონენი, მეცნიერებაში, სპორტში, კულინარიასა თუ ხელოვნებაში.

– რატომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ 1989 წელს სხვა რეალობა იყო, ახლა სხვა რეალობაა. ეს თაობათა შორის შეჯიბრებაა, ერთი ადგილის ტკეპნაა. ნუთუ ვერაფერი ვასწავლეთ ჩვენს შვილებს, იმას გარდა, რომ დააკოპირონ ჩვენი მეთოდები, სწორიც და მცდარიც?

– ის ხერხები, რომლებიც მორგებული გვქონდა საბჭოთა კავშირთან და ის უნარები, რომლებიც გამოვიჩინეთ იქ, ახალ ქვეყანაში სრულიად გადასაფასებელი გვაქვს. ამ მხრივ, საქართველოს არაფერი აქვს სატრაბახო. გამონაკლისია ის სფერო, რომელშიც მე ახლა ვმუშაობ, გეშტალტთერაპია, გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულება. როდესაც ქართველი გეშტალტთერაპევტები ვართ ევროპაში ისეთი დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, როგორებიცაა იტალია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, მათ დონეზე გამოვიყურებით, თუმცა მცირე ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება გვაქვს იმავე საბჭოთა წარსულში – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სკოლის სახით და ვახერხებთ, რომ ევროპაშიც გვქონდეს ხმა. არის ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას მის მართვაში და მათ არც უკვირთ. ბევრ რამეს გვეკითხებიან და იციან, რომ გვაქვს უნარი და შესაძლებლობა. იგივეა გასაკეთებელი ყველა სფეროში, სადაც ჩვენ დღეს მუჭანახევარას მდგომარეობაში ვართ. როდესაც მუჭანახევარას მდგომარეობას ვამბობ, ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკას: რას გვეტყვის რუსეთი, რას გვეტყვის უკრაინა, ევროპა თუ ამერიკა, როგორ უნდა გაიგო მათი ნათქვამი და მუჭანახევარასავით შეასრულო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნაცემი დარჩები, იმიტომ რომ ასე გაგონილის სწორად შესრულება გამორიცხულია, ვინაიდან ასეთ დროს არ არსებობს საკუთარი მე, საკუთარი ორიენტირი, საკუთარი გეზი. მუდმივად იმას ვუგდებთ ყურს, ვინ რას იტყვის, როგორი ვიქნებით ერთისთვის, მეორისთვის თუ მესამისთვის და საბოლოოდ, არც ერთისთვის არ ვართ.

– თან, საინტერესო სქემაა: იმას ისე უნდა მოვეწონო, რომ ეს გაბრაზდეს.

– დიახ. ანუ არანამდვილი მე გვაქვს, ყალბი მეც კი არ არის, მე საერთოდ დაკარგულია. მაგალითად, ფინეთი არ იყო „ნატოს“ წევრი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ჰქონდა დამოუკიდებელი პოლიტიკა, ევროპასთან ინტეგრირებული ეკონომიკა, რუსეთთან ურთიერთობაში კი თავად იღებდა პასუხისმგებლობას თავის მოქმედებებზე; მისგან განსხვავებით, მაგალითად, ნორვეგია, რაკი რუსეთთან საზღვარი არ ჰქონდა, სხვანაირად ვითარდებოდა, მაგრამ მასაც თავისი ჰქონდა, რაც უადვილებდა ცხოვრებას; ახერხებდნენ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრებას და ჩვეულებრივ, ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს, ერს, ქვეყანას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ინტერესები, თავისი წარსული, თავისი მიზნები, ზრუნავს თავის მოსახლეობაზე, განვითარებაზე. რაც აუცილებელია მცირე ერებისთვის, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან დიდი სახელმწიფოების მხრიდან ზემოქმედების საფრთხის წინაშე. ჩვენც, თუ გვინდა, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს, ჩვენი ბედი ჩვენ განვკარგოთ, ეს უნდა დავინახოთ. თუმცა გეშტალტთერაპიაში თავის წარმოჩენა შევძელით, ზოგადად, ფსიქოლოგიაში ასე არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა უდიდესი სკოლა, გამოცდილება, მაგრამ ეს ვერ გადმოვიტანეთ შემდგომ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში. სავალალოა, რომ ყოველ ათწლეულში იქმნება ისეთი ვითარება, რომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს, შუბლით ვეჯახებით კედელს. მაგალითად, ჩვენს მენშევიკურ მთავრობას 1917 წელს აღელვებდა ის, თუ რას იტყვის მსოფლიო პროლეტარიატი, ანუ შეიძლება თუ არა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და არ ვუღალატოთ რუს ბოლშევიკებსო. მაშინ, როდესაც ფინეთი ამაგრებდა საზღვრებს და იცავდა თავს, ჩვენი დამოუკიდებელი მთავრობა აყოლილი იყო ხმას, რას იტყვის მსოფლიო, როგორ შევესატყვისები ამ მოდურ მიმართულებასო და საერთოდ არ ახსენებდა, რა მინდა მე, რა სჭირდება ჩემს უსაფრთხოებასა და ინტერესებსო. დღესაც ქრონიკულად ეს ყვირის ჩვენში: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა არის მოდური დღეს მსოფლიოში, თუნდაც, ეს იყოს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. ანუ ჩვენთვის მთავარია, პირველები ვიყოთ მოდურ მსოფლიო მიმართულებაში, რომელიც ერთ დროს იყო მარქსიზმი, ახლა კი ნეოლიბერალიზმია, რომელშიც ჩნდება ისეთი ახალი იდეები, რომლებიც ჯერ სხვა ქვეყნებს თავიანთ თავზე არც მოუსინჯავთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად პირველებმა უნდა მივსინჯით ჩვენს თავზე, მიუხედავად იმისა, წაადგება თუ არა ეს ჩვენს უსაფრთხოებას. მეტიც, სიცოცხლის ინსტინქტიც კი, რომელიც გვკარნახობს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ გარდამავალ ეპოქებში, შეიძლება, სრულიად არ გავითვალისწინოთ.

– დროის მიერ მოგვარებული პრობლემების მე არ მჯერა. როგორ შეიძლება, დავაღწიოთ თავი წრეზე სიარულს, რომ სხვა მიმართულებით მაინც წავიდეთ, რომ სხვა გამოცდილება მაინც მივიღოთ?

– უკვე აღვნიშნე, ერთმანეთს, როგორც წესი, ებრძვის ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი, როგორც პოლარობები და კოსმოპოლიტიზმი ხშირად ხდება ჩვენი არჩევანი: ასე იყო წარსულში და დღესაც გვაცდუნებს ნეოლიბერალური მიმართულება. არადა ჩვენ ახლა უნდა ამოვდიოდეთ იმ მოსაზრებიდან, რომ აქ არ დაიწყოს ის ომი, რომელიც გასული საუკუნის 90-ან წლებში გადავიტანეთ და არ განმეორდეს ის, რაც მეორდება ხოლმე მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სიცოცხლის ინსტინქტი არ მუშაობს. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში არიან ქვეყნები, რომლებიც მუდმივად ნგრევის ქვეშაა და ვერ სწავლობენ თავიანთი გამოცდილებით. ჩვენც არ უნდა ვეპოტინებოდეთ რაღაც მწვერვალებს, უპირველესად, უსაფრთხოებაზე უნდა ვზრუნავდეთ. ჩვენ უნდა დავაფასოთ, რომ ომი არ არის და კიდევ უნდა განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენ ირგვლივ. საკმარისია, აქ დაირღვეს ეს მშვიდობა, რომ წაიშლება ყველა წარმატება, რომლებიც გვაქვს ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ, რაც გვაქვს, არ გამოვეკიდოთ ცაში მიუწვდომელს და კმაყოფილი ვიყოთ იმ რეალობის, რაც გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, დღეს რეგიონში საკმაოდ წარმატებულები ვართ და არაფერი გვაქვს ისეთი, ჩავთვალოთ, რომ უბედურები ვართ, ჩამორჩენილები ვართ და ვაიმე, რა გვეშველება. საკმაოდ ნორმალურად და კარგად ვვითარდებით აი, იმ ტრაგიკულ ვითარებებში, რაც ჩვენ გარშემოა, ვგულისხმობ ომებს.

– ძალიან ხშირად მიფიქრია, ისეთი დარტყმების გადატანა, რაც ჩვენ გადავიტანეთ საბჭოეთის დაშლიდან მოყოლებული, ადვილი არ იყო და ყველა ხალხი ვერც გაუძლებდა.

– უდავოდ, თუმცა სამოქალაქო ომი ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის და იმუნიტეტი სამოქალაქო ომისადმი არ გვქონდა. მაშინ არავინ უყურებდა ამას, როგორც დიდ ხიფათს. რა თქმა უნდა, ეს ხიფათი გასათვალისწინებელია, როდესაც ასეთი პოლარიზაციაა საზოგადოებაში. მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოცნებებით ცაში დავფრინავდით, არადა სულ ცოტა ხანში გველოდა სამოქალაქო ომი და ნგრევა. ახლაც შეიძლება, იგივე მოხდეს, თუკი ჩვენ არ გამოვიჩენთ ცოდნას, გამოცდილებასა და სიფხიზლეს იმის მიმართ: თუ რა ცუდია გახლეჩა, შიდა დაპირისპირებები; როგორ სარგებლობს ამით გარე და შიდა მტერი, როგორ ადვილად შეიძლება, წამოვეგოთ ანკესზე ნებისმიერ დროს და როგორ შეიძლება, ტრაგიკულად დამთავრდეს ეს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მაშინაც შიდა დაპირისპირება იყო და წამქეზებლები იყვნენ გარედან. დღესაც იგივე სიტუაციაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი