პოლიტიკა

რას შემატებს საქართველოს უსაფრთხოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭება „ნატოს“ ასპირანტობასთან ერთად

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.06, 2022 წელი

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად ორი კითხვარი უკვე შევავსეთ, ანალოგიურად იღვწიან უკრაინა და მოლდოვაც. ამასობაში კი თავად ევროკავშირელი მაღალჩინოსნებისგანაც არაერთგვაროვანი შეფასებებია და ევროპარლამენტარებისგანაც. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კარს არ ვუკეტავთ, მაგრამ შეღავათები არ იქნებაო. მეორე მხრივ კი, ფაქტია, რომ შეღავათების გარეშე ევროკავშირის სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ ვერც ერთი ამ სამიდან. რამდენჯერ უნდა მივიღოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე წევრობაა (მათ შორის, „ნატოს“ ასპირანტობაც) და, საერთოდაც, რატომ დაიწყო ამ თემაზე მსჯელობა გაგანია ომისას? – ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებაში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე დაგვეხმარება.

– „ნატოს“ ღია კართან იმდენი ხანია, ვდგავართ, სათვალავი ამერია. ევროკავშირი კითხვარების შევსებით ჩვენი წერა-კითხვის უნარს ამოწმებს თუ იმას ელიან, რომ ამდენი დაიმედებით იმედგაცრუებულები ერთ დღესაც უარს ვიტყვით, რის შემდეგაც იტყვიან, ჩვენ ვთავაზობდით და ისინი უარს ამბობენო?

– ვფიქრობ, ყველაფერი ერთად ხდება. ეს საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ბევრი რამ იცვლება. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის დაცემისდროინდელი მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე ამოწურავს თავის თავს. ეს წესრიგი მსოფლიოს პროგრესულ ნაწილს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მიაჩნდა უფრო ეფექტიანად ხალხების, პიროვნების განვითარებისთვის, სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის და ახალ შესაძლებლობად. ამ შესაძლებლობების მოიმედე საზოგადოებას სჭირდება განვითარების თანმიმდევრული ნათელი პერსპექტივის დაცვა და ამ დაცვის მექანიზმად შემოთავაზებული იყო ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ჩამოყალიბებაშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემაც. მაგრამ ეს წესრიგი არ აღმოჩნდა ქმედუნარიანი, ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ერთა ლიგა, რომელსაც თავიდან უნდა აერიდებინა მსოფლიო ომი, რაც ვერ შეძლო. მოხდა მეორე მსოფლიო ომი, რის შემდეგაც ჩამოყალიბებულმა გაერომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების პირობებში, თითქოსდა, მშვიდობა უზრუნველყო, ატომური აპოკალიფსისგან დაიფარა მსოფლიო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაერო ძალიან სუსტია, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ფაქტობრივად, უფუნქციოდაა დარჩენილი და სიმბოლურ ორგანიზაციას წარმოადგენს. ხოლო ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ტოტალური ლაშქრობის ინიციატორებმა შემოგვთავაზეს – პიროვნებებმაც და ქვეყნებმაც, არ არის მსოფლიო ხალხების თავისუფალი განვითრებისა და ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის გარანტი. ამას მოჰყვა მთელი რიგი სამხედრო კამპანიები, რომლებიც, ღვთის მადლით, ჩვენგან შორს იყო, მაგრამ რამაც ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთში მოიტანა სისხლის ღვრა, ნგრევა, ეკონომიკების განადგურება და ახლა უკვე ევროპასთან ძალიან ახლოს, დაახლოებით, 150-მილიონიანი ქვეყანა ეომება 43-მილიონიან ქვეყანას. ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, ორივე მხარე იყენებს რესურსს, რაც გააჩნია. ამდენად, ეს სერიოზული გამოწვევაა.

– ძველი მსოფლიო წესრიგის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა, ერთ-ერთი სიმბოლოა ევროკავშირიც. ესეც დრომოჭმული სისტემა გამოდის.

– ეს სისტემა, თავისი არსით, წინააღმდეგობრივია და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არის გაერთიანება, რომელიც ეფუძნება განვითარების მაღალ დონეს, ადამიანის სოციალური დაცვის ყველაზე მაღალ სტანდარტსა და კეთილდღეობას. ეს ქვეყნები, რომლებიც თანდათან გაერთიანდნენ ამ კავშირში, ამისკენ მიდიოდნენ, მინიმუმ, 2-3 საუკუნის განმავლობაში და ვერც მოთვლის ვერავინ, იმდენი ომი, სისხლის ღვრა და უბედურება მოხდა ამის წინარე პერიოდში – ორი მსოფლიო ომის ჩათვლით. ასე რომ, მათ გავლილი აქვთ გზა ამ გაერთიანებამდე, კეთილდღეობის გარკვეული დონისთვისაც აქვთ მიღწეული. ახლა გვაქვს კონკრეტული მოცემულობა და ამ კონკრეტული მოცემულობის კონტექსტში უნდა შევხედოთ პროცესს: მივდივართ დასავლეთისკენ, იმიტომ რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მისწრაფება საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ავსახეთ და მივდივართ ამ მიმართულებით. რაღაცას ვაკმაყოფილებთ, რაღაცას – ვერა და პარალელურად, ჩვენ მივდიოდით „ნატოსკენ“.

– მე მაგ მიმართულების წარმატების იმედი გადამეწურა და აღარც ვახსენებ ამ თემას.

– მესმის თქვენი, მაგრამ რეალურად ეს თემა არსებობს. ჩვენ, ძირითადად და უპირატესად, ვიცოდით ასე: ვიდრე „ნატოში“ არ გავწევრიანდებით, მანამდე ქვეყნებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას, სერიოზული ფიქრი ევროკავშირში გაწევრიანებზე უადგილოა და არაფრისმომცემი. და ჩვენც ძირითად აქცენტს ვაკეთებდით „ნატოსკენ“ სვლაზე, ჩვენი ჯარის აღჭურვაზე, წვრთნებზე, „ნატოს“ სტანდარტების სისტემის დანერგვაზე, ვინაიდან ვიცოდით, ეკონომიკა სულს ვერ მოითქვამდა, ვიდრე ჩვენი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული და რადგან საქართველოს, საერთოდაც, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, „ნატოს“ წესდების მეხუთე პუნქტის ამოქმედება გახლდათ მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი. ესეც ვიცოდით, მაგრამ მაინც „ნატოსკენ“ მივდიოდით, იმიტომ რომ, თუ ასრულდებოდა ჩვენი მისწრაფებები და „ნატო“ ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავდა, მაშინ ჩვენ სწრაფად განვავითარებდით ეკონომიკას და შევუერთდებოდით ჩვენთვის აღთქმულ ქვეყანას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გზა აღთქმულ ქვეყნამდე შორია და რთული. იმპერიულ პოზიციებზე დაბრუნებული რუსეთი უაღრესად აგრესიულად, ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს ქვეყნების, უფრორე, ალბათ, საქართველოსა და უკრაინის სვლას „ნატოსა“ და ევროკავშირისკენ. შესაბამისი განცხადებებიც გაკეთდა, რომლებსაც დასავლეთმა ყურადღება თითქმის არ მიაქცია, იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკის ინტეგრაციის ძალიან მაღალი დონე დასავლურ ეკონომიკასთან და რუსული ეკონომიკის ხასიათი, რომელიც ენერგომატარებლების გაყიდვიდან ამონაგებით უზრუნველყოფს გარკვეულ სოციალურ დონეს, იმდენად სერიოზული იყო, რომ მეჩვენება, დასავლეთში არ უფიქრიათ, რომ ამ გზით წავიდოდა რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელი პუტინი. არადა მან უკან არ დაიხია და ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში სრულმასშტაბიანი საომარი აგრესია განახორციელა უკრაინაში. ეს დასავლეთისთვის მოულოდნელი იყო. ახლა ამის საფუძველზე არის ორმხრივი საფრთხე: დასავლური მობილიზების დონე საკმაოდ მაღალია, ამ დონის სანქციების ორგანიზებაც ძალიან რთული იყო დასავლეთისთვის, რომელიც სხვადასხვა ინტერესისგან შედგება და უჭირთ ძალისხმევის გაერთიანება. ჩემთვის, მაგალითად, ესეც მოულოდნელი იყო, მაგრამ ამანაც ბევრი არაფერი მოიტანა. შესაბამისად, ამ ლაშქრობის სტრატეგიის შეცვლაა საჭირო და აი, ამ დროს წამოვიდა უკვე ევროკავშირის თემა. თუმცა, რაკი არავინ იცის, სადამდე წავა არაპროგნოზირებადი პუტინი, ამ ხალხებმა რომ არ დაკარგონ რწმენა, ამაოდ რომ არ ჩაიაროს ამდენა დაღვრილმა სისხლმა უკრაინაში, დანგრეულ ეკონომიკასთან პირისპირ არ დარჩეს ხალხი; საქართველოშიც უამრავი პრობლემაა შექმნილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიყავით და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, შეიძლება, არა, როგორც ალტერნატივა, მაგრამ, როგორც ერთ-ერთი ეტაპი, შემოგვთავაზეს ევროკავშირში გაერთიანება.

– და ევროკავშირში გაერთიანება უსაფრთხოების მხრივ რას მოგვიტანს?

– ევროკავშირში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით, როდესაც განვითარების მეტი პერსპექტივა გაქვს და იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, რომლებსაც კოპენჰაგენის კრიტერიუმები ჰქვია და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 -იან წლებშია მიღებული ქვეყანა-კანდიდატებისთვის. ეს ნიშნავს, რომ წინ ხარ წასული, ვითარდები, არ ხარ დამოკიდებული რუსეთზე, მის დიდ ბაზარზე და ამ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამდენად, არ არის მარტივი ამბავი. მაგრამ ევროკავშირის წევრობას ისეთი სპეციფიკა აქვს, რომ მყისიერი შედეგი არ მოაქვს. თქვენ, როგორც წესი, მასშტაბურ თემებს გვთავაზობთ ხოლმე ჩვენ, ანალიტიკოსებს, ესეც ასეთი ვრცელი და ტევადი თემაა და მარტივად, მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე რამე კონკრეტული პერსპექტივის შემცველი და კონკრეტული მდგომარეობის გამომხატველი. შეიძლება, ბევრი წელი იყოს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. თურქეთი 1999 წლიდანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და მას, ალბათ, უახლოეს მომავალში არ მიიღებენ. ფორმალური მიზეზია თურქული დემოკრატიის ხარისხი და შინაარსი, მაგრამ სინამდვილეში ეს ისტორული თემაა: თურქ-სელჯუკების შემდეგ ოსმალეთის სწრაფვა ევროპისკენ, ამ ბრძოლაში კონსტატინოპოლთან შეჩერებული ოსმალები... ეს დამოკიდებულება მაინც არსებობს, რამაც ბოლო ათწლეულებში დემოგრაფიული ექსპანსიის სახეც მიიღო. ბევრი ეთნიკური თურქი გახდა, იმავდროულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე. საბოლოოდ, როდესაც ერდოღანმა მკაცრად დააყენა თურქეთის ევროპაში მიღების საკითხი, იმიტომ რომ „ნატოს“ წევრი უკვე არის და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაც იყო „ნატოს“ აღმოსავლეთის ფლანგზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ევროკავშირმა თურქეთის გაწევრიანება ვერ გაბედა. ამას მოჰყვა დიდი გაუგებრობა და უკმაყოფილება. ასევე, იცით ბალკანეთის შედარებით მცირე ქვეყნები, რომლებიც კარგა ხანია, უკვე არიან წევრობის კანდიდატები და არავინ ჩქარობს ევროკავშირში მათ მიღებას. ასე რომ, არ უნდა ველოდოთ, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უმალ გახდებიან ევროკავშირის წევრები. მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც წამახალისებელი და იმედის მომცემია. ოღონდ ის ორომტრიალი, რაც ამ საკითხის გარშემოა ჩვენს სააზროვნო სივრცეში, განსაკუთრებით, მედიაში, არის წრეგადასული და ამ მისწრაფების უნიადაგობას ამტკიცებს.

– რას გულისხმობთ?

– ანუ თემას: ისინი მიგვიღებენ და ჩვენ გვინდა, სცილდება ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მოსაზრებებსა და მოქმედებებში, სტრატეგიასა და ტაქტიკაში და ამის საპასუხოდ ხელისუფლების ნაბიჯებსა და განცხადებებში; აბსურდამდე მიდიან, მაგალითად, ახლა ბურთი მათ მოედანზეა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. კარგია, რომ საქარათველოსა და ქართველების ღირსებას იცავს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ბურთი იქით გადავაგდეთ და ახლა ევროკავშირს, თუ უნდა, მიგვიღოს, თუ არადა, კისერი უტეხია და კინჩხი მიუყოლებია, ჩემი აზრით, არასერიოზულია. რეალობით უნდა ვიხელმძღვანელოთ, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში რეალური პოლიტიკა ბატონობს და არა ოცნებები და მისწრაფებები გალაქტიკაზე, რომელსაც ან მივაღწევთ, ან არა. ამიტომ მხოლოდ ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ამ საკითხს: კანდიდატის სტატუსი არაფისმომცემი არ არის, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ექნება კონკრეტული დავალება, რომელზედაც მან უნდა იმუშაოს, რომ ევროკავშირს უმტკივნეულოდ მივუერთდეთ და მისაღები იყოს როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი