პოლიტიკა

კრემლის მანქურთი

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.03, 2023 წელი

კრემლის მანქურით
დაკოპირებულია

ანუ მკვდრადშობილი

თითქოს თავად ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს, მოსკოვმა თბილისისთვისაც, უფრო ზუსტად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვისაც მოიცალა (ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო) და ისე მწვავედ ირეაგირეს მის გაწვევაზე, გაგიკვირდებოდა.

ჰოდა, რაკი ირეაგირეს, რუსული პროპაგანდისტული მანქანაც ამუშავდა: ავანსცენაზე საყოველთაოდ ცნობილი მანქურთი მარგარიტა სიმონიანიც გამობრწყინდა და შეგვაგონა.

მომყავს ციტატა: „ომის გამეორების შემთხვევაში თბილისს პირდაპირ დაარტყამენ.“

ცხადია, დეზინფორმაციაც მიაყოლა, თითქოს თბილისურ აქციებზე, „სოხუმი-სოხუმის“ გაიძახოდნენ და დაადგინა: „თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო. კრემლოლოგები საუბრობენ, რომ არავინ დაიწყებს საქართველოში ჯარების გაგზავნას, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ. რადგან: ახლა სენტიმენტების დრო არაა; თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა; ჩვენს ქვეყანაში არავინ მიიჩნევდა და არ მიიჩნევს თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა „თბილისის რუსეთი“. ასე რომ, სულ ამაოდ წამოიწყეთ ეს ყველაფერი.“

მეორე ფლანგიდან რუსი ტელეწამყვანები აცხადებენ, რომ „თბილისი მიიღებს სირცხვილსაც და ომსაც“.

ჩვენ არ ვიცით, რა აზრისაა ამ თემაზე თავად კრემლი და რატომ გახდა საჭირო ქართველების, როგორც მტრის ხატის, გააქტუალურება; ისევე, როგორც ვერაფერს გაუგებ რუსულ ლოგიკას, ოკუპაციის გამო მადლიერებას რომ მოითხოვენ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა უკმაყოფილო, რომ თბილისი სათანადოდ აგრესიული არ არის კრემლისადმი (საქილიკო ფრაზად იქცა: „აბა, ომი გინდათ?!“), ვფიქრობ, სამყარომ გაუგო მათ გულისტკივილს და არ არის გამორიცხული, მიეცეთ, უფრო ზუსტად, მოგვეცეს შესაძლებლობა, ვაჩვენოთ ჩვენი სიჩაუქე (ჰა, ბურთი და მოედანიო!).

მეორე მხრივ კი, მარგარიტა სიმონიანმა შეაშინოს ფაშინიანი, რაც მთავარია, თბილისი იმდენჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, ვერც კი მოთვლი და, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ იბადები და ერთხელვე მოკვდები (პირი მაინც ქვისკენ მიქნია), თუმცა ეს სიმონიანმა არ იცის, ვინაიდან მანქურთებს არც სიცოცხლე ემუქრებათ და არც სიკვდილი - ისინი უკვე მიცვალებულები დაიბადნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი