პოლიტიკა

დონეჩამოქვეითებულები

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.10, 2021 წელი

დონეჩამოქვეითებულები
დაკოპირებულია

ანუ ღონემიხდილი ფსიქიატრია

მართალია, პირადად მე უკვე აღარ მჯერა, რომ მსოფლიო პოლიტიკა რამეთი აღემატება ჩვენს ადგილობრივ პოლიტიკას, იმიტომ რომ გეოპოლიტიკის შემქმნელების დონეც აშკარად დაცემულია და, თუმცა აჯობებდა, ჩვენებურ პოლიტიკოსთა დონე აწეულიყო, ვიდრე მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსთა დონე ჩამოქვეითებულიყო, მოხდა ის, რაც მოხდა.

ჰოდა, რაკი მოხდა, ჩვენ ისევ ჩვენს წვენში ვიხარშებით (გეოპოლიტიკა თავის თავს მიხედავს). კერძოდ, საზოგადოება განიხილავს, ბოლოს და ბოლოს, რომელი ელისაბედია უკეთესი (მოგეხსენებათ სანდრა რულოვსის ნათლობის სახელი ელისაბედია, და, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქოდ ცოლად წოდებული უკრაინელი დეპუტატის სამოქალაქო სახელიც) და არის თუ არა პატიმრის წამება მისთვის მხოლოდ ერთი ლეიბის დაგება, თუ მაინც ორი ჯობია (მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა დამატებითი ლეიბი მოითხოვა).

ამდენად, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ამ ალიაქოთში ჩვენებური სეპარატისტებიც ჩაერთვნენ. სახელდობრ: „იუჟნია ოსეტის“ „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მედოევმა განაცხადა, რომ (მომყავს ციტატა): „იუჟნია ოსეტიას“ აქვს უფლება, მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია“.

მე არ ვიცი, როგორ მორიგდებიან ზელენსკი და მედოევი (შეგახსენებთ, ზელენსკიც მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას), მაგრამ გუმანი მკარნახობს, რომ აქ ისეთი ამბები დატრიალდება, ტვინდემიის ფონის გათვალისწინებითაც, რომ მსოფლიო ფსიქიატრია ღონემიხდილი მიესვენება საკუთარი უძლურებით შეძრწუნებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი