რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№21

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 04.06, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-20 (1168)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– გეგმებს ვაწყობ, – მიუგო სედრიკმა, - ვფიქრობ, როგორ განვკარგო მამული, როდესაც მოხუცი ფეხებს გაჭიმავს. ძალზე ძვირად ღირებული მიწაა. ჯერ ვერ გადავწყვიტე, დავიტოვო რაღაც ნაწილი და კოტეჯები ავაშენო თუ მთლიანად გავყიდო. სამრეწველო მიზნებისთვის პირდაპირ ფასდაუდებელია. სახლი მოხუცთა თავშესაფრად გამოდგება, ან სკოლად.

– ეს მიწა ჯერჯერობით თქვენი არაა, - ცივად მიუგო ლუსიმ.

– მოვა დრო და ჩემი იქნება, - თქვა სედრიკმა, და, რაც მთავარია, არავისზე გაიყოფა, მთლიანად მე მერგება. თუ კარგ ფასად გავყიდი, კაპიტალად გადაიქცევა, კაპიტალი კი, შემოსავლისგან განსხავებით, არ იბეგრება. უამრავი ფული მექნება. ეს ერთადერთი საშუალებაა ღირსების შესანარჩუნებლად. რა მშვენიერი ხართ, ლუსი!.. თუ ეს მხოლოდ მეჩვენება, ვინაიდან დიდი ხანია, მშვენიერი ქალი არ მინახავს?

– ვფიქრობ, გეჩვენებათ, - მიუგო ლუსიმ და ოთახიდან გავიდა. მერე ტელეფონის აპარატისკენ გაემართა და მის მარპლს დაურეკა.

– საშინლად ვწუხვარ, რომა ვერ გინახულეთ, მაგრამ ძალიან დაკავებული ვიყავი.

– მესმის, ჩემო კარგო. თანაც, ჯერჯერობით ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ლოდინიღა დაგვრჩენია. მალე ელსფეთ მაკგილიკადი ჩამოვა, ავუხსენი, რომ ეს მისი ვალდებულებაა. ასე რომ, ცოტაც უნდა მოითმინოთ, ძვირფასო.

– თქვენ არ ფიქრობთ, რომ მსხვერპლი კიდევ იქნება?

– ოჰ, ვიმედოვნებ, აღარ იქნება, მაგრამ დანამდვილებით ეს ხომ არავინ იცის. მითუმეტეს. როდესაც საქმე სასტიკ ბოროტმოქმედთან გვაქვს.

ლუსიმ ყურმილი დაკიდა, სამზარეულოში გავიდა და ლანგარი აიღო, რომელზეც მისი საჭმელი იდო, და დიდ, პირქუშ სასადილო ოთახში კი არ წაიღო, არამედ პატარა კაბინეტში. ჭამას ამთავრებდა, როდესაც კარი გაიღო და ბრაიან ისთლი შემოვიდა.

– ნამდვილად არ გელოდით.

– როგორც ჩანს, ვიღაცას კრეკენტორპების ოჯახის ჯავრი სჭირს, – თქვა ბრაიანმა, – ვის შეეძლო სამზარეულოში შეღწევა და საჭმელში დარიშხანის ჩაყრა?

– ვფიქრობ, ამის გაკეთება ყველაზე ადვილად მე შემეძლო, – მიუგო ლუსიმ. ბრაიანმა მას შეშფოთებით შეხედა.

– მაგრამ ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ, არა? – იკითხა ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა კაცმა.

– ცხადია, არა, – განაცხადა ლუსიმ.

– ემასთან დაკავშირებითაც მშვიდად ვარ, – თქვა ბრაიანმა – ისე, უნდა გითხრათ, ჩვენი ემა საკმაოდ იდუმალი პიროვნებაა. აქ ცხოვრებასა და მოხუცი კაცის მოვლას ბევრი ვერ გაუძლებდა. სამწუხაროა, რომ გაუთხოვარი დარჩა. ახლა კი ეს ძალზე დაგვიანებულია.

– ვფიქრობ, სულაც არაა ძალზე დაგვიანებული, – ჩაილაპარაკა ლუსიმ.

სამზარეულოში ერთად შევიდნენ.

– ჭურჭლის გარეცხვაში ხომ არ დაგეხმაროთ? მომწონს ეს სამზარეულო, ეს სახლიც მომწონს. ალბათ, საშინელი გემოვნება მაქვს, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. აქ, პარკში, თვითმფრინავიც კი დაეშვება, – განაგრძო ბრაიანმა, ჭიქებისთვის განკუთვნილი ტილო აიღო და კოვზებისა და ჩანგლების წმენდა დაიწყო. – სამწუხაროა, რომ აქაურობა სედრიკს დარჩება, – განაცხადა მან, – იგი ყველაფერს გაყიდის და კვლავ საზღვარგარეთ წავა. არც ჰაროლდი იცხოვრებს ამ სახლში, ემასთვის კი ძალიან დიდია. აი, ალექსანდრეს რომ შეხვდებოდეს, საუცხოოდ გავატარებდით დროს, მხიარულად და უდარდელად ვიქნებოდით. ცხადია, ამ სახლს ქალიც ძალიან მოუხდებოდა.

ბრაიანი ლუსის დააცქერდა.

– თუმცა, რა აზრი აქვს ამდენ ლაპარაკს? სახლი რომ ალექსანდრეს შეხვდეს, ამისთვის ყველა ნათესავი უნდა მოკვდეს, ეს კი ნაკლებად სავარაუდოა. თუ მოხუცის გარეგნობით ვიმსჯელებთ, ის ას წლამდე მაინც მიაღწევს, თუნდაც – სხვების ჯიბრზე. ვფიქრობ, მას ძალიანაც არ განუცდია ალფრედის სიკვდილი.

***

ზღურბლზე მაღალი, ელეგანტური, ქურქში გამოწყობილი ქალი იდგა. შორიახლოს, მოხრეშილ გზაზე „როლსროისი “ თუხთუხებდა, რომლის საჭესთანაც მძღოლი იჯდა.

– მის ემა კრეკენტორპის ნახვა თუ შეიძლება? – სტუმარს სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ძალზე მიმზიდველი იყო.

– მის კრეკენტორპი ავადაა, ლოგინში წევს და არავის იღებს.

– ვიცი, რომ ავად არის, ვიცი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თქვენ, ალბათ, მის აილსბეროუ ბრძანდებით, არა? – თქვა მან და მომხიბლავად გაიღიმა. – გიცანით, ჩემმა ვაჟმა ბევრი რამ მიამბო თქვენზე. მე ლედი სტოდარტ-უესტი გახლავართ, ალექსანდრე ჩვენთანაა სტუმრად. მართლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მის კრეკენტორპის ნახვა შევძლო, – განაგრძო ქალმა, – გარწმუნებთ, რომ მხოლოდ მოსაკითხავად არ მოვსულვარ. ჩემი ვიზიტი იმას უკავშირდება, რაც ბიჭებისგან, უფრო სწორად, ჩემი შვილისგან შევიტყვე. ვალდებული ვარ, რაღაც შევატყობინო, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ არის.

– მობრძანდით, – უთხრა ლუსიმ და სტუმარს სასტუმრო ოთახში შეუძღვა. ზევით ავიდა, ემას ოთახის კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა.

– ლედი სტოდარტ-უესტი მობრძანდა, – თქვა ლუსიმ, – ძალიან უნდა თქვენი ნახვა.

– ლედი სტოდარტ-უესტი? – გაიკვირვა ემამ და სახეზე შეშფოთება გამოესახა, – ბიჭებს რამე ხომ არ შეემთხვათ? ალექსანდრე ხომ კარგადაა?

– ნუ ღელავთ, – დაამშვიდა ლუსიმ, – ბიჭებმა მას რაღაც უამბეს, რის გამოც სასწრაფოდ თქვენთან მოსვლა გადაწყვიტა.

ემა შეყოყმანდა.

– ლუსი, როგორ გამოვიყურები?

ემა საწოლზე წამომჯდარიყო, მხრებზე ღია წითელი შალი მოესხა, რომელიც ლოყებს უვარდისფრებდა. მედდას მისთვის მუქი თმა აკურატულად დაევარცხნა. წინა დღით ლუსიმ ტუალეტის მაგიდაზე შემოდგომის ფოთლებიანი ლარნაკი დაუდგა. ოთახი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. საავადმყოფოს პალატას არაფრით ჰგავდა.

ლუსი კიბეზე დაეშვა და სასტუმრო ოთახში შევიდა.

– მის ემა კრეკენტორპი გელოდებათ.

ლედი სტოდარტ-უესტი საწოლს მიუახლოვდა და ემას ხელი გაუწოდა.

– მის კრეკენტორპ, ბოდიშს გიხდით, მყუდროება რომ დაგირღვიეთ. თუ არ ვცდები, ერთმანეთს ადრეც შევხვედრივართ – სკოლაში, სპორტულ ზეიმზე.

– დიახ, – მიუგო ემამ, – მშვენივრად მახსოვს. დაბრძანდით, თუ შეიძლება.

ლედი სტოდარტ-უესტი საწოლთან მდგარ სკამზე დაჯდა და წყნარად, ხმადაბლა წარმოთქვა:

– ალბათ, გაგაოცათ ჩემმა უეცარმა გამოჩენამ, მაგრამ მერწმუნეთ, საამისო მიზეზიც მაქვს, თანაც ძალზე მნიშვნელოვანი. ბიჭებმა ბევრი რამ მიამბეს. ისინი ძალზე ააღელვა აქ მომხდარმა მკვლელობამ. ჯეიმზის წერილებიდან ჩანდა, რომ ბიჭებს ამ უჩვეულო შემთხვევის ეპიცენტრში ყოფნა ძალზე სიამოვნებდათ და მისი წამოყვანა სისასტიკე იქნებოდა. მათ ასაკში მეც მსგავსი შეგრძნებები გამიჩნდებოდა. დავნებდი და დავეთანხმე, რომ დარჩენილიყო, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ კი დაბრუნდებოდა და ალექსანდრეს ჩვენთან სტუმრად მოიყვანდა. ოჰ, როგორ მიძნელდება თქმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ. დამეთანხმებით, რომ ბიჭები ყველაფერს ხედავენ და ამჩნევენ. მათ მითხრეს, რომ ის ქალი, მოკლული, პოლიციის ვარაუდით, ფრანგია, რომელიც თქვენმა უფროსმა ძმამ, ომში რომ დაიღუპა, საფრანგეთში გაიცნო. ეს სიმართლეა?

ემას ხმა აუთრთოლდა.

– ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ.

– მაგრამ რატომ… რატომ ფიქრობენ, რომ ეს მარტინაა? რაიმე წერილს, დოკუმენტს მიაგნეს?

– საქმე ისაა, რომ მარტინასგან წერილი მივიღე. მწერდა, რომ ინგლისში იმყოფებოდა და ჩემი ნახვა სურდა. აქ მოვიწვიე, მაგრამ ჩამოსვლის წინ დეპეშა მივიღეთ, რომელშიც გვაუწყებდა, რომ საფრანგეთში ბრუნდებოდა. შესაძლოა, დაბრუნდა კიდეც. ცოტა ხნის წინ სახლის სიახლოვეს იმ წერილის კონვერტს მივაგენით, რომელიც მე მარტინას გავუგზავნე. ვფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აქ იყო. ოღონდ არ მესმის…

– ოღონდ არ გესმით, – აიტაცა ლედი სტოდარტ-უესტმა, – ეს ყველაფერი მე რატომ მაინტერესებს? თქვენს ადგილას მეც გამიკვირდებოდა. როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, უფრო სწორად, ბიჭების საკმაოდ არეულ-დარეული მონათხრობი მოვისმინე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი და გადამემოწმებინა, ყმაწვილებს რამე ხომ არ შეეშალათ, ვინაიდან, თუ ეს სიმართლეა…

– დიახ? – თქვა ემამ.

– მაშინ ის უნდა გითხრათ, რის თქმასაც არასდროს ვაპირებდი. საქმე ისაა, რომ მარტინა დიუბუა მე ვარ.

– თქვენ მარტინა ხართ?

ქალმა თავი ენერგიულად დააქნია.

– დიახ. დარწმუნებული ვარ, გაოცდებით, მაგრამ ეს სიმართლეა. თქვენი ძმა ომის პირველ დღეებში გავიცანი. ჩვენს სახლში იყო დაბინავებული. ერთმანეთი შეგვიყვარდა, დაქორწინებას ვაპირებდით. მაგრამ ედმუნდი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოგვიანებით მისი დაღუპვა შემატყობინეს. იმას გეტყვით, რომ თქვენი ძმა ძალიან მიყვარდა… გერმანელებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს. მე წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი გავხდი. ერთ-ერთი ვიყავი იმათგან, ვისაც საფრანგეთის გავლით ინგლისელების სამშობლოში გაგზავნას ავალებდნენ. სწორედ ასე შევხვდი ჩემს ამჟამინდელ ქმარს. იგი საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. საფრანგეთში სპეცდავალების შესასრულებლად გადაესროლათ. რამდენჯერმე დავაპირე, თქვენთვის წერილი მომეწერა ან შეგხვედროდით, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ამის გაკეთება, წარსულის ქექვა არ ღირდა. ჩემი ახალი ცხოვრება მქონდა და იმ დროის გახსენება აღარ მინდოდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც შევიტყვე, რომ ჯეიმზის საუკეთესო სკოლის მეგობარი ედმუნდის დისშვილია. სხვათა შორის, ალექსანდრე ძალიან ჰგავს ედმუნდს, ამას თქვენც მიაქცევდით ყურადღებას. მიხარია, ჯეიმზი და ალექსანდრე რომ დამეგობრდნენ.

ქალი წინ გადაიხარა და ემას ხელზე ხელი დაადო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი