რომანი და დეტექტივი

საზღაური

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.11, 2022 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #42-43(1139)

დემოს რძალი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და დღე დღეზე უნდა ემშობიარა. ის და მისი ქმარი თელავში იყვნენ წასულები ქორწილში. ხულიაშვილი მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას და ცოლს ნერვიულად გასძახა:

– რას დაატარებს ამ გოგოს ამ სიშორეზე. გზაში რომ დაეწყოს მშობიარობა, ნეტავ, რას იზამს?

– ჰო, მართალი ხარ, – დაემოწმა ცოლი ჯალათს.

– ღმერთი არ გაუწყრეს, გომბორით არ წამოვიდეს და გოგო იმ ტიალ გზაზე არ აჯაყჯაყოს, – თქვა ხულიაშვილმა.

– გომბორზე რა უნდა, კაცო? გზა იქ არ ვარგა და ძე ხორციელი იქ არ ჭაჭანებს? – შეიცხადა ქალმა.

ჯალათს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ტელეფონმა დარეკა. ხულიაშვილს გულმა რეჩხი უყო. ჩაძინებული ნათელა საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ტელეფონის ზარიც გაისმა.

– ალო, გისმენ, – უპასუხა დემომ.

– დემო, მე ვარ, – მოესმა ხულიაშვილს მილიციის უფროსის ხმა.

– ჰო, რა ხდება? – თქვა შეშფოთებულმა დემომ.

– ათ წუთში გამოგივლი და პადიეზთან დამხვდი. საქმეზე უნდა წავიდეთ.

– კარგი. გელოდები, – თქვა ხულიაშვილმა. ყურმილი დაკიდა და ცოლს უთხრა:

– უფროსმა დამირეკა. საქმეზე მივდივარ და ბავშვს მიხედე.

მილიციის უფროსი და ხულიაშვილი კახეთის გზას ადგნენ. არც პოლკოვნიკი იღებდა ხმას და არც ხულიაშვილი ეკითხებოდა, თუ სად მიდიოდნენ. თელავს რომ მიადგნენ, მილიციის უფროსმა მანქანა გააჩერა და ხულიაშვილს უთხრა:

– დემო, კაი ამბავზე არ წამოვსულვართ.

– რა მოხდა? – შეხტა ხულიაშვილი.

– შენი ვაჟი და რძალი ავარიაში მოჰყვნენ, – ენის ბორძიკით თქვა პოლკოვნიკმა.

დემოს ცივმა ოფლმა დაასხა და გაფითრებულმა თქვა:

– თელავის საავადმყოფოში წვანან?

– წამოდი წავიდეთ, – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა პოლკოვნიკმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

პირგამომშრალ, ოფლში გაწურულ და გაფითრებულ ხულიაშვილს მთელი გზა კრინტი აღარ დაუძრავს და მხოლოდ მაშინ მიხვდა ყველაფერს, როცა პოლკოვნიკის მანქანა პროზექტურასთან გაჩერდა. იქაურობა ფორმიანი მილიციელებით იყო სავსე. ხულიაშვილი მანქანიდან გადავიდა. სამიოდე ნაბიჯი გადადგა და აყმუვლდა. როგორც გაირკვა, თბილისში რომ მალე ჩამოსულიყო, ხულიაშვილის ვაჟი გომბორით წამოვიდა, ბინდდებოდა. ქვიან გზაზე საბურავი გაუსკდა, მანქანა მოცურდა და ცოლ-ქმარი გარეთ გაისროლა. მთელი ღამე იმ ადგილზე არავის გაუვლია და სამივე მიცვალებული დილით მწყემსმა აღმოაჩინა. დემო ხულიაშვილი გონებადაბინდული დაბორიალებდა აქეთ-იქით და გაახსენდა, რომ ეს უბედურება რამაზ ჩიჩუას სასტიკი მკვლელობის ორი წლის თავზე დატრიალდა.

***

რამაზის მკვლელობიდან 22 წლის თავზე მამა სერაფიმემ მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა და კელიაში განმარტოვდა. დეკანოზი სერაფიმე მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღოლი იყო და მრევლში უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. მას ასკეტის, ოქრო-ვერცხლის მოძულისა და ადამიანების მესაიდუმლის რეპუტაცია ჰქონდა. სერაფიმე უმკაცრესად იცავდა მარხვებს და ხსნილობის პერიოდშიც კი მხოლოდ ხმელი პურითა და ფხალეულით ტრაპეზობდა. ტაძარში ფულს არ აჭაჭანებდა და შესაწირავი ყულაბები არ ჰქონდა. აღსარებებს რომ იბარებდა, შემდეგ ისეთ რჩევა-დარიგებებს იძლეოდა, რომ მისგან მრევლი სულიერად განწმენდილი გამოდიოდა. ის უზომო სიყვარულს ასხივებდა და მრევლს ნამდვილი, მზრუნველი და მოამაგე სულიერი მამა იყო. ეკლესიაში სიარული სერაფიმემ 20 წლის წინ დაიწყო. ჯერ მორჩილი იყო, შემდეგ კი ყველა საფეხური გაიარა და ბოლოს ბერად აღიკვეცა. ერისკაცობაში კი მას გაიოზ ლაღიძე ერქვა.

ბეგო და შაკიკოვი რომ დახოცა, გაიოზმა ბრაუნინგი დაზეთა. თითის ანაბეჭდებისგან გაწმინდა. ზეთიან ტილოში შეახვია, ცელოფნის სქელ პარკში მოათავსა და საიმედოდ დამალა. მან იცოდა, რომ ტოტალურ ძებნას დაუწყებდნენ და გარკვეული დროით „ფსკერზე დაწოლა“ გადაწყვიტა. ინსტიტუტში აკადემიური შვებულება აიღო და სოხუმში ანანოსთან გაემგზავრა. ბიჭი ვარაუდობდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მისი ძებნაც შენელდებოდა, ხულიაშვილიც მოდუნდებოდა, თავად კი თბილისში დაბრუნდებოდა და ჯალათს ჩააძაღლებდა.

რამაზის მკვლელობის 2 წლის თავზე გაიოზ ლაღიძე თბილისში დაბრუნდა ხულიაშვილზე შურს საძიებლად. მას მსგავს საქმეებში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა და ხულიაშვილის მოხელთებაზე დაიწყო „ჩალიჩი“. მან მკვლელობის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა და ბოლოს ერთ-ერთზე შეჩერდა. გაიოზმა გაარკვია, რომ ხულიაშვილის მოპირდაპირე, ოროთახიანი ბინა სტუდენტ გოგონას ჰქონდა ნაქირავები. ბიჭი ძალიან დაუახლოვდა მას და ფაქტობრივად, ჩაუსახლდა გოგონას. სანამ გოგონა ინსტიტუტში ლექციებზე იყო, გაიოზი „გლაზოკიდან“ აკვირდებოდა ხულიაშვილის ბინის კარს. ოჯახის წევრების მოძრაობის განრიგი შეადგინა და გადაწყვიტა, რომ ჯალათი იმ დროს მოეკლა პისტოლეტით, როცა ის გარეთ გამოვიდოდა. მკვლელობის დღედ კი რამაზის დაღუპვის ორი წლისთავი შეარჩია. „ბრაუნინგი“ სამალავიდან ამოიღო. საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. მაგრამ სწორედ იმ დღეს დატრიალდა ტრაგედია ხულიაშვილების ოჯახში. გაიოზი ყველაფერს პირადად შეესწრო და ჯერ იფიქრა, მოვიცდი და მერე შევასრულებო. მაგრამ, როდესაც ნახა, რომ მარტოდ დარჩენილი ხულიაშვილი პატარა შვილიშვილს ზრდიდა, შურისძიება გაურკვეველი დროით გადადო. „ბრაუნინგი“ კი სამალავში დააბრუნა. გაიოზი შეყვარებულთან ცხოვრებას აგრძელებდა და ერთ დღეს გოგონამ გამოუცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო და ჰკითხა – რა ვქნაო?

– რა უნდა ქნა. მოიშორე! – დაუფიქრებლად თქვა გაიოზმა და გაბრაზებული ბინიდან წავიდა.

ბიჭი სამი დღე არ გამოჩენილა და რომ დაბრუნდა, შეყვარებული აბორტგაკეთებული დახვდა. ორი კვირის შემდეგ კი გოგონა ინსტიტუტიდან მოსკოვში გაემგზავრა სამთვიან პრაქტიკაზე. გაიოზი კი საერთო საცხოვრებელში დაბრუნდა. თუმცა თავის თავთან დარჩენილი მიხვდა, რომ გოგონა უყვარდა და მის წინაშე სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ამიტომ მოსკოვში გაემგზავრა შეყვარებულთან პატიების სათხოვნელად და შესარიგებლად. თუმცა, გოგონა ჯგუფელზე გათხოვილიყო. უზარმაზარ ქალაქში გაიოზი პასპორტისამარა იყო დარჩენილი და ჯიბეში კაპიკი არ ედო. ბოლო ფულით გოგონას ვარდების ულამაზესი თაიგული უყიდა, მაგრამ შემდეგ ნაგავში მოისროლა. ლასლასით წამოვიდა ძველი შეყვარებულისგან და ფეხებმა ერთ-ერთ ტაძართან მიიყვანა. უკვე ბინდდებოდა და გაიოზი ტაძრის გალავანთან დასასვენებლად ჩამოჯდა. იქ, სადაც მოწყალების მთხოვნელები იკრიბებოდნენ. დაღონებული ფულის შოვნაზე ფიქრობდა, რათა თბილისში დაბრუნებულიყო. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ვინმე ბნელ შესახვევში ან სადარბაზოში შეეყენებინა და ფული ან ძვირფასი სამკაული წაერთმია. საქმე რომ დაგეგმა, წასასვლელად მოემზადა. წამოდგა, თავი ასწია და თეთრწვერა, ანაფორიან მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელიც მას გამომცდელად უმზერდა. გაიოზმა თვალი აარიდა მოხუცს და ადგილიდან დაიძრა, მაგრამ მოესმა:

– ახალგაზრდავ!

გაიოზი შეჩერდა და შეტრიალდა. მოხუცმა კი ხელით მიიხმო ბიჭი და უთხრა:

– წამომყევი.

მოხუცი იმ ტაძრის მოძღვარი მამა ნიკოლოზი აღმოჩნდა. მან გაიოზი ავახშმა და დააძინა. თანაც, მისთვის არაფერი უკითხავს. იმ დღიდან გაიოზი ეკლესიაში დარჩა და იქვე, კელიაში ცხოვრობდა. მოხუცი არაფერს ეკითხებოდა ბიჭს. პატარ-პატარა დავალებებს აძლევდა და გაიოზიც ასრულებდა. ამასობაში სამი თვე გავიდა. გაიოზმა სარიტუალო წეს-ჩვეულებები შეისწავლა და მოძღვარს აღსარების მიღება სთხოვა. შემდეგ მთელი თავისი ისტორია მოუყვა და დადუმდა. ნიკოლოზმა ბიჭს თვალებში ჩახედა და უთხრა:

– გაზიარებ, მაგრამ ეს შენს სულს არ განწმენდს და საბოლოო განსაწმენდელისთვის გრძელი გზის გავლა მოგიწევს. მორჩილებით დაიწყე და შემდეგ ვნახოთ.

გაიოზი მორჩილი გახდა და ეკლესიაში მსახურს შეუდგა. ხუთი წლის შემდეგ მოძღვარი ნიკოლოზი აღსრულდა და სული თავისი მოწაფის ხელში დალია. სანამ უკანასკნელად ამოისუნთქავდა, მოძღვარმა გაიოზს უთხრა: შენ უკვე კარგა გზა გაიარე და დიდი გამოცდილება მიიღე. უფრო მეტი გაქვს გასავლელი და გამოსაცდელი. ღმერთსა და ხალხს პატიოსნად ემსახურე. ადამიანებს ყურადღებით მოუსმინე და სწორად დამოძღვრე. კუჭი არ გაიძღო, ოქრო-ვერცხლი არ გაიკარო, ილოცე, ილოცე, ილოცე და ცხონებული იქნებიო. გაიოზმა თავადვე აუგო წესი მოძღვარს. ხოლო ეკლესიის ეზოში რომ დამარხეს, მის საფლავს ჯვარი დაადგა. ორიოდე წლის შემდეგ გაიოზი ბერად აღიკვეცა და მას სერაფიმე უწოდეს. ბერი საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე ხანი, მონასტერში გაატარა. ბოლოს კი ტაძრის წინამძღოლად დაინიშნა.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

საზღაური
საზღაური

20:00 20.02, 2021 წელი

საზღაური
საზღაური

20:00 29.10, 2022 წელი

საზღაური
საზღაური

20:00 05.11, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი