რომანი და დეტექტივი

საყვარელი მკვლელი

№7

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.02, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგათა კრისტი

მისის ბანტრიმ თავისი ამბის მოყოლა მხოლოდ მის მარპლის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. საქმე კლოდერჰემ-კორტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. მისის და მისტერ ბანტრები ამის უშუალო თვითმხილველები იყვნენ. ისინიც მოიწამლნენ იმ ბალახით, რომელიც სალათაში იყო შერეული.

– მე და არტური სერ ემბროზ ბერსისთან ვიყავით სტუმრად. ერთ საღამოს ვახშმად სალათის ფოთლებში გახვეული, შემწვარი იხვი მოგვართვეს და მალე ყველანი ცუდად გავხდით. ის საწყალი გოგო, სერ ემბროზის შვილობილი კი გარდაიცვალა.

– ასე... ახლა ვნახოთ, რა იყო ეს – უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა, – თქვა მისის მარპლმა – ექიმო, თქვენც მომეხმარებით? დავიწყოთ იმით, რა გაიგეთ მზარეული ქალის შესახებ.

– არაფერი საინტერესო. ერთი სოფლელი ქალია. სულელი, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი. ტიროდა და იფიცებდა, არ ვიცი, სალათაში სხვა ბალახიც თუ იყოო.

– სასიკვდილო ბალახი… – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – გამაცანით ამ ტრაგედიის მოქმედი გმირები.

– დიახ, რა თქმა უნდა. მაშ ასე: სერ ემბროზი; სილვია კინი – გოგონა, რომელიც გარდაიცვალა; მისი მეგობარი მოდი – საკმაოდ უტიფარი და თამამი ქალიშვილი, ერთ-ერთი იმათთგანი, კაცებს რომ ძალიან მოსწონთ ხოლმე; მისტერ კარლო – სერ ემბროზის სწავლული მეგობარი; ჯერი ლიმერი – სერ ემბროზის მეზობელი და სილვიას საქმრო; ასევე, მის კარპენტერი – ორმოც წელს მიტანებული, სიბერეშეპარული ლამაზმანი, სილვიას კომპანიონი. დავიწყოთ სერ ემბროზით: მე ის ძალიან მომწონდა. სიმპათიური მოხუცი იყო. მაშინ ის 62 წლის გახლდათ. მაგრამ, გული აწუხებდა და სახლში ლიფტიც კი დააყენა, რომ კიბეზე სიარულით არ დაღლილიყო. ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა, რომ... თუმცა, ვიღაც-ვიღაცები აბეზარ მოხუცადაც მიიჩნევდნენ. აი, სილვია კინი კი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, სიფრიფანა, ჰაეროვანი არსება. ბუნებრივად ქერა, მწვანე თვალებით. მაგრამ ღმერთმა მას ჭკუა არ მისცა. იქნებ, არც სჭირდებოდა.

– საყვარელო, ის არც ისე სულელი იყო! – გააპროტესტა მისის ბანტრის ნათქვამი მისმა ქმარმა.

– ჰო, არტურ, შენ მასზე სხვა აზრის იყავი. მაგრამ, რატომღაც, მისი საქმრო არ მოგწონდა, – შენიშნა მისის ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ ვერასდროს ვიტანდი ზედმეტად მონდომებულ მამაკაცებს, ზუსტად დასახული მიზნებით, – თქვა არტურმა.

– თემას ნუ გადავუხვევთ, – გააპროტესტა მის მარპლმა.

– ჩემი მეუღლისგან განსხვავებით, ჯერი ყველას მოსწონდა. მართლაც მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავიდან სერ ამბროზი მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო.

– რატომ? – მაშინვე იკითხა მის მარპლმა.

– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ ამით. იმიტომ რომ, როცა ჩვენ ვესტუმრეთ, ეს პრობლემა აღარ არსებობდა.

– მის კარპენტერსა და სერ ემბროზს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? მაგალითად, ხომ არ ნახავდა რამე სარგებელს ეს ქალი ემბროზის სიკვდილით? მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა ერთმა გრაფმა მალულად იქორწინა ძალიან ახალგაზრდა ეკონომ ქალზე და, როცა მოკვდა, თავისი მემკვიდრეები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.

– კარპენტერს არაფერი მიუღია. თანაც, გარდაიცვალა სილვიაა და არა სერ ემბროზი. გინდათ, თქვათ, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა და გოგონა შემთხვევით მოკვდა?

– შემთხვევით არაფერი ხდება, ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობთ ამას. არ შეიძლება, საჭმელმა რამდენიმე ადამიანი მოწამლოს და მხოლოდ ერთი გარდაიცვალოს. ექიმო, დამიდასტურებთ?

– დიახ, ეს მეც უცნაურად მომეჩვენა.

– როგორც მივხვდი, მოწამვლა დიჰიტალისმა გამოიწვია, რომელსაც ეს მცენარე შეიცავდა. დიჰიტალისი არ არის შხამი, მაგრამ გულის რიტმის ცვლილებას იწვევს და ამიტომ ზოგჯერ სამკურნალო მიზნითაც იხმარება. მოკლედ, ვფიქრობ, რომ შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია. მოკვდა ის, ვისი მოკვლაც უნდოდათ. მაგრამ, ვინ არის მკვლელი? – მის მარპლმა შეკრებილ საზოგადოებას მოავლო მზერა.

– გამორიცხვის მეთოდი ხომ არ გამოგვეყენებინა? – შესთავაზა მისტერ ბანტრიმ.

– ეგეც შეიძლება, მაგრამ, ჯერ მისის ბანტრისთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა. მაგალითად, მის მოდი... თქვენ ის იმიტომ არ მოგწონდათ, რომ მამაკაცები მისით იხიბლებოდნენ თუ იყო კიდევ რაიმე კონკრეტული მიზეზი?

მისის ბანტრი შეყოყმანდა:

– დიახ, იყო მიზეზი. მე სრულიად შემთხვევით დავინახე… არტურ, ასე ნუ მიყურებ... როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს მის მოდი და ჯერი. შეიძლება, ეს მეგობრული კოცნა იყო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სილვიას სიკვდილის შემდეგ ჯერი მოდზე დაქორწინდა, მაშინ...

– ოჰო, საქმის ვითარება იცვლება. ახალგაზრდა ქალს ჰქონდა რამე ქონება?

– არანაირი. ის მხოლოდ სერ ემბროზის სიკვდილის შემდეგ მიიღებდა მისი მემკვიდრეობის სოლიდურ ნაწილს.

– მაშინ, არაფერი მესმის, – ხელები გაშალა ექიმმა ლოიდმა, – გამორიცხვის მეთოდმა კრახი განიცადა.

– რატომ? გააჩნია, თქვენ ვინ გამორიცხეთ. მისის ბანტრი, ვინ მოიტანა მწვანილი სამზარეულოში?

– თავად სილვიამ, სერ ემბროზიმ მას მიანდო ეს საქმე.

– იმ დღესაც სილვიამ მოაგროვა მწვანილი? – დაინტერესდა მის მარპლი.

– ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან მე იმ დროს ვერანდაზე ვიჯექი მის კარპენტერთან ერთად.

– აჰა, ესე იგი, მის კარპენტერიც გამოირიცხა – შუბლი მოისრისა ექიმმა ლოიდმა.

– მე არც მქონდა მასზე ეჭვი, – გაიღიმა მის მარპლმა, – მისის ბანტრი, თქვენ ხომ იცით, ვინ არის მკვლელი. არც მოყვებოდით ამბავს, მართლა უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო. ასეა?

– დიახ, მე ეს ვიცი, მაგრამ, ჯერ თქვენი ვერსია არ მომისმენია.

– სულ ვფიქრობ, რომ მკვლელმა სპეციალურად შეურია მომწამვლელი ბალახი სალათაში, მკვლელობა რომ შეენიღბა. სილვიამ საწამლავის დამატებითი, გაცილებით დიდი დოზა მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

– კი მაგრამ, რანაირად? მის მარპლ, ამით რისი თქმა გინდათ? – გაკვირვებულმა არტურ ბანტრიმ ცოლს გადახედა.

– ახლავე მოგახსენებთ: ორი ქალი და ერთი მამაკაცი – ძალიან ბანალური სამკუთხედია. მე მას ასე შევცვლიდი: ერთი ქალი და ორი მამაკაცი.

– მის მარპლ, კიდევ უფრო დაგვაბნიეთ.

მის მარპლი ექიმს მიუბრუნდა

– ექიმო, თქვენც დაიბენით?

ექიმმა გაუბედავად ჩაახველა.

– ერთი შეხედვით, მკვლელი უცნაურად მოქმედებდა ან მას ბრმად სჯეროდა შემთხვევითობის, მაგრამ, მის მარპლს ვეთანხმები, მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

– დიახ, საქმე დეჰიტალისშია და, კიდევ, სერ ემბროზის იმ დაავადებაში, რომელიც მას აწუხებდა და, დარწმუნებული ვარ, სახლში ამ წამლის დიდი მარაგი ჰქონდა. მან დეჰიტალისის დიდი დოზა სილვიას სასმელში ან წვნიანში შეურია – ამას არ აქვს მნიშვნელობა, დანარჩენებმა კი წამლის მცირე დოზა ბალახიდან მიიღეს.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ სერ ემბროზმა თავად მოწამლა სილვია? კი მაგრამ, რატომ? – შესძახა მისტერ ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ უყვარდა ის და ჯერისთვის არ ემეტებოდა. ძალიან ძნელია, როცა ამ ასაკის მარტოხელა მამაკაცს ვინმე შეუყვარდება. ასეთ დროს ის ყველაფერზეა წამსვლელი. ჯერის შესაძლებელია, არც კი სცოდნოდა სერ ემბროზის გრძნობების შესახებ. რომც სცოდნოდა, არც იეჭვიანებდა, ასეთი ახალგაზრდა კაცები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში. თანაც, მას რეზერვში მეორე ქალიშვილიც ჰყავდა.

– მის მარპლ, მე აღფრთოვანებული ვარ. როგორ ზუსტად მიხვდით ყველაფერს! დიახ, მკვლელი სერ ემბროზია. ის სილვიას დაღუპვიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და სიკვდილის წინ წერილი მომწერა. მე და მოხუცი ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. მისი წერილი დანაშაულის აღიარება იყო. ეტყობა, ამ ამბავმა მისი აღსასრული დააჩქარა.

– სამოც წელს გადაცილებული რომეო... – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მის მარპლმა – მან ყველაფერი წინასწარ ჩაიფიქრა. ჯერ წინააღმდეგი იყო ახალგაზრდების ქორწინების, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწია და მაშინ მკვლელობაზეც კი წავიდა. მან თვითონ დაკრიფა მწვანილი და სილვიას სამზარეულოში გაატანა... ოჰ, ეს სიყვარული ადამიანს ზოგჯერ ისეთ საშინელებებს ჩაადენინებს...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი