რომანი და დეტექტივი

ფშაველი ვაჟა

№20

ავტორი: ნინო ქოქოსაძე 23:30 19.05, 2023 წელი

ვაჟა ფშაველა
დაკოპირებულია

ვიწყებ. იყო და. . .

იყო და იქნება, ან რა გამოლევს ქვეყნად ჩემისთანა იდიოტებს?

ვცხოვრობ მარტო. ცოლს მაშინ მოვიყვან, როცა კარგ სამსახურს ვიშოვი. ეს კი, იმედია, დიდხანს არ მოხდება, ამიტომ დარდის გასაქარვებლად ვსვამ. . . ხანდახან.

ზუსტად ცამეტი დღის წინ – ზუსტად კი იმიტომ მახსოვს, რომ ეგ თარიღი პირადობის მოწმობაში მიწერია, მე და ვაჟამ შევუბერეთ. ვაჟა ფშაველია. მის დახასიათებას ორი ასპექტი სჭირდება: სიფხიზლე და სიმთვრალე. ფხიზელი ვაჟა მთვრალი ვაჟასაგან ისე განსხვავდება, როგორც ორივე ერთად ვაჟა-ფშაველასგან.…

დათვრა და დაიწყო „ბუინი“. აივანზე გავარდა, უნდა გავფრინდეო, თანაც, ღრიალებდა, მეფე ლომი ვარო. ძლივს დავარწმუნე, რომ ლომები არ ფრენენ.

მერე აბაზანაში ჩაიკეტა. არ ვიცი, რა იჩალიჩა, მაგრამ ცოტა ხანში იქიდან თავიდან ფეხებამდე სველი გამოვარდა. ცენტრალური „ვენტილიდან“ კი, გეიზერივით ასხამდა წყალი. არ ჯობდა, გაფრენილიყო? ახია ჩემზე!

უშველოს ღმერთმა, ზედა მეზობელი მყავს – გივი, ოქრო კაცი, ყველაფერი რო გამოსდის ხელიდან. რაღა უნდა მექნა, მივადექი. არა და ღამის 4 საათია.

ჩამოვიდა თავისი „რაზვადნოი კლუჩით“ (ქართულად არ ვიცი, რა ჰქვია) და გადაკეტა წყალი, მარა ჩაირეცხა ორი სართული. ამასობაში ქვედა მეზობელი ამოვარდა გინებ-გინებით. იქამდე ილანძღებოდა, სანამ ცივი შხაპისაგან შეფხიზლებულმა ვაჟამ გივის „კლუჩს“ არ წამოავლო ხელი და არ გამოეკიდა.

მოკლედ, ამბავი იყოოო...

რამდენიმე მძიმე დღის შემდეგ, ვაჟა ოჯახში დააბრუნეს. სულ დამავიწყდა, მეთქვა, ვაჟა ჩემი პირადი ლტოლვილი იყო სამი კვირის განმავლობაში. სახლიდან სიდედრის მკვლელობის მცდელობის გამო გამოაგდეს. აკი მოგახსენეთ, რა ბედნიერი სიმთვრალეც აქვს.

ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან მოსულს, სადარბაზოსთან საკუთარი 10 წლის ვაჟი, ნიკუშა დახვდა და ფრიად საიდუმლოდ გაანდო: ბებიამ ლუდზე გამომაგზავნა, ეთერა მერძევემ ასწავლა, თუ გინდა, შენმა სიძემ სასმელზე სამუდამოდ აიღოს ხელი, ლუდში ლეკვის ფსელი ჩაურიეო, ჰოდა ლეკვი გუშინ ამომაყვანინა ეზოდან... ახლა ლუდზე გამომიშვა, მაგას ჰგონია, მე არაფერი ვიცი, მოკლედ, ფრთხილად იყავიო.

წარბიც არ შეუხრია ვაჟას. ავიდა სახლში. ნიკუშას ამოტანილი ლუდი სიდედრმა სამზარეულოშივე გახსნა, კაი ბარმენივით ჩამოასხა და სიძეს გამოურბენინა.

– რატომ წუხდებოდით ასეო, აქეთ ვაჟა დადნა და კათხა ჩამოართვა.

ნიკუშას ფერი დაეკარგა. ვაჟამ კარგა ხანს ატრიალა ხელში ჭიქა და როცა სიდედრს ის ის იყო მოთმინების ძაფი უწყდებოდა... ერთი ყლუპი მოსვა.

ყველაფერი უცბად მოხდა... ვაჟამ ჩაიმუხლა, მერე ოთხზე დადგა, სიდედრის მუხლებთან მიფორთხდა და ყეფა დაიწყო. საწყალმა ქალმა ერთი შეჰკივლა და გულწასული ჩაიკეცა...

სიდედრი საავადმყოფოში მოხვდა. ვაჟა – ჩემთან.

***

გუშინ საღამოს, როგორც იქნა მარტო დავრჩი. მშვიდობიანად დავლიე, ამჟამად ჩაი და დავწექი გამოსაძინებლად. შუაღამისას ტელეფონი აწკრიალდა. არ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ გაჩერდა?

– თაზო, გივი ვარ, შენი ზედა მეზობელი. ბოდიში მარა, ახლა ჩემთან გასკდა მილი და თუ ძმა ხარ „კლუჩი“ რო დამრჩა შენთან ამომიტანე და თუ რამე გაქვს კიდე სახლში მაგის მსგავსი, წამოიღეო.

აივანზე რკინის ყუთი მეგდო, ძველი ლურსმნები და იარაღები მეყარა. ვტაცე ხელი და გავვარდი.

ზარი რომ დავრეკე, გულმა რეჩხი მიყო. ისეთი საეჭვი სიჩუმე იყო კარებს უკან, მარა რაღა დროს... კართან ფლოსტების ხმა რომ გავიგონე და გივიმ ნამძინარევი ხმით, სწორედ მაშინდელივით, რომ იკითხა „ვინ არისო“, მხოლოდ მაშინ მივხვდი – რა მილი, რის მილი, ვაჟას ხმა იყო!

რაღას ვიზამდი, გააღო გივიმ კარები.

– რა იყო, თაზო, ახლა რაღა გჭირსო?

თან, ისევ ღამის ოთხი საათია.

– არაფერი, „კლუჩი“ დაგრჩათ ჩემთან და მოგიტანეთ-მეთქი.

შემომხედა? მამალ გიჟს რო შეხედავენ.

– კაი მარა, ეს ამდენი იარაღი და ლურსმანი რაღად გინდაო.

ესენი სხვა მეზობლებისგან მაქვს ნათხოვარი და ვარიგებ-მეთქი.

კაი, შვილო, ნუ ნერვიულობო.

ოქრო კაცია გივი! ვაჟას კი, დედა უნდა მო.....ა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი