რომანი და დეტექტივი

დიასახლისის ამბოხი

№28

ავტორი: ნია დვალი 20:00 22.07, 2022 წელი

დიასახლისის ამბოხი
დაკოპირებულია

მაიამ ტელეფონს დახედა: უკვე დილის ოთხი საათი იყო, მერე თავის ქმარს გადახედა – მშვიდად ფშვინავდა, სადღაც ხვრინვასა და სუნთქვას შორის და თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მარიკა ჯერ არ იყო სახლში, მაინც ადგა და შეამოწმა. შემოსასვლელში შუქი ისევ ენთო და მარიკას ოთახი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო. ტელეფონი თან ჰქონდა, ისევ დაურეკა. მარიკამ ისევ არ უპასუხა. მაია არ ნებდებოდა. როგორც იქნა, მარიკამ უპასუხა: ხომ გითხარი, რომ მოვალ?! რამდენჯერ უნდა დამირეკო?! საქმე არ გაქვს?! დაწექი და დაიძინე, რა?! პატარა ვარ?! აღარ დამირეკო, იცოდე, გამოვრთავ ტელეფონს, – მიაძახა დედამისს და გათიშა. მაგრამ მაიამ ისევ აკრიფა შვილის ნომერი. მარიკა არ პასუხობდა, ამიტომ ამჯერად შეტყობინება გაუგზავნა: „ნახევარ საათში არ იქნები და მამაშენს ვაღვიძებ. ვიცი, სადაც ხარ, თმით მოვათრევინებ შენს თავს“. სამზარეულოში გავიდა და შუქი აანთო.

იცოდა, რომ მარიკა ტელეფონს არ გამორთავდა და არც მისი ნომრის დაბლოკვას ჰქონდა აზრი, დედამისი დაფარული ნომრით მაინც დაურეკავდა, სულელი ტელეფონი კი ვერ მიხვდებოდა, რომ ეს დაბლოკილი ნომერი იყო დაფარული და ზარს მიიღებდა. მაია იმითაც მშვიდდებოდა ხოლმე, რომ შვილის ტელეფონზე მისი ზარი გადიოდა. ხვდებოდა, რომ სისულელეს სჩადიოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, ვერ იძინებდა, შვილი რომ აგვიანებდა სახლში მოსვლას. არადა მარიკა, საცაა, 22 წლის გახდებოდა, მაგრამ მაია მაინც ვერ ეგუებოდა მის თავნებობას. იჯდა და ელოდა, თან, ამასწინანდელ დიალოგს იხსენებდა:

– დე, საერთოდ არ მენდობი? – ჰკითხა შვილმა და თვალებში ჩააშტერდა.

მაიამ მაშინვე, დაუფიქრებლად უპასუხა: როგორ არ გენდობი, საიდან მოიტანე?!

– აბა, სულ რატომ მირეკავ? არავის ურეკავენ, მხოლოდ შენ რეკავ ჩემთან დაუსრულებლად. დაგითვლია, დღეში რამდენჯერ?

მაია უხერხულად შეიშმუშნა.

– არ ვიცოდი, თუ ეს გაწუხებდა.

– ძალიან მაწუხებ, დედა, ძალიან! მარტო შენ გიყვარს შვილი და სხვას, ყველას, ფეხებზე ჰკიდია?! – მარიკა დაძაბული ლაპარაკობდა.

– ყველა თავისებურად გამოხატავს წუხილს, მე ასე გამოვხატავ და საიდან მოიტანე, რომ არ გენდობი?! შენ როგორ არ გენდობი?! მაგრამ არ ვენდობი შენს გამოუცდელობას. არსებობს სიტუაციები, რომლებშიც შეიძლება, უნებლიეთ მოხვდე და ამან დაგაზარალოს.

– და დღეში ასჯერ რომ დამირეკავ, ისეთ სიტუაციებში აღარ მოვხვდები?! – ისევ დააშტერდა მარიკა.

– არ ვიცი. მგონია, რომ ასე გვიან არ უნდა ბრუნდებოდე სახლში. ან რას აკეთებთ იმ კლუბებში ამდენ ხანს?

– ოდესმე ახალგაზრდა იყავი? რამე გახალისებდა ცხოვრებაში, იმას გარდა, რომ სახლი გელაგებინა და სადილი გეკეთებინა და გერეცხა?

– კარგი, არც გავრეცხავ, არც დავალაგებ და არც სადილს მოვამზადებ, – მშვიდად მიუგო მაიამ.

– ძალიან კარგს იზამ. წადი, გაერთე, სალონში გაიარე, ყავა დალიე, დაქალებს შეხვდი. ზიხარ სახლში ბუსავით და მეც არ მაძლევ ცხოვრების საშუალებას.

– მე არ გაძლევ ცხოვრების საშუალებას? – მაიას ცოტა აკლდა გაცეცხლებამდე.

– ჰო, შენ. ვიხრჩობი უკვე ამ შენი ზრუნვით, ჰაერი აღარ მყოფნის, დავიღალე. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ აჯობებდა, ბავშვთა სახლში გავზრდილიყავი, – ამოიოხრა მარიკამ.

მაიას არაფერი უპასუხია, იმ იმედით, რომ მარიკა მიხვდებოდა, რა სისულელე თქვა და გამოასწორებდა, მაგრამ მარიკა დუმდა და ძალიან კმაყოფილიც ჩანდა – როგორც ჩანს, ამოთქვა ის, რაც დიდი ხანია, აწუხებდა.

– მე ჩემი მოვალეობები მაქვს და ისე ვიქცევი, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, – მტკიცედ უთხრა შვილს.

– ჰოდა, მიხედე შენს ცხოვრებას, შენს ქმარს, მე თავი დამანებე და დღეში ასჯერ აღარ დამირეკო, – მარიკამ თავისი ოთახის კარი მიიჯახუნა და ჩაიკეტა.

– ნეტავ, მართლა ასე ვაბეზრებ თავს? – თავის თავს ხმამაღლა ჰკითხა მაიამ, – ან როდის დავუშვი შეცდომა, როდის გამექცა ხელიდან შვილი?! – თავისი ნააზრევის მეორე ნაწილი გულში წარმოთქვა და საათს დახედა, ხუთი სრულდებოდა... ამიტომ ისევ დაურეკა შვილს. მარიკამ გაუთიშა. მაიამ მისწერა: „მამაშენი გაიღვიძებს და რომ არ დახვდები, მე ხელს არ დაგაფარებ. ვიძინებ. შენ თვითონ მოაგვარე მასთან პრობლემა“. და თავისდა გასაკვირვადვე, ტელეფონი გამორთო. საძინებელში არ შესულა, კაბინეტში გავიდა: კაბინეტი ერქვა, თორემ მხოლოდ მაია შედიოდა და ალაგებდა, ტახტზე წამოწვა, ფარდა ჩამოაფარა, რადგან აისი უკვე ეპარებოდა ცას და მკვდარივით დაიძინა.

როდესაც გაეღვიძა, უცებ ვერ გაიაზრა, სად იყო, გარემო რომ არ ეცნო, დაფეთებული წამოხტა, მაგრამ მალევე მიხვდა: ნეტავ, მოვიდა მარიკა?! – გაეფიქრა, ვაჟასთან უსიამოვნო საუბრის თავი არ ჰქონდა და კარისკენ გაიქცა. უცებვე შედგა: მარიკას იმიტომ ვაკონტროლებ, რომ ვაჟასგან არ მინდა შენიშვნების მიღება, თუ მარიკას ამბავი მაინტერესებს?! – თავადაც ვერ მიხვდა, საიდან გაუჩნდა ეს აზრი. ამიტომ კართან შეყოვნდა: რამდენი ხანია, საკუთარ თავთან მარტო არ დარჩენილიყო და ეს მარტოობა ესიამოვნა, არადა, ფაქტობრივად, თითქმის ყოველთვის მარტო იყო.

იკითხავთ: როგორ იყო მარტო, როდესაც ქმარ-შვილი ჰყავდა?! რა თქმა უნდა, ფიზიკურად მარტო არ იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაიას მშობლებიც ჰყავდა, ერთი ბატალიონი ნათესავებიც: დეიდა-ბაძა-ბიცოლა-მამიდებისა და მათი ნაგრამის თამადობით და მეგობრებიც, თუ მთლად დივიზია არა, სრულად შევსებული ოცეული მაინც.

მაგრამ მაიას ფიქრისთვის ამდენი დრო არ ჰქონდა, ამიტომ ისევ კარს მიუბრუნდა და კაბინეტიდან გავიდა. პირველი, რაც გააკეთა, შვილის ოთახის კარი შეაღო – მარიკას ეძინა. შემდეგ საკუთარ საძინებელში შევიდა: ვაჟა ამდგარიყო. სამზარეულოში გავიდა: იქაც არავინ დახვდა.

– ამ კვირა დღეს სად უნდა წასულიყო? – ჩაილაპარაკა და თავის ტელეფონს დაუწყო ძებნა. უცნაური დილა იყო: მხოლოდ ტელეფონით მაქვს ურთიერთობა საკუთარ შვილთან და ქმართან?!

მაიამ ახლაღა შეამჩნია, რომ ოჯახის წევრებს, ძირითადად, ტელეფონზე ელაპარაკებოდა, ეკითხებოდა, როდის მოვიდოდნენ და, როდესაც მოდიოდნენ, მაიას არც კი ელაპარაკებოდნენ, ვინაიდან ლაპარაკად ვერ ჩაითვლება იმის დაზუსტება, თუ სად არის ტანსაცმელი, რა არის სადილად, სუფრა გაშლილია, ეს გარეცხილია და მისთანანი.

– ვერც კი შეამჩნიეს, რომ არ ვიყავი? – ჰკითხა მაიამ საკუთარ თავს და პასუხი აღარ გაუცია (თორემ, აბა, რა დიდი მიხვედრა უნდოდა იმას, რომ არც კი მოისაკლისეს და არც იმით დაინტერესდნენ, სად იყო მაია?!), იმიტომ რომ ამასობაში სამზარეულოში შევიდა და ასალაგებელი მაგიდა დახვდა: ვაჟას ესაუზმა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაგიდაზე დაეტოვებინა. მაიამ ავტომტურად დაიწყო მაგიდის ალაგება და ჭურჭლის რეცხვა. რომ დაასრულა, საძინებელში გადაინაცვლა: იქაც, ბუნებრივია, ყველაფერი მიყრილ–მოყრილი იყო (კაცი ხომ არ დაალაგებდა?!). შემდეგ აბაზანას მიაშურა – იქაც იგივე სურათი დახვდა. იქაურობაც დაალაგა. უცებ ძალიან მოშივდა და გაახსენდა, რომ შიმშილის შეგრძნება უდროო დროს იმის გამო ჩნდება, რომ ადამიანს სიყვარულის მოთხოვნილება აქვს. თუმცა უდროო დრო ნამდვილად არ ყოფილა, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ოჯახის დიასახლისს მართლაც მოშივდა (როგორც ბიძია ფროიდი ამბობდა, კოვზი ხანდახან ნიშნავს მხოლოდ კოვზს და ყოველთვის არაა ფალოსის სიმბოლო). მაგრამ საუზმობა მალევე გადაიფიქრა და ჯერ შხაპი მიიღო, დიდხანს ეძება სახის კრემი, რომ ვერ იპოვა, მარიკას სახის კრემს დასწვდა და სახეზე დაიტანა (ასე პირველად მოიქცა!). მადა ჭამაში მოდისო და, ტანის ლოსიონსაც დასწვდა, რა თქმა უნდა, მარიკას ლოსიონს და სხეულზე შეიზილა. აბაზანის ხალათი მოისხა და სამზარეულოში გავიდა. რატომღაც, მოუნდა, რომ თავისი თავისთვის ლამაზი საუზმე მოემზადებინა, რითაც ყოველთვის ანებივრებდა ქმარ-შვილს, თავად კი, როგორც წესი, ნარჩენებს ჭამდა – არა, მათი თეფშებიდან კი არ აგროვებდა საჭმელს?! იმას მიირთმევდა, რაც მათ დარჩებოდათ საერთო თეფშზე, რაც უკვე ცივი და ცოტა გემოდაკარგულიც იყო ხოლმე.

საუზმე გაიმზადა, დიდი არაფერი: დაჭრა სალათა, არც ზეთისხილი დავიწყებია, პური გახუხა, კვერცხის გლაზურიც მიაყოლა და რძიანი ყავაც დაისხა. ვაჟასთვის არ დაურეკავს, რომ ეკითხა, სად წავიდა, როდის დაბრუნდებოდა და რა დაეხვედრებინა სადილად ან ვახშმად. ერთი სიტყვით, კვირა უქმე დღედ გამოაცხადა.

დარწმუნებული არ იყო, რომ ეს ენთუზიაზმი დიდხანს გაჰყვებოდა, მაგრამ სადილის გაკეთება ძალიან ეზარებოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ წუთას. როდესაც დანაყრდა, მაგიდა აალაგა და მიხვდა, რომ არანაირი საქმე აღარ ჰქონდა.

– ესე იგი, გამოდის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სახლის დალაგება, ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა და საჭმელების მომზდებაა? – მოულოდნელად დაუსვა შეკითხვა თავის თავს.

დიახ, ზუსტად ასე გამოდიოდა, რაც მაიას არ ესიამოვნა. ისევ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა და მეხსიერება კარგად მიქექ–მოქექა...

***

მაია თავისი მშობლების ერთადერთი ქალიშვილი იყო. სტანდარტული ოჯახი ჰქონდათ: მამა, პროფესიით, ინჟინერი ჰყავდა, თუმცა თანამდებობის პირი, დედა – სტომატოლოგი, მათ სახლში ყოველთვის სიმშვიდე სუფევდა. მშობლები არ ჩხუბობდნენ, შვილს კარგად ექცეოდნენ, უბრალოდ, ხშირად უტოვებდნენ ბებიებს – კვირამონაცვლეობით დედის ან მამის დედას, ვინაიდან თავად გართობა უყვარდათ, ამიტომ ხან სტუმრები ჰყავდათ, ხან კი სტუმრად მიდიოდნენ, მაია კი ამ განრიგში ვერ ეწერებოდა. მაია არც ცუდად სწავლობდა და არც კარგად, თუმცა საშუალოზე უკეთ. საერთოდაც, ბავშობიდან მიეჩვია, ყოფილიყო ყველაფერში საშუალო, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილი იყო: არავის ეჩხირებოდი თვალებში. როდესაც დამამთავრებელ კლასში გადავიდა, მშობლებმა მოახსენეს, რომ პედაგოგი უნდა გამოსულიყო. მაიამ იუარა, იმიტომ რომ არასდროს უფიქრია მასწავლებლობაზე, მაგრამ, ვინაიდან ფრანგული კარგად იცოდა (ბებიამისის ხანდაზმული მეზობელი ქალბატონის დამსახურებით), მშობლებს სთხოვა, იქნებ ამ განხრით ვიპედაგოგოო და რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, მშობლები დათანხმდნენ, მაგრამ მაია მაშინ ვერ მიხვდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო ყოველთვის, ვინაიდან მშობლები მის მაგივრად იმიტომ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომ მათი შვილი არასდროს იჩენდა ინიციატივას.

უცნაურად მოგეჩვენებოდათ, რატომ ისწავლა მაიამ ფრანგული (ალბათ, ერთადერთი რამ, რაც კარგად იცოდა), მაგრამ, სინამდვილეში, უცნაური არაფერი იყო: უცხო ენაზე საუბარი მაიას ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებდა. ამ ენით მან თავისი სამყარო შექმნა, სადაც თავისი მეც გამოძერწა და თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი – წყალში.

პირველ წელსვე მოეწყო და სტუდენტობა ძალიან მოეწონა, იმიტომ რომ ენა კარგად იცოდა და ამ მიზეზით საშუალოზე ბევრად მაღალი ნიშა დაიკავა (ბუნებრივია, უნებლიეთ). ახალმა ცხოვრებამ გაიტაცა, გეგმებიც კი დააწყო, მაგრამ თავად ცხოვრებამ სხვაგვარად განსაჯა. არა – კი არ განსაჯა, უბრალოდ, გამოცდა მოუწყო იმის შესამოწმებლად, მართლაც უნდოდა თუ არა მაიას ახალი ცხოვრება და ამიტომ ავანსცენაზე გამოჩნდა ვაჟა, რომელიც მაიაზე 3-4 წლით უფროსი იყო. ისიც სწავლობდა და საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილიც გახლდათ. რაკი მაიას გამოცდილება აკლდა, მან თავის ფრანგულად გამოძერწილ ახალ ცხოვრებას ვაჟასთან ერთად ახალი ცხოვრება არჩია. მაშინ არ მიაქცია დიდი ყურადღება, თუმცა მამამისმა ჰკითხა: დარწმუნებული ხარ, რომ 18 წლისას გინდა გათხოვებაო. მაია ისე იყო გატაცებული ვაჟათი, რომ ამ კითხვას არ ჩაღრმავებია. სწავლისთვის თავი არ დაუნებებია, მაგრამ ისევ საშუალო ნიშამდე ჩამოქვეითდა. ცოდვა გამხელილი ჯობს და, მაიამ იქ თავი უფრო დაცულად იგრძნო – იმიტომ რომ გასაშუალოება პრობლემებს არ ქმნის; არავის აწუხებ და შენც არავინ გაწუხებს. მოკლედ, მაია იქცა ჯერ ვაჟას ცოლად, შემდეგ – მარიკას დედადაც და, საბოლოოდ, დიასახლისად, რომლის პასიურ მეხსიერებას ახსოვდა საყვარელი ფრანგული ენა, მაგრამ ბაგეებს – უკვე აღარ.

***

მაია წარსულიდან სატელეფონო ზარმა გამოაფხიზლა. ვაჟა რეკავდა:

– ქმარი არ უნდა მოიკითხო?

– არ შეგაწუხე, – არ დაიბნა მაია.

– ოჰ, ეს რაღაც ახალია. ბიძინა ხომ გახსოვს, ჩემი ჯგუფელი? – ჰკითხა ვაჟამ.

– რომელი ბიძინა? – ვითომ ვერ გაიხსენა მაიამ.

– რომ ნახავ, გაგახსენდება. ჰოდა, დღეს ჩამოვიდა, დავხვდით და საღამოს ჩვენთან მოვალთ, შენებურად დატრიალდი, – და ვაჟამ ტელეფონი გათიშა, ისე, რომ არც კი დალოდებია მაიას პასუხს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი