რომანი და დეტექტივი

ჭრელი ლენტი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.07, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23-25(1121)

ჩემი მეგობრის სუნთქვაც კი არ მესმოდა. საწოლის ბოლოში, თვალებდაჭყეტილი და ჩემსავით დაძაბული იჯდა. დაჰკრა თორმეტმა, პირველმა, ორმა, სამმა, ჩვენ კი ვისხედით და უსაზღვროდ ველოდით. უეცრად სანიავოდან სინათლის სხივმა გაიჭიატა და იმწამსვე გაქრა. მას თან მოჰყვა დამწვარი ზეთისა და გაცხელებული ლითონის სუნი. ვიღაცამ მეზობელ ოთახში მაშუქი აანთო. მერე მცირე ხმაურიც მომესმა, მაგრამ მალე ყველაფერი ისევ მყუდროებამ მოიცვა, მერე კიდევ გაისმა ძალიან ნაზი ხმაური, რომელიც ცეცხლზე მდგარი ქვაბის ხუფიდან ამომავალ ორთქლის შიშინს წააგავდა. ამ ხმის გაგონებაზე ჰოლმსი ადგილიდან წამოვარდა, ასანთი გაჰკრა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სანიავოდან ჩამოშვებულ თოკს ჯოხით ცემა დაუწყო.

– ხედავთ, უოტსონ? ხედავთ? – მიყვიროდა იგი.

მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი. იმ მომენტში, როცა ჰოლმსმა ასანთს გაჰკრა, ნათლად გავიგონე ხმადაბალი სტვენა, მაგრამ უეცრად ანთებულმა სინათლემ თვალი მომჭრა და ვეღარც იმას მივხვდი, რატომ უშენდა ჯოხს ჰოლმსი ასე გაშმაგებით სანიავოდან დაშვებულ თოკს. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ჩემს მეგობარს სახე მკვდარივით გაფითრებული ჰქონდა და აუწერელი ზიზღი აღბეჭდვოდა.

ჰოლმსმა ჯოხის ცემა შეწყვიტა და დაჟინებით მიაცქერდა სანიავოს. უცებ ჰაერი განწირული ადამიანის ისეთმა გამაყრუებელმა ღრიალმა გააპო, როგორიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მომისმენია. ღრიალი თანდათანობით ძლიერდებოდა და მასში არა მარტო შიში და დრტვინვა, არამედ მრისხანებაც გაისმოდა. ამ ღრიალმა არა მარტო სოფლელების, არამედ ძალიან შორს, განმარტოებით მდგარ მღვდლის სახლამდეც მიაღწია და ყველანი შიშისაგან დაფეთებულები, ფეხზე წამოჰყარა. მე და ჰოლმსი ერთმანეთს მანამდე მივჩერებოდით, ვიდრე ღრიალის ექოც კი არ მიწყდა.

– რა მოხდა? – ვიკითხე სულშეხუთულმა.

– ის მოხდა, რომ თამაში დამთავრდა, – მიპასუხა ჰოლმსმა, – აიღეთ თქვენი რევოლვერი და როილოტის ოთახში შევიდეთ.

ჰოლმსმა ლამპა აანთო და მე შევნიშნე, რომ სახეზე კვლავ მკვდრისფერი ედო. ტალანს გავუყევით. ექიმის საძინებელი ოთახის კარზე დავაკაკუნეთ. მაგრამ შიგნიდან არავინ გამოგვპასუხებია. მაშინ ჰოლმსმა სახელური გადაატრიალა და ოთახში შევიდა. მეც უკან მივყევი.

ჩვენ თვალწინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. მაგიდაზე იდგა ფარანი, რომელიც სეიფის ნახევრად ღიად დატოვებულ კარს სინათლის სხივებს აფრქვევდა. მაგიდის გვერდით დადგმულ ხის სკამზე ექიმი გრიმესბი როილოტი იჯდა. ტანზე ეცვა გრძელი რუხი ფერის ხალათი, რომლის ქვეშ, შიშველ ფეხებზე, თურქული, წითელი ფერის, უქუსლო ქოშები მოუჩანდა. მუხლებზე სწორედ ის შოლტი ედო, რომელმაც დღისით, ოთახის დათვალიერებისას, ჰოლმსის ყურადღება მიიქცია. ნიკაპი როგორღაც მაღლა აეწია და თვალები უაზროდ, ჭერისთვის მიეშტერებინა. მის გამოხედვაში საშინელი, გახევებული სისასტიკე ისახებოდა. თავზე რაღაც უჩვეულო, ყავისფრად დაწინწკლული ჭრელ-ყვითელა ლენტი ეხვია. ჩვენი შესვლა თითქოს არც კი გაუგიაო, როილოტი არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია.

– ჭრელი ლენტი... წინწკლებიანი ლენტი... – ჩურჩულებდა ჰოლმსი.

მე ნაბიჯი წინ წავდგი თუ არა, როილოტის უცნაური თავსამკაული ამოძრავდა და მისი თმიდან, თითქოს ალმასი ამოცურდაო, თავი გველმა წამოყო.

– ჭაობის ჭრელი გველი! – დაიყვირა ჰოლმსმა, – ეს ხომ სიკვდილის მთესველი ინდური უწმინდურია. კბენიდან ათი წამის მერე გაუცხებინებია სული. ტყუილად არაა ნათქვამი: ვინც მახვილს აღმართავს, მახვილითვე განიგმირებაო. ჯერ უწმინდური თავის ბუნაგში შევაგდოთ, მერე მის სტონერი საიმედო ალაგას დავაბინაოთ და მომხდარი ამბავი პოლიციას შევატყობინოთ.

ეს თქვა და გარდაცვლილის მუხლებიდან შოლტი აიღო, გველს ელვის სისწრაფით ჩამოაცვა კისერზე მარყუჟი, გაჭიმული ხელით საზიზღარი ტვირთი სეიფთან მიიტანა, შიგ შეაგდო და კარი გადაუკეტა.

ასეთი გახლავთ ექიმ გრიმესბი როილოტის სიკვდილის ნამდვილი ამბავი.

არა მგონია, მკითხველისათვის აუცილებელი იყოს მოვუთხროთ, როგორ შევატყობინეთ სამწუხარო ამბავი შეშინებულ მის სტონერს, როგორ გადავიყვანეთ იგი დილის მატარებლით ჰეროუში და თავის კეთილ, ღვიძლ დეიდას ჩავაბარეთ.

მცირეოდენ წვრილმანებს კი ჰოლმსი უკან დაბრუნებისას, გზაზე მომიყვა:

– მის სტონერის მომაკვდავი დის უკანასკნელმა სიტყვებმა, ჭრელი ლენტიო და გარდაცვლილის მიერ სიკვდილის წინ ასანთის ხმარებამ, ჩემო ძვირფასო, საქმიდან ძალიან მცდარი დასკვნები გამომატანინა. ჩემი არასწორი პოზიცია მაშინ გადავსინჯე, როცა ვნახე, რომ ოთახში მყოფ ადამიანს საშიშროება არც კარიდან და არც ფანჯრიდან არ ემუქრებოდა. როგორც ეს მაშინვე გითხარით, ჩემი ყურადღება იმწამსვე მიიპყრო სანიავომ და იქიდან საწოლისკენ დაშვებულმა თოკმა. რა წუთშიაც ნათელი გახდა, რომ საწოლი იატაკზეა დამაგრებული და ზარი დამუნჯებულია, მაშინვე, მივხვდი, რომ სანიავოდან საწოლისკენ დაშვებულ თოკს მხოლოდ შემაერთებელი ხიდის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. გუმანმა მიკარნახა, რომ საქმე გველთან უნდა გვქონოდა. მით უმეტეს, როგორც ეს მის სტონერის ნაამბობიდან ვიცოდი, ექიმ როილოტს ინდოეთიდან ჩამოყვანილი ბევრი ტყიური სულიერი ჰყავდა. იდეა, რომ საწამლავად ისეთი საშუალება ეხმარა, რომელიც ქიმიური შემოწმების შედეგადაც კი არ დასტურდება, მხოლოდ აღმოსავლეთში ნაწანწალებ, ისეთ უწყალო და შეუბრალებელ ადამიანს შეიძლება, მოსვლოდა თავში, როგორიც ექიმი როილიტი იყო. მისი აზრით, გერების თავიდან მოშორებით ასეთი გზის უპირატესობა იმაშიც გახლდათ, რომ გველის ნაკბენი შეუმჩნეველი იქნებოდა და სიკვდილიც – როილოტისათვის სასურველი შედეგი – ერთბაშად დადგებოდა.

მაძებარს, რომელიც ძალადობით გამოწვეული სიკვდილის მიზეზებს იკვლევდა, უზადო და ყოვლისმხილველი თვალი უნდა ჰქონოდა, რომ გველის ნაკბილარები შეემჩნია. მერე – გარდაცვლილს სტვენის ხმა ესმოდაო – ისიც მომაგონდა და გავიაზრე რომ, როილოტი გველს სტვენით უხმობდა უკან, რათა კვლავ სეიფში ჩაეკეტა და დანაშაულის კვალი დაეფარა. ეტყობა, გველი ასე გაწვრთნილი იმ რძით ჰყავდა, რომელიც ჩვენ ლამბაქზე დასხმული ვნახეთ. იგი უწმინდურს სანიავოსა და თოკის საშუალებით გერების საწოლისაკენ აგზავნიდა, იმ განზრახვით, რომ ერთხელაც იქნებოდა, გველი საწოლზე მყოფ მსხვერპლს უკბენდა და როილოტის მიზანიც ხომ ეს იყო.

ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ მანამდე მივედი, ვიდრე როილოტის ოთახს მოვინახულებდი. როცა მისი სკამი დავათვალიერე, დავრწმუნდი, რომ მას ჩვეულებად ჰქონდა, სკამზე შემდგარიყო და სანიავოს მისწვდომოდა. ხოლო, როცა სეიფი, ლამბაქზე დასხმული რძე და მარყუჟიანი შოლტი ვნახე, ყოველგვარი ეჭვი გაქრა და საშინელ სიმართლეში დავრწმუნდი. ლითონის ღრჭიალის ხმას კი, რომელიც ძილ-მღვიძარე მის სტონერს ჩაესმოდა, ალბათ, სეიფის კარის მიხურვა თუ გამოსცემდა.

როცა გველის სისინის ხმა გავიგონე, ალბათ, თქვენც ასევე მოიქცეოდით, სინათლე ავანთე და ჯოხით დავესხი თავს.

– და იძულებული გახადეთ, უკან, სანიავოსაკენ დაბრუნებულიყო.

– დიახ, იძულებული გავხადე, რომ პატრონისთვის ეკბინა. ჯოხით ცემამ გააღვიძა მასში მიძინებული გველური ინსტინქტები და უკან დაბრუნებულმა, როილოტს უკბინა. ამგვარად, მე ექიმი როილოტის მკვლელობაში ირიბად მირევია ხელი, მაგრამ ეს ჩემს სინდისს მძიმე ტვირთად არ აწევს.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 19.06, 2022 წელი

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 26.06, 2022 წელი

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 03.07, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი