რომანი და დეტექტივი

ბოსი

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.03, 2023 წელი

ბოსი
დაკოპირებულია

– ხომ ყველაფერი გაიგე, სოსო? – ჰკითხა სოსო მდივანს ბადრი კოშაძემ და თვალი თვალში გაუყარა.

– დიახ, ბატონო ბადრი, – მიუგო კოშაძეს მდივანმა.

– მაშინ, თანმიმდევრულად გაიმეორე.

მდივანმა თავი დააქნია და თქვა:

– ვმოქმედებ ჩემი ნამდვილი ვინაობით. ეს კი იმიტომაა საჭირო, რომ ციხეში შეიძლება, ვინმე ნაცნობი შემხვდეს და რომ არ გავიშიფრო. დამაპატიმრებენ შემნახველი სალაროს ძარცვისთვის. რაც არ უნდა მომისაჯონ, მაქსიმუმ, სამ წელიწადში გამომიყვანთ. ამ ხნის განმავლობაში კი შავ სამყაროში ავტორიტეტი უნდა მოვიპოვო. აი, სულ ესაა, ბატონო ბადრი.

– ერთი რამ გამოგრჩა.

– რა, ბატონო ბადრი?

– რა, ჩემო სოსო და ის, რომ მე ვარ შენი კურატორი და ის ერთადერთი ადამიანი, ვინც შენთან კონტაქტს დაამყარებს. ყველა სხვა დანარჩენისთვის შენ ბოროტმოქმედი ხარ და როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, შენი თავი არავითარ შემთხვევაში არ გაამჟღავნო და დახმარება არავის სთხოვო. იცოდე, რომ მუდმივად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები და ექსტრემალურ სიტუაციაში დროულადაც დაგეხმარები.

– ესეც უნდა მეთქვა, ბატონო ბადრი?

კოშაძეს გაეღიმა. მდივანს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– არა. გეხუმრე. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენე და მუდამ გახსოვდეს.

სოსომ ღიმილითვე დაუქნია თავი ბადრი კოშაძეს და უთხრა:

– რა თქმა უნდა, ბატონო ბადრი. ამას რა დამავიწყებს.

– კარგი. ახლა კი წადი სახლში და მილიციის ოპერჯგუფს დაელოდე, რომელიც შენს დასაპატიმრებლად მოვა, – უთხრა კოშაძემ მდივანს და კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა.

ეს კონსპირაციული ბინა ვაკეში, ერთ-ერთი ფეშენებელური საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარეობდა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. მაიორი ბადრი კოშაძე ჩანერგვის სამსახურის თანამშრომელი იყო. უმცროსი ლეიტენანტი სოსო მდივანი კი მილიციის სკოლის კურსდამთავრებული. შავ სამყაროში ჩანერგვის ოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ტარდებოდა და ბადრი კოშაძემ საამისოდ სოსო მდივანი შეარჩია და სპეციალურად მოამზადა.

***

23 წლის სოსო მდივანი ობოლი იყო. დედ-მამა მას 7 წლის წინ სამთო ექსპედიციის დროს დაეღუპა. ბიჭს ბებია ზრდიდა, მაგრამ 2 წლის მერე ისიც გარდაიცვალა და სოსო საბოლოოდ მარტო დარჩა. ამიტომ, ცხოვრებისეული გზა სრულიად მარტომ გაიკვლია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით, როგორც ობოლს, ჯარში სამსახური არ ეკუთვნოდა, ბიჭი ჯარში მაინც წავიდა. იქ ის შინაგანი სამსახურის ქვედანაყოფში მოხვდა. იქიდან კი სოსო, როგორც გამორჩეული და დისციპლინირებული ახალგაზრდა მილიციის სკოლაში მიავლინეს, მილიციის სკოლა მან წარჩინებით დაამთავრა და ბადრი კოშაძემ ბიჭი სწორედ იქიდან წამოიყვანა, რადგან ჩანერგვის ოპერაციისთვის შესაბამის კანდიდატს ეძებდა. სამთვიანი მომზადების შემდეგ კი ბადრიმ სოსო კონსპირაციულ ბინაში დაიბარა, ბიჭს ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და სახლში გაუშვა.

სოსო დიღმის მასივში ცხოვრობდა და ვაკიდან რუსთაველის მეტრომდე ტროლეიბუსით იმგზავრა. მეცნიერებათა აკადემიასთან რომ ჩამოვიდა, ელბაქიძის აღმართიდან მომავალი უზარმაზარი კოლონა შენიშნა. ახალგაზრდები ტრანსფარანტებითა და დროშების ფრიალით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდნენ და როგორც მათი ფრაზებიდან შეიტყო, ისინი მთავრობის სახლის წინ საშიმშილოდ დასხდომას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის დასაწყისი იყო, საღამოს თბილისში ოდნავ გრილოდა. სოსო კი თხელი პერანგით იყო და ოდნავ შესცივდა კიდეც. ამიტომ მან ნაბიჯს აუჩქარა და მეტროს ფოეში სწრაფად შევიდა. ორმოციოდე წუთის შემდეგ სოსო უკვე სახლში იყო და როგორც ის კოშაძემ გააფრთხილა, მილიციის ოპერატიულ ჯგუფს ელოდა. ბიჭი სავარძელში იყო მოკალათებული და თვლემდა. უცებ ის ხმაურმა გამოაღვიძა და თვალები რომ გაახილა, მის წინ აღმართული, „აკაეს-უ-თი“ შეიარაღებული „ომონელები“ დაინახა. სოსოს ბინის კარი ხის იყო და „ომონელებმა“ ის ფეხით შეანგიეს და ბინაში ამგვარად შეიჭრნენ. სოსოს ხელბორკილები დაადეს, ოროთახიანი ბინა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და სარეცხი მანქანის დოლურიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და როლინგისგან შეკერილი ნიღაბი ამოიღეს. აქტი შეადგინეს და ხელბორკილდადებული ბიჭი უფანჯრებო ფურგონში ჩასვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ის ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს და თავგასიებულ, მხარბეჭიან მაიორს „გადაულოცეს“. ის ჯემალ კუტუბიძე იყო და გამომძიებელთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, ვინც წამებითა და ცემა-ტყეპით „ხსნიდა“ საქმეებს. მან ჩასისხლიანებული თვალები მიაპყრო ახალმოყვანილს და უთხრა:

– შენით მოყვები ყველაფერს თუ დაგალილავო და მერე იკადრებ აღიარებას?

– რის აღიარებას, ბატონო მაიორო? – იკითხა სოსომ.

– რისი, შე ნაბიჭვარო და იმისი, თუ როგორ გაძარცვეთ შენ და შენმა პაძელნიკმა სამი დღის წინ სოხუმში შემნახველი სალარო. შენი პაძელნიკი ჩაძაღლდა. შენ გაიქეცი. მაგრამ, სანამ ჩაძაღლდებოდა, ჩაგიშვა. შენი სახელი და გვარი გვითხრა. ფაქტებიც სახეზეა – მასკა და პისტოლეტი. ახლა მხოლოდ იმის გარკვევაა საჭირო, თუ რომელმა მოკალით სალაროში მისული ქალი. ორივეს „მაკაროვი“ გქონდათ და ამას ბალისტიკური ექსპერტიზა დაადგენს. თუ შენ ხარ მკვლელი, „ვიშკა“ არ აგცდება, შენი ნაბიჭვარი დედაც... – თქვა კუტუბიძემ და სოსოს ისეთი მუშტი ჩაარტყა თავში, რომ სხვას, ალბათ, ტვინში სისხლს ჩაექცევდა.

მართალია, სოსო მდივანი კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ასეთი სიუჟეტი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, კრინტიც არ დაუძრავს და უხმოდ იტანდა ჯალათი გამომძიებლის უხეშ „ნაეზდს“.

***

როგორც სოსოს უთხრეს, 1989 წლის 1 აპრილს მან და ვინმე რეციდივისტმა სლავიკ მუკბამ სოხუმის ¹2 შემნახველ სალაროზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს. მართალია, ფული ვერ წაიღეს, მაგრამ სროლის შედეგად დაიღუპა 33 წლის ირინე შერვაშიძე, რომელიც სალაროში ფულის გამოსატანად იყო მისული. ქალი სოხუმში მშობლებს სტუმრობდა. მისი მეუღლე ედიშერ ლომიძე კი წარსულში ცნობილი მოკრივე იყო და თბილისში მწვრთნელად მუშაობდა.

ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასიკვდილო ტყვია იმ პისტოლეტიდან იყო გასროლილი, რომელიც სოსო მდივნის სახლში აღმოაჩინეს. ამგვარად, მას დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული და საქართველოს უმაღლესი სასამართლოს განაჩენს ელოდა. 1989 წლის 23 მაისს უმაღლესმა სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მოხდით მკაცრი რეჟიმის ციხეში 5 წლით და დანარჩენი 10 წლით კი მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. 23 წლის ბიჭს მოსამართლემ დახვრეტა მხოლოდ იმ მოტივით მოუხსნა, რომ პირველ რიგში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი, აგრეთვე, ეს იყო მისი პირველი დანაშაული და ადრე კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა. სულ სასამართლოს სამი სხდომა ჩატარდა და სოსოს ერთხელაც არ აუწევია თავი. მართალია, მოსამართლის შეკითხვებზე ფეხზე დგებოდა, მაგრამ თავჩაღუნული პასუხობდა. ბოლო სხდომას მოკლული ქალის მეუღლე და მისი 16 წლის ვაჟი, გურამი დაესწრნენ. როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა და სხდომა უნდა დაეხურა, ედიშერ ლომიძე ფეხზე წამოდგა და მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა:

– გმადლობთ, ბატონო მოსამართლე, რომ სასიკვდილო განაჩენი არ გამოიტანეთ, – შემდეგ სოსოს მიუბრუნდა და დაუმარცვლა:

– ციხეში თავს გაუფრთხილდი, რომ ცოცხალი გამოხვიდე და ღირსეულად დაისაჯოო.

ამ სიტყვებზე სოსომ თავი ასწია და მამა-შვილს – ედიშერ და გურამ ლომიძეების მგლურ მზერას შეეფეთა. სოსოს არ შეშინებია. მას, უბრალოდ, ძალიან შეეცოდა ისინი. კვლავ თავი ჩაღუნა და ბადრაგს პატიმრებისთვის განკუთვნილი გასასვლელისკენ გაჰყვა. სოსო „კრიტში“ გადაიყვანეს და რეციდივისტების საკანში მოათავსეს. სასამართლოს შემდეგ ეს იყო ჩანერგვის ოპერაციის მეორე საფეხური და სოსო წარმატებით მიდიოდა მიზნისკენ. თანასაკნელებში მან ნდობა და პატივისცემა მოიპოვა და ქალის დაღუპვის გამო სინანულს გამოხატავდა. ექვსთვიანი პატიმრობის მერე სოსო „სვიდანიაზე“ გაიყვანეს და პაემნის ოთახში რომ შევიდა, მას იქ ბადრი კოშაძე დახვდა. მაიორი მღვდლის სამოსში იყო გამოწყობილი და თეთრი ფერის პარიკი და წვერ-ულვაში ჰქონდა.

– მე შენი შორეული ნათესავი ვარ. სულ ათი წუთი გვაქვს დრო და მხოლოდ იმიტომ შემომიშვეს, რომ მღვდელი ვარ – ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ უთხრა მაიორმა სოსოს და დააყოლა – საკმაოდ კარგად ართმევ თავს დავალებას და რომ იტყვიან, გრაფიკს ასწრებ. ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ეგრე გააგრძელე. ყოჩაღ!

– შეკითხვა მაქვს.

– გისმენ.

– მე ხომ მხოლოდ ძარცვისთვის უნდა გავესამართლებინე და მკვლელობა რა შუაში იყო?

– სოსო, ჩვენ საქმეშიაც ხდება ლაფსუსები. თანამშრომელი, ვინც შენს როლს თამაშობდა, არაზუსტად მოიქცა, ტყვია შემთხვევით ქალს მოარტყა და მოკლა. მერე კი გაიქცა. ეს პირველი ლაფსუსი. მეორე კი პისტოლეტი იყო – მუკბას პისტოლეტის მაგივრად მკვლელი პისტოლეტი ჩაგიდეს სახლში. ეს საქმე სხვას ევალებოდა და რომ არ გავშიფრულიყავი, მას ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდა. თუმცა, ნურაფერზე იდარდებ. ერთი, რომ სინამდვილეში არავინ მოგიკლავს და სინდისი სუფთა გაქვს და მეორე – ჩვენი შეთანხმება ძალაშია და ორწელიწად-ნახევარში გარეთ გამოხვალ. ახლა კი წავედი. აბა, შენ იცი, – თქვა კოშაძემ და პაემნების ოთახი დატოვა.

მაიორის ახსნა-განმარტება სოსო მდივანს მაინცდამაინც არ ეპიტნავა, მაგრამ მეტი აღარაფერი უკითხავს. საკანში დაბრუნდა და დავალების შესრულება განაგრძო. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სოსოს არავინ შეხმიანებია. ის წარმატებით აგრძელებდა თავის სამუშაოს და „ბობოლა შავებში“ საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, თუმცა, სულ რაღაც 24 წლის იყო.

1990 წლის 1 ივნისს თბილისში სპეცოპერაციის დროს ბანდიტებმა მილიციის რამდენიმე თანამშრომელი მოკლეს. დაღუპულთა შორის იყო მაიორი ბადრი კოშაძეც, ეს ამბავი ციხეში ერთ-ერთმა „ნადზორმა“ მიიტანა. ის, პარალელურად, პროზექტურაშიც მუშაობდა სანიტრად და როცა პატიმრები სასეირნოდ დახურულ ეზოში გაიყვანა, მაშინ მოუყვა თავის კოლეგას:

– მოწყვეტილი თავი ხერხემალზე ჰქონდა ჩამოკიდებული და მე გავუსწორე. სხვა „ტრუპებთან“ შედარებით ყველაზე საშინელ დღეში ის კაცი იყო. ეტყობა, ბევრი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და ღმერთმა დასაჯა.

– რატომ გგონია? – ჩაეკითხა მეორე „ნადზორი“ კოლეგას.

– იმიტომ რომ, სამინისტროს მაიორი იყო. დაჟე სახელი და გვარიც დავიმახსოვრე. საბუთები მე ამოვუღე ჯიბიდან, – თქვა პირველმა „ნადზორმა“ და დააყოლა, – კოშაძე... ბადრი კოშაძე. კი, კი, სწორედ მაიორი ბადრი კოშაძე ეწერა წითელ ქსივაში.

სოსო მდივანმა ყველაფერი გარკვევით გაიგონა და ელდა ეცა, მუხლიც კი მოეკეცა, მაგრამ რომ არ წაქცეულიყო, დროზე შეიკავა თავი. ისე გამოდიოდა, რომ თუკი მისი კურატორი ბადრი კოშაძე მკვდარი იყო, მაშინ სოსო ყველასთვის ის მკვლელი და მძარცველი იყო, რაც მის საქმეში ეწერა და ციხიდან უკვე ვერავინ იხსნიდა ესე იგი, მას 15 წელი საპყრობილეში უნდა გაეტარებინა და პატიმარივით უნდა ეცხოვრა. ეს რომ გაიაზრა, სოსოს მთელ სხეულში დენმა დაუარა. მაგრამ გაახსენდა, რომ 20 ივნისს ისევ მღვდლის სამოსით პაემანზე უნდა მისულიყო მაიორი ციხეში და სოსოსთვის დამატებითი ინფორმაციები მიეწოდებინა. ამან ცოტა დაამშვიდა სოსო და საკანში რომ დაბრუნდა, ნარზე წამოწვა და ჩაფიქრდა. დანიშნულ დრომდე თვრამეტი დღე იყო და სოსო მდივანი დიდი იმედით ელოდა მაიორის გამოჩენას. მაგრამ კოშაძე დანიშნულ დღეს არ გამოჩენილა. ხოლო 22 ივნისს რადიოში „ხსოვნის საღამო“ გადასცეს. ამ გადაცემაში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ვინაობას ასახელებდნენ. მათ შორის 1 ივნისს დაღუპულთა სახელებიც გამოაცხადეს და მაიორი ბადრი იროდიონის ძე კოშაძეც ახსენეს. ციხეში პატიმრებს მხოლოდ რადიოს მოსმენის საშუალება ჰქონდათ. სოსო მდივნის საკანშიც რადიო იყო ჩართული და ბიჭი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი კურატორი მკვდარი იყო. თავად ის კი – ბედის ანაბარა მიტოვებული და ის ჩანერგვის სამსახურის ოფიცერი კი არ იყო, რომელიც სპეციალურ დავალებას ასრულებდა, არამედ ძარცვა-მკვლელობისთვის ნასამართლევი ბოროტმოქმედი. ფსიქოლოგიურად ასეთი რამ აუტანელი იყო და სოსო, ცოტა არ იყოს, სულითაც კი დაეცა. ამას ისიც დაემატა, რომ სამი დღის მერე მას გამოუცხადეს: რუსეთში ეტაპირებისთვის მოემზადეო. ამ ამბავმა სოსო მდივანი უკიდურესად დააღონა და თითქმის არაფერს ჭამდა. თუმცა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და რომ არავის შეეტყო მისი მდგომარეობა, რაც მის ავტორიტეტს შელახავდა, ისევ ძველებურ „ტალღაზე დადგა“... სოსო 1 ივლისს „კრიტიდან“ საბადრაგო მანქანით რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს და სპეციალურ ეშელონში მოათავსეს, რომელიც პატიმრების ეტაპირებისთვის იყო განკუთვნილი. ბიჭს მთელი ციხე აცილებდა და მას ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ დაწერილი „ქსივები“ მიჰქონდა...

სოსოს პატიმრობიდან სულ რაღაც 15 თვე იყო გასული და მას ჯერ კიდევ ცამეტი წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი