რომანი და დეტექტივი

ბედნიერების ფორმულა

№5

ავტორი: ბაია თაბაგარი 20:00 12.02, 2021 წელი

ბედნიერების ფორმულა
დაკოპირებულია

მელანოს ლამაზი გოგო არ ეთქმოდა, თუმცა არც უშნო და შეუხედავი იყო. სიმპათიური და ძალიან სანდომიანი სახე კი ნამდვილად ჰქონდა, და, კიდევ, საკმაოდ ინტელექტუალური გარეგნობა: ჭკვიანი მზერა, თითქოსდა ოდნავ შეკავებული ღიმილი, თითქმის ყოველთვის დაფიქრებული და ცოტათი სევდიანი სახე... 

ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მხოლოდ უახლოესი მეგობრების წრეში აძლევდა თავს უფლებას, აზრი გამოეთქვა წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით და ემხიარულა. ზოგადად, ყველაფერში დამთმობი, მომთმენი და მიმტევებელი იყო; ძალიან იშვიათად იცოდა კამათი, მაგრამ თავის მოსაზრებას არავისი ხათრით არ დათმობდა, უკან არ დაიხევდა. მორიდებული იყო, მაგრამ მტკიცე და შეუვალი. ვინც ახლოს არ იცნობდა, შეიძლება, დუნე და უინტერესო ადამიანი ჰგონებოდა, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი – მოლხენაც იცოდა, საზოგადოების გამხიარულებაც და ენაკვიმატიც გახლდათ, იუმორით აღსავსე. მისი თავდავიწყებამდე ერთგულება ზოგიერთს „კარგი გოგოს“ როლის თამაში ეგონა, მაგრამ ის არასდროს არავის როლს არ თამაშობდა. მეგობრებისგან რისკიანი ხასიათით გამოირჩეოდა – სხვისთვის მთას გადადგამდა, აი, საკუთარი თავისთვის კი თითსაც არ გაანძრევდა. ისეთი გამხნევება იცოდა, მომაკვდავს სიცოცხლისკენ მოაბრუნებდა. ყველას თანამგრძნობი, მხარში ამომდგომი და იმედის მიმცემი, თავად არასდროს არავისგან ითხოვდა დახმარებას.
პრინციპში, ყველა ძირითად საკითხში გაუმართლა: კარგი მეგობრები ჰყავდა, კარგი სამსახური ჰქონდა, მეზობლებსაც არა უშავდათ, მშობლები ხომ საოცრად სათნო ხალხი იყო. ერთხელაც გადაწყვიტეს, ჩვენ ვუშლით ხელს ჩვენს ერთადერთ შვილს პირადი ცხოვრების მოწყობაშიო და მცხეთაში, აგარაკზე გადავიდნენ საცხოვრებლად. არანაირმა თხოვნამ არ გაჭრა.
– მარტო რომ დარჩები, იქნებ მაშინ მაინც აიწყო პირადი ცხოვრება! – გამოუცხადა დედამ, გადაკოცნა და მამასთან ერთად კარისკენ დაიძრა, – შორს ხომ არ მივდივართ, აქვე ვიქნებით, ყურის ძირში. ხან შენ ჩამოხვალ, ხან ჩვენ ჩამოგაკითხავთ და ეგება ვეწიოთ რაღაცას!
– რა სასაცილო და საყვარელი დედიკო მყავხარ! – გაეცინა მელანოს, მშობლები გადაკოცნა, ლიფტამდე მიაცილა და ბინაში შებრუნდა.
კარი რომ ჩაკეტა, უჩვეულო სიმარტოვე დაეუფლა, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ თურმე ძალიან დიდი ხანია, უნდოდა მარტოდ დარჩენა საკუთარ თავთან და ვინმეს, თუნდაც უსაყვარლესი მშობლების წინაშე პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ცხოვრება.
დაახლოებით ერთი საათი ამაზე ფიქრობდა. მერე კი უცებ სინდისმა შეაწუხა, მობილურს ეცა და დედას დაურეკა:
– მშვიდობით ჩახვედით? ყველაფერი წესრიგში დაგხვდათ? როდის ჩამოხვალთ?
– რამ გადაგრია, შვილო, ჯერ ბარგი არ ამოგვილაგებია! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის. ჯერ კარგა ხანს არ ჩამოვალთ და შენც ნუ დაიწყებ აქეთ-იქით სირბილს. შეიგრძენი ბებრების გარეშე ცხოვრების სიტკბო, გენაცვალოს დედა! დაისვენე, ინებივრე, გაერთე, დრო ატარე, მეგობრებს შეხვდი, ვინმე ნორმალური ბიჭი გაიცანი!
– კარგი, დედა, ნუ შეიჭერი როლებში, როგორმე მივხედავ თავს. მოკლედ, წავედი. აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად მოიქეცით. მამა არ გააბრაზო, იცოდე! – მელანო პასუხს აღარ დაელოდა და ტელეფონი გათიშა. მერე შხაპი მიიღო, ლოგინში ჩაწვა და ძალიან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გიორგის დაურეკა. გიორგი ყურმილს არ იღებდა. მელანომ საათს შეხედა:
– 10 საათია, წესით, ჯერ არ უნდა ეძინოს. ვითომ, გასულია და ზუმერი არ ესმის? – ჩაილაპარაკა თავისთვის და, ის იყო, უნდა გაეთიშა, რომ მობილურში ქალის ხმა გაისმა:
– გისმენთ!
მელანოს ხმა ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა, საიდან.
– თუ შეიძლება, გიორგის სთხოვეთ! – თვითონაც იგრძნო, რომ ხმა დაეძაბა.
– შეიძლება, მაგრამ არ დავუძახებ! – მელანომ თითქოს ცხადად დაინახა ყურებამდე გაჭიმული სქელი ტუჩები და წითელი პომადით დასვრილი კბილები.
– შორენა, ვინ რეკავს? – შორიდან მოისმა გიორგის ხმა.
„ნეტავი ვინ შორენაა? აშკარად არ ვიცნობ“, – გაიფიქრა მელანომ და გულზე მოეშვა, რომ ნაცნობი ხმის პატრონი უცნობი აღმოჩნდა.
– არავინ, – მოკლედ, განმარტების გარეშე უპასუხა იმ ვიღაც შორენამ და ტელეფონი გათიშა.
მელანოს უსიამოვნო გრძნობა დარჩა. ღალატის მაგვარი იყნოსა, ოღონდ, ბოლომდე ვერ გაერკვა, რა მოხდა. ფიქრები აერია, ნერვები აეშალა და ტირილი მოუნდა, მაგრამ ვერ იტირა – თითქოს ცრემლი გაუშრა. უცებ მიხვდა, რომ არავინ და არაფერი აღარ უნდოდა და აღარ აინტერესებდა, მათ შორის, არც გიორგი და არც მისი ღალატი თუ ერთგულება. სულ რამდენიმე წამში ისეთი აპათია დაეუფლა, რომ იგრძნო, როგორ დაიკარგა დროსა და სივრცეში. რამდენიმე წუთის განმავლობაში იჯდა ასე გაოგნებული და იმდენად აღარ გრძნობდა საკუთარ თავს, სარკეში რომ ჩაეხედა, ალბათ, ანარეკლიც არ ექნებოდა. მერე ნელ-ნელა მოეგო გონს და, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ მობილური აიღო და თეკლას დაურეკა:
– ხომ არ იძინებ?
– რა დროს ძილია, ახლა ვიწყებ ფიქრსა და დარდებს, – უპასუხა თეკლამ, – ხომ მშვიდობაა? რაღაც, შენი ხმა არ მომწონს!
– მე არაფრის თავი არ მაქვს. ამიტომ შენ დაურეკე ნატალიკოს და თათულის და სამივე ჩემთან გაჩნდით, რაც შეიძლება სწრაფად!
– მელანო, ნუ მაშინებ, მოხდა რამე?
– არავინ მომკვდარა, მაგრამ, თუ ახლავე არ მოხვალთ, ხვალ, შეიძლება, ჩემი გვამი ჩემსავე ბინაში დაგხვდეს. გელოდებით! ოღონდ, ოჯახები გააფრთხილეთ, რომ ამაღამ ჩემთან დარჩებით!
ნახევარი საათის შემდეგ სამი უახლოესი მეგობარი ქოშინით შეცვივდა მელანოსთან და თითქმის ერთხმად იყვირეს:
– რა ხდება, გაგვაგებინე!
მელანო დაძაბული სახით ჩამოჯდა ერთ-ერთი სავარძლის გვერდით მდგარ სკამზე და მცირეოდენი დუმილის შემდეგ საკმაოდ მშვიდად უთხრა უკვე სავარძლებში მოკალათებულ დაქალებს:
– მგონი, გიორგი მღალატობს.
– რა-ა?! – იყვირა ერთხმად სამივე დაქალმა, – ამის გამო დაგვიხეთქე გულები და ამ შუაღამისას სახლებიდან გამოგვყარე? შენ ნორმალური ხარ, გოგო?!
– აბა, რა მექნა? კინაღამ გავგიჟდი, თან, სახლში მარტო ვარ, ჩემები მცხეთაში გადავიდნენ. თანაც, რა, ეს პატარა მიზეზია?!
– იჩხუბე მოხუცებთან?
– არა, უბრალოდ, წავიდნენ და თავისუფლება და დამოუკიდებლობა მომანიჭეს 30 წლის ასაკში. როგორც იქნა, მიხვდნენ, საწოვარა თუ გადმომივარდება პირიდან, თვითონვე ავიღებ და, ან ისევ პირში ჩავიდებ, ან გადავაგდებ, დედ-მამის დახმარება აღარ დამჭირდება.
– ახლა დალაგებით მოგვიყევი, რა მოხდა.
– რა და, გიორგის დავურეკე და ვიღაც შორენამ მიპასუხა, არ დავუძახებო.
– იქნებ თანამშრომელი იყო?
– არა, ზუსტად ვიცი. თანაც, ღამის 10 საათზე რა უნდა სამსახურში?
– კიდევ რა მოხდა?
– მეტი არაფერი. იმ შორენამ ტელეფონი გამითიშა.
– სულ ეს იყო? – წარბი ლამის თმის ძირებამდე აზიდა თეკლამ, – ეს არის ღალატი?
– ჰო.
– მტკიცებულება გაქვს?
– კი. გული მიგრძნობს.
– იმიტომაც გიჭირს გათხოვება! – გაბრაზდა თათული.
– შენ თუ არ გაგიჭირდა, რა მოიგე? – უბოროტოდ მოუგო ნიშნი ნატალიმ.
– არც არაფერი, შვილის გარდა, – გამოტყდა თათული, – მაგრამ არც შენ გიზის სახლში ჟოფრეი დე პეირაკი.
– ეს ჟოფრეი საიდანღა გაგახსენდა? – თავისი სატკივარი დაავიწყდა მელანოს და გაეცინა კიდეც.
– საიდან – არ ვიცი, მაგრამ, რაც ცხოვრებაში წიგნი წამიკითხავს, ეგეთი პერსონაჟი მამაკაცი არცერთში არ შემხვედრია.
– მაინც, როგორი?
– ჟოფრეი მარტო ლამაზ და დიდებულ ქალებს კი არ ეთაყვანებოდა, ნებისმიერი წრის, ასაკისა და დონის ქალს აღმერთებდა, თან ისე, რომ თითოეული მათგანი მისი სიყვარულით იყო გაგიჟებული, რადგან ყველაზე უბადრუკი მათხოვარი გოგოც კი ნამდვილ ქალბატონად გრძნობდა მასთან თავს. ისეთი რაინდული და გალანტური იყო ქალებთან, მათი თანდასწრებით არათუ უწმაწურ, ოდნავ უხეშ სიტყვასაც კი არ იტყოდა, – თათული როლში შეიჭრა, თვალები დახუჭა და ისეთი ნეტარი სახე მიიღო, აშკარად წარმოიდგინა მის წინ დაჩოქილი პეირაკი და ბედნიერებისგან ისე დაეხვა თავბრუ, რომ კინაღამ სავარძლიდან გადმოყირავდა.
თათულის უცებ ისტერიული სიცილი აუტყდა, მერე ჩაბჟირდა და ხველა დაეწყო. მელანომ ჭიქით წყალი მიაწოდა და ბეჭებზე ხელი მიუტყაპუნა.
– რა გჭირს, არ დაიხრჩო! – ღიმილით უთხრა და ინტერესით მიაჩერდა, – ჩვენც გაგვაცინე, თუ შეიძლება!
– ჟოფრეის გალანტურობაზე ლაპარაკისას, იცით, რა გავიფიქრე?
– არა, არ ვიცით.
– რა და, ჩემს ქმარს დაწყებით კლასებში ნასწავლი ქართული ანბანიდან მხოლოდ ხუთი თანხმოვანი ახსოვს და ყოველ თხუთმეტ წუთში იმეორებს სხვადასხვა თანმიმდევრობით.
გოგოებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს და მხრები აიჩეჩეს.
– ეგ რა შუაშია? – იკითხა ნატალიმ.
– რომლებია ეგ თანხმოვნები? – დაეჭვებით იკითხა მელანომ და თვალები მოწკურა.
– მართლა გაინტერესებთ? – ხმა გაისერიოზულა თათულიმ.
გოგოებმა მაშინვე დაუქნიეს თავი.
– კარგი, მაშინ გეტყვით. ეს თახმოვნებია: ტ, ყ, შ, გ, ც და, ამ თანხმოვნების სხვადასხვა თანმიმდევრობით წარმოთქმით და შიგადაშიგ ზოგიერთი ხმოვნის გამოყენებით, ჩემი პატივცემული მეუღლე გამოხატავს გაბრაზებასაც, სიხარულსაც, სიყვარულსაც, ქათინაურსაც, – თათულის ამჯერად ნერვიული სიცილი დაეწყო. გოგოებს ჯერ გაეცინათ, მერე კი უხერხულად გაჩუმდნენ. ხმა ვეღარავინ ამოიღო, მერე კი ნატალიმ რაღაცნაირი სევდითა თუ გულისწყვეტით თქვა:
– მე თუ მკითხავ, ყოველდღიურ ცინიზმს, შენ მიმართ ინდიფერენტულობისა და სნობურ ამბიციებს, ისევ ქათინაურად და სიყვარულის გამოსახატავად ნათქვამი ის ხუთი თანხმოვანი სჯობია, თუნდაც ზოგიერთი ხმოვნის თანდართვით.
– მე არცერთის პრობლემა არ მქონია, მხოლოდ ის იყო, უფრო სწორად, ის არის, რომ დღემდე ვერ გამიგია, ვუყვარვარ გიორგის თუ არ ვუყვარვარ, – თქვა მელანომ სევდიანად.
– ეგ როგორ გავიგოთ? – ჰკითხა თათულიმ.
– ისე, როგორც ვთქვი. ხან მოულოდნელად და უმიზეზოდ მშორდებოდა – არ მიყვარხარო და მთელი თვით იკარგებოდა; მერე ისევ მოულონელად გამოჩნდებოდა ხოლმე და მუხლებზე დამხობილი მთხოვდა პატიებას – უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, შემირიგდიო. მეც ვურიგდებოდი, იმიტომ, რომ მიყვარდა ყველა გულისტკენის მიუხედავად და, თანაც, მჯეროდა მისი ბოდიშებისა და მონანიების.
– რას ვერ ელეოდი, განებივრებდა და ხელისგულზე გატარებდა? ან, იქნებ, სიყვარულს გიხსნიდა ორიგინალურად?
– რა ხელისგულზე! წესიერად არც სიყვარული აუხსნია არასდროს. როცა უკან მიბრუნდებოდა, მხოლოდ მაშინ თუ მეტყოდა, უშენოდ ვერ ვძლებო, ისიც, ყოველთვის არა. უფრო ხშირად იმას მეუბნება ხოლმე, შენისთანა ქალის შეყვარება შეუძლებელიაო.
– რატომო?
– არ ვიცი. არასაინტერესო და არასაყვარელი ქალი ხარო.
– აბა, რატომ გიბრუნდებოდა?
– არ ვიცი, – მელანომ მხრები აიჩეჩა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
– მე ვიცი, – თქვა ნატალიმ, – შენისთანა უპრეტენზიოს, ჩუმს, თანგადაყოლილ მეორე დებილს სხვაგან ვერსად იპოვიდა და იმიტომ.
– ჰო, ჩემნაირ დებილს მართლა ვერსად იპოვის. ერთში კი ნამდვილად ვეთანხმები: მართლაც არასაინტერესო ქალი ვარ და, შესაბამისად, არასაყვარელიც.
– არასაინტერესო რატომ ხარ? – გამოესარჩლა თათული.
– იმიტომ, რომ არანაირი ინტრიგა არ დევს მის პიროვნებაში, – მელანოს ნაცვლად ნატალიმ გასცა პასუხი, – კაცი გაცნობისთანავე მიხვდება, რომ მისგან ღალატიც გამორიცხულია, თაღლითობაც, ამორალობაც, „გადაგდებაც“, პრეტენზიებიც, არპატიებაც. არც მილიონერი მშობლები ჰყავს და... – ნატალი უცბად გაჩუმდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი