მედიცინა

წარმატებული და აღიარებული ქირურგი და მეან- გინეკოლოგი პაატა სარია, მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებით – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№15

ავტორი: ინა სიმონია 17:22 20.04, 2021 წელი

პაატა სარია
დაკოპირებულია

მეან-გინეკოლოგსა და ქირურგს, პაატა სარიას მრავალწლიანი ევროპული გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია მისი პროფესიონალიზმი და პაციენტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუმცა წარმატება და აღიარება მარტივად არ მოსულა და მიზნამდე მისასვლელ გზაზე ბევრი შრომა და სირთულეების დაძლევა გახდა საჭირო. ბატონმა პაატამ ცოტა დრო ჩვენთვისაც გამონახა და ყველაზე აქტუალური გინეკოლოგიური პრობლემების შესახებ გვესაუბრა.

– წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი, როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი და რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?

– მე ვარ პაატა სარია, ექიმი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (გერმანია). ვცხოვრობ და ვმუშაობ გერმანიაში. დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში. 1994 წელს დავმთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. სამწუხაროდ, 90-ანი წლების საქართველოში ვერანაირ შანსს ვერ ვხედავდი საკუთარი თავის ღირსეული რეალიზაციისთვის. ამიტომ სწავლისა და პროფესიული გავითარების მიზნით ევროპაში გავემგზავრე. დასაწყისში ვმოღვაწეობდი შვეიცარიაში, შემდეგ – დღემდე გერმანიაში. აქ გავიარე სპეციალიზაცია მენ-გინეკოლოგიაში და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია სარძევე ჯირკვლის კიბოს მართვის პრინციპებზე. დასაწყისში, პარალელურად, ასევე, შევისწავლე სამკურნალო პედაგოგიკა და ალტერნატიული მედიცინა. 2015 წლამდე ხელშეკრულებით ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში. ბოლო რვა წელი წამყვანი უფროსი ექიმი ვიყავი. 2015 წლიდან ვარ დამოუკიდებლი ექიმი, მაქვს ლიცენზირებული გინეკოლოგიური კაბინეტი, ასევე, ხელშეკრულება ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკასთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ პაციენტებს მე თვითონ ვუტარებ ოპერაციას. ვმუშაობ მინიმალური ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) მეთოდით.

– ყველაზე ხშირად რა გინეკოლოგიური პრობლემებით მოდიან პაციენტები?

– მეან-გინეკოლოგია გერმანიაში მოიცავს ქალთა ავთვისებიან სიმივნეებსაც, ასევე, საბაზისო დიაგნოსტიკურ მეთოდებს. წელიწადში ექვსი ათასამდე პაციენტს ვიღებ, ამიტომ საკმაოდ დიდია იმ დაავადებათა სპექტრი, რომლებთანაც შეხება მიწევს.

– თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტთან მეგობრული და გულისხმიერი დამოკიდებულება?

– პაციენტთან ურთიერთობისას მთავარი ნდობის მოპოვებაა, ანუ, თუ გინდა, მკურნალობისას შედეგს მიაღწიო, პაციენტი უნდა გენდოს. მეც უნდა ვენდო პაციენტს. როცა პაციენტ-ექიმის ურთიერთნდობა გაჩნდება, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მკურნლობა. ეს ნდობა მოაქვს ექიმის პროფესიონალიზმს და მის მიდგომას ადამიანის მიმართ. ამას ყველა პაციენტი გრძნობს. ექიმს პაციენტი და საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს. ყველას გულისხმიერად უნდა მიუდგე.

– ხშირად გვსმენია, რომ საკვერცხის ენდომეტრიული კისტის მოშორების დროს საკვერცხე ზიანდება, რაც დიდ როლს ასრულებს შემდგომში უშვილობის პრობლემების წარმოქმნაში.

– რაც შეეხება საკვერცხის ენდომეტრიულ კისტას, ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ფორმაა. ენდომეტრიოზი საკმაოდაა გავრცელებული ქალებში სქესობრივი სიმწიფის ასაკში, რომლის ფონზე გართულბულია სპონტანური ორსულობა. ენდომეტრიული კისტის ოპერაციული მკურნალობის დროს, რა თქმა უნდა, ზიანდება საკვერცხის ჯანმრთელი უჯრედებიც. ოპერატორის მიზანია ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების მინიმუმამდე შემცირება. თუ როგორ გამოუვა ეს, მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იმაზეც, თუ რა ინსტრუმენტებით მუშაობს, როგორია ენდომეტრიოზული დაზიანების ხარისხი და ასე შემდეგ. ყველაზე უკეთესია ენდომეტრიოზის პრევენცია. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამართულია სამედიცინო სისტემა. უპირველესად კი, მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

– შუახნის ასაკში ბევრი ქალბატონი უჩივის ჭარბ წონას, არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება, გინეკოლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული. რამდენად რეალურია და რა პრობლემები იწვევს ჭარბწონიანობას?

– ჭარბწონიანობა ამ ასაკის ქალებში სხვადსხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორისაა ის ფიზიოლოგიური, ჰორმონული ცვლილებებიც, რომელებიც ამ ასაკისთვისაა დამახასიათებელი. რაც უფრო დროზე მოხდება ამის პრევენციაც, მით უფრო ადვილია სასურველი შედეგის მიღწევა.

– ხშირად მონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში, ქართველ ექიმებს თუ ხვდებით იქ და მათთან კოლეგიალური კავშირები თუ გაქვთ?

– COVID-მდე ხშირად ვმონაწილეობდი კონფერენციებში. წელიწადში ერთხელ კი, GIMPHA-ს ეგიდით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმთა საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, სადაც ასევე, ჩამოდიოდნენ კოლეგები და სტუდენტები საქართველოდან. იმედია, მალე მოგვეცემა ამ შეხვედრების განახლების შესაძლებლობა.

– რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს პროფესიულ მოღვაწეობას, რა არის საჭირო თქვენს სფეროში წარმატების მისაღწევად?

– ახალ თაობას ვუსურვებდი წარმატებებს და დაუღალავ შრომას. ნებისმიერი წარმატების უკან ბევრი თეთრი ღამე დგას! თუ გიყვარს ის საქმე, რომელსაც სწავლობ და რომლის კეთებასაც აპირებ, ამასთანავე, გრძნობ პასუხისმგებლობას, თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევ შედეგს. დღევანდელ დღეს ციფრული სამყარო და ინტერნეტი საკმაოდ აადვილებს სასწავლო პირობებს. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა რაღაც წიგნს საჯარო ბიბლიოთეკიდან მოსკოვში შევუკვეთავდით და თუ 4 კვირაში მივიღებდით, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

– ოჯახი გაგვაცანით.

– მყავს მეუღლე და ორი გოგონა. უფროსი სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. უმცროსი მალე დაამთავრებს სკოლას და ექიმობა უნდა. მეუღლე რუმინელია, პროფესიით – ფიზიკოსი.

– და ბოლოს, სამი საუკეთესო რჩევა ქალბატონებს – გინეკოლოგ პაატა სარიასგან.

– სიამოვნებით. პირველი – ეცადეთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მეორე – შეეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. თუ ნერვებს გიშლიან, მიუტევეთ და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაიმსახურა ეს მიტევება, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მშვიდად იყოთ და მესამე – იარეთ წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან, პრევენციის მიზნით.

P.S. ჩემთან კონსულტაცია შესაძლებელია რედმედის პლატფორმზე www.redmed.ge; იმათთვის, ვისაც გადახდა შეუძლია. იმათთვის, ვისაც გადახდა არ შეუძლია – ადვილია ჩემი მოძებნა მესენჯერზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი