მედიცინა

როგორ ვმართოთ წითურა

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.06, 2021 წელი

წითურა
დაკოპირებულია

წითურა გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელსაც დამახასიათებელი წითელი გამონაყარი ახლავს, ისევე, როგორც წითელას, გარდა ამისა წითურასა და წითელას კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი განსხვავებული დაავადებებია. წითურა სულ სხვა ვირუსითაა გამოწვეული და არ არის იმდენად გადამდები და საშიში, როგორც წითელა. წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, რომელიც ბავშვებს სკოლის ასაკამდე ორჯერ მიეცემათ, საკმაოდ ეფექტურია წითურას პრევენციისთვის.

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

* სურდო;

* სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

* თავის ძლიერი ტკივილი;

* ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;

* კისრის ლიმფური კვანძების ანთება.

ორი დღის შემდეგ სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.

ზოგჯერ გამონაყარი არ ფიქსირდება და დაავადება გაციებაში ერევათ, ზოგჯერ კი გამონაყარი ისეთი ძლიერია, რომ წითელა ჰგონიათ.

👉დაავადების გამომწვევი ვირუსი ხველისას და ცემინებისას გარეთ გამოიყოფა და სასუნთქი გზების გავლით ორგანიზმში იჭრება. ვირუსის გავრცელების ასეთ გზას მედიცინაში გადაცემის ჰაერწვეთოვანი მექანიზმი ეწოდება.

👉ბავშვი, რომელსაც წითურა აქვს, გადამდები ხდება გამონაყრის გაჩენამდე ერთი კვირით ადრე და ვირუსს ავრცელებს გამონაყრის შემდეგ 7 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში ის საშიშია გარშემო მყოფთათვის და საჭიროა მისი იზოლირება. თუ დაავადებულმა ბავშვმა ვირუსი გადასდო ორსულ დედას, რომელსაც არც აცრა აქვს გაკეთებული და არც გადატანილი აქვს ეს დაავადება, ახალშობილი შესაძლოა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაიბადოს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება, ის თავისით გაივლის. ბავშვი შეგიძლიათ, ყოველდღე დაბანოთ. ეს აუცილებელიც კია, რადგან ვირუსთან მებრძოლი ორგანიზმიდან კანის საშუალებით გამოიყოფა;

  • ამ დროს კვებაც შესაბამისი უნდა იყოს – გადაიყვანეთ ბავშვი უპირატესად რძის ნაწარმსა და მცენარეულ საკვებზე, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე – ლიმონიანი და მურაბიანი ჩაი, ახალი ხილისა თუ ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი;

  • ბავშვი, წესისამებრ, მალე იწყებს გამოჯანმრთელებას. წითურა, ბავშვთა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს. ეს გართულებებია: ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი;

  • 3 000-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა, გართულდეს თრომბოციტოპენიორი პურპურათი – ვირუსი იწვევს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების, დაშლას, მათი რაოდენობის შემცირების გამო სხეულზე ჩნდება ჩალურჯებული ადგილები, ხშირდება სისხლდენები.

დაინფიცირების რისკის ჯგუფში შედიან:

* 10 წლამდე ბავშვები;

* ზრდასრულები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია დაავადება;

* დამცავი ანტისხეულების დაბალი დონის მქონე ადამიანები;

* სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;

* ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი