მედიცინა

ბავშვის უნებლიე მოძრაობების მიზეზები ძილამდე და ძილის დროს და გამოსავალი

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.04

ძილი
დაკოპირებულია

ძილის მოუსვენარი კიდურების სინდრომი ბავშვებთან საკმაოდ ხშირია. ბავშვი გამუდმებით წრიალებს, იქნევს კიდურებს, იცვლის პოზას, რაც ძილის დარღვევასაც იწვევს. ეს სინდრომი ასოცირებულია რკინის ნაკლებობასთან.

ძილისწინა მოძრაობითი დარღვევაა ძილის წინ რიტმული მოძრაობა: რწევა, რხევა, თავის დარტყმა და სხვა. ოთხი წლის ასაკისთვის ის თავისთავად გაივლის.

ეცადეთ, არ გაამახვილოთ ყურადღება ბავშვის მოძრაობებზე. საწოლის კიდეები დაფარეთ ღრუბლით, საწოლი მოაშორეთ კედელს. კარგი იქნება, ვიდეომონიტირინგი, რათა არ გამოგეპაროთ სხვა დარღვევები, მაგალითად, ეპილეფსიური გულყრები.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი უფრო მოზრდილებთან გვხვდება. ამ დროს ადამიანს ფეხებში უსიამოვნო შეგრძნების – მათზე რაღაცის ცოცვის ან სრიალის, თრთოლის, ტკივილის, ქავილის, დენის დარტყმის შეგრძნების გამო მოძრაობის უკონტროლო სურვილი უჩნდება. წესისამებრ, ეს შეგრძნებები თავს იჩენს საღამოობით ან ღამღამობით, დიდხანს ჯდომის ან წოლის შემდეგ.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

სამწუხაროდ, ძლიერად გამოხატულმა მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შესაძლოა, ძილის დარღვევა გამოიწვიოს და საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის მსუბუქი და ზომიერი ფორმის დროს შვების მომგვრელია ალკოჰოლის, ნიკოტინის, კოფეინის შეზღუდვა, ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, ზომიერი, რეგულარული ვარჯიში, თბილი აბაზანა, სათბურის ან ყინულის დადება.

კომპულსიები

კომპულსია არის განმეორებადი ქცევა, რომელსაც ადამიანი ასრულებს აკვიატებული იდეით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად ან მისივე წარმოსახვაში არსებული ხიფათის თავიდან ასაცილებლად. ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის დროს ბავშვი ხშირად იბანს ხელებს, მრავალჯერ ამოწმებს, კარი ჩაკეტილია თუ არა და სხვა.

კომპულსიები, ძირითადად, ადრეულ ბავშვობაში იწყება, შედარებით იშვიათად – მოზარდ ასაკში. სიმპტომები თანდათანობით ვითარდება და მათი სიმძიმე კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება.

ტიკები

ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული მოძრაობითი დარღვევაა ტიკები – ჩვევად ქცეული სწრაფი უნებლიე, არარეგულარული, არარიტმული მოძრაობები, რომელთა დროებით დათრგუნვა ადამიანს თავად შეუძლია. ამ დროს ადამიანი გრძნობს მოძრაობის შესრულების დაუოკებელ სურვილს, ხოლო მისი შესრულების შემდეგ – კმაყოფილებას. ტიკი შეიძლება გამოიხატოს ქუთუთოების ხამხამით, მხრების აჩეჩვით, სრუტუნით, ჩახველებით. უმეტესად მოიცავს თვალებს, ტუჩებს, ცხვირს, კისერს, ნაკლებად – სხეულის ქვედა ნაწილებს. რამეზე, მაგალითად, საქმეზე კონცენტრირების დროს ტიკები მცირდება, ხოლო სტრესისა და დაღლილობის დროს ძლიერდება.

ამა თუ იმ ასაკში რომელიმე ტიკი ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება, უფრო მეტად – ბიჭებს.

ტრემორი

ტრემორი კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობაა. უმეტესად – ხელის მტევნების, იშვიათად – თავის, სახის, სახმო ნაოჭების, ტანის, მკლავების, ფეხების. ბავშვებთან ტრემორი იშვიათია.

ტრემორი ცვლის მოტორიკას, აუარესებს წერის უნარს. მას იწვევს და ამძიმებს სტრესი, მღელვარება, დაღლილობა, კოფეინის შემცველი, მაგალითად, ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მიღება.

ტრემორის დროს ბავშვებს ხშირად სჩვევიათ ქანაობა წინ-უკან ან ბრუნვა. შესაძლოა, აუკანკალდეთ ხმა.

ბავშვებთან პოსტურალური ტრემორის მედიკამენტური მკურნალობა იშვიათად არის საჭირო. ოჯახი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ბავშვი მოარიდონ ტრიგერებს, მაგალითად, კოფეინიან სასმელებს. უნდა მოიხსნას სიმპატომიმეტური მედიკამენტებიც. მიმართავენ ოკუპაციურ თერაპიას, რომელიც ხელისა და წინამხრის სწორი პოზიციონირების გზით აუმჯობესებს წერის უნარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი