მედიცინა

როგორ ვმართოთ მადა და წონა – საინტერესო რჩევები ექიმ- ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასგან

№46

ავტორი: ნინო საყვარელიძე 14:54 18.11

ნატა გაგუა
დაკოპირებულია

ყველასთვის ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა უამრავ ადამიანს ეხმარება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი სიამოვნებით იშორებენ სასურველ წონას და დიეტით გამოწვეულ დისკომფორტს არ განიცდიან. შედეგები კი გასაოცარია.

ნატა გაგუა: მე ვარ ჩემს პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი, ყოველთვის ვეძებ ახალ გზებს და განვითარების ახალ საშუალებებს. ბევრ დროს ვუთმობ ბულემიის, ანორექსიის, კვებითი ქცევის დარღვევის ჩამოყალიბების მიზეზების შესწავლას. სამედიცინო აკადემიაში სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არა მხოლოდ დიეტოლოგიის, არამედ შინაგან სნეულებათა კლინიკური ორდინატურაც გავიარე და ძალიან კარგად მესმის, თუ რა ფაქიზი თემაა წონის კორექცია.

დიეტოთერაპიის კურსის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი კარგავს მიღწეულ შედეგს, რადგან სასურველი წონის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კვებითი ქცევის მოდელის შეცვლა. მე ამ პრობლემას კომპლექსურად ვუდგები და ამის საფუძველზე, ჩემს პაციენტებთან ერთად, ძალიან კარგი შედეგები მაქვს. ექიმს უნდა ჰქონდეს ემპათიის დიდი დოზა. თითოეული ჩემი პაციენტი ჩემთვის წიგნია, მათ მოაქვთ ცოდნა და თავისი გამოცდილება, ხოლო ჩემგან მიაქვთ შედეგი და ახალი კვებითი ქცევის მოდელი. შემდეგ უკვე მათი ნებაა, გამოიყენებენ ამ ყველაფერს მომავალში თუ დაიტოვებენ, როგორც თეორიულ ცოდნას. პაციენტების უმრავლესობა პირველ კონსულტაციაზე მეუბნება: „ვაცნობიერებ რომ მაქვს წონის პრობლემა“, თუმცა, ამასთანავე, მთავარია, ქცევაში რამდენად გეხმარება ეს.

ადამიანის ცხოვრების სტილი შინაგანი ფსიქიკიდან მოდის. გადაწყვიტეთ, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ? ექიმი დაგეხმარებათ გაპოვნინოთ გზა, გააანალიზოთ არაცნობიერში დამუხტული, ძლიერი ენერგიით დალექილი ემოცია ან ემოციები რატომ „გაკეთებინებთ“ იმას, რაც ასე ძალიან არ გინდათ.

მაგალითად, ოცნებობთ გახდომაზე, მაგრამ ამასთანავე, ბევრ და კალორიულ საკვებს მიირთმევთ. რეალურად რა მოთხოვნილებაცაა წამყვანი (ცნობიერი ან არაცნობიერი), სწორედ, იმ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს პიროვნებაც. როდესაც პაციენტს მის საყვარელ პროდუქტებს უზღუდავ ან უკრძალავ, რას აძლევ სანაცვლოდ? შესაძლოა, მისთვის კვების პროცესი არის ორგანიზმის დაცვითი მექანიზმი და აკრძალვის შემდეგ გაუძლებს ემოციას? დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, მოუმზადებლად. ამიტომაა დიეტოთერაპიის კურსი რთული როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. კვებითი ქცევის მოდელის საფუძვლიანი შეცვლა აუცილებელი პირობაა მიღწეული შედეგის შენარჩუნებისთვის.

– თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე საინტერესო შემთხვევა თქვენი პრაქტიკიდან, როდესაც სასურველ შედეგს მიაღწიეთ?

ნატა გაგუა: არასდროს დამავიწყდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში მოვიდა. კონსულტაციის დროს ორჯერ ჩაეძინა – ეს საყურადღებო სიმპტომია. ასეთ დროს უკვე დაწყებულია ჰიპოქსია, უჯრედებს არ ჰყოფნით ჟანგბადი. თვითონ მოტივაცია სუსტი ჰქონდა, ოჯახის წევრების თხოვნით მოვიდა და ურთიერთობის პროცესში გაიხსენა მისი ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული დისტრესები. ამას დაემატა არასწორად არჩეული პროფესიაც, საცხოვრებელი ადგილის ორჯერ შეცვლა, ახლობლის გარდაცვალება და ასე შემდეგ. თითქმის ათი თვე ვიმუშავეთ და ამ პერიოდში გულწრფელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. წონაში 92 კილოგრამი დაიკლო. გადაწყვიტა, შეეცვალა პროფესია, დაიწყო სისტემატური ვარჯიში, შეუყვარდა მოგზაურობა. დღეს ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრების სტილი აქვს და მომწერა, რომ უპრობლემოდ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აგრძელებს ჯანსაღად კვებასა და ვარჯიშს. თუ ადამიანი საკუთარი წონის პრობლემას იღებს, როგორც გამოწვევას და იპოვის ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც დაეხმარებიან როგორ მართოს მადა, წონა და როგორ შეცვალოს დამოკიდებულება საკვების მიმართ, აუცილებლად მიაღწევს შედეგს. შეუძლებელია, ადამიანს დაეხმარო მისი სურვილის გარეშე. ყველა თავის თავს თვითონ შველის. ექიმი აღქმის კუთხეს გაპოვნინებს დანარჩენი უკვე თქვენზეა .

– როგორ ვმართოთ მადა და წონა?

– კოვიდპანდემიის გამო ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფერმა გამოიწვია შფოთვა, უიმედობის განცდა... ასეთ დროს ადამიანთა უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს, რაც ყოველდღიურ ჩვევაში გადადის. ამის გამო კი, ცხიმის ხარჯზე, იოლად იმატებს წონაში. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. როდესაც შფოთვის ფონზე მადა გიძლიერდებათ ყოველთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის ნამდვილი შიმშილი: გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში 5 წუთი, დალიეთ წყალი ან 10-15 წუთი ენერგიულად იმოძრავეთ, ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი. შეგიძლიათ, დაურეკეთ მეგობარს და მოუყვეთ, რას გრძნობთ, რა ემოცია გმართავთ ან, თუ ძაღლი გყავთ, გაიყვანეთ სასეირნოდ, ეთამაშეთ მას. მთავარია, გამოხატოთ ემოცია. ემოციის გამოხატვის ალტერნატივა უამრავია. პირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს მარტივი ჩვევები ძალიან დაგეხმარებათ უმართავი მადის მართვაში.

– სიყვარული, ბულემია, ანორექსია...

– ფსიქოტერაპევტები ამბობენ, რასაც ვაცნობიერებთ, იმასვე ვაკონტროლებთ. ხოლო რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ის აქეთ გვაკონტროლებსო. მთავარია, შენივე მე არ იყოს შთანთქმული იმ შინაარსებით, რაც არის ცნობიერების ველში, სამწუხაროდ ბევრი ვერ ასხვავებს თავის მეს, საკუთარი სხეულისგან.

თუ ზრდასრული ადამიანი ინფანტილურია (ბავშვურია), და ფსიქიკური დამოკიდებულებებით გამოირჩევა, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ან უჭირს პრობლემის გადაჭრა, მისი ფიზიოლოგია არაადეკვატურად რეაგირებს. მაგალითად, ბევრი სამუშაო აქვს და შეზღუდულია დროში, ის კი ამ დროს მუშაობის ნაცვლად იწყებს მადიანად ჭამას და უჭირს დანაყრება. ფროიდის მიხედვით, ეს ორალურ სტადიაზე ფიქსირებაა. ამის კორექცია მხოლოდ დიეტოთერაპიით შეუძლებელია. ამ დროს ადამიანის პიროვნული სტრუქტურის შეცვლაა საჭირო. ეს არ არის მარტივი პროცესი, ასეთ ადამიანს რამდენიმე დაცვითი მექანიზმი აქვს. მთავარია არა პიროვნების „გადაკეთება“, არამედ დახმარება მისი სოციუმში ადაპტაციისთვის. პაციენტს უნდა გაუჩდეს სურვილი, არ ავნოს საკუთარ თავს.

ანორექსიით დაავადებულს თითქმის არ ჰყავს მეგობრები. მათ აქვთ სქესთან იდენტობის სირთულე, უჭირთ ფემინური ფორმების მიღება. აქვთ არაცნობიერი სწრაფვა სიკვდილისკენ (ინსტინქტი თანატოსი აქტიურდება). ასეთ პაციენტებს აქვს ფსიქიკის შიზოიდური წყობა, ამიტომ მათთან აუცილებელია ფსიქოთერაპიისა და დიეტოთერაპიის კურსის ერთდროულად ჩართვა. გაგიკვირდებათ და, მათი გამოჯანმრთელება არა მარტო წონის მომატებით, არამედ მეგობრის შეძენით იწყება. ბულემიით დაავადებულებს შიმშილის შეტევები, ეგრეთ წოდებული, მგლური მადა მაშინ ეწყებათ, როცა მარტო არიან. ხალხთან ერთად ისინი თითქმის ყოველთვის გაურბიან საკვების მიღებას. კვება მათთვის არის სიყვარულის შევსების მცდელობა. მათი ფსიქიკა ისტერიული წყობისაა და ამ დროსაც აუცილებელია არა მარტო კვების რაციონის კორექცია, არამედ ფსიქოთერაპიაც. თუ ბავშვობიდან გაკლდათ მშობლების მხრიდან სიყვარული და ყურადღება, შესაძლოა, გარკვეული ასაკიდან კვებითი ქცევის დარღვევა დაგეწყოთ. პირველ ძლიერ დადებით ემოციას ჩვილი საკვებით იღებს. ის იბადება ძლიერი სტრესით – დაბადების პირველივე წუთიდან ხვდება სინათლეში, ესმის მკვეთრი ხმები და პირველი, რითაც მშვიდდება, ეს არის ბუნებრივი კვების პროცესი (დედის რძე). თუ სიყვარულითა და თუ დედა მოფერებით აჭმევს მას და ამ დროს მხოლოდ ჩვილითაა მოცული, ეს ძალიან კარგია ბავშვის მომავლისთვის. თუ კამათობს, შფოთავს და პარალელურად, ჩვილსაც კვებავს, ეს არაკომფორტულია ბავშვისთვის და მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ქცევის ცვლილებას. ხშირად ზრდასრულ ადამიანს ჰგონია, რომ მშობლებმა ყველაფერი მისცეს – განათლება, მატერიალურად უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც სიღრმისეული ფსიქოანალიზის კურსს გადის, აღმოაჩენს, რომ თურმე მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი ჰქონდა. არ უკითხავდნენ ზღაპარს, არ უმზადებდნენ საყვარელ კერძებს, არ ეთამაშებოდნენ და ასე შემდეგ.

– რატომ არის სიმსუქნე დაავადება?

– სიმსუქნე ფართოდ გავრცელებული მეტაბოლური, მულტიფაქტორული, ჰეტეროგენული დაავადებაა. სიმსუქნის პირველად და მეორად ფორმებად დაყოფა პირობითია. სიმსუქნეს და მის გართულებებს მრავალრიცხოვან გენეტიკურ მარკერებს უკავშირებენ. თუმცა, ჰორმონალური, სინდრომული ან მოლეკულურ-გენეტიკური დარღვევების შესახებ არსებული მონაცემებით შეიძლება, სიმსუქნის შემთხვევათა მხოლოდ 5 პროცენტი აიხსნას. სწორედ ამიტომ, მეცნიერთა აზრით, სიმსუქნე პოლიეტოლოგიურია და რეალიზდება გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედების შედეგად. ის ჯანმრთელობის გლობალურ, ქრონიკულ პრობლემად არის მიჩნეული. სადღეისოდ სიმსუქნე განიხილება, როგორც ინვალიდიზაციის და ცხოვრების ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზრდასრულ მოსახლეობას, არამედ ბავშვებსა და მოზარდებს. 2014 წლიდან მიიღეს სიმსუქნის დიაგნოსტიკის ახალი ალგორთმი, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: სხეულის მასის ინდექსის შეფასება ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინებით და სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებების სიმძიმის შეფასება. სიმსუქნესთან ასოცირებულ დაავადებებს მიეკუთვნება მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, დისლიპიდემია, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია, არტერიული ჰიპერტენზია, ღამის აპნოე, ინსომნია და სხვა. უმეტეს კვლევაშია დამტკიცებული სიმსუქნის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაკტორის, როლი რეპროდუქციული დისფუნქციის გენეზში. ცხიმოვანი ქსოვილის 20%-ით მატება იწვევს მენარხეს დარღვევას და პირველად უშვილობას.

– როგორ უნდა მოვიქცეთ მშობლები, რომლებსაც ძალიან დაკავებული დღის რეჟიმი გვაქვს, იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ ეს პრობლემები და რა მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს?

– ბავშვთან გატარებული საათების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობის ხარისხია. უნდა გამოვიყენოთ მათთან ყოფნის ყოველი წუთი და ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები. უნდა გავხდეთ მათი ცხოვრების თანამონაწილეები. ერთად უნდა გადავჭრათ მათი პრობლემები. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენ გულწრფელად გვაინტერესებს მათი ყოველდღიური ცხოვრება.

აუცილებელია ბავშვის ძილის რეჟიმის მოწესრიგება. მელატონინის სინთეზი და ცირკადული რითმების ბალანსი მხოლოდ სრულყოფილი ძილის დროს არის შესაძლებელი. ცირკადული რიტმების ყველაზე ხშირ დარღვევას მიეკუთნება ამპლიტუდის დარღვევა, რაც განაპირობებს ძილის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და დღის განმავლობაში მომატებულ დაღლილობას. მელატონინის სინთეზი მკვეთრად რეგლამენტირებულია, მისი რაოდენობის მატება იწყება სიბნელის დადგომასთან ერთად და პიკს აღწევს ღამის სამ საათზე. დილის საათებში მისი სინთეზი მცირდება და მინიმუმს აღწევს დღის განმავლობაში. ამ ჰორმონის ფიზიოლოგიურ ქმედებებს განაპირობებს არა მხოლოდ მისი რაოდენობა, არამედ სეკრეციის რიტმული ხასიათი. ხელოვნური განათების პირობებში ეპიფიზის მუშაობის ფიზიოლოგიური რიტმი ირღვევა, რაც შესაძლოა, გადაჭარბებულ კვებასთან და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ინსულინრეზისტენტობის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და ასე შემდეგ, განვითარების დამატებით ფაქტორად გვევლინებოდეს. მელატონინი წარმოადგენს მნიშვნელოვან ადაპტოგენს. როგორც ძლიერ ანტიოქსიდანტს და იმუნომოდულატორს, მას აქვს უნარი ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესში ჩაერთოს და უზრუნველყოს უჯრედების უნივერსალური დაცვა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და პერიფერიული ორგანოების დონეზე. სწორედ ამიტომ არის ძილის ხარისხი და რეჟიმი ასე მნიშვნელოვანი წონის დასაკლებად.

– როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწორი კვების ჩვევის ჩამოყალიბებაში?

– უნდა ვასწავლოთ ნელი კვება მშვიდ გარემოში, ეს კარგი ჩვევაა. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი (ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი). თუ ბავშვს არ უყვარს ხილი ან ბოსტნეული და არ აქვს ალერგია, უამრავი მეთოდი არსებობს იმისთვის, თუ როგორ შეაყვაროთ, მაგალითად: ბოსტნეული და ხილი დააჭრევინეთ ფიგურებად, მასთან ერთად მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი. გახსოვდეთ, ბავშვმა კვებისგან სიამოვნებაუნდა მიიღოს. მიაჩვიეთ სახლში მომზადებულ კერძებს. ბავშვმა, ძირითადად, სახლში თავის ოჯახის წევრებთან ერთად უნდა იკვებოს. არასოდეს „დაჯილდოვდეს“ ან „დაისაჯოს“ საკვებით, ეს უდიდესი შეცდომაა. ძლიერი ემოცია საკვებთან არ უნდა ასოცირდებოდეს, თუ პატარას ასე მოექცევით, ქცევის ეს მოდელი შესაძლოა, ზრდასრულობის ასაკშიც „გაჰყვეს“ და როგორც კი საკუთარი თავის დასჯას ან დაჯილდოებას გადაწყვეტს, მაშინვე საკვებს აიკრძალავს ან, პირიქით, უკონტროლო კვებით ჯანმრთელობას დაიზიანებს.

– როგორ უნდა მოვიქცეთ იმუნიტეტის ასამაღლებლად?

– ტექნიკური პროგრესი, ურბანიზაცია, ხელოვნური განათება, მასობრივი კომპიუტერიზაცია, ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების წესის ცვლილებებს, ძილის ხანგრძლივობის შემცირებისა და ჰიპოდინამიის გაზრდის კუთხით. ამ პერიოდში ბევრს განუვითარდა ღამის კვების სინდრომი, რომელიც ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით: დილის ანორექსია, ღამის ბულემია, ჰიპერსომნია (ძილის გაზრდილი მოთხოვნილება). შემოდგომა ზამთრის პერიოდის დეპრესია, ფსიქოგენური ჭარბი კვება, ღამის ჰიპერფაგია, ასევე, იწვევს სხეულის წონის ცვლილებას. არ არის სასურველი მკაცრი, მონო დიეტები. აუცილებელია ადეკვატური კვება, ანუ როდესაც საკვები მისი შემადგენლობით, რაოდენობით, კალორაჟით შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნებს და დამოკიდებულია ფერმენტული სისტემის მდგომარეობაზე, ბიორითმებზე, კვებითი მოტივაციის თავისებურებებზე და ასევე ფიზიკური აქტივობის ხარისხზე. ამ მექანიზმების ერთობლიობა მოიცავს კვების რეჟიმს, ტემპს და სუბიექტურ განწყობას კვების პროცესის მიმართ რომელიც დღეს განსაკუთრებით აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი: საერთო გრელინის (სხეულის მასის რეგულატორი პეპტიდური ჰორმონი) რაოდენობა სწორედ, ძილის დროს იმატებს. დღეღამური რიტმის იძულებითი ცვლილებების პერიოდში მკვლევრები აკვირდებოდნენ ლეპტინის (მადის „მომთვინიერებელი“ პეპტიდური ჰორმონი) დონის შემცირებას, პოსტპრანდიალურ ჰიპერგლიკემიას (ჭამის შემდეგ მოთენთილობა), ინსულინის დონის მატებას, ასევე საშუალო არტერიული წნევის მატებას და კორტიზოლის სეკრეციის დარღვევას.

– რა პროდუქტ უწყობს ხელს წონაში კლებას და რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

– ცხიმების „ამოლაგებას“ ძალიან უწყობს ხელს მოხარშული კვერცხის ცილა, ხორცისგან და მწვანე ფერის ბოსტნეულისგან უცხიმოდ მომზადებული კერძები. მადას აქვეითებს ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი, ფერმენტირებული ნუში (წყალში 3-4 საათი მოათავსეთ 20 ცალი ნუში, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის). როცა მოგშივდებათ დიდხანს დაღეჭეთ ნუში, პირის ღრუში, ის ფაქტობრივად, თხევად მასად უნდა იქცეს. ნუში მდიდარია მაგნიუმით, შეიცავს რკინას, თუთიას და კარგად განაყრებთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სეზონურ კვებას. კვების რაციონის შედგენისას ადამიანმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიხედვით, ჯანსაღი კვება მოიცავს ენერგიის ბალანსისა და ოპტიმალური წონის მიღწევას, მიღებული ცხიმების კალორაჟის შემცირებას, ნაჯერი ცხიმების შეცვლას უჯერი ცხიმებით და ტრანსცხიმოვანი მჟავეების ელიმინაციას. ასევე ხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურების, პარკოსნებისა და თხილის მოხმარების გაზრდას. შაქრისა და მარილის გამოყენების დოზირებას. ვენის დეკლარაციის ხელმომწერმა ქვეყნებმა აღიარეს, რომ ჯანსაღი, ბალანსირებული კვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 25%-ით შემცირებას.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სასურველ წონაზე ყოფნას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ დღეს გიჭირთ წონის დაკლება მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის. ქრონიკული სტრესი პირველი ხელის შემშლელია წონის სამართავად,

სამწუხაროდ, პანდემიური ყოფა, ჯერჯერობით, დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. იმედია, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ჩვენც შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...