მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ წყლულს

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.06, 2022 წელი

წყლული
დაკოპირებულია

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ, თუმცა ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუახნის ასაკში ფიქსირდება.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე Helicobacter pylori დგას. ეს არის ბაქტერია, რომელიც ჩვენს კუჭში ცხოვრობს და სწორედ მისი პათოლოგიური შტამების ცხოველმყოფელობას მოჰყვება ის პროცესი, რომლის შედეგადაც ირღვევა კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანის კვება, ვითარდება მისი იშემია, დაწყლულება და ეს დეფექტი ლორწქვეშა შრესაც მიაღწევს, ამ სტადიიდან დაავადებას უკვე წყლულოვანი დაავადება ჰქვია.

წყლულოვანი დაავადების გაჩენას ასევე ხელს უწყობს სტრესული გარემო, მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება. ასევე მემკვიდრული ფაქტორები. ფართოდ მოხმარებადი ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზით მიღება.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:

რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ეგრეთ წოდებული, მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.

ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება. წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია.

კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა ან საერთოდ არ შეინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შიგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს, თუმცა იშვიათად.

კუჭის წყლულთან გამკლავებაში გულყვითელა დაგეხმარებათ.

– ვიღებთ გულყვითელას 200-300 გრამ მხოლოდ გვირგვინებს და ვასხამთ 1 ჭიქა ზეითუნის ზეთს. ვტოვებთ კვირის განმავლობაში. შემდგომ ვდგამთ ორთქლის აბაზანაზე 1 საათი, მოგვიანებით კი ვწურავთ. ვსვამთ 1 სადილის კოვზით, ყოველდღე, უზმოზე, სამი კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ

100 გრამი თაფლი, 100 გრამი კარაქი, 11 გრამი ალოეს ფოთლები, 100 გრამი კაკაოს ფხვნილი აურიეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. 1 სადილის კოვზი ნარევი 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და დღეში 2-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

250 გრამი თაფლი, 350 გრამი წითელი, მშრალი ღვინო, 150 გრამი ალოეს წვენი. ყველაფერი აურიეთ და 7 დღით მუქი ფერის, თავდახურულ მინის ქილაში გააჩერეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე: პირველი 7 დღე – 1 ჩაის კოვზი, ხოლო შემდეგ დღეებში – 1 სადილის კოვზი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

ალოეს ფოთლები გააჩერეთ სიბნელეში, 4-8 გრადუს ტემპერატურაზე 12-14 დღის განმავლობაში, შემდეგ წყალში გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და დაასხით მდუღარე წყალი პროპორციით – 1:3. დააყენეთ 1-2 საათი, შემდეგ წვენი გაწურეთ. 100 გრამ ალოეს წვენს დაუმატეთ 500 გრამი დაქუცმაცებული ნიგოზი და 300 გრამი თაფლი და აურიეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი საშუალებაა -სამკურნალო კვება: თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე. საკვები უთუოდ ახალი უნდა იყოს, ამასთანავე – თბილი, უცხიმო და ნაკლებკალორიული. ავადმყოფმა პროდუქტი მოხარშული უნდა მიიღოს, ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი