მედიცინა

როგორ არ უნდა მოვიქცეთ ჭამის შემდეგ, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.10, 2021 წელი

როგორ მოვიქცეთ ჭამის
შემდეგ
დაკოპირებულია

საჭმლის მიღების შემდეგ თუ მაშინვე წამოწვებით, აუცილებლად იგრძნობთ მუცლის შებერვასა და სპაზმური ხასიათის მოვლენებს, რომლებიც წამოდგომისა და გასეირნების შემთხვევაში ნელდება. საკვების მიღებისთანავე წამოწოლა დაუშვებელია. ამ დროს მონელების პროცესის სრულფასოვნად წარმართვა ფერხდება.

ნაკლებად მოძრავ, მით უფრო, დანაყრების შემდეგ წამოწოლის მოყვარულ პირებს, როგორც წესი, აღენიშნებათ მეტეორიზმი, ანუ აირების დაგროვების გამო მუცლის გაბერვა. ჰიპოდინამიას, სამწუხაროდ, შეუძლია არა მხოლოდ მეტეორიზმი გამოიწვიოს, არამედ უამრავი პათოლოგიაც.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირთა ჭარბად დაგროვების მიზეზი შესაძლოა, მათი გაძლიერებული წარმოქმნა ან გამოყოფის შეფერხება იყოს. ორივე პროცესი ნაწლავების არეში უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს იწვევს. ასეთ დროს მექანიკურ და დინამიკურ მეტეორიზმზე საუბრობენ. პირველის შემთხვევაში აირების დაგროვება ხშირად ლოკალურ ხასიათს ატარებს და მისი უშუალო გამომწვევი მიზეზი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ევაკუატორული (გამომყოფი) ფუნქციის დარღვევაა სხვადასხვა დამაბრკოლებელი მექანიკური ფაქტორის - სტენოზის, შეხორცებების, სიმსივნური და სხვა სახის წარმონაქმნების გამო.

დინამიკური მეტეორიზმის დროს კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობითი (პერისტალტიკური) ფუნქციაა დარღვეული. ამ დროს შესაძლოა, არც აირების შემადგენლობა იყოს შეცვლილი და არც მათი რაოდენობა – გაზრდილი, მაგრამ ნაწლავებში მათი გადაადგილების შეფერხება დიდ დისკომფორტს იწვევს.

საკვების მიღებისთანავე წამოწოლა, სწორედ, დინამიკური მეტეორიზმის პათოლოგიური მექანიზმების ჩართვას განაპირობებს. შედეგად მუცლის გაბერვა, ტკივილი და სხვა უსიამოვნებები მიიღება. ამიტომაც, გემრიელად დანაყრების შემდეგ უმალ ნუ წამოწვებით. უმჯობესია, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ყოველ შემთხვევაში, ოთახში გაიარ-გამოიარეთ მაინც და იაქტიურეთ. საკვებსაც უკეთ მოინელებთ და მეტეორიზმსაც აიცილებთ თავიდან.

ასევე, გახსოვდეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ სიგარეტის შესახებ: მწეველებს საკვების მიღების შემდეგ უყვართ ერთი ღერი სიგარეტის დაყოლება, რაც სახიფათო ჩვევაა. სიგარეტის მოწევა ჭამის შემდეგ განსაკუთრებით მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ის მოწეულ 10 ღერ სიგარეტს უდრის. ამ დროს აქტიურდება მისი მავნე თვისებები, შესაბამისად, ეს დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხილის მირთმევისთვის საუკეთესო დროა საჭმლის მიღების შემდგომი ეტაპი. თუმცა ეს არასწორია. გარდა იმისა, რომ ნუტრიენტები, ბოჭკო, შაქრები და ხილში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებები სარგებელს გვაძლევს ცარიელ კუჭზე, ასევე ხილის ჭამის შემდეგ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა და ბოყინი.

ასევე, არ შეიძლება ჩაის დალევა ჭამის პროცესში და ჭამის შემდეგ. ჩაის ნაყენში დიდი რაოდენობით არსებული მჟავები აფერხებს საკვებით მიღებული ცილების მონელებას, ტანინი (ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება შავ ჩაიში) კი ხელს უშლის კალციუმისა და სხვა მინერალური ნივთიერებების შეწოვა-შეთვისებას. ამგვარად, ჩაის საჭმელს ნუ მიაყოლებთ.

ბევრ ადამიანს აქვს ტრადიციად, სადილის ან ვახშმის შემდეგ მიიღოს შხაპი. ჭამის შემდეგ შხაპისა თუ აბაზანის მიღება დაუშვებელია. წყლის პროცედურა – შხაპი იქნება ეს თუ აბაზანა, სისხლის ნაკადის გადანაწილებას იწვევს. სისხლის მოძრაობა ამ დროს ძლიერდება კიდურების, ხელების, ფეხებისა და სხეულის ზედაპირისკენ, კანისკენ. შესაბამისად, შინაგანი ორგანოებისა და მათ შორის კუჭის არეში სისხლის ნაკადი მცირდება, ზიანი ადგება საჭმლის მონელების პროცესს და ამ პროცესში ჩართულ ორგანოებს.

თუ საკვები მოჭერილი ქამრით მიირთვით, მისი მოშვება ან მთლად შეხსნა არც კი იფიქროთ. ამით საჭმლის მონელების პროცესში უხეშად ჩაერევით. მიღებული საკვები ერთბაშად ქვასავით ჩაეშვება ქვემოთ და საჭმლის მონელება გარკვეული დროით სრულად დაიბლოკება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი