მედიცინა

როდის იწვევს ენდომეტრიოზი უშვილობას და რა რისკ-ფაქტორებს უნდა მიაქციოთ ყურადღება

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.04, 2021 წელი

ენდომეტრიოზი
დაკოპირებულია

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება, რაც სხვადასხვა სიმპტომსა და ხშირად ძლიერ ტკივილებს იწვევს. უამრავი ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ სიმპტომებთან ერთად, სანამ სამედიცინო დიაგნოზს დაუსვამენ.

ქალებს ხშირად აჯერებენ, რომ მტკივნეული მენსტრუაცია ნორმაა და ნებისმიერი სიძლიერის ტკივილი უნდა მოითმინონ, თუმცა სინამდვილეში ტკივილი არ არის ნორმალური.

იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ ჭარბი მენსტრუაცია, გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც ჩვეულებრივი გამაყუჩებლებით ვერ იყუჩებთ, მტკივნეული სექსი, ტკივილი შარდვის ან კუჭის მოქმედებისას, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

ენდომეტრიოზისთვის არ არსებობს „ძალიან ადრე“ ან „ძალიან გვიან“. რეპროდუქციის ასაკის მქონე ქალებში ამ დაავადებამ ნებისმიერ დროს შეიძლება, იჩინოს თავი.

ენდომეტრიოზის შემთხვევაში მენსტრუაციის დროს მცირე მენჯის ღრუში ტკივილი შეიძლება ბევრად უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მიმდინარეობისას ხდება.

ასევე, შეიძლება აღინიშნოს სპაზმური ტკივილი მენსტრუაციული სისხლდენის დაწყებამდე და ამას თან დაერთოს წელის ქვედა ნაწილისა და მუცლის ტკივილიც.

რისკ-ფაქტორები

ენდომეტრიოზის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

* განაყოფიერების უუნარობა;

* ორგანიზმში ესტროგენის მაღალი დონე;

* სხეულის მასის დაბალი ინდექსი;

* ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება,

* მოკლე მენსტრუალური ციკლი;

* ენდომეტრიოზის შემთხვევები ახლო ნათესავებში, მაგალითად, დედა, და, დეიდა;

* მენსტრუალური ნაკადის ორგანიზმიდან თავისუფლად გამოდინების შეფერხება;

* მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში დაწყება;

* დაგვიანებული მენოპაუზა;

* საშვილოსნოს სხვადასხვა პათოლოგია.

ენდომეტრიოზის უმთავრესი გართულება ჩასახვის უნარის დაქვეითებაა. ენდომეტრიოზის მქონე ქალების 50 პროცენტს ჩასახვის პრობლემები აღენიშნებათ. ენდომეტრიოზი იწვევს ფალოპის მილების გადაკეტვას და შესაბამისად, აფერხებს კვერცხუჯრედის თავისუფლად გადაადგილებასა და სპერმატოზოიდთან დაკავშირებას. კვერცხუჯრედის განაყოფიერება ვერ ხდება და ის, უბრალოდ, ეწებება საშვილოსნოს კედელს. სწორედ, ეს ახდენს უარყოფით გავლენას შვილოსნობაზე.

ენდომეტრიოზის მქონე ქალებში უფრო ხშირია წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერება. ორსულობის მისაღწევად მათ ხშირად რამდენიმე განმეორებითი ცდის ჩატარება უწევთ. ამიტომ ბევრად უფრო ეფექტურია ინ ვიტროს ჩატარება ენდომეტრიოზის მკურნალობის ბოლომდე დასრულების შემდეგ.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ჩასახვის უნარი უკეთ აქვთ გამოხატული. თუმცა, წლების განმავლობაში მოსალოდნელია მათი მდგომარეობის დამძიმება, შესაბამისად, ენდომეტრიოზის მსუბუქი ფორმის მქონე ქალებს ურჩევენ, არ გადადონ ბავშვის ყოლა, რადგან დროთა განმავლობაში უნაყოფობის ალბათობა იმატებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი