მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ კეთილთვისებიან სიმსივნეზე

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

სიმსივნე
დაკოპირებულია

პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის ლორწოვანი გარსის უჯრედების არანორმალური ზრდა-გამრავლების შედეგია. პოლიპი მრავალ ორგანოში ჩნდება. ზოგჯერ სრულიად უწყინარია, ზოგჯერ კი კიბოსწინარე მდგომარეობაა და მკაცრ მეთვალყურეობას მოითხოვს.

მსხვილი და სწორი ნაწლავები პოლიპების საყვარელი ადგილებია. ამ ორგანოთა ეპითელური უჯრედებისგან განვითარებულ წარმონაქმნებს კოლორექტალურს უწოდებენ. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი პოლიპები გვხვდება. ასეთი წარმონაქმნების უმეტესობა უწყინარია, მაგრამ ხდება ისეც, რომ კოლორექტალური პოლიპი ნაწლავის კიბოს უდებს სათავეს. პოლიპი სხვა არაფერია, თუ არა უჯრედების ზღვარგადასული აქტივობის შედეგი. საქმე ის არის, რომ ნორმალური უჯრედი გეგმაზომიერად იზრდება და იყოფა. ეს ბუნებრივი პროცესია. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც გენები მუტაციას განიცდის და უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებს – ახალი უჯრედები საჭირო არ არის, მაგრამ მაინც წარმოიქმნება. უკონტროლოდ მზარდი ნაწლავის უჯრედები პოლიპებს წარმოქმნის. პოლიპი შეიძლება, ნაწლავის ნებისმიერ უბანში გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მარცხენა მხარეს წარმოიქმნება.

გამოყოფენ პოლიპების ორ ტიპს – არანეოპლაზიურსა და ნეოპლაზიურს. პირველი ტიპის პოლიპებს ავთვისებიანი გადაგვარება არ ახასიათებს, მეორე ტიპისა კი საშიშია. ნეოპლაზიური პოლიპები ადენომებად და დაკბილულ პოლიპებად იყოფა. ნაწლავური პოლიპების უმეტესობა ადენომურია. ასეთი პოლიპი ჯირკვალს მოგვაგონებს. მას ხშირად ადენომასაც უწოდებენ, მისგან განვითარებულ კიბოს კი ადენოკარცინომა ჰქვია. ადენოკარცინომა კოლორექტალური კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია. საერთო ჯამში, რაც უფრო დიდია პოლიპი, მით უფრო მაღალია მისი მალიგნიზაციის რისკი, განსაკუთრებით – ნეოპლაზიური პოლიპების შემთხვევაში.

თავად პოლიპების განვითარების რისკს კი ზრდის:

* 50 წელზე უფროსი ასაკი;

* ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);

* პოლიპოზის ოჯახური ისტორია;

* თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

* სიმსუქნე და მცირე ფიზიკური აქტივობა;

* ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

იშვიათად ადამიანს პოლიპების წარმომქმნელი გენეტიკური მუტაციები მემკვიდრეობით გადაეცემა. ასეთი მუტაციის არსებობისას უფრო მაღალია კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკიც.

პოლიპის გამომწვევი თანდაყოლილი პათოლოგიებია:

* ლინჩის სინდრომი – ამ დარღვევის მქონე ადამიანს მცირე რაოდენობის პოლიპი უვითარდება, თუმცა ისინი სწრაფი მალიგნიზაციისკენ არიან მიდრეკილნი. ლინჩის სინდრომი ნაწლავის თანდაყოლილი კიბოს ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დადგენილია მისი კავშირი სარძევე ჯირკვლის, კუჭის, წვრილი ნაწლავის, საშარდე გზებისა და საკვერცხეების კიბოსთანაც;

* ოჯახური ადენომური პოლიპოზი – ეს იშვიათი დაავადებაა, რომელიც მსხვილ ნაწლავში ასობით, ზოგჯერ კი ათასობით პოლიპის წარმოქმნას იწვევს. დაავადება მოზარდ ასაკში იწყება. ნებაზე მიშვებული პოლიპოზის ფონზე კიბო ასიდან თითქმის ასივე შემთხვევაში ვითარდება, თანაც, წესისამებრ, 40 წლამდე;

* გარდნერის სინდრომი – ამ დაავადების დროს პოლიპები მსხვილ ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში ვითარდება. სინდრომს ახასიათებს სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენა კანზე, ძვლებზე და სხეულის სხვა უბნებშიც;

* MYH-ასოცირებული პოლიპოზი – ეს მდგომარეობა გარდნერის სინდრომს ჰგავს. ამ დროს მუტაციები, ეგრეთ წოდებულ, MYH გენებში ვითარდება. დაავადებულს ხშირად უდასტურდება მრავლობითი ადენომური პოლიპი და ადრეულ ასაკში უვითარდება ნაწლავის კიბო;

* პეიც-ეგერსის სინდრომი – დაავადება მთელ სხეულზე, მათ შორის – ტუჩებზე, ღრძილებზე, ტერფებზე, პიგმენტური ლაქების გაჩენით იწყება, მერე კი მთელ ნაწლავში პოლიპები წარმოიქმნება;

* დაკბილული პოლიპოზის სინდრომი – ამ დროს მსხვილი ნაწლავის ზედა ნაწილში მრავლობითი დაკბილული პოლიპი ვითარდება.

როგორ აღმოვაჩინოთ

პოლიპები კლინიკურ სიმპტომებს იშვიათად იწვევს. ეს სულაც არ არის კარგი. თავად განსაჯეთ: უჩინარი უწყინარი წარმონაქმნი უჩინარ საშიშ დაავადებად ტრანსფორმირდება და მაშინღა იჩენს თავს, როცა უკვე გვიანია. კლინიკური გამოვლენის შემთხვევაშიც კი სიმპტომები არასპეციფიკურია. მაგალითად, პოლიპს ახასიათებს: რექტალური სისხლდენა, განავლის ფერის ცვლილება, ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, ტკივილი, რკინადეფიციტური ანემია.

ფარულად მიმდინარე დაავადების დიაგნოსტიკის მთავარ საშუალებად სკრინინგი მიიჩნევა. ეს გახლავთ დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი და ყველაზე ეფექტური სტრატეგია. სკრინინგი საშუალებას იძლევა, პრობლემას მანამდე მივაგნოთ, სანამ ავთვისებიან დაავადებაში გადაიზრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი