მედიცინა

პროფესორი იგორ მარდალეიშვილი – გინეკოლოგიურ პრობლემებზე, მათი წარმოშობის გზებსა და მკურნალობის მეთოდებზე

№16

ავტორი: ნინო საყვარელიძე 15:23 22.04, 2021 წელი

იგორ მარდალეიშვილი
დაკოპირებულია

ონკოგინეკოლოგი, ქირურგი, ენდოსკოპისტი, ბავშვთა გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ბატონი იგორ მარდალეიშვილი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით დახელოვნდა და ამით ქართულ სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. ფიქრობს, რომ მედიცინა ის სფეროა, სადაც ყოველდღიურად იცვლება პროცესები და სწორედ, ამიტომ, მიუხედავად უდიდესი ცოდნისა და გამოცდილებისა, დღემდე შემეცნებისა და განვითარების პროცესშია.

იგორ მარდალეიშვილი: 56 წლის ვარ და დაახლოებით, 1989 წლიდან ექიმად ვმუშაობ. ალბათ, გასაგებია თუ რატომ მაქვს გამოცდილება ამდენი მიმართულებით. ვფიქრობ, ამ სფეროში მრავალმხრივი განვითარება აუცილებელი ფაქტორია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სრულფასოვან, თანამედროვე მაღალპროფესიონალურ სამედიცინო დახმარებაზე. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო და ამ ყველაფერს დიდი დრო და ძალისხმევა დაჭირდა, დღეს მაქვს ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც წლების განმავლობაში ვაღწევდი და რა თქმა უნდა, კიდევ გავგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას, რადგან ექიმის საქმიანობა მუდმივ განვითარებას ითხოვს და ჩვენს პროფესიაში გაჩერება დამარცხებას ნიშნავს.

– როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა?

– 30 წელი რუსეთში ვსწავლობდი და ვმუშაობდი, წლების განმავლობაში მეთვრამეტე სამშობიაროს ბაზაზე ერთ-ერთი უდიდესი განყოფილების ხელმძღვანელი გახლდით. სადაც ვაკეთებდით ენდოსკოპიურ ჩარევებს, ვემსახურებოდით რეპროდუქტოლოგიის გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. ონკოლოგიური პროფილით მუშაობა 2012 წელს საქართველოში დავიწყე, მაშინ ცოცხალი გახლდათ ბატონი ირაკლი ცინცაძე, რომელიც გინეკოლოგიურ განყოფილებას ედგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით დავიწყეთ და თანდათან უფრო მეტად განვავითარეთ ონკოგინეკოლოგიური ჩარევები, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დონით, რა დონეზეც ეს მიმართულება ჩამოყალიბდა კოტე მარდალეიშვილის კლინიკაში. ჩვენი დაუღალავი შრომა მხოლოდ ერთი მიზნისკენაა მიმართული – რაც შეიძლება, მაღალ დონეზე მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს.

ჩემს სპეციალობებს და სუბსპეციალობებს ძალიან დიდ მიღწევად ვთვლი და ვფიქრობ, თუ სპეციალისტი მაღალ დონეზე ფლობს ყველა იმ სუბსპეციალობას, რაც გინეკოლოგიაშია, ეს ძალიან დიდი საყრდენია მისთვის.

– თქვენ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევთ შანსს, რომ მომავალში წარმატებით შეასრულონ საკუთარი რეპროდუქციული ფუნქცია, როგორ აკეთებთ ამას?

– ონკოგინეკოლოგიის შემთხვევაში აუცილებლად ვითვალისწინებთ რეპროდუქციულ სისტემას – საუბარია დამზოგველ ოპერაციებზე, შვილოსნობის შანსის მიცემაზე ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც არ აქვს დასრულებული რეპროდუქციული ფუნქცია, არ ჰყავს შვილები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ქიმიოთერაპიამდე ან სხივურ თერაპიამდე მოხდეს საკვერცხის ნაწილის მომარაგება, ან რეპროდუქციული ფუნქციის დასრულება, ან დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენება, იმისთვის, რომ პაციენტს ჰყავდეს გენეტიკურად საკუთარი შვილი. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მრავალწახნაგოვანი პრობლემის მიმართ ცალმხრივი მიდგომაა, რაც ძალიან მძიმე და უარყოფით შედეგს გვაძლევს. სწორედ, ეს სუბსპეციალობები, რასაც პირადად მე ვფლობ და ვიყენებ ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა მხრიდან შევხედო პრობლემას. ჩვენ ვმუშაობთ რეპროდუქტოლოგიურ ცენტრებთან ერთად და გვაქვს საშუალება, მივიღოთ კვერცხუჯრედები ან საკვერცხის ნაწილი ქიმიოთერაპიის ან ოპერაციული ჩარევის წინ, გავყინოთ და ამით გავანაღდოთ მომავალში ამ ადამიანის რეპროდუქციული ფუნქცია და გარკვეული ჩარევის მერე, როდესაც პაციენტი ჯანმრთელად ჩაითვლება, გადავიტანოთ საკვერცხის ნაწილი ცხიმოვან ქსოვილში და სტიმულირების შემდგომ მივიღოთ კვერცხუჯრედები.

– ლაპარასკოპიული ჩარევა თუ ღია წესით ოპერაციები?

– ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა დროს რას ვაკეთებთ. ჯერჯერობით არის შემთხვევები, როდესაც ლაპარასკოპიას არ შეუძლია ის, რაც შეუძლია ღია ქირურგიას და ეს დადასტურებულია მრავალი უახლესი სტატისტიკური მონაცემებით.

ლაპარასკოპიული ჩარევა გარკვეულ დონემდე აბსოლუტურად მიღებულია გინეკოლოგიაშიც და ონკოგინეკოლოგიაშიც, უშვილობის მკურნალობაში ლაპარასკოპია ითვლება ერთ-ერთ ოქროს სტანდარტად, მისი მეშვეობით ზუსტად შეგვიძლია შევაფასოთ მილების გამტარიანობა, ცუდად გამტარიანი მილი ხდება ხაფანგი განაყოფიერებული კვერცხუჯრედისთვის და შემდგომში იქ გარეორსულობა ჩნდება. ლაპარასკოპია გვაძლევს არა მხოლოდ დიაგნოსტიკის, არამედ ჩარევის საშუალებას, ამ მეთოდით თუ ვნახულობთ პრობლემებს – იქნება ეს შეხორცებები, ენდომეტრიოზი თუ სხვა, რა თქმა უნდა, სიტუაციის გამოსწორებას ამავე მეთოდით ვცდილობთ.

– არახალი, მაგრამ მაინც აქტუალური თემაა ვაქცინაცია პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად, რა ასაკიდანაა რეკომენდებული და რამდენად კარგად მუშაობს?

– დღეისათვის პაპილომა ვირუსის, დაახლოებით, 56 ტიპია ცნობილი, მათ შორის, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე ტიპი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულად, ეს ვაქცინა ზუსტად ამ ორი ტიპის საწინააღმდეგოდაა შექმნილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვინც გაიარა ვაქცინაცია ამ ორი ტიპის ვირუსის წინააღმდეგ, მათ სხვა ტიპის ვირუსების წინააღმდეგ იმუნიტეტი არ გამოუმუშავდებათ. მაღალი რისკის ჯგუფში, დაახლოებით, 13 სუბტიპია, ანუ მე-16 და მე-18 ტიპის გარდა, მაღალ რისკის კიდევ 11 სუბტიპია. გარდა ამისა, არსებობს საშუალო რისკის ჯგუფი, სადაც დაახლოებით 22 სუბტიპი შედის, ისინიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს, მაგრამ შედარებით გვიან. ამიტომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაშიც არ არის გამოსავალი, დიახ ვაქცინაცია შეამცირებს ამის ალბათობას მხოლოდ მეთექვსმეტე და მეთვრამეტე ტიპის მიმართ. რაც შეეხება ვაქცინაციის ასაკს, ცნობილია, რომ 25 წლამდე საშვილოსნოს ყელის კიბო, პრაქტიკულად, არ ჩნდება, იმიტომ რომ ადამიანს აქვს თავისი საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი უფრო და უფრო ახალგაზრდავდება, ამიტომ ჯობს, ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე მოხდეს.

– რამ განაპირობა სქესობრივი დაავადებების გახშირება?

– ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესები ძალიან შეიცვალა, სქესობრივი ცხოვრება არარეგულარული გახდა, პარტნიორების ხშირი შეცვლა ხელს უწყობს სქესობრივი დაავადებების გადაცემას პარტნიორიდან პარტნიორზე, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გაჩენას, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო, რადგან ეს გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ პაპილომა ვირუსით, რომელიც სქესობრივი გზით გადადის. როგორც წესი, ის მამაკაცებში არანაირი დაავადების პროვოცირებას არ ახდენს, ქალებში კი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ამიტომ ვაქცინაცია ძალიან ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი