ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 52 წუთის წინ
კითხვა: მეუღლეს ორი დღის წინ უკბინა ბზიკმა, ის ადგილი 3-4 სანტიმეტრზე შეუშუპდა და გაუწითლდა. ზოგჯერ ექავება კიდეც. რა შეიძლება, რომ წაისვას?
პასუხი: ბზიკის ნაკბენის შედეგად განვითარებული 3-4 სანტიმეტრიანი შეშუპება და სიწითლე, ქავილთან ერთად, არის ადგილობრივი ალერგიული რეაქცია, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა შემცირდეს. ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიჰისტამინური გელი, მაგალითად, ფენისტილი (Fenistil). წაისვით თხელ ფენად, დღეში 2-4-ჯერ, სიმპტომების შემცირებამდე ან დაბალკონცენტრირებული ჰორმონალური მალამო, მაგალითად, ჰიდროკორტიზონის მალამო (Hydrocortisone 1%). წაისვით თხელ ფენად, დღეში 1-2-ჯერ.
კითხვა: 11 წლის გოგოს Tsh აქვს 5.8 (0.27-4.2), ვიტამინი D-12 – 30-100. ძალიან სავანგაშოა? თუ შეიძლება, ვიტამინ D-ს ნაკლებობას გამოეწვია ჰორმონის მატება? მოკლედ, მაინტერესებს, შეიძლება, ეს ჰორმონი თვითონ დარეგულირდეს?
პასუხი: TSH 5.8 – არის ზომიერად მომატებული მნიშვნელობა. თუ თავისუფალი T4 ნორმაშია, ზოგჯერ ასეთი ცვლილება დროებითიც შეიძლება იყოს და განმეორებით კონტროლზე თავადაც დარეგულირდეს. D ვიტამინის დეფიციტი პირდაპირ TSH-ის მატების მიზეზად არ მიიჩნევაა, თუმცა ორივე პრობლემა შეიძლება, ერთდროულად არსებობდეს. სასურველია პედიატრ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და TSH-ის, თავისუფალი T4-ის და ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების კონტროლი.
კითხვა: ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ბოქვენის მიდამომ შესამჩნევად ამოიწია, წონაშიც მოვიმატე მაგრამ ვიფიქრე, თიაქარი ხომ არ მაქვს-მეთქი. რომელი სპეციალობის ექიმს შეიძლება მივმართო?
პასუხი: მიმართეთ ზოგად ქირურგს. ის დაადგენს, თქვენი მუცლის ქვედა ნაწილის გადიდება ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული თუ ეს თიაქარს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





