ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.07, 2022 წელი

კითხვა: ერთი წელია, ყოველდღე ან დღეგამოშვებით, ერთჯერადად მაქვს წყალივით ფაღარათი. არანაირ პრეპარატს არ ვიღებ. ვარ 35 წლის ქალი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ან როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: საჭირო იქნება განავლის ანალიზი (შესაძლოა, სხვა გამოკვლევებიც). სავარაუდო მიზეზებია: ფერმენტების დეფიციტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული ენტერიტი, ენტეროკოლიტი და სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ დისპეფსიით (საჭმლის მონელების ფუნქციური ხასიათის დარღვევა). ამიტომ გამოკვლევების დაწყებამდე გასტროენტეროლოგთან ვიზიტია საჭირო. დასაზუსტებელია რიგი საკითხები, კერძოდ, კვების ტიპი და სხვა ჩივილები, ამის შემდეგ შედგება გამოკვლევის გეგმა დიაგნოზის დასაზუსტებლად.
კითხვა: საკვების მიღების შემდეგ თავის ტკივილი მეწყება, არ აქვს მნიშვნელობა, როდის მივიღებ საკვებს და რას, ასევე მეძინება და ვგრძნობ დაღლილობას. რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს?
პასუხი: გაიკონტროლეთ არტერიული წნევა როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ, ასევე უნდა გაიზომოს გლუკოზა სისხლში. დააკვირდით რომელიმე კონკრეტული საკვების შემდეგ ხომ არ გეწყებათ თავის ტკივილი. მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისთვის და თანმიმდევრული კვლევების დასაგეგმად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.
კითხვა: გადიდებული მაქვს ნაღვლის ბუშტი და საკმაო დასკომფორტს ვგრძნობ. საკმარისი იქნება ნაღველმდენის მიღება თუ დამატებითი მკურნალობაა საჭირო? უზმოზე 75 მილილიტრი მაქვს და ნორმა 20-25 არის.
პასუხი: მხოლოდ ამ მონაცემით ნაღველმდენ საშუალებას ვერ დაგინიშნავთ. მაგალითად, კენჭის არსებობის შემთხვევაში ნაღველმდენების მიღება არ არის რეკომენდებული. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ადგილი აქვს ნაღვლის ბუშტის ჰიპომოტორულ დისკინეზიას. უნდა დადგინდეს მიზეზი და ისე დაინიშნოს მკურნალობა გასტროენტეროლიგის მიერ (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გამაძლიერებელი, ნაღვლის გადინების მომაწესრიგებელი, ანთების საწინააღმდეგო და ასე შემდეგ უმნიშვნელოვანესია სპეციალური დიეტის დაცვა).
კითხვა: ორ კვირაზე მეტია, მარცხენა მკერდის კუნთი მტკივა. ძუძუსთავზე ხელს რომ ვიკიდებ, ყრუ ტკივილის შეგრძნება მაქვს, ვის მივმართო? რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: პირველ რიგში მამოლოგს უნდა გაესინჯოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან