მედიცინა

ექიმის რჩევები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.04, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს რას ნიშნავს ჰიდროსალპინქსი და რითი იკურნება?

პასუხი: ჰიდროსალპინქსი კვერცხსავალი მილის გაფართოება და მასში სითხის დაგროვებაა. შედეგად მილი გაუმტარია კვერცხუჯრედის, სპერმატოზოიდისა თუ ემბრიონისთვის. ჰიდროსალპინქსის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი ქირურგიულია, თუმცა მანამდე შესაძლებელია, ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და გამწოვი მკურნალობა, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს ოპერაციის საკითხი.

კითხვა: ფეხის თითები დამიწითლდა და საშინელი ქავილი და წვა მაწუხებს. აშკარად ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. უკვე მესამედ მომივიდა ერთ წელიწადში. სიცივეში დიდხანს ყოფნა მიწევდა და შემდეგ სითბოში სწრაფად შევდიოდი და ფეხებს მაღალ ტემპერატურაზე ვითბობდი. დერმატოლოგს ვაჩვენე და მითხრა, რომ შეიძლება სისხლძარღვების პრობლემა იყოს, ეს დერმატოლოგიური არ არისო. რა შეიძლება იყოს?

პასუხი: პირველ რიგში დასასმელია დიაგნოზი – ხომ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვთა დაავადებით მიმდინარე სისტემური დაავადება, ორგანიზმში ინფექციის კერა და ასე შემდეგ. ჩვენი რჩევაა, პირველ რიგში, მიმართოთ ანგიოლოგს, გამოსარიცხია რეინოს დაავადება ან სინდრომი, მისი გამორიცხვის შემთხვევაში კი – ინფექციონისტს. მკურნალობა დიაგნოზიდან გამომდინარე დაინიშნება.

კითხვა: 13 წლის გოგოს აქვს აუტოიმუნური თიროიდიტი და კვანძი. ასეთ ფონზე, არის თუ არა დასაშვები მივცე მედიკამენტი სტატურანი, რომელიც ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას. რადგან ანოტაციაში უწერია, რომ სტატურანის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. ეს ხომ არ იმოქმედებს კვანძზე და ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?

პასუხი: ჯერ გაასინჯეთ ბავშვი ექიმს, დამოუკიდებლად მედიკამეტების მიცემას მოერიდეთ. განისაზღვროს, არის თუ არა ბავშვი ზრდაში ჩამორჩენილი და შეირჩეს შესაბამისი მეთოდები. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს სიმაღლეში ზრდის ცენტრები.

კითხვა: შეიძლება თუ არა გლანდების ამოჭრა ზაფხულში?

პასუხი: საერთოდ, წლის ცხელ პერიოდში, მაგალითად, აგვისტოში, ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკის გამო ტონზილექტომიას არ გეგმავენ, თუმცა რადგან დიოდის ლაზერით მინიმუმამდე მცირდება სისხლდენის რისკი, რიგ შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია ამ მეთოდით შეიძლება, ზაფხულის ცხელ დღეებშიც ჩატარდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი