მედიცინა

ექიმის რჩევები

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.04, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება, თავის დაბანა შაკიკის მაპროვოცირებელი იყოს?

პასუხი: თავის დაბანა, თუნდაც ხშირი, არ უნდა იწვევდეს შაკიკის პროვოცრებას. ზოგჯერ, პირიქით, თბილი შხაპი და თავის დაბანა ეფექტურიც კი არის ტკივილის კუპირებისთვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის პროცესში ან მისი დასრულებისთანავე?

პასუხი: სპეციალისტთა ნაწილი უშუალოდ ჭამის დროს წყლის დალევას არასასურველად მიიჩნევს, რადგან წყალი კუჭის წვენის განზავებას იწვევს და ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ წყალი მაშინ უნდა დავლიოთ, როცა მოგვინდება – ჭამის პროცესშიც და ჭამის შემდეგაც. კუჭი არ არის უბრალო ტომარა, რომელშიც საკვები გროვდება და შემდეგ განყოფილებაში გადადის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე მონელების პროცესი გაცილებით უფრო რთულია. ჭამის პროცესში მიღებული წყალი კუჭის მოგრძო ნაკეცების კვალად გადაადგილდება და თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის ისე, რომ კუჭის წვენს საერთოდ არ ერევა. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მიღებული წყლის ტემპერატურას – სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის წყალი.

კითხვა: რა უნდა ვქნათ, თუ მეჭეჭი მოგვძვრება და ექიმთან ვერ მივდივართ? იქნებ დამეხმაროთ.

პასუხი: თუ გაღიზიანების ნიშნები – ანთებადი სიწითლე, კანის ფერის ცვლილება, დისკომფორტი არ აღგენიშნებათ, მაშინ საშიში არაფერია. თუ რაიმე დაგაეჭვებთ, ონკოდერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ვარ 19 წლის სტუდენტი. ბოლო 2 წელია, როცა ვნერვიულობ მუცელში მივლის და საპირფარეშოში მინდება. ასე უმეტესად გამოცდების წინ მემართება. ეს ნორმალურია თუ რაიმე დარღვევაა?

პასუხი: დიახ, ნერვული სტრესი/ემოცია იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის (ტალღური მოძრაობა) გააქტიურებას/ფაღარათს. ნაწლავები „ემოციური“ ორგანოა.

კითხვა: შუბლთან თმა არ მეზრდება, სულ ერთი და იგივე სიგრძე აქვს და ძალიან თხელია. როგორ შეიძლება, გაიზარდოს და რის გამო არ იზრდება?

პასუხი: ეს გენეტიკურად მიღებული ნიშან-თვისებაა, რომელიც ადამიანს ერთ-ერთი მშობლისგან მემკვიდრეობით გადაეცემა.

კითხვა: ვარ 16 წლი ბიჭი, ბოლო 1-2 წელია, სიარულის დროს განსაკუთრებით მენჯი მიტკაცუნებს, როცა ვამოძრავებ, მაშინ – თითქმის ყველა სახსარი. არ მტკივა. მაინტერესებს, რისი ბრალია?

პასუხი: თუ ტკაცუნს არ ახლავს ტკივილი, საშიში არაფერია. ტკაცუნის მიზეზია სახსრების სტრუქტურების (მყესები, იოგები) მომატებული ძვრადობა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი