ბელადები

როგორ გაანეიტრალა ლავრენტი ბერიამ სტალინის მეგობარი ნესტორ ლაკობა

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.04, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას პიროვნების ცალსახად შეფასება არ შეიძლება და არასწორიცაა. ერთნი მას ეშმაკის მოციქულად მიიჩნევენ, მეორენი კი – უფლის მიერ მოვლინებულ მხსნელად. გააჩნია, ვინ რა კუთხით აფასებს ამ ადამიანის მოღვაწეობას, იმას, რაც აქამდე ვრცელდებოდა და ფაქტობრივ მასალას, რაც ამ ბოლო დროს მრავლად ქვეყნდება... 

ისტორიის დოქტორი ოქსანა დობროვოლსკაია წერს: „ბერიას პიროვნებას რომ მეტსახელები მივუსადაგოთ, მათ შორის ერთ-ერთი სიტყვა „ვერაგი“ იქნება. დიახ, ბერია ძალიან ვერაგი იყო, მან არაერთი ადამიანი გააბა სასიკვდილო ქსელში და საიქიოში გაისტუმრა. ასეთი ქმედება საბჭოთა კავშირში ლამის კანონის დონეზე იყო დამკვიდრებული და არავის უკვირდა. ადამიანები დადარაჯებულები იყვნენ, რომ ერთმანეთზე რაიმე „ზედმეტი“ გაეგოთ, რომ შემდგომ ერთურთი დაესმინათ და „ზევით“ ნდობა მოეპოვებინათ. „ზევითაც“ ასეთი სურათი იყო და ეს უზარმაზარი ქვეყანა ამ წრეზე დადიოდა...

ისტორიკოსი როი მედვედევი: „ლავრენტი ბერია ამ ტიპურ, მოჯადოებულ წრეშიც კი სხვებისგან მკვეთრად იყო განსხვავებული და საერთო ჩარჩოებში არანაირად არ ჯდებოდა. თუკი ხალხის მასისთვის და თვით უმაღლესი პოლიტიკური ელიტის უმეტესობისთვის დასმენები და ვერაგობა თვითმიზნად იყო ქცეული, ბერიასთვის ვერაგობა მტრების დასამარცხებელი იარაღი იყო. მტრებად კი ბერია, პირველ რიგში, იმ ადამიანებს მიიჩნევდა, ვინც მისი სამშობლოს – საქართველოს, ხაზს ვუსვამ – საქართველოს, წინააღმდეგ მოქმედებდნენ...“

პროფესორ როი მედვედევის აზრს თუ გავიზიარებთ, გამოდის, რომ ბერია ვერაგი იყო ვერაგებთან და ამაში დასაძრახი არაფერია. ასე იქცეოდა ბერია საქართველოსთვის. და ასე იქცევა საკუთარი სამშობლოს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი, თვით ამერიკელები და ინგლისელები, რომლებიც სანიმუშო დემოკრატებად არიან აღიარებული, ასე იქცევიან ამჟამადაც და მომავალშიც ასე მოიქცევიან.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბერია, მართლაც რომ, გამორჩეული პიროვნება იყო და თავისი სამშობლოს, საქართველოს დიდი პატრიოტი და მოამაგე. საკუთარ გრძნობას კი ბერია საბჭოური პატრიოტიზმით ნიღბავდა. თვით სტალინსაც კი უმალავდა ზოგიერთი თავისი ქმედების ჭეშმარიტ არსს და თითქმის ყველა საქმეს საქართველოს საკეთილდღეოდ ახორციელებდა. ზოგჯერ მას უკიდურესი ვერაგობისა და სისასტიკის გამოჩენაც კი უწევდა. ამ მხრივ, ბერიასთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო 1936 წელი. მაშინ, საქართველოსა და ამიერკავკასიის „ცეკას“ პირველ მდივან ლავრენტი ბერიას ჯერ სომხეთის „ცეკას“ პირველი მდივნის აგასი ხანჯიანის მკვლელობა მოუწია რომელიც თავისსავე კაბინეტში რევოლვერით გამოასალმა სიცოცხლეს, შემდგომ კი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ნესტორ ლაკობას განეიტრალება. მიზეზი კი ორივე შემთხვევაში ერთი იყო – ისინი საქართველოს დანაწევრებას მოითხოვდნენ...“

„თბილისელებში“ ადრე დაიწერა ხანჯიანის ისტორია და აღარ გავიმეორებთ. მხოლოდ ნესტორ აპოლონის ძე ლაკობაზე მოგითხრობთ. ის ძველი რევოლუციონერი იყო და სტალინის პირადი მეგობარი. „კობა“ და „ადაგუა“ (აფხაზურად – ყრუ. ასე ეძახდნენ ლაკობას, რადგან სმენა ძალიან ჰქონდა დაქვეითებული), რომ იტყვიან, ძმაკაცები იყვნენ და არალეგალური საქმიანობისას ერთად არაერთი ხიფათი ჰქონდათ გადატანილი. „სოვეტიზაციის“ შემდეგ ლაკობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად დაინიშნა. სტალინთან პირადი ურთიერთობის გამო ლაკობა, ცოტა არ იყოს, ზემოდან უყურებდა ბერიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფროსი იყო.

დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „ლაკობა საკმაოდ სწორხაზოვანი ადამიანი იყო და თავისი აზრების დაფარვა არ ეხერხებოდა. ის მიიჩნევდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთს უნდა შეერთებოდა და ამას ერთიანი ინფრასტრუქტურებითა და საერთო ისტორიით „ასაბუთებდა“, რაც, რა თქმა უნდა, სრული სისულელე, ტყუილი და ისტორიული შეუსაბამობა იყო. ბერიამ ამის შესახებ კარგად უწყოდა. თუმცა, ლაკობასთან ღია კონფლიქტს მაინც ერიდებოდა.

1936 წლის დეკემბერში ნესტორ ლაკობა თბილისში ჩავიდა. ის რესპუბლიკის პარტიული აქტივის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას. 27 დეკემბერს დილის სხდომაზე ლაკობასა და ბერიას კონფლიქტი მოუვიდათ. როდესაც ლაკობამ ბერიას უთხრა, აფხაზეთი რომ რუსეთს შეუერთდეს, უკეთესი იქნებაო, ბერიასგან მკვეთრი რეაქცია მიიღო და მან სხდომა დატოვა... რამდენიმე საათის შემდეგ კი ლაკობას ბერიას დედამ დაურეკა და სახლში მიიწვია. ლაკობა ბერიებთან ვახშამზე მივიდა და დილით ნაჩხუბრები საღამოს შერიგდნენ.

შეზარხოშებულმა ლაკობამ ბერიას უთხრა:

– ლავრენტი, მოსკოვში უნდა ჩავიდე და აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე სოსოს მოვეთათბირო. შენ რას იტყვიო.

ბერიამ მხრები აიჩეჩა და მიუგო:

– მე რა უნდა ვთქვა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამხანაგი სტალინი გადაწყვეტსო.

რამდენიმე საათში ლაკობა სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა და ხმა გავრცელდა, რომ ის ბერიასთან მოწამლეს, ვახშამზე...“

მოწამვლის ფაქტი ტყუილია თუ მართალი, ღმერთმა უწყის, მაგრამ როდესაც ლაკობას გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ ბერია სტალინს კრემლში შეხვდა, ბელადმა მას უთხრა:

– ლავრენტი, იმიტომ ხომ არ მოკვდა ლაკობა, რომ მისი ჩემამდე მოშვება არ გინდოდა. მოსულიყო, რა, ფიქრობ, რომ მე აფხაზეთს რუსეთს შევუერთებდი?

ერთი სიტყვით, ლაკობა თავისმა უგუნურობამ იმსხვერპლა და კარგი დღე არც მისი ოჯახის წევრებს დასდგომიათ, რომლებიც სასტიკ რეპრესიებში მოყვნენ“.

ასევე საინტერესოა:

ლავრენტი ბერია და საქართველო

ლავრენტი ბერია და საქართველოს შავიზღვისპირეთი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი