ბელადები

ახალი სახელმწიფოს როგორი განვითარების გეგმა ჰქონდა სტალინს

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.04

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მხურვალე რევოლუციონერი იყო და ლენინთან ერთად, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ახალი სახელმწიფოს მშენებლობის სკრუპულოზური გეგმა ჰქონდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „საბჭოთა ისტორიოგრაფიაში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ოფიციალურ დამფუძნებლად ვლადიმერ ილიას ძე ლენინია მიჩნეული და ეს სიმართლეა. ლენინივე იყო ახალი სახელმწიფოს პირველი მმართველიც. თუმცა, საბჭოთა კავშირი, როგორც ქვეყანა, სტალინმა ააღორძინა და მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოდ სწორედ მან გადააქცია. ეს უცილობლად მისი მიღწევაა და წყალი არ გაუვა. მეტიც, ლენინს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ახალი ქვეყნის მშენებლობაზე. ლენინისთვის მთავარი მიზანი შურისძიება იყო – მეფის დამხობა და რუსეთის სამეფო ოჯახის სრული ლიკვიდაცია, რაც მან ნამდვილად მოახერხა. ხოლო, როდესაც ახალი სახელმწიფოს საჭე ჩაიბარა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლენინი ძალაუფლების დაკარგვის აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. მეტიც, ის მზად იყო, ქვეყანა სხვებთან ერთად ემართა და თუ ეს არ მოხერხდებოდა დაეთმო კიდეც ძალაუფლება. მაგრამ მოქმედ ბელადს (ლენინს) მომავალი ბელადი (სტალინი) მტკიცედ დაუდგა გვერდში და ლენინს ძალაუფლება შეუნარჩუნა. ბოლშევიკური პარტიის ბირთვს კი საკუთარი ძალების რწმენა აღუდგინა და გამარჯვებებისკენ წაიყვანა...“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ლენინის უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერთპიროვნული მმართველობა მოინდომა. ლენინი უარყოფდა ყოველგვარ გონივრულ რჩევას, მათ შორის იმასაც, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ძველ, კვალიფიციურ კადრებთან თანამშრომლობა, მათ შორის, სამხედროებთანაც. ლენინმა კი ამაზე უარი განაცხადა და სწორედ ეს იყო რუსეთში სამოქალაქო ომის გაჩაღების მთავარი მიზეზი. ახალ მმართველს სულ ტყუილად ეგონა, რომ არმიას დაიმორჩილებდა და როცა პრაქტიკულად, თავისი თვალით იხილა ამ შეცდომის შედეგები, შეშინდა და კაპიტულაციაზეც იყო თანახმა. აი, სწორედ აქ გამოვიდა ბელადის მხსნელად სტალინი. როცა პეტერბურგში მყოფი საბჭოთა მთავრობა სრულ ალყაში იმყოფებოდა. ტროცკისა და ლენინს კი კაპიტულანტური პოზიცია ეკავათ, სტალინმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს ასე მიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მოგიწოდებდით სამხედროებთან თანამშრომლობაზე, ჩემი სიტყვები რატომღაც უგულებელყავით. მწვავე კონფრონტაციაზე წახვედით და ომიც გაჩაღდა. ახლა კი გინდათ, დანებდეთ და ფიქრობთ, ამით თავს გადაირჩენთ. გარწმუნებთ, რომ – ვერა. ისინი ძალიან სასტიკად და დაუნდობლად იმოქმედებენ და მხრებზე თავებს არ შეგვარჩენენ. ამიტომ, ჯობია, მედგრად დავუდგეთ და ბოლშევიკური შემართებით ვიბრძოლოთ, რადგან მხოლოდ ასე მივაღწევთ გამარჯვებას და ქვეყანას გადავარჩენთ...“ და სტალინი იქვე ჩაუყენეს სათავეში პეტროგრადის დაცვას. მან (სტალინმა) ისე მარჯვედ და ოსტატურად შეასრულა ეს მისია, რომ მომხრეებიც გააოცა და მოწინააღმდეგეებიც...“

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ლენინზე ვერ იტყვი, რომ გაუთვითცნობიერებელი და ცალსახად სწორხაზოვანი პიროვნება იყო. თუმცა, მისთვის მთავარი იყო აჯანყების გზით რევოლუციის მოხდენა და მეფის დამხობა. ის, ძირითადად, ამაზე იყო ორიენტირებული. სტალინს კი ჯერ კიდევ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ახალი ქვეყნის მართვის პრინციპები, როგორც ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ სფეროებში, ანუ იოსებ სტალინი ბევრად მრავალმხრივი და დახვეწილი პოლიტიკოსი იყო, ვიდრე ბოლშევიკ-რევოლუციონერთა ბირთვი ლენინ-ტროცკიანად. უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, ლენინ-ტროცკი დამანგრევლები იყვნენ, სტალინი კი – აღმშენებელი. სწორედ მისი ამ თვისების გამო მოხერხდა ომის შემდგომი ქვეყნის უსწრაფესად აღდგენა და ფეხზე დაყენება...“

არსენ მარტიროსიანი: „მიუხედავად მკაცრი მმართველობის სტილისა, საბჭოთა ბელადი ყველა სფეროს შემოქმედებითად უდგებოდა და ასეთ ადამიანებს უდიდეს პატივს სცემდა, აწინაურებდა და აჯილდოებდა. ხრუშჩოვისნაირებზე კი ამბობდა – მცირედ განათლებულია, მაგრამ გულმოდგინე და ასეთ ადამიანს სწორად თუ მიმართავ, შუბლით კლდეს გაიტანს და მეორე მხარეს გავაო. აქედან გამომდინარე, სტალინი იდეალურად აბალანსებდა ქვეყნის მმართველობის რგოლებს და სწორედ ამ ოსტატური ბალანსისა და მკვეთრად ჩამოყალიბებული, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ჯერ ააშენა ქვეყანა, შემდგომ კი ომისგან დაფერფლილიც აღადგინა. სწორედ ამაში მდგომარეობდა სტალინის მმართველობის ოსტატობა, პოლიტიკური სიბრძნე და გამოცდილება, რაც არც ლენინს გააჩნდა და არც ტროცკის და რომ არა სტალინი, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ 30-იან წლებამდე დაიშლებოდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი