ბელადები

რა ინოვაციებსა და სიახლეებს ნერგავდა ლავრენტი ბერია თბილისსა და საქართველოში

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.02

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

  მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა და კომუნისტური მმართველობა დასრულდა, იმ ეპოქის აჩრდილები დღემდე მოსვენებას არ აძლევენ მილიონობით ადამიანს და ჯერაც არ დასრულებულა კომუნისტი ბოროტმოქმედების საქმეების ძიების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ლავრენტი ბერიაა... პუბლიცისტი კონსტანტინე კრუგლოვი წერს: „ლავრენტი ბერიას არაერთ დანაშაულს მიაწერდნენ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა კომუნისტური ცოდვა მას ავკიდო. ბერია კრავი არ ყოფილა, თუმცა არც ისეთი „დრაკულა“ (თუ იყო საერთოდ ასეთი), როგორადაც მას წარმოაჩენდნენ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ისტორიულ და საარქივო საბუთებზე დაყრდნობით, ლავრენტი პავლეს ძე ძალიან საქმიანი, ჭკვიანი, დისციპლინირებული და სხვათა შორის, ჰუმანური ადამიანიც კი იყო. როგორც ბერიას საქმეებიდან ირკვევა, ის  წამითაც არ დუნდებოდა. მთელი დღე მუშაობაში იყო და თავისი გონებისა და ენერგიის წყალობით, ძალიან ბევრს ასწრებდა. ბერიას სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყებოდა და ღამის 12-1 საათზე სრულდებოდა. საკმაოდ ხშირად კი ლავრენტი ბერია რამდენიმე დღეს ერთმანეთზე აბამდა. ბერიას ასეთი არანორმალური რეჟიმი ეპოქის გამოძახილი იყო და მიუხედავად კოლოსალური საერთო ენთუზიაზმისა და თუ გნებავთ, ვერტიკალური ზეწოლისა, ცოტა ვინმე თუ ასრულებდა იმდენ სამუშაოს, რამდენსაც ლავრენტი ბერია. მე ვიტყოდი, რომ ალბათ, მხოლოდ სტალინი.“
ცნობილი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე ახლო წრეში ყვებოდა: „ლავრენტი ბერია 1936 წელს გავიცანი. მაშინ ის საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო. მე ფოთში ვცხოვრობდი და ქალაქის ნაკრებში ვთამაშობდი. თბილისში რომ ჩამოვედი და დამხვდნენ, პირდაპირ ცეკაში წამიყვანეს. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რომ ცეკაში მივდიოდი და პირადად ბერიას უნდა შევხვედროდი. ჩემოდნები მისაღებში დავტოვე. მომცეს საშვი და მხოლოდ მაშინ გავერკვიე ყველაფერში, როდესაც მუხის კარს მივადექი, რომელზეც ლავრენტი ბერია ეწერა. ერთგვარი უხერხულობა კი ვიგრძენი, მაგრამ შიშით ნამდვილად არ შემშინებია – როდის იყო ჩემი რანგის კაცს დასაჭერად ქვეყნის პირველ პირთან იბარებდნენ. რომ შევედით, ბერია შუა კაბინეტში შემეგება. მაგრად ჩამომართვა ხელი. შემდეგ სავარძლებში დავსხედით და მითხრა:
– თბილისის „დინამოში“ უნდა გადმოხვიდე. შენზე მითხრეს, ძალიან მაგარიაო და ეს საკუთარი თამაშით უნდა დამიმტკიცო. შეძლებ?
– დიახ. შევძლებ! – რატომღაც ძალიან მტკიცედ და დაუფიქრებლად ვუპასუხე ბერიას.
თავიდან „ბ“ ჯგუფში ვთამაშობდით. იმავე წელს „ა“-ში გადავედით და მაშინვე მოწინავე გუნდი გავხდით. ბერია ფეხბურთის საოცარი გულშემატკივარი იყო და მცოდნეც. ის არცერთ ჩვენს თამაშს არ აცდენდა თბილისში და ცდილობდა, გასვლით თამაშებზეც თან გვხლებოდა. აგვიშენა შესანიშნავი სტადიონი. რომ იტყვიან, ხელის გულზე გვატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული, დაძაბული დრო იდგა და ბერიას ჩვენ გარდა უამრავი საქმე ჰქონდა, ჩვენ, ფეხბურთელებს, ვერავინ გვეხებოდა. ისეთი ენერგიული და მშრომელი ადამიანი, როგორიც ის იყო, ცხოვრებაში არ შემხვედრია...“
ბერიას შრომისუნარიანობაზე ლეგენდები დადიოდა. ის ყველგან ასეთი შემართებით იყო. თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ღვაწლი, რაც საქართველოსა და კერძოდ კი თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიამ საქართველოს დედაქალაქი ევროპის მოწინავე ქალაქად გადააქცია. თბილისი გაკრიალებული იყო –  უთენია სპეციალურად მოწყობილი მანქანები ქუჩებს საპნიანი წყლით რეცხავდნენ. ქალაქში დაყრილ ნაგავს კი არა, ერთი სიგარეტის ნამწვავსაც კი ვერ ნახავდით. თბილისი მწვანეში იყო ჩაფლული. ბერიას ინიციატივით შეიქმნა არაერთი მწვანე სკვერი, პარკი და ყოველმხრივ კეთილმოეწყო. თბილისის ცნობილი ფუნიკულიორი ბერიას პირმშოა და ფერდობზე უზარმაზარი ტყე, სწორედ, მან გააშენა. დიდ ტერიტორიაზე კი არაერთი გასართობი ადგილი მოაწყო. დაამონტაჟებინა საბავშვო ატრაქციონები და ეს ადგილი იმთავითვე გახდა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების დასვენების საყვარელი ტერიტორია.
ცნობილი საბჭოთა მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მიხეილ შოლოხოვი იხსენებდა: „1936 წელს რამდენიმე დღით თბილისში ჩავედი და იქაურობით გაოცებული დავრჩი. ქალაქი გაწკრიალებული იყო და ქუჩებში ლამაზად ჩაცმული ადამიანები დადიოდნენ. გამაოცა ამ ქალაქის სიმწვანემ და ხშირფოთლიანი ხეები ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, რომ შეიძლება, დამთვრალიყავი. განსაკუთრებით ლამაზი იყო ღამის თბილისი. ისე ლამაზად იყო გაჩახჩახებული, რომ როდესაც მთაწმინდიდან გადმოვხედე, გავიფიქრე, აქ ყველაფერს ჯადოსნური ალი აქვს მოდებული-მეთქი. ბერიასთან შეხვედრამ კი ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნამდვილად გამორჩეული იყო გონებით, განათლებითა და კეთილგანწყობით...“
  ნათქვამია: საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და თუკი ინსინუაციებს უკუვაგდებთ და მხოლოდ ფაქტებით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენდა გასაოცრად, დავინახავთ, რომ „დიდ ინკვიზიტორად“ წოდებული ლავრენტი ბერია დიდი აღმშენებელი იყო და რომ ამის კვალი დღესაც ატყვია ყოფილ საბჭოეთსა და პირველ რიგში, საქართველოს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი