ბელადები

როგორი შეხვედრა მოუწყო სტალინმა კრემლში ვატიკანელ კარდინალს

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.04

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც ცნობილი რუსული გამოთქმის არ იყოს, „პასუხისთვის, ჯიბეში არასდროს ძვრებოდა“, მაგრამ, საბჭოთა ბელადი ამას ზერელედ კი არ აკეთებდა, არამედ არგუმენტირებულად, მისი პასუხები ყოველთვის მტკიცე ფაქტებით იყო გამყარებული.

ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ფინეთთან ომის დაწყებიდან მალევე რომის პაპმა თავისი ნდობით აღჭურვილ პირს სტალინთან საპროტესტო წერილი გამოატანა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის დაწერისა და ამ პირის მოსკოვში გამგზავრების მზადება გასაიდუმლოებული იყო, ბერიამ უკვე იცოდა ამის შესახებ და სტალინს შეატყობინა. როცა ვატიკანში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, პაპის კანცელარიიდან ჩემს უწყებაში შეტყობინება გამოგზავნეს, რომ მათი წარმომადგენლისთვის უფლება მიგვეცა, მოსკოვში ჩამოსულიყო და სტალინს შეხვედროდა. თუმცა, შეტყობინებაში ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, უკვე ვიცოდით, თუ რატომ ჩამოდიოდა მოსკოვში პაპის წარმომადგენელი. და როცა სტალინს ვატიკანის მოთხოვნა გადავეცი, მას გაეცინა და მითხრა: ჩამოვიდეს, ზეგ, შუადღეზე ველოდები კრემლში და შენც დაესწარიო. კარდინალი ჯუზეპე სრული კათოლიკური ამუნაციით ეწვია დედაქალაქს – წითელ სამოსში გამოწყობილს კისერზე უზარმაზარი ოქროს ჯვარი ეკიდა. პოსკრებიშევმა ის ზუსტად 12 საათზე შემოიყვანა სტალინის კაბინეტში. ჩვენ ფეხზე წამოვდექით. კარდინალმა ორი ნაბიჯი გადმოდგა და შეჩერდა. კაბინეტის ოთხივე მხარეზე ჯვარი გამოსახა. საწყის პოზიციას რომ დაუბრუნდა, მხოლოდ მაშინ დაიძრა ჩვენკენ. ჯერ სტალინს ჩამოართვა ხელი, შემდეგ – მე, ბოლოს – თარჯიმან ალექსეი კოზლოვს. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, სტალინს სტუმრისთვის დაჯდომა უნდა შეეთავაზებინა, მაგრამ ჩემთვისაც მოულოდნელი რამ მოხდა – სტალინი კაბინეტის მარცხენა კუთხესთან მივიდა, სადაც პატარა მაგიდა იდგა და მხოლოდ მაშინღა შევამჩნიეთ, რომ მაგიდაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი იდო, შანდალში კი უზარმაზარი სანთელი იყო დამაგრებული. სტალინმა სანთელი აანთო, ჩვენგან ზურგით დადგა და როგორც მოგვიანებით შევიტყვე „მამაო ჩვენო“ და ღვთისმშობლის ლოცვა ქართულ ენაზე წარმოთქვა. ალექსეი კოზლოვმა ქართული არ იცოდა. ის დაბნეული და გაფითრებული იდგა და ვერ გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ლოცვას რომ მორჩა, სტალინი შემობრუნდა. სტუმარს დაჯდომა შესთავაზა და თარჯიმანს უთხრა – გადაუთარგმნეთ ძვირფას სტუმარს, რომ მე მშობლიურ ენაზე წარმოვთქვი „მამაო ჩვენო“ და ღვთისმშობლისადმი ლოცვა. ვფიქრობ, ასეთი შესავალი ჩვენი შეხვედრის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს, მით უმეტეს, რომ ამას საწყისი ჩვენმა სტუმარმა დაუდო, როდესაც ამ ოთახში ოთხჯერ გამოსახა ჯვარი.

კოზლოვმა სხაპასხუპით თარგმნა სტალინის სიტყვები. კარდინალმა კი თქვა: ბატონმა სტალინმა ბრძანა მშობლიურ ენაზე ვილოცეო. მართალია, რუსული არ ვიცი, მაგრამ როდესაც რუსულენოვანი საუბარი მესმის, ვხვდები, რომ ეს რუსულია. ბატონი სტალინი კი რადიკალურად განსხვავებულ ენაზე ლოცულობდა, ალბათ, ძველ, რელიგიურ რუსულზე. თანაც, იმითაც ვარ გაოცებული, რომ კომუნისტური ქვეყნის მმართველი ქრისტიანულად ლოცულობსო.

კოზლოვმა სტალინს კარდინალის სიტყვები უთარგმნა. სტალინს გაეცინა და თქვა:

– ჩემი მშობლიური ენა ქართულია. ქართველები კავკასიაში ვცხოვრობთ და ძირძველი ხალხი ვართ. უდიდესი პრექრისტიანული და ქრისტიანული კულტურა გვაქვს. ხოლო, რაც შეეხება ლოცვას, დედაჩემს ყოველთვის უნდოდა, მღვდელი გამოვსულიყავი. შესაბამისი განათლებაც მივიღე, მაგრამ გეზი შევიცვალე. თუმცა, ცოდნა და ჩვევები დამრჩა. ახლა კი ბრძანეთ, თუ რა მისიით გამოგგზავნათ ჩემთან მისმა მაღალუწმიდესობამ პონტიფიკმაო.

სტუმარი ერთხანს გაოგნებული იჯდა. ხმას არ იღებდა და ცდილობდა, გაეზიარებინა სტალინის სიტყვები. შემდეგ გამოერკვა. ჯიბიდან დალუქული კონვერტი ამოიღო. სტალინს გადასცა და თქვა: ეს პონტიფიკის წერილია და სიმართლე გითხრათ, მისი შინაარსი არ ვიცი.

გამორიცხული იყო, რომ კარდინალს წერილის შინაარსი არ სცოდნოდა. ასეთი რამ მან უხერხულობის თავიდან ასაცილებლად თქვა.

სტალინმა დალუქული წერილი გახსნა და კოზლოვს მისი შინაარსი ათარგმნინა. გაეცინა და კარდინალს ჰკითხა:

– მის უწმიდესობას, ალბათ, ბევრი სამხედრო დივიზია და ტანკი ჰყავს, რომ მუქარის წერილს მიგზავნის.

სტუმარმა უხერხულად უპასუხა:

– ჩვენ მხოლოდ მცირერიცხოვანი შვეიცარიული გვარდია და უსაფრთხოების სამსახური გვაქვს.

სტალინი წამოდგა. კუთხის მაგიდიდან ოქროში ჩასმული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი აიღო და სტუმარს მიაწოდა. შემდეგ უჯრიდან დალუქული სქელი კონვერტი ამოიღო, კარდინალს გადასცა და უთხრა:

– ხატი ჩემი საჩუქარია. კონვერტში კი – ჩემი პასუხი და პონტიფიკს გადაეცით.

კარდინალი იმავე დღეს გაემგზავრა.

პაპის წერილი მუქარას მოიცავდა ფინური კამპანიის გამო.

სტალინმა კი პაპს იმისი უტყუარი საბუთები გაუგზავნა, თუ როგორ ეხმარებოდა ვატიკანი ფაშისტურ გერმანიასა და იტალიას. ამის შემდეგ პონტიფიკს სიტყვაც არ დაუძრავს ჩვენ წინააღმდეგ, ხოლო როდესაც 1952 წელს ვატიკანში პაპს შევხვდი, მის კაბინეტში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ვნახე. ასევე, სტალინის მიერ ნაჩუქარი წიგნი – „საქართველოს ისტორია“, რომელიც იტალიურ ენაზე იყო გამოცემული სტალინის ბრძანებით და მხოლოდ ასი ეგზემპლარი დაიბეჭდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი