კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა შეკვეთილი მკვლელობის საქმე

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მკვლელობა

ნოემბრის ერთ ბნელ საღამოს საბურთალოს რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შავი ფერის „ჯიპი“ გაჩერდა. ავტომობილიდან სამი ადამიანი გადმოვიდა: და-ძმა ნია და ნოდარ გურეშიძეები და ნიას ქმარი – პაატა ქოქოსაშვილი.

პაატა ქოქოსაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენის, ომარ ქოქოსაშვილის ერთადერთი შვილი იყო. 31 წლის პაატა ადრე ბობოქარ და ხიფათიან ცხოვრებას ეწეოდა და თბილისში საკმაო რაოდენობის მტერი ჰყავდა. ტოტალური არეულობის, ეგრეთ წოდებული, საძმოების პერიოდში ქოქოსაშვილს რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოუვიდა სხვადასხვა პირთან, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. პაატას ყოველთვის ფულიანი მამა შველოდა და ციხიდან გამოჰყავდა. შემდგომ პაატა გონს მოეგო, ცოლი შეირთო და შვილზე ოცნებობდა. თუმცა, როგორც ამბობდნენ, ნიას პრობლემები ჰქონდა და არ ფეხმძიმდებოდა. იმ საღამოსაც ექიმთან იყვნენ. სადარბაზოში პირველი პაატა შევიდა. ამ დროს გასროლის ხმა გაისმა და ქოქოსაშვილი იქვე დავარდა. როგორც შემდეგ და-ძმამ გამომძიებელს მოუყვა, მკვლელი სათადარიგო გასასვლელიდან მიიმალა. ნიამ და ნოდარმა კი პაატა მანქანაში ჩააწვინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა, ის უკვე მკვდარი იყო.

ვერსიები

ომარ ქოქოსაშვილი უკიდურესად გამწარებული იყო შვილის მკვლელობით. როდესაც პაატა დაკრძალეს და ქელეხში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბიზნესმენმა გამოაცხადა, ვინც ჩემი შვილის მკვლელსა და მკვლელობის შემკვეთს მომიყვანს, ასი ათას დოლარს გადავუხდიო. დაამატა, რომ მისთვის მთავარი იყო, ნამდვილი მტკიცებულებები და სულერთი იყო, თუ ვინ გააკეთებდა ამას – პოლიცია, შავი სამყარო თუ ვინმე კერძო პირი. ქოქოსაშვილის სიტყვები უმალვე გავრცელდა და ასი ათასის შოვნის სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა. ცდილობდნენ, მკვლელი და მკვლელობის შემკვეთი მოეძებნათ. ყველა ფიქრობდა, რომ პაატა ქოქოსაშვილი წარსულში მომხდარი შეტაკებების მსხვერპლი გახდა, მაგრამ კონკრეტულად რომლის, არავინ იცოდა, რადგან ასეთი შემთხვევა რამდენიმე ათეული იყო, ვერსიები კი – უამრავი და ყველას თავისი აზრი ჰქონდა ამის შესახებ. ერთი სიტყვით, ასი ათასი დოლარი მყარი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ ადამიანთა დიდი რაოდენობა ამოძრავებულიყო.

საკონტროლო გასროლა

პაატა ქოქოსაშვილის დასაფლავებიდან ორი კვირის თავზე საბურთალოს რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამ კორპუსში მცხოვრებმა ბეჟან კოკაიამ შალვა კვაჭაძე კიბეებზე დაგდებული აღმოაჩინა. ის დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა. კვაჭაძეც იმავე კორპუსში ცხოვრობდა და მეზობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისთვის ორი ტყვია მკერდში მოერტყათ, ერთით კი მარცხენა ყური ჰქონოდა წაჭრილი. როგორც გამომძიებელი ვარაუდობდა, მკვლელმა საკონტროლო გასროლა განახორციელა, მაგრამ მხოლოდ ყურში მოარტყა და სავარაუდოდ, ეგონა, რომ ტვინი გაუხვრიტა. კვაჭაძე რეანიმაციაში ორი კვირის განმავლობაში იწვა, კომაში იყო, თუმცა ექიმებმა ყველაფერი იღონეს და გადაარჩინეს. როდესაც კვაჭაძის დაკითხვა შესაძლებელი გახდა, მან გამომძიებელს განუცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ესროლა მას სამი ტყვია. კვაჭაძე ყოფილი მილიციელი იყო. იმჟამად კი ერთ-ერთ დაცვის ფირმაში მუშაობდა და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, თუმცა, მძიმედ დაჭრილ კვაჭაძეს ჯიბეში გაუფორმებელი იარაღი აღმოაჩნდა.

კვანძის გახსნა

დაჭრილი კვაჭაძე რომ საავადმყოფოში მიიყვანეს და საოპერაციოში შეჰყავდათ, ტანსაცმელში მას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა და მედიცინის მუშაკებმა ეს იარაღი პოლიციას გადასცეს. ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა და გაირკვა, რომ ამ იარაღიდან იყო მოკლული პაატა ქოქოსაშვილი. გამოდიოდა, რომ მკვლელი კვაჭაძე იყო. ამიტომ გამომძიებელი მოთმინებით ელოდა კვაჭაძის გონზე მოსვლას და რამდენიმე ირიბი შეკითხვის შემდეგ მკვლელობის იარაღზე ჩამოუგდო სიტყვა. კვაჭაძე მას მერე გამოტყდა, როდესაც მას გამომძიებელი დახვრეტით (მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა დახვრეტა) დაემუქრა. შალვა კვაჭაძემ თქვა, რომ მას ნოდარ გურეშიძემ ესროლა. სავარაუდოდ, კვალის მოსპობის მიზნით, რადგან პაატა ქოქოსაშვილის მკვლელობა მას სწორედ და-ძმა გურეშიძეებმა შეუკვეთეს. 30 ათასი დოლარის გადახდას შეჰპირდნენ და იმ დღეს ნოდარ გურეშიძე, თითქოს, სწორედ ფულის მისაცემად იყო მასთან მისული და ამის ნაცვლად მკვლელობა სცადა. კვაჭაძის თქმით, ნია გურეშიძემ ქმრის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ პაატა ქოქოსაშვილმა წლების წინ ნიას საქმრო მოკლა და ნიას შურისძიების პირობა ჰქონდა დადებული.

და-ძმა გურეშიძეებმა საზღვარგარეთ გაქცევა მანამდე მოახერხეს, სანამ კვაჭაძე გონზე მოვიდოდა. თავად კვაჭაძე კი ციხეში მოკლეს და სავარაუდოდ, ეს მკვლელობა ომარ ქოქოსაშვილმა შეუკვეთა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი