როგორ გადააგდო „კაგებე“ და მილიცია კანონიერმა ქურდმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 31.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გადაბირება
33 წლის ლევან სარია, მეტსახელად, „სარო“, კანონიერი ქურდი იყო. მაგრამ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცოპერაციისთვის საჭირო პერსონაჟი აღმოჩნდა. სუკი „(კაგებე“) ერთი ცნობილი ქურდის ცოლზე გავიდა, რომელიც საერთაშორისო-კრიმინალურ სინდიკატში იყო გაწევრიანებული და უშიშროების ანალიტიკოსთა დასკვნით, ამ საქმეს შპიონაჟის „სუნი ასდიოდა“. ამიტომ, „სარო“ კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს, სადაც მაიორი კასრაძე დახვდა და უთხრა, რომ თუკი უშიშროებას არ დაეხმარებოდა, მაშინ მის ქურდულ კარიერას წერტილს დაუსვამდნენ. ნახევარი კილოგრამი ჰეროინის ჩადებითა და თბილისის „კრიტში“ 15-წლიანი დალპობით დაემუქრნენ. „საროს“ ცოლ-შვილი ჰყავდა. თან, იცოდა, რომ „კაგებე“ ტყუილად არ ისროდა სიტყვებს და დაეთანხმა. უშიშროებამ კი მას სქემა დაუხატა, თუ როგორ უნდა ემოქმედა და „სარო“, სულ რაღაც, სამ კვირაში ქურდის ცოლის საყვარელი გახდა. „კაგებე“ „საროს“ თანამიმდევრულად აძლევდა მითითებებს და სპეცოპერაცია წარმატებით მიიწევდა წინ. „საროს“ მიზანი იყო, იმ ქალის მეშვეობით საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატში შეღწევა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ. ამ პერიოდში კი, ქალის მეუღლე, ცნობილი კანონიერი ქურდი, ხუთწლიან „სროკს“ ამთავრებდა რუსეთში და სულ მალე უნდა გამოსულიყო. თუმცა, „კაგებეს“ ძალისხმევით, მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს. ზონის „ნასედკების“ დახმარებით, იქ „შუმოკი“ ატყდა. ყველაფერი იმ ქურდს დააბრალეს, გაასამართლეს და ორი წელი დაუმატეს, რომ „საროს“ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა.
100 ათასი დოლარი
ერთ დღეს ლევან სარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა ოპერმუშაკმა სახლიდან წაიყვანა და უკვე მილიციის კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს. მილიციის პოლკოვნიკმა ვანიძემ „საროს“ პირდაპირ განუცხადა:
– ცნობილი ქურდი ხარ და ფულის შოვნა არ გაგიჭირდება. ასი ათასი დოლარი მოგვიტანე. გეძლევა ორი კვირა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე!
– რას მერჩი, უფროსო. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ფულს რაში მთხოვ. თანაც, ასი ათას დოლარს, – მართლა გაუკვირდა „საროს“
ვანიძემ ვიდეომაგნიტოფონში კასეტა შეაგდო და „საროს“ ანახვა ფარულად გადაღებული კადრები, რომელზეც „საროსა“ და ქურდის ცოლის ინტიმური კავშირი იყო გადაღებული. ბოლოს კი დააყოლა:
– ეს რომ ამ ბოზის ქმარმა ნახოს ან, თუნდაც, ქურდებს გავუგზავნოთ, ალბათ, იცი, რომ ჯერ გაგაქათმებენ, ბოლოს კი თავს მოგაჭრიან.
სარია ნამდვილად არ ელოდა საქმის ასე შემობრუნებას. ამიტომ დაეთანხმა ვანიძეს და შეჰპირდა, რომ ორ კვირაში ასი ათას დოლარს მიუტანდა. თავად კი თავის კურატორს, მაიორ კასრაძეს დაუკავშირდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. კასრაძეს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეეძლო, ერთი სიტყვით აღეკვეთა გამოძალვის ეს მცდელობა. საკმარისი იყო, „კაგებეს“ შეფს, ალექსი ინაურს დაერეკა იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძისთვის და შევარდნაძე აღკვეთდა ამ მცდელობას, მაგრამ, ინაურს სხვა მიზნები ამოძრავებდა. ერთი მხრივ, არ სურდა „კაგებეს“ სპეცოპერაციის გაშიფვრა. მეორე მხრივ კი, უნდოდა, რომ მილიციის მაღალჩინოსანი დანაშაულში ემხილებინა და შევარდნაძის კარიერული წინსვლისთვის წერტილი დაესვა. ამიტომ, გადაწყდა, „საროსთვის“ ასი ათასი დოლარი მიეცათ, მას კი ეს ფული პოლკოვნიკ ვანიძისთვის გადაეცა. „კაგებეს“ კონტრდაზვერვა ფაქტზე აიყვანდა მილიციის პოლკოვნიკს და ამით ინაური იხეირებდა.
მოულოდნელი ფინტი
„კაგებემ“ „საროს“ 100 ათასი დოლარი მისცა და პოლკოვნიკ ვანიძესთან შესახვედრად გაუშვა. ფულის გადაცემა ვაკის პარკში, მრგვალი ფანტანის წინ უნდა შემდგარიყო. იქვე სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი კონტრმზვერავები „ფუსფუსებდნენ“. ყველაფერი ფარულ ვიდეოკამერაზე ფიქსირდებოდა, რაც იმ პერიოდში იშვიათობა იყო და მხოლოდ „კაგებეს“ ტექნიკურ სამსახურს ჰქონდა.
„სარო“ დღის ორ საათზე უნდა მისულიყო, მაგრამ არ ჩანდა. ვანიძემ 30 წუთი მოიცადა და წავიდა. ორი კონტრმზვერავი მას უკან გაჰყვა. დანარჩენები იქვე დარჩნენ, მაგრამ „სარო“ არ მისულა. მასზე ძებნა გამოცხადდა და ინტენსიურად ცდილობდნენ, ასი ათასი დოლართან ერთად გამქრალი კანონიერი ქურდის პოვნას. არსად ჩანდა სარიას ცოლ-შვილიც. ამ ოპერაციას პოლკოვნიკი ვანიძე კურირებდა და „საროს“ გაუჩინარებამ ლამის ჭკუიდან შეშალა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საბჭოთა უშიშროება ფეხზე იდგა, ქურდისა და მისი ცოლ-შვილის კვალს ვერსად მიაგნეს, რაც „კაგებეს“ არსებობის განმავლობაში არნახული რამ იყო. ალექსი ინაურმა მილიციის პოლკოვნიკ ვანიძის დაპატიმრების ბრძანება გასცა და ის ჩუმად აიყვანეს. „კაგებეში“ კი ისე დაამუშავეს, რომ ყველაფერი აღიარა და მას დიდი რაოდენობით ვალუტის გამოძალვასა და „კაგებეს“ სპეცოპერაციის ჩაშლაში დასდეს ბრალი. გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. კასრაძეს კი ყველა რეგალია ჩამოართვეს. „კაგებედან“ დაითხოვეს და ნორმალური სამსახური რომ ვერ იშოვა, ერთ-ერთ საწყობში ღამის დარაჯად მოეწყო...
რაც შეეხება „საროსა“ და მის ცოლ-შვილს, კანონიერმა ქურდმა ბათუმიდან ჯერ თურქეთში მოახერხა გადასვლა, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და მხოლოდ მას მერე გამოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, „სარომ“ „კაგებესთვის“ „ახეული“ ასი ათასი დოლარით დეტროიტის შტატში მანქანების მცირე ბიზნესი წამოიწყო და დროთა განმავლობაში საგრძნობლად გააფართოვა. „საროს“ კრიმინალური პროფესია მანქანების გატაცება იყო. მან ხუთი თითივით იცოდა ავტომობილი და შეეძლო, თვალდახუჭულს დაეშალა ნებისმიერი მანქანა და თავიდან აეწყო. ამიტომ, ის დეტროიტში ჩალის ფასად ყიდულობდა შელახულ ავტომობილებს, აახლებდა მათ და სარფიანად ყიდდა. დღეს კი ბაბუის ბიზნესს „საროს“ შვილიშვილი ფლობს და დიდი შემოსავალიც აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან