პოლიტიკა ფეხბურთში
ავტორი: „თბილისელები“ 21:00
გიორგი ჯანელიძე ყვება: 1982 წელია, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ფეხბურთში. საფრანგეთი და ქუვეითი თამაშობს. ფრანგები სამით ერთს იგებენ. მსაჯი საბჭოთა კავშირიდანაა – მიროსლავ სტუპარი, ივანოვ- ფრანკოვსკიდან.
უცებ ტრიბუნიდან მაყურებელმა დაუსტვინა, ქუვეითელები გაჩერდნენ, ალან ჟირესმა კი მეოთხე გოლი შეუგდო მათ. ქუვეითელები მსაჯთან მივიდნენ და უხსნიან სიტუაციას – იმიტომ გავჩერდით, რომ თქვენ გვეგონეთო. მაგრამ სტუპარმა გოლი ჩათვალა. ამ დროს ვიპლოჟიდან ქუვეითელი შეიხი ჩამოიჭრა მინდორზე, თავის დაცვასთან ერთად და დაიწყო ქუვეითელი ფეხბურთელების მოედნიდან გაყვანა. ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა: გარდა იმისა, რომ თამაში იშლებოდა, ეს შეიძლებოდა, პოლიტიკურ უხერხულობაში გადაზრდილიყო, რადგან მსაჯი საბჭოეთიდან იყო და შეიხს ანტისაბჭოთა განცხადება გაეკეთებინა. ამ დროს ვიპლოჟიდან ესპანეთში საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელი ჩავიდა მინდორზე. სტუპარი გვერდით გაიხმო, რამდენიმე სიტყვა უთხრა და უკან ავიდა. ამის მერე სტუპარმა გოლი გააუქმა და თამაში განახლდა. ფრანგებმა მაინც შეაგდეს მეოთხე გოლი, თუმცა შეიხს ანტისაბჭოთა განცხადება აღარ გაუკეთებია. სამაგიეროდ, სტუპარი „ფიფამ“ დასაჯა და მას მერე ამ ადამიანს საერთაშორისო თამაშებზე აღარ უმსაჯია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





