აღშფოთებული ორდენოსანი
ავტორი: „თბილისელები“ 58 წუთის წინ
გალაკტიონი თავისი სახლის მახლობლად, ვერის ხიდის სკვერში, ჩვეულებისამებრ, შუაღამემდე შეყოვნებულა.
შუაღამისას მორიგე მილიციელს შეუმჩნევია და სკვერის დატოვება უბრძანებია.
პოეტი არ დამორჩილებია და ამაყად უპასუხნია:
- მე გალაკტიონ ტაბიძე გახლავართო.
ამაოდ.
შემდეგ მილიციელის ყურადღება ლენინის ორდენს მიუპყრია და გაოცებულს დაუტუქსავს ორდენოსანი:
- როგორ არცხვენ უმაღლეს ჯილდოსო.
- ვარცხვენ კი რა, ვამშვენებ მაგ ლითონსო, - კვლავ შეუპოვრად შეპასუხებია პოეტი.
გაბრაზებულა მილიციელი და იძულებით მოუნდომებია ურჩის მილიციაში წაყვანა.
მაშინ კი აღშფოთებულ ორდენოსანს ორდენი მკერდიდან მოუგლეჯია და სახეში უთხლეშია.
მილიციელს უმალ ხელი დაუტაცნია ჯილდოსათვის, უკოცნია და ჯიბეში შეუნახავს.
მერე იარაღი ამოუღია და წინ გაუგდია პოეტი.
შემთხვევით ქალაქის მილიციის უფროსი შეხვედრიათ.
ამ უკანასკნელს უცვნია გალაკტიონი, მილიციელი დაუტუქსავს და პოეტი სახლამდე მიუცილებია.
მეორე დღეს მილიციელს ორდენი კომენდატურაში ჩაუბარებია, მაგრამ სიმართლე ვეღარ გაუმხელია: ვერის სკვერში ვიპოვეო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





